fbpx

სელფის გადაღებისას დაღუპული ადამიანების მსოფლიო სტატისტიკა


გააზიარე სტატია


ნაშრომი, რომელიც „საოჯახო მედიცინისა და ზოგადი ჯანდაცვის ჟურნალში“ გამოქვეყნდა (და მოგვიანებით აშშ-ში „მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის“ მიერ გამოიცა), იმის დადგენას შეეცადა, სოციალურ მედიაზე მეტისმეტად დამოკიდებული რამდენი ადამიანი გადაჰყვა  სელფის გადაღებას. 

კვლევამ დაადგინა, რომ იდეალური სელფის გადაღების მცდელობისას მსოფლიოში 250-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

 

 

 

პოპულარული მედიასახე რაიკერ გემბლი (სურათზე მარცხნივ) 2018 წლის 3 ივლისს კანადაში, სქვამიშის რაიონში, მდინარეში ჩავარდნის შედეგად დაიღუპა. ფოტო: ინსტაგრამი

ინდოეთის ჯანდაცვის მეცნიერებათა ინსტიტუტში დოქტორ აგამ ბანსალის ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევისას 2011 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის ნოემბრამდე გამოქვეყნებული ახალი ამბები შეისწავლეს. მასში  259 გარდაცვალების ფაქტი – „სელფიციდი“ – იყო მოყვანილი. მათი მიზეზი კი ინსტაგრამზე ლაიქების მიღების დაუოკებელი სურვილი გახლდათ.

 

https://www.vice.com/

 

ზოგიერთი შემთხვევა შედარებით გახმაურდა. არ ვიცით, ეს ნამდვილად სელფის მიზეზით მოხდა თუ არა, მაგრამ წელს სოციალურ მედიაში ცნობადი სამი სახე გარდაიცვალა  მას შემდეგ, რაც ისინი მდინარის დინებამ წაიღო და ჩანჩქერთან სიმაღლიდან გადააგდო.

წელს, მაისში, ინდოეთში  კაცი მასთან სელფის გადაღებისას დათვმა დატორა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

სხვა შემთხვევებიც არსებობს, როცა ადამიანები სელფის გადაღებისთანავე სიმაღლიდან გადავარდნენ, მათი ცხოვრების უკანასკნელი მომენტი კი ფოტოზე აღბეჭდილი დარჩა.

კვლევის შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ ეს უმნიშვნელო პრობლემა არაა. ისიც ნათელია, რომ გარდა 259 ცნობილი შემთხვევისა, მსგავსი ფაქტები კიდევ უნდა არსებობდეს.

„ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალია, – აღნიშნულია  კვლევაში, – ბევრი შემთხვევა არ ხმაურდება.“

რაც შეეხება ამ 259 ადამიანს, მკვლევრებმა შემთხვევების ადგილები რუკაზე დაიტანეს და აღმოაჩინეს, რომ ინციდენტები და სელფიციდები ყველაზე ხშირად ინდოეთში ხდება. მას რუსეთი, აშშ და პაკისტანი მოჰყვებიან. გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 23 წელია, რაც გასაკვირი არ უნდა იყოს. მონაცემების მიხედვით, 30 წელს მიახლოებისას სელფის გადაღებისას გარდაცვალების შანსი საგრძნობლად მცირდება. არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ გარდაცვლილთა  სამი მეოთხედი კაცია.

 

https://broadly.vice.com/

 

კვლევაში მოცემული ფაქტების დაახლოებით 50% ინდოეთში მოხდა. ამას ავტორები იმ ვარაუდით ხსნიან, რომ ინდოეთის მოსახლეობა, ზოგადად, უფრო ახალგაზრდაა. თუმცა, ისინი არც სხვა ფაქტორებს გამორიცხავენ.

“ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ შემთხვევასა და სიკვდილიანობას შორის დამოკიდებულება ინდოეთში ორჯერ უფრო მაღალია, – წერია დოკუმენტში, – ეს ფაქტი იმით შეიძლება აიხსნას, რომ ჯგუფური სელფები ამ ქვეყანაში, სხვა სახელმწიფოებთან შედარებით, განსაკუთრებით პოპულარულია.“

სიკვდილის სამ ყველაზე გავრცელებულ მიზეზად დახრჩობა, ტრანსპორტის დაჯახება და სიმაღლიდან ვარდნა დასახელდა. ყველაზე პოპულარული ტრანსპორტი მოძრავი მატარებელი იყო, რომლის წინაც სელფის გადაღებას არაერთი ადამიანი შეეწირა. როგორც მოსალოდნელი იყო, იარაღთან დაკავშირებულ „სელფიციდებში“ აშშ ლიდერობს.

 

https://www.vice.com/

 

როგორ შეიძლება ეს პრობლემა გადავჭრათ? როგორ გადავარჩინოთ ახალგაზრდები ვულკანის კრატერში ჩავარდნას? ერთ-ერთ პასუხს ისევ კვლევაში ვხვდებით: „სახიფათო ადგილებში სპეციალური ზონები უნდა შეიქმნას, სადაც სელფის გადაღება აკრძალული იქნება.“

„სელფი ზიანის მომტანი არაა, მაგრამ მასთან დაკავშირებული ადამიანის ქცევა შეიძლება სახიფათო იყოს. ადამიანებს ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ, რომ არსებობს რისკის შემცველი ქცევები და სახიფათო ადგილები, სადაც სელფი არ უნდა გადაიღონ,“ – წერია კვლევაში. სპეციალური ზონები „ბევრ ტურისტულ ადგილას უნდა შეიქმნას, განსაკუთრებით მდინარეებთან, მთის მწვერვალებთან და მაღალ შენობებთან, რათა სელფისთან დაკავშირებული სიკვდილიანობა შემცირდეს.“

ავტორი: მაკ ლამუღი

ორიგინალი: https://vice.com


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.