fbpx

ტრეისი ემინი – არტისტი უკიდურესად პირადული ნამუშევრებით


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინი დარჩია

ახალგაზრდა ბრიტანელი არტისტების (YBAs) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, ან ბრიტანული ხელოვნების ცუდი გოგონა, როგორც მას ხშირად მოიხსენიებენ – ტრეისი ემინი მედიუმების ფართო სპექტრში მუშაობს: ფილმი, ფერწერა, ნეონი, ქარგვა, გრაფიკა, ინსტალაცია და სკულპტურა. მისი ნამუშევრები უკიდურესად პირადულია – მათში იკითხება ემინის ცხოვრების ინტიმური დეტალები, ბრუტალური გულახდილობა და პოეტური იუმორი.

გაგაცნობთ ტრეისი ემინის რამდენიმე ნამუშევარს:

Everyone I have ever slept with (ყველა, ვისთან ერთადაც ოდესმე მძინებია)

ამ ნამუშევარმა ტრეისი ემინს დიდი პოპულარობა არა მხოლოდ ხელოვნების სამყაროში მოუტანა, არამედ საზოგადოების ფართო წრეებშიც. მის შესაქმნელად ტრეისიმ პატარა კარავზე ამოქარგა ყველას სახელი, ვისთან ერთადაც ოდესმე სძინებია. მან კარავი გამოფინა გახსნილი კარით, შიგნით შუქით და მატრასით. რა თქმა უნდა, ნამუშევარი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვია და ბევრმა კრიტიკოსმა აღნიშნა, რომ სექსუალური პარტნიორების სახელების ჩამოწერა სულაც არ არის ხელოვნება. თუმცა ემინის მიერ მოფიქრებული სახელწოდება და მასში არსებული პატარა ნიუანსი კიდევ უფრო მაღალი ხარისხის ხელოვნებად აქცევს მას, რადგან 102 ადამიანიდან, ვისი სახელებიც ამოქარგა კარავზე, უმეტესობა ისინი არიან, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრების განმავლობაში უბრალოდ სძინებია, მაგალითად, ბებია, თავისი ტყუპი ძმა, პოლი და ის ორი ჩანასახი, რომლებიც ავტორმა აბორტით მოიშორა. ეს ნამუშევარი, რა თქმა უნდა, იმდენად ინტიმური არ არის, რამდენადაც ადამიანური კავშირებით და სიახლოვით სავსე.

ამასთან, პატარა კარი და გზა, რომლითაც კარავში უნდა შევიდეს დამთვალიერებელი, რათა წაიკითხოს ამოქარგული სახელები, ძალიან დიდ ემოციურ კავშირს იწვევს ხელოვანთან, რადგან გვერდიგვერდ ძილი მეტად ინტიმურია, ვიდრე უბრალოდ სექსუალური კავშირი. სამწუხაროდ, ნამუშევარი ერთ-ერთი იმ მრავალთაგანია, რომელიც სააჩის გალერიის საწყობში მომხდარმა ხანძარმა გაანადგურა.

Why I Never Became a Dancer (რატომ ვერ გავხდი მოცეკვავე)

ეს ვიდეო მარგეითიდანაა, ქალაქი, სადაც ემინი დაიბადა, მოიცავს კადრებს სანაპიროდან, სათამაშო მოედნებიდან და golden mile-დან, რომელიც კაზინოების და ბარების უბანია ნეონის აბრებით. ემინის ნარატივი მისი თინეიჯერობის ასაკს ეხება, კერძოდ, როგორ ჰქონდა სექსი 13-15 წლის ასაკში უფროს მამაკაცებთან. 15 წლის ასაკიდან სექსი აღარ აინტერესებდა, რადგან ცეკვაზე გადაერთო. ცეკვის კონკურსზე, სადაც ის თავის საცეკვაო ნომერს ასრულებდა, კაცებმა, რომლებთანაც ტრეისის წარსულში სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა, შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც მან კონცენტრაცია დაკარგა და კონკურსი წააგო. ვიდეო ზრდასრული ემინის ცეკვის კადრით მთავრდება ოთახში, სადაც ავეჯი არ არის და იცინის იმ შეურაცხყოფის საპასუხოდ, რომელიც კაცების ჯგუფმა კონკურსზე მიაყენა. ცეკვის კრიტიკოსი სარა კრომპტონი ვიდეოს შემდეგნაირად აღწერს: “ეს ვიდეო ერთდროულად გულს მტკენს და მავსებს სიხარულით, რადგან მასში ემინი გვაჩვენებს ადამიანის გამარჯვებას და ნებისმიერს, ვისაც ოდესმე გული სტკენია, შეუძლია იდენტიფიცირება მოახდინოს საკუთარ თავთან და დაიჯეროს, რომ ყველა ტკივილი წარმავალია”.

