კანაფის ზეთის სამკურნალო თვისებები
ავტორი: სოფია გიგიტაშვილი
უმეტესობა ჩვენგანი კანაფს, ანუ მარიხუანას მხოლოდ ფსიქოტროპული თვისებებით იცნობს. მისი რეკრეაციული მიზნით გამოყენება წარმოადგენს მრავალი დავისა და ქილიკის საგანს. მაგრამ ბოლო ხანებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კანაფის ლეგალიზებამ შექმნა ამ მცენარეზე სამეცნიერო დაკვირვებისა და მისი სხვა რაკურსით გაცნობის შესაძლებლობაც.