fbpx

მადრიდის „რეალის“ გაურკვეველი ხვალინდელი დღე


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

გასულ ტურში მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ეროვნულ ჩემპიონატში 22 სექტემბრის შემდეგ პირველად გაიმარჯვა. თითქოს წარმოუდგენელია, მაგრამ გუნდმა, რომელმაც ზედიზედ სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, მთელი ოქტომბრის განმავლობაში ჩეხური „პლზენის“ მინიმალური ანგარიშით დამარცხება თუ შეძლო, პრიმერა დივიზიონში კი ოთხი შეხვედრა წააგო და ერთადერთი ქულის მოპოვება მოახერხა.

მიუხედავად ამისა, ხელმძღვანელობამ მთავარ მწვრთნელს, ხულენ ლოპეტეგის ბოლომდე დააცადა მუშაობა და საბოლოო განაჩენი მხოლოდ „კამპ ნოუზე“ „ბარსელონასთან“ განადგურების შემდეგ გამოუწერა.

 

 

მაინც ვინ არის ლოპეტეგი? მსოფლიო ჩემპიონატზე მასსა და ესპანეთის ნაკრების თავს გადამხდარი ამბების შესახებ ისედაც ყველასთვის ცნობილია, თუმცა შეიძლება  მივიწყებული გვქონდეს, რომ ბოლო ათწლეულების უძლიერესმა პორტუგალიურმა კლუბმა 2014-2016 წლებში ლოპეტეგის ხელმძღვანელობით ერთხელაც ვერ მოახერხა ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. სამაგიეროდ ის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მიწასთან გაასწორა მიუნხენის „ბაიერნმა“ – 6:1.

ასევე არ გვემახსოვრება, რომ ლოპეტეგი – ფეხბურთელს, ლუიშ ფიგუს და ლუის ენრიკეს მსგავსად, როგორც მადრიდის „რეალის“, ისე „ბარსელონას“ მაისური აქვს მორგებული.

 

 

ზიდანის წასვლის შემდეგ რამდენად ლოგიკური იყო არჩევანის მასზე შეჩერება, პასუხი „სამეფო კლუბის“ ოქტომბერში ნაჩვენებმა შედეგებმა გაგვცა, რომელთა ნუსხაში ზემოთ ხსენებულ წარუმატებლობებთან ერთად, ჩემპიონთა ლიგაზე ცსკათან მარცხიც არ უნდა დაგვავიწყდეს.

ლოპეტეგი თავის დროზე მეკარე იყო და შესაძლოა საფეხბურთო კარიერის მანძილზე მას იმდენი ბურთის მოგერიება არ დასჭირვებია, რაც უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ლანძღვა-გინების ატანა.

მაგრამ ეს უკვე წარსულია. ინტერესს კი „სამეფო კლუბის“ აწმყო და მომავალი იწვევს. დღესდღეობით მადრიდის „რეალი“ ახალი მწვრთნელის, სანტიაგო სოლარის თაოსნობით შინ უკვე ახერხებს საკმაოდ გაძლიერებული „ვალიადოლიდის“ დამარცხებას, მაგრამ რამდენად სანდოა ეს სამი ქულა, ისევე როგორც სოლარი, რომლის სამწვრთნელო კარიერა „რეალის“ ასაკობრივ გუნდს და „რეალი B”-ს არ გასცილებია?

უნდა ითქვას, რომ ანალოგიური სამწვრთნელო წარსული ჰქონდა თვით ზიდანსაც. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ზიდანი უდიდესი საფეხბურთო ფიგურაა და მის მიერ გაწვრთნილი ოცამდე მილიონერი მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონი და ლიგის ტრიუმფატორი ფრანგ სპეციალისტს თვალებში შესცქეროდა, როგორც კუმირს მოზარდობის პერიოდში – მსოფლიო ჩემპიონსა თუ იმავე მადრიდის „რეალის“ ლიდერს.

სწორედ გამარჯვებულის სულისკვეთებას უნდა გამოევლინა ის „შემთხვევითობები“, რომლებიც კანონზომიერებად იქცა ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „ატლეტიკოსთან“ თუ მიუნხენის „ბაიერნთან“ შეხვედრებში.



 

ანუ ძლიერს ყოველთვის უმართლებს. აქ კრიშტიანუ რონალდუს ფაქტორიც უნდა გავითვალისწინოთ, რადგან „სამეფო კლუბის“ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ სამჯერ მოგებაში პორტუგალიელს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი და მისი წასვლა კლუბისთვის უდიდესი დანაკლისია.

მაგრამ „რეალმა“ სეზონი მის გარეშეც ხომ კარგად დაიწყო და სუპერთასზე „ატლეტიკოსთან“ წაგების შემდეგ, ჩემპიონატის პირველი ოთხი შეხვედრიდან სამში იმარჯვა და სატურნირო ცხრილს სათავეში ედგა კიდეც.