My Bed (ჩემი საწოლი)

ნამუშევარი ემინის ჩანაწერია, როდესაც დეპრესია ჰქონდა და მთელ დღეებს საწოლში ატარებდა. საწოლი დასალაგებელია და ზეწარი სისხლით დასვრილი. გარშემო კი სხვადასხვა ნივთები ყრია: პრეზერვატივი, კონტრაცეპტივები, სისხლიანი საცვლები, ფული და სიგარეტი. ტრეისი ემინმა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დასრულების პირველი ეტაპი ისე გაიარა, როგორც ნამუშევარშია ნაჩვენები: “ერთხელ, აბაზანიდან გამოსულმა ჩემს საწოლს შევხედე და გავიფიქრე, რომ ის უკვე შემდგარი ნამუშევარი იყო”. ეს არ არის ნამუშევარი, რომელიც ხელოვანის ფიზიკური მუშაობის შედეგად შეიქმნა, მას ბევრად მეტი აქვს ჩემთან საერთო და დუშამისეულად მზა ხელოვნებაა. და შეგვიძლია გავიაზროთ ის პროცესები, რომელიც ობიექტმა კონკრეტული სახის ან ფორმის მიღებამდე გამოიარა. 1999 წელს ნამუშევარი ტურნერის პრემიაზე იყო წარდგენილი და ანოტაციაში ეწერა, რომ ხელოვანი დეპრესიას, როგორც საერთო გამოცდილებას, ძალიან ინტიმურ ობიექტივში წარმოადგენს.

You Forgot to Kiss my Soul (დაგავიწყდა ჩემთვის სულში გეკოცნა)

2000-იან წლებში ტრეისი ემინმა ნეონის განათებებით დაიწყო მუშაობა, რომელიც სხვადასხვა ფრაზებისა და სიტყვებისგან შედგება და განსხვავებულია სხვა, მაგალითად, ბრიუს ნაუმანის ნამუშევრებისგან. ისინი თითქოს ხელნაწერებია. “ნეონი ყველასთვის ემოციურია და არგონის აირთან ერთად დადებით განწყობას გვიქმნის, ამიტომაც არის ის ყველგან – კაზინოებში, გასართობ ცენტრებში, ბარებში და წითელი შუქების გამზირზეც. ნეონს შეუძლია დაეხმაროს დეპრესიაში მყოფ ადამიანებს”. ემინის ნეონის ნამუშევრის მოულოდნელი და ირეალური ფრაზა – you forgot to kiss my soul ატყვევებს მნახველს და ხელოვანთან ემოციურ დიალოგში შეჰყავს.


რეკომენდებული სტატიები
წითელი ფერის უსასრულო ძიება - ინტერვიუ ანიშ კაპურთან

წითელი ფერის უსასრულო ძიება - ინტერვიუ ანიშ კაპურთან

წითელი ფერის უსასრულო ძიება - ინტერვიუ ანიშ კაპურთან
ანიშ კაპური თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არტისტია. მისი სკულპტურები გამოფენილია ნიუ-იორკის, ლონდონისა და ჩიკაგოს ქუჩებში; თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, პარიზში, ვერსალის ბაღში და ბევრ სხვა ადგილას
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.