fbpx

8 მითი კატების შესახებ


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ქეთევან ორაგველიძე

ადამიანები კატების ხასიათსა და თავისებურებებს  ნაკლებად იცნობენ, ვიდრე ძაღლებისას.  მათ შესახებ უამრავი მითი და მცდარი წარმოდგენა არსებობს.  ამ შემთხვევაში ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოში 8 ყველაზე მეტად გავრცელებულ სტერეოტიპზე, რა თქმა უნდა, მათი დანგრევის მიზნით.

 

მითი 1 –  შავი კატათარსი კატა  

თუ გულუბრყვილოდ ფიქრობთ, რომ შავი კატის ცუდ იღბალთან ასოცირების ცრურწმენა უკვე მივიწყებულია, ცდებით. სამწუხაროდ, დღემდე შავი შეფერილობის კატებს მეტი პრობლემა ექმნებათ, უფრო ხშირად ხდებიან ადამიანური აგრესიის და სხვადასხვა რიტუალების მსხვერპლი, ვიდრე მათი სხვა ფერის თანამოძმეები. ამ დამოკიდებულების გამო მათთვის პატრონის პოვნის შანსიც უფრო მცირეა.

მოკლედ,  თუ შავი კატა წინ  გადაგირბენთ, შეგიძლიათ მშვიდად განაგრძოთ გზა.


მითი 2 –  კატა მაინც ველურია (ანუ, რა უნდა კატას სახლში?!)

დავიწყოთ იქიდან, რომ არსებობს ველური, ქუჩის და სახლის კატების პირობითი კატეგორიები.

ველურ კატას ადამიანთან შეხება საერთოდ, ან თითქმის არა აქვს. ისინი გაგვირბიან და მათი მოშინაურება კნუტობის შემდეგ შეუძლებელია. ანუ, ველურ კატას სახლში არ უნდა.

. წ. ქუჩის კატები დიდი სიამოვნებით იცხოვრებდნენ სახლის პირობებში, თუმცა მათ უბრალოდ  არ გაუმართლათ. ეს ცხოველები მეტწილად არიან თბილები, მოსწონთ ადამიანთან ურთიერთობა და გადარჩენისათვის ხშირად ჩვენი დახმარება სჭირდებათანუ, ქუჩის კატას სახლში უნდა.
 

რაც შეეხება შინაურ  კატებს, ისინი სახლის პირობებში ისევე კარგად გრძნობენ თავს, როგორც ჩვენ.

 

მითი 3  – კატას რა მოვლა უნდა? თვითონ უვლის თავს

ის ფაქტი, რომ კატები ძაღლებზე გაცილებით დამოუკიდებლები არიან, ხშირად ხდება მათ მიმართ უყურადღებობის მიზეზი, რაც სინამდვილეში ცხოველის ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ცუდად აისახება. მაგალითად, კარგად მოვლილი კატა გაცილებით დიდხანს ცხოვრობს, ვიდრე ის, რომელიც „საკუთარ თავს თვითონაც მშვენივრად უვლის“.

ამ მითის ბევრი ქვემითიც არსებობს, მაგალითად:  კატა თვითონ ირჩენს ჭრილობას ლოკვით. რეალურად, ამ ქცევით ის შეხორცებას უშლის ხელს. ზოგადად, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ცხოველის ყველა ბუნებრივი ქცევა კონსტრუქციულობისკენ არ არის მიმართული. კატას ზუსტად ისევე სჭირდება ყურადღება, ვეტერინართან გეგმიური ვიზიტები, აცრები, პარაზიტებზე დამუშავება, კვების სწორი რაციონი, ბეწვის მოვლა,  ჰიგიენური ნორმების დაცვა  და ..  – როგორც ძაღლს.

 

მითი 4 – კატას მარტოობა უყვარს და თავს თვითონ ირთობს

კატას შეუძლია მარტოობა, მაგრამ მას ამავდროულად სჭირდება ურთიერთობა, თამაში და მოფერება. ამ მცდარი შეხედულების გამო მათ ხშირად დიდი დროით ტოვებენ მარტოს, მხოლოდ „საკვების დამყრელის“ იმედად. სინამდვილეში კი მარტო დარჩენილი კატა ადვილად იწყენს, ის ბუნებრივად ცნობისმოყვარე არსებაა და გასართობად შესაბამისი გარემო ესაჭიროება. ამიტომ სახლის კატას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ბევრი სათამაშო, საძრომიალო და სხვა გასართობი საშუალება, აგრეთვე ფანჯარა, საიდანაც გარე სამყაროს დააკვირდება. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანმა (სიტყვა პატრონს შეგნებულად არ ვიყენებ, რადგან კატები ამ ცნებას არ აღიარებენ) ყოველდღიურად გამოყოს დრო მასთან საურთიერთოდ.  

.. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, კანადაში, მსურველს არა აქვს უფლება თავშესაფრიდან მხოლოდ ერთი კნუტი იშვილოს, რადგან თვლიან, რომ ამ „მარტოსული“ არსებებისთვის ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია.