სანამ „რეალი“ ვარგოდა, ესპანეთის ნაკრებმაც ბრწყინვალედ დაიწყო ერთა ლიგაზე ასპარეზობა, სადაც გასვლაზე ინგლისელები დაამარცხა, ხოლო შინ კი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი  – ხორვატიის ნაკრები უხერხული ანგარიშით გაანადგურა, მაგრამ „სამეფო კლუბისთვის“ ავად სახსენებელ ოქტომბერში ნაკრები შინ, ინგლისელებთან უკვე დამარცხდა.

როგორც ვხედავთ, მადრიდის „რეალის“ ბედ-იღბალი მჭიდრო კავშირშია „ფურია როხას“ ასპარეზობასთან, რომელშიც სერხიო რამოსთან ერთად ამ კლუბის არაერთი სხვა ფეხბურთელი მონაწილეობს.

მაგრამ რა ბედი ელის უახლოეს წარსულში ასევე „რეალი B”-ს არგენტინელ  მწვრთნელს, სანტიაგო სოლარის „სამეფო კლუბში“ , სადაც მან ჯერ იყო და სათასო მატჩში მესამე დივიზიონის გუნდთან მოაგებინა ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორს, ხოლო შემდეგ კი ჩემპიონატში ზემოთ ხსენებულ  „ვალიადოლიდთან“, აშკარად გაურკვეველია.



 

ამაზე პასუხს რომ ვერც უახლოესი მატჩებიდან შევიტყობთ, პირველი წარმატებების მიუხედავად, თვით სოლარის მოკრძალებული ინტერვიუებიდან ვგებულობთ, რადგან მომდევნო გამოცდების ჩაბარება არგენტინელ სპეციალისტს, რომელიც „სამეფო კლუბის“ ღირსებას 2000-2005 წლებში იცავდა და მისი მაისურით ჩატარებულ 131 მატჩში 10 გოლიც აქვს გატანილი, „სელტასთან“, „პლზენთან“ და „ეიბართან“ მოუწევს.

მეტოქეები აშკარად დიდი ვერაფერი ბედენაა, რომლებთანაც თითოეული მატჩის მოგება როგორც კლუბის ხელმძღვანელობის, ასევე  გულშემატკივართა მხრიდან, ჩვეულებრივად აღიქმება, ხოლო წარუმატებლობა კი ახალი მწვრთნელის მაშინვე გათავისუფლების წინაპირობად.

მოდით, ანტონიო კონტეც გავიხსენოთ,  რომელმაც „სამეფო კლუბის“ მწვრთნელობაზე სულ ცოტა ხნის წინ უარი განაცხადა. ამის ნამდვილი მიზეზი კი შეიძლება სწორედ ის იყოს, რომ იტალიელ სპეციალისტს არ გააჩნია ზინედინ ზიდანის ტიტულები და ის ვერასოდეს გახდება სერხიო რამოსის,  ისკოს, მარსელოს, ახლად შეძენილი კურტუასა თუ სხვათა კუმირი. აუტკივარი თავის ატკივება კი იტალიელმა სპეციალისტმა „ჩელსიში“ წარუმატებელი სეზონის შემდეგ აღარ ისურვა.

„რეალმა“ ვერც „ტოტენჰემის“ პორტუგალიელი მწვრთნელი პოჩეტინო დაიყოლია. აქედან გამომდინარე „სამეფო კლუბის“ მომავალი სტრატეგია საკმაოდ ბუნდოვან ფერებში მოჩანს და ფეხბურთის გულშემატკივარს ისღა დარჩენია, რომ ხალისით დაელოდოს მოვლენათა განვითარებას.


რეკომენდებული სტატიები
ჩემპიონთა ლიგა სამი ტურის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგა სამი ტურის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგა სამი ტურის შემდეგ
ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო საფეხბურთო ტურნირი ყოველწლიურად ახალ-ახალ სიურპრიზებს გვთავაზობს და ეს უპირველეს ყოვლისა ჩემპიონთა ლიგის ახალ ტენდენციებში ვლინდება
ლეგენდარული გოლის აღნიშვნები მსოფლიოს ჩემპიონატზე

ლეგენდარული გოლის აღნიშვნები მსოფლიოს ჩემპიონატზე

ლეგენდარული გოლის აღნიშვნები მსოფლიოს ჩემპიონატზე
დღეს თითქმის ყველა ფეხბურთელს გოლის ინდივიდუალური აღნიშვნა ახასიათებს, რაც თამაშის მიმდინარეობის განუყრელ ნაწილად იქცა.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.