fbpx

უნდა ავუსრულოთ თუ არა ბავშვს ყველა სურვილი


გააზიარე სტატია



ავტორი: ნინო იმნაიშვილი

 

ალბათ ყველა მშობელს ერთი ახლობლისგან მაინც გაუგია რჩევის სახით თაობებს გადმოცემული ფრაზა: „ბავშვს თავისი არ უნდა გაატანინო“. არიან მშობლები, რომლებიც ახლობლების რჩევის გარეშეც იმავეს ფიქრობენ. თუმცა აქ მთავარია, ვინ რას გულისხმობს „თავისის გატანაში“.

ბავშვებს, ისევე როგორც ზრდასრულ ადამიანებს, აქვთ თავიანთი სურვილები, რომლებიც მათთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც ჩვენთვის – ჩვენი.  ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ პატივს ვცემთ მის სურვილებს და ეს სურვილები მას უსრულდება. ეს გრძნობა აუცილებელია მისი პიროვნული განვითარებისთვის.

თუმცა ამ ფრაზის მომხრეთა სასარგებლოდ შეიძლება ერთი რამ ითქვას –  სურვილებს პატივისცემასთან ერთად მართვაც სჭირდება. როგორი პრობლემაც ბავშვის სურვილების დათრგუნვაა, ისეთივე პრობლემად შეიძლება იქცეს, მეორე მხრივ, ყველაფრის უპირობოდ ასრულება.

 

ფსიქოლოგი სალომე ფანჯიკიძე გვესაუბრა იმ აუცილებელი ზღვარის დაცვაზე, რომელიც ბავშვის სურვილების პატივისცემასა და ამავდროულად მისი ქცევის გარკვეულ ჩარჩოში მოქცევას შორის გადის. ამისთვის, პირველ რიგში, ბავშვის ასაკი უნდა გავითვალისწინოთ:

 

მცირეწლოვანი ბავშვები

„ბავშვებს 6 წლამდე ძალიან პრიმიტიული სურვილები აქვთ. ისინი მხოლოდ ცდილობენ, მიიღონ სიამოვნება  და თავიდან აირიდონ უსიამოვნება, როგორიცაა ჩხუბი, ტკივილი, დასჯა და ა.შ. მათ სურთ, მიიღონ ყველაფერი, რაც მათ სურვილებშია და ეს სურვილები ელემენტარულია. შეიძლება იყოს კანფეტი, სათამაშო, ან სასურველი აქტივობა.

რა თქმა უნდა, თუ ჩვენ დავთრგუნავთ მათ ყველა სურვილს და არასოდეს ავუსრულებთ – ეს შექმნის დეფიციტს ფსიქიკაში, რომელიც გვიან, მოზარდობაში აუცილებლად გამოვლინდება სხვადასხვა ფორმით და შეიძლება უკიდურესი სახეც მიიღოს ჩამოყალიბებული ნევროზის სახით. ან, თუ ასეთ მწვავე მდგომარეობამდე არ მივიდა, შეიძლება გაჩნდეს უკიდურესი დაძაბულობა მშობელსა და შვილს შორის, უკიდურესი დაუმორჩილებლობა და ამბოხი.“

თუმცა ხშირად, კარგი შვილი სწორედ უკიდურესად დამჯერ ბავშვთან ასოცირდება. კარგი მშობელი კი მასთან, ვინც შვილის ასეთად აღზრდა მოახერხა. ალბათ ასევე არაერთხელ გაგვიგონია სიამაყით ნათქვამი ფრაზა: „ჩემს შვილს წარბის ერთი აწევაც ჰყოფნის, რომ აღარ შემომეკამათოს.“ ის კი, ვინც ამ ფრაზას უსმენს, გულდაწყვეტილი რჩება ხოლმე იმის გამო, რომ მან ვერ მოახერხა შვილის წარბის აწევით დამორჩილება.