 

მითი 5 – სიმაღლიდან გადმოვარდნილი კატა მიწაზე ყოველთვის ფეხებით ეშვება

ეს მითი ბევრი დაუნდობელი ექსპერიმენტის საფუძველი გამხდარა. მაგალითად, ცნობისმოყვარეობის და გართობის გამო  მათ სიმაღლიდან  აგდებენ. მართალია, კატას სხეულის აგებულება საშუალებას აძლევს, ვარდნის მომენტში ტანი გაასწოროს და მიწაზე ფეხებით დაეშვას, თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება. საინტერესოა ისიც, რომ მათ დაზიანების მეტი შანსი დაბალი სიმაღლიდან გადმოვარდნისას აქვთ, რადგან მოკლე დროში ტანის უსაფრთხო პოზიციაში მოყვანას ვერ ასწრებენ. თუმცა, ფეხებით დაშვების შემთხვევაშიც, სიმაღლიდან გადმოვარდნილი კატის დაზიანების (ხშირად სიცოცხლესთან შეუთავსებელი) რისკი საკმაოდ მაღალია.

 

მითი 6 –  კატის ბეწვის გადაყლაპვა ჯანმრთელობისათვის საშიშია

ეს „ბრალდება“  თავისთავად აბსურდულია. კატის (ძაღლის) ბეწვი, ისევე როგორც ადამიანის თმა და  ნებისმიერი სხვა უცხო სხეული, რომელიც ყოველდღიურად ხვდება ჩვენს ორგანიზმში, იშლება და გადამუშავდება. ეს პროცესი კი სავსებით ბუნებრივად და ჩვენთვის შეუმჩნევლად მიმდინარეობს.

კატის ბეწვი  მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს საშიში, თუკი ცხოველი მოუვლელი და ექინოკოკის ჭიის მატარებელია (იხ. მითი 4.), რომელიც ადამიანზეც გადადის. ეს პარაზიტი ასევე შეიძლება აღმოაჩნდეს ძაღლს ან ნებისმიერ სხვა ხორცისმჭამელ ძუძუმწოვარს.  

 

მითი 7 –  კატა ადამიანს უბრალოდ იყენებს და მას სიყვარული და ერთგულება არ შეუძლია

ეს მითი ერთმნიშვნელოვნად მცდარია. ვინც ამ საოცარ არსებას კარგად იცნობს, იცის, რომ სინამდვილეში მას ძალიან ღრმა კავშირის დამყარება შეუძლია ოჯახის წევრებთან. მიუხედავად იმისა, რომ კატა ბუნებით თავისუფალი და დამოუკიდებელია, ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანებთან მიჯაჭვულობაც კი უვითარდებათ, რაც უდავოდ სიყვარულის გამოხატულებაა.

ამ სტრეოტიპის ჩამოყალიბებას ერთმა გარემოებამ შეუწყო ხელი: თუკი ძაღლი  პატრონს დომინანტად მიიჩნევს და უპირობოდ ემორჩილება მას, კატა ადამიანს უყურებს როგორც თანასწორს, ამიტომ ის ურთიერთობს საკუთარი  და არა ადამიანის სურვილის შესაბამისად. სწორედ ამ თვისების გამოა მათთან ურთიერთობა განსაკუთრებით საინტერესო.

 

მითი 8 – კატების სტერილიზაცია/კასტრაცია მათი უფლებების შელახვაა

ზოგადად,  როცა ცხოველთა უფლებებზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება თემა დავავიწროოთ მათი დედობის, მამობის თუ ძუებში „გავლის“ ბედნიერების უფლებაზე. მით უმეტეს, როდესაც ასეთი მიდრეკილებები ცხოველებში საერთოდ არ გვხდება, ისინი ინსტინქტურ დონეზეა განვითარებული და ეს მხოლოდ ადამიანური პროექციებია.

ცხოველების  უფლებებსა და მათ კეთილდღეობაზე მსჯელობა შეუძლებელია მათი პოპულაციის შემცირების გარეშე და ერთი ცხოველის „ბედნიერება“ წინააღმდეგობაში მოდის სხვა ცხოველების გაცილებით უფრო მნიშვნელოვან უფლებებთან. ფაქტია, რომ დღეს უამრავი უპატრონო კნუტი თუ კატა ქუჩაში ცხოვრობს და ადამიანის გულგრილობის, ხშირად სადისტური ქმედების, მანქანის, ანდაც დაავადებების მსხვერპლი ხდება.

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ცხოველთა დამცველი ორგანიზაციები, როგორებიც არიან ASPCA, PETA, Humane Society და სხვა მრავალი, პატრონებს მოუწოდებენ, არ გაამრავლონ  ცხოველები (ცხოველთა გამრავლება მხოლოდ ოფიციალურ საშენებშია დაშვებული), რათა ხელი არ შეუწყონ პოპულაციის უკონტროლო ზრდას, რომლის შედეგად უამრავი ცხოველი რჩება სახლისა და თავშესაფრის გარეშე.

გარდა ამისა, სტერილური და კასტრირებული კატები ცოცხლობენ უფრო დიდხანს, ჯანმრთელად და უდარდელად. მცირდება სიმსივნური დაავადების განვითარების შანსიც. ისინი ხდებიან უფრო მშვიდები და მოსიყვარულეები როგორც ადამიანების, ისე სხვა კატების მიმართ.


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.