Ghibli Studio Top 10 და + 1 ანიმე
როდესაც საუბარს ვიწყებთ იაპონურ კულტურაზე, რთულია მისი წარმოდგენა დიდთვალებიანი ანიმაციური პერსონაჟების გარეშე. ეს სრულიად ახალი სიტყვა იყო ანიმაციის ისტორიაში. რადგანაც იაპონელ რეჟისორებს შეზღუდული ბიუჯეტი ჰქონდათ, ხოლო გადასაღებ მოედნებზე ხელი არ მიუწვდებოდათ დასავლეთელი კოლეგებისგან განსხვავებით, უჭირდათ ისეთი კინოფილმების გადაღება, რომელიც იაპონურ ყოველდღიურ ცხოვრებას სცილდებოდა, ამიტომაც მათ განვითარება ანიმაციებში პოვეს.
ლეგენდის მიხედვით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ამერიკელებმა ჰიროსიმა და ნაგასაკი დაბომბეს, იქაურ მცხოვრებლებში თვალების ზომამ მუტაცია გამოიწვია და საგრძნობლად გაფართოვდა. ამ ფაქტის სამახსოვროდ ანიმატორებმა გადაწყვიტეს საკუთარი გმირები ფართოთვალებიან პერსონაჟებად დაგვენახა. თანამედროვე ანიმეს დამფუძნებლად ითვლება ოსამუ ტეძუკა (Osamu Tezuka), რომელიც ხშირად მოიხსენიება, როგორც „ლეგენდა“ და „მანგას ღვთაება“. ის იყო პირველი, ვინც გამოიყენა ნახატის სტილიზაციის დისნეის ხერხი, რომელშიც არაპროპორციულად დიდი თვალების საშუალებით გადმოსცემენ პერსონაჟის ემოციებს.
წლების განმავლობაში ანიმეს სიუჟეტები, რომლებიც თავიდან ბავშვებზე იყო გათვლილი, იხვეწებოდა და მათში განხილული პრობლემები რთულდებოდა. გაჩნდა ნამუშევრები, რომლებიც მოზრდილებსა თუ ბავშვებში ერთნაირად საყვარელი და საინტერესოა.
Ghibli Studio 32 წელიწადზე მეტია, რაც გვანებივრებს ანიმაციებით, ხოლო მისი სულისჩამდგმელი გახლდათ ჰაიაო მიაძაკი (Hayao Miyazaki). ადამიანი, რომელმაც შექმნა ეპოქა და დაგვიტოვა ყველა ასაკისა და გემოვნებისთვის საყვარელი ანიმაციები. სტუდიის მიერ ნარატივის თხრობის სრულიად ახალი ხერხი და მათი უსაზღვრო შემოქმედებითობა გახლავთ უდიდესი წარმატების ერთ-ერთი მთავარი გასაღები.
გთავაზობთ ყველა დროის 10 საუკეთესო ანიმეს ჩამონათვალს, რომლებიც NewYork Times-მა ლეგენდარული სტუდიის საუკეთესო ნამუშევრებად აღიარა.
ახლა კი მოვემზადოთ და ჩავიკარგოთ Ghibli Studio-ს ნამუშევრების ლაბირინთში.
“მოჩვენებისგან გატაცებულნი” Spirited away (2001)
ანიმაცია მოგვითხრობს ოჯახზე, რომელიც შემთხვევით ახალი სახლისკენ აღებული გეზის ნაცვლად აღმოჩნდება კარდინალურად ახალ, სულების სამყაროში. მშობლების მოჯადოების შემდეგ გოგონა უეცრად აღმოჩნდება უცნობ სამყაროში, რომელიც სავსეა ჯადოქრებით, სულებით, მონსტრებითა და სხვა ფანტასტიკური არსებებით, რომლებიც არც ისე კეთილად არიან განწყობილი ადამიანთა რასის წარმომადგენლის მიმართ. ის სწავლობს, თუ როგორ გადაირჩინოს თავი სრულიად ახალ, უცხო სამყაროში, როგორ იზრუნოს საყვარელ ადამიანებზე, როგორ დაამყაროს ჰარმონიული ურთიერთობა უცხო არსებებთან კეთილი დამოკიდებულებით და როგორ გაუგოს მათ. ეს არის მიაძაკის ყველა დროის ყველაზე შთამბეჭდავი და მომაჯადოებელი ნამუშევარი, რომელმაც მოხსნა ყველანაირი რეკორდი იაპონური ანიმაციის გაქირავების ისტორიაში.