ეს ნამდვილად არ არის საამაყო ფაქტი. შეიძლება ბავშვი იყოს ბუნებით დამჯერი და ეს სხვა შემთხვევაა,  მაგრამ როცა მშობელი აიძულებს მას, რომ იყოს დამჯერი – ეს აუცილებლად რაღაც ასაკში იფეთქებს. და ძალიან ხშირად, როცა ბავშვები არიან ძალიან წესიერები, შემდეგ ისინი ცხოვრებაში ირჩევენ ისეთ მეგობრებს ან პარტნიორებს, რომლებიც არიან უკიდურესად „არაწესიერები“, ანუ რომლებიც ძალიან ბევრ რამეს აფუჭებენ. სინამდვილეში ამით ისინი საკუთარი სურვილების ტრანსფორმაციას ახდენენ სხვებზე.

ძალიან ხშირია, რომ ზრდასრული ქალები, რომლებსაც ბუზიც კი არ აუფრენიათ ცხოვრებაში, მიჰყვებიან კრიმინალ ქმრებს, ასეთ პარტნიორებს ირჩევენ ზუსტად იმიტომ, რომ მათი სურვილები თუნდაც რაღაცის გაფუჭების, თავის დროზე დათრგუნული იყო.

ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი ამოცანა სწორედ ესაა, რომ  ბავშვმა გაიგოს, რაღაცები როგორ მოქმედებს, როგორ ფუნქციონირებს და ზოგჯერ აფუჭებს სათამაშოებს, შლის მთლიანად, რომ მათი შიგთავსი ნახოს. და როდესაც ეს მათი სურვილები, რომ თუნდაც რაღაცა გააფუჭონ, ან  სხვა სურვილები ითრგუნება მშობლის მიერ, ისინი ტრანსფორმირებას აკეთებენ ამას სხვა ადამიანში და ირჩევენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ტოტალურად აფუჭებენ ყველაფერს სამყაროში.

ამიტომ თუ ბავშვის ბუნება არ არის თავისთავად ასეთი მშვიდი და ეს არის განპირობებული მშობლის სიმკაცრით, ეს ნამდვილად გამოიწვევს ძალიან მნიშვნელოვან პრობლემებს, ყოველ შემთხვევაში, შეიძლება დადგეს პიროვნული პრობლემები,  ანუ განვითარდეს ძალიან სერიოზული ნევროზი და დადასტურებულად გეტყვით, რომ ასეთი შემთხვევები ჩვენს კლინიკაში ძალიან ბევრია.“

თუმცა, ცხადია, ბავშვის ყველა სურვილი შეიძლება ვერ შესრულდეს ვერც მცირე ასაკში და ვერც მის შემდგომ ზრდასრულ ცხოვრებაში. ამასთან გასამკლავებლად კი მას უნდა ვასწავლოთ თავისი სურვილების მართვა, ანუ გამოვუმუშაოთ უნარი, რომ შეძლოს მოცემულ მომენტში გარკვეულ სურვილზე (რა თქმა უნდა, არა განურჩევლად ყველაზე) უარის თქმა, ან მისი გადადება. ხოლო თუ ვხედავთ, რომ მისი სურვილი უკვე კაპრიზს ემსგავსება (და აუცილებელია სურვილისა და კაპრიზის სწორად შეფასება და განსხვავება), ამ შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ მის ასეთ ქცევას არ დავყვეთ. თუმცა ეს ყველაფერი უნდა მოვახერხოთ ჩხუბის, დასჯის, ყვირილის ან „მე უკეთ ვიცი, შენ რა გინდა-ს“ გარეშე.

ბავშვებს აქვთ კარგი გრძნობა მანიპულაციის. მათ იციან, რა გრძნობით შეუძლიათ, რომ დაიყოლიონ მშობლები. ხშირად შეიძლება ნახოთ მაღაზიებში, როცა ბავშვები ითხოვენ რაღაცის ყიდვას. მშობლები მათ  ვერ, ან არ ყიდულობენ და შეიძლება ბავშვი მიწაზე გაწვეს, ფეხები აბაკუნოს, ისტერიკამდე მიიყვანოს თავი ისე, რომ ვერც ამოისუნთქოს ტირილისგან. ეს არ არის მისი ნერვიული ქცევა, ეს არის მისი მანიპულატორული ქცევა. ასეთ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მის მანიპულატორულ ხასიათსაც არ დავყვეთ იმიტომ, რომ თუ ყველაფერი შეუსრულდება ბავშვს და თავის თავში ვერ გამოიმუშავებს გრძნობას, რომ ზოგჯერ უარი თქვას რაღაცაზე, მაშინ ის აუცილებლად ისტერიულ პერსონად ჩამოყალიბდება, რომელიც არის ძალიან ეგოცენტრული, არასდროს ითვალისწინებს გარემოს და ყოველთვის თავის თავზეა ორიენტირებული.

იმისთვის, რომ გარკვეულ სურვილზე უარის თქმის უნარი ჩამოვუყალიბოთ, ეს მას უნდა ვასწავლოთ. და ეს სწავლება არის აუცილებლად ჩანაცვლება რაღაცით.  როდესაც არ “სრულდება კანფეტი”, მშობელმა უნდა შესთავაზოს, რომ მოდი, ახლა ეს გავაკეთოთ და სხვა დროს ვიყიდოთ კანფეტი. აქედან გამომდინარე, მას უყალიბდება გრძნობა, რომ მას შეუძლია თავისი სურვილი გადადოს ცოტა ხნით იმისთვის, რომ რაც ამწუთას უფრო მნიშვნელოვანია, ის გააკეთოს.

აუცილებლია, ბავშვმა იცოდეს, რომ მისი სურვილები მნიშვნლოვანია მშობლისთვის. მაგრამ როცა ის ძალიან პატარაა, მისთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეს განცდა, რომ არსებობს  ავტორიტეტი, რომელიც მისი მოქმედების არეალს განსაზღვრავს. ეს არის ფუნდამენტური გრძნობა უსაფრთხოების.

თუ მშობელი დაჰყვება მის ყველა სურვილსა და კაპრიზს, ის დაკარგავს ამ ავტორიტეტს და ბავშვს ექნება გრძნობა, რომ მას უფროსი არ ხელმძღვანელობს ამ სამყაროში, სადაც  უმეტესობა რაღაცების მასზე დიდია.

ამიტომ ეს უსაფრთხოების განცდა არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ბავშვისთვის, რომ იცოდეს, რომ სამყაროში, სადაც ის მიწას არ არის აცდენილი და ცეროდენაა, ვიღაც არის მასზე დიდი და ჭკვიანი და უკეთ იცის რაღაცები.   

ეს შეიძლება ასე რთულად არ ფორმირდება მათ აზროვნებაში, მაგრამ შეგრძნებაში ასე ფორმირდება და ძალიან მნიშვნელოვანია.“

 

თინეიჯერები

„ამ დროს ბავშვში ხდება ძალიან მნიშვნელოვანი გარდატეხები. პირველი გარდატეხა უკავშირდება მისი დამოუკიდებლობის შეგრძნებას და სეპარაციას მშობლებისგან, რომ ის აღარაა მათზე სრულად დამოკიდებული და უჩნდება ინდივიდუალური განცდები.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს სწორად მივყვეთ. თუ ჩვენ მათ მოვექცევით ისევე, როგორც 2 წლის ბავშვებს, შედეგი შეიძლება მივიღოთ სავალალო არა მხოლოდ ურთიერთობაში, არამედ მათ განვითარებაში. მათ ფსიქიკაზე შეიძლება მოვახდინოთ ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა.