“პრინცესა მონონოკე” Princess Mononoke (1997)
სანამ ჩვენ აქციებითა და ლოზუნგებით ვცდილობთ ხელისუფლებას გავაგონოთ ჩვენი ხმა გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, ჰაიაო მიაძაკიმ ეს ყველაფერი მთელ მსოფლიოს გააგონა 1997 წელს ანიმაციით “პრინცესა მონონოკე”. ამაღელვებელი და ბრწყინვალე ნამუშევარი გვაჩვენებს, თუ რაოდენ საჭიროა ჰარმონიული ურთიერთობის დამყარება ბუნებასთან. პრინცესა მონონოკეს, როგორც ბუნების შვილის დაპირისპირებამ ადამიანების მიერ თავსმოხვეულ ტყვია-ბეტონთან და ასევე ანიმაციის ძლიერმა დინამიკურობამ, რომელიც გარკვეულწილად შეიძლება მიჰყვებოდეს კიდეც აკირა კუროსავას სიზმრებისა და სამურაების გზას, შეუძლებელია გულგრილი დატოვოს მაყურებლები.
“ჩემი მეზობელი ტოტორო” My neighbour Totoro (1988)
ალბათ ბავშვობაში ყველას გვქონია გაუთვითცნობიერებელი და ირაციონალური შიშები და გვყოლია წარმოსახვითი მეგობრები. პატარა დების – საცუკისა და მეის ისტორიაც სწორედ მათი ბავშვური შიშებით იწყება, როდესაც დედას ახლობელ ჰოსპიტალში უწევს ყოფნა, მამას კი ისინი ახალ საცხოვრებელ სახლში გადაჰყავს. თუმცა მათ ცხოვრებაში ჩნდება საყვარელი, ფუმფულა წარმოსახვითი მეგობარი, ტყის პატრონი ტოტორო, რომელიც ეხმარება გოგონებს უზარმაზარი სამყაროს წინაშე მათი შიშებისა და პრობლემების გადაწყვეტაში.
“პორკო როსო” Porco Rosso (1992)
ისტორია სიცოცხლითა და ენერგიით სავსე ღორადქცეულ პილოტზე, რომელიც კვლავ განაგრძობს საკუთარ კარიერას, არც ისეთი ცნობილია, როგორც მიაძაკის სხვა ნამუშევრები. თუმცა, ანიმაციის დრაივი და მისი ჰუმანური პათოსი გულგრილს თითქმის არავის დატოვებს. ცხოვრების სირთულეების წინ მედგრად დგომა და მთავარი გმირები, რომელთაც უკან დახევა არასდროს სჩვევიათ, სწორედ ეს არის ამ ანიმაციის უმთავრესი ნარატივი.
“ზეციური ტაძარი (ლაპუტა)” Castle in the sky (Laputa) (1986)
ლაპუტა Ghibli Studio-ს ერთ-ერთ პიონერ ნამუშევარს წარმოადგენს. ისტორია მოგვითხრობს გოგონაზე, რომელიც იდევნება მხიარული სადესანტო მეკობრეებისა და ძალაუფლებას მოწყურებული მთავრობის წარმომადგენლების მიერ. გოგონა, რომელიც ზეციური ტაძრის სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ბოლო წარმომადგენელია, აკეთებს ყველაფერს, რათა ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საშუალება არ მისცეს იმ ადამიანებს, ვისაც ამის სურვილი გააჩნია. ანიმაცია გაჯერებულია საბპანკის ელემენტებით, რომელიც გამოიხატება გიგანტური რობოტებითა თუ საჰაერო ხომალდების სახით და რომელიც გარკვეულ მომენტებში სამეცნიერო ფანტასტიკასაც კი ენათესავება.
“ჰოულის მოსიარულე სასახლე” Howl’s moving castle (2004)
არატრადიციული სიყვარულის თემები სტუდიისთვის არცთუ ისე დიდ სიახლეს წარმოადგენს. შავბნელ იგავზე დაფუძნებული ანიმაცია, რომელმაც შეიძლება კიდეც ედგარ ალან პოს ან ძმები გრიმების რომელიმე ნაწარმოები მოგვაგონოს, ემოციებისა და პერსონაჟების სახეების კასკადთა მთლიანი ხატებაა. სიყვარულის ისტორია, რომელიც ვითარდება ნახევარადამიან-ნახევარჩიტ ჯადოქარსა და სოფლელ გოგონა სოფის (რომელიც დაწყევლილია ჯადოქრის მიერ) შორის, აქცენტს ჩვენს სენსიტიურობასა და ამბის თხრობის მანერაზე აკეთებს. ეს უკანასკნელი კი ნამდვილად ღირს სანახავად.
“პომ პოკო” Pom Poko (1994)
პომ პოკო გახლავთ ისაო ტაკაჰატას ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი. მან მოღვაწეობა ბატონ მიაძაკისთან ერთად დაიწყო და Ghibli Studio-ს ერთ-ერთი სულისჩამდგმელია. ისტორია ტანუკებსა (გარეული ძაღლები, რომლებიც გავრცელებულია აღმოსავლეთ აზიაში, ახასიათებთ გრძელი ბეწვი და ენოტისებრი სახე) და ადამიანებს შორის ურთიერთობაზე აკეთებს აქცენტს. ისინი იბრძვიან ადამიანთა მიერ მათზე ძალაუფლების მოპოვების წინააღმდეგ.
“კიკის მიტანის სამსახური” Kiki’s delivery service (1989)
ჯადოქრების წესდების თანახმად, ჯადოქარმა გოგონებმა 13 წლის ასაკში უნდა დატოვონ საკუთარი სახლი და უცხო ქალაქში შეუდგნენ ცხოვრების ჭაპანს. როგორც New York Times-მა დაახასიათა, მიაძაკის ეს ნამუშევარი ჰეროიკულობით სავსე ანიმაციაა, რომელიც თავდაპირველად დისნეის სულს გვაგრძნობინებს, ხოლო შემდგომ თითქმის შეუძლებელია არ გაგვახსენოს ფრანსუა ტრიუფოს შემოქმედება.
“ჩემი მეზობელი იამადასები” My neighbors Yamadas (1999)
ისაო ტაკაჰატას კომედიური იაპონური მულტფილმი, რომელსაც ტელევიზორის წინ მოკალათებულმა მთელმა ოჯახმა ბატი-ბუტმომარჯვებულმა შეუძლია უყუროს, საერთოდ არ მიჰყვება Ghibli Studio-ს სტილს, თუმცა „არაქისების“ თავგადასავალი გასართობად ერთობ საამო რამაა.
“ნაუსიკაა ქარების ველიდან” Nausicaa from the valley of the wind (1984)
მიაძაკის ეს ნამუშევარი Ghibli Studio-ს დაარსებიდან ერთი წლით ადრე გამოვიდა. ნაწარმოები ჰაიაო მიაძაკისა და კომპოზიტორ ჯო ჰისაიშის (Joe Hisaishi) კოლაბორაციული პროექტია, რომელიც მიაძაკის თითქმის ყველა ანიმაციის მუსიკის შემოქმედი გახლდათ. ასევე აღსანიშნავია, რომ ნაუსიკაა არის პირველი მთავარი მოქმედი ქალი-გმირი, რომელიც შემდგომ გაგრძელდა “პრინცესა მონონეკესა” თუ “მოჩვენებების მიერ გატაცენულნის” ხაზში. საბპანკის ელემენტებით დატვირთული პოსტაკალიფსური ჟანრის ანიმაცია თავისი დინამიკით მძაფრი შეგრძნებების უბადლო ევაკუატორია.
რადგანაც უკვე ჩამოვწერე NewYork Times-ის გამოცემის სია, ერთობ გული დამწყვიტა იმ ფაქტმა, რომ მასში არ იყო ტაკაჰატას ლეგენდარული ნამუშევარი „ციცინათელების სასაფლაო“. ამიტომ გადავწყვიტე ჩემი გემოვნებით ისიც მიმემატებინა სიისთვის და მეთერთმეტე ნომრად სწორედ მას გთავაზობთ.
მაშ ასე: “ციცინათელების სასაფლაო” Grave of the fireflies (1988)
ისტორია ომისდროინდელ იაპონიაში ვითარდება, სიუჟეტი დაფუძნებულია აკიუკი ნოსაკას მიერ 1967 წელს გამოცემულ ნახევრად ავტობიოგრაფიულ ნოველაზე. ანიმაცია Ghibli Studio-ს ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ნაწარმოებია, რომელსაც ფაქტობრივად შეუძლებელია ცრემლების გარეშე უყუროთ (ასე რომ, მოიმარჯვეთ და არ დაგენანოთ ხელსახოცები). და-ძმის ისტორია, რომელიც დაბომბვის შემდეგ ვითარდება და რომელშიც ასახულია, თუ როგორ ზრუნავენ ერთმანეთზე და როგორ ებრძვიან მარტოდმარტო შიმშილსა და გულგრილ სამყაროს, Ghibli Studio-ს უძლიერესი ნამუშევარია, რომელიც BBC-იმ აღიარა, როგორც ყველაზე ძლიერი მესიჯებით დატვირთული ანიმაცია.