ამიტომ როცა ჩვენ ვიცით, ბავშვი როგორ რეაგირებს გარდატეხის ასაკში, რომ მას შეიძლება ჰქონდეს უფრო მეტი ფსიქოპატიური იმპულსი, მაგალითად, როცა ტოტალურად დაუმორჩილებელი ხდება, ტოტალურად აგრესიული ხდება – სწორად უნდა ვმართოთ ეს სიტუაცია, რომ მას არ ჰქონდეს განცდა, რომ ჩვენ მას ვექცევით პატარა ბავშვივით, მასზე ვიყენებთ ძალაუფლებას  და ჩვენ ვკარნახობთ ყველაფერს. მაგრამ ამავდროულად მოვაქციოთ რაღაც საზღვრებში, რომლებიც ასევე მისთვისაა აუცილებელი იმიტომ, რომ  რამდენადაც ისინი ითხოვენ ხშირად დამოუკიდებლობას და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების საშუალებას, სინამდვილეში ისინი ამისთვის მზად არ არიან, რომ ამხელა პასუხისმგებლობა აიღონ თავიანთ ცხოვრებასა და შეცდომებზე და ეს შეიძლება მათთვის ემოციურად საკმაოდ რთული იყოს. ამიტომ ნავიგაცია ამ კუთხითაც საჭიროა.  

კვლევებიც არსებობს, რომ ის მშობლები, რომლებიც ძალიან ლიბერალურები იყვნენ ამ ასაკში და აძლევდნენ სრულ თავისუფლებას, შემდგომ მათი  ბავშვები მოზრდილ ასაკში საკმაოდ ნეგატიურად აფასებდნენ ამ მიდგომას და თვლიდნენ, რომ მათ სჭირდებოდათ ხელმძღვანელობა რაღაც საკითხებში.

შეიძლება მათ ეს არასდროს ვერბალურად არ გაახმოვანონ, რომ მათ უნდათ, რომ  შენ უხელმძღვანელო და მიუთითო რაღაცებზე, მაგრამ ეს მაინც არის მათი შინაგანი სურვილი, რომ ამ სამყაროში, სადაც ისინი პირველად შედიან დამოუკიდებლად, მათ ჰქონდეთ რაღაც ტიპის ხელმძღვანელობა, მიმართულების გრძნობა.

მშობლების ყველაზე რთული გამოწვევა სწორედ ამ შუალედის პოვნა და მისი დაცვაა.   როგორ მოვახერხოთ ისე, რომ ბავშვი თავის სურვილებში რეალიზებული იყოს და ამავდროულად თავად შევაძლებინოთ მათი მართვა. რომ არც მისი სურვილები დავთრგუნოთ და არც მისი ყველა კაპრიზი შევასრულოთ, რადგან ორივე მხარის უკიდურესობას ბავშვის ფსიქიკაში პრობლემებამდე მივყავართ.

სად გადის მათ შორის ზღვარი – ეს კი ყველა მშობელმა საკუთარი შვილის ინდივიდუალურობიდან გამომდინარე უნდა განსაზღვროს.


რეკომენდებული სტატიები
რა იწვევს ბავშვებში ცხოველებზე ძალადობას

რა იწვევს ბავშვებში ცხოველებზე ძალადობას

რა იწვევს ბავშვებში ცხოველებზე ძალადობას
სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდება შემზარავი ფოტოები და კადრები, სადაც ნაწამები ცხოველებია ასახული. სურათს ამძიმებს ისიც, რომ ცხოველებზე ძალადობის ფაქტების ჩამდენები ხშირად ბავშვები არიან
ბავშვის დამოუკიდებლობის გზამკვლევი მშობლებისთვის

ბავშვის დამოუკიდებლობის გზამკვლევი მშობლებისთვის

ბავშვის დამოუკიდებლობის გზამკვლევი მშობლებისთვის
ფსიქოთერაპევტ მზია დალაქიშვილთან ერთად განვიხილავთ, ალბათ ყველა მშობლისთვის ნაცნობ, ბევრისთვის კი ყოველდღიურ სიტუაციებსა და მათ შესაძლო შედეგებს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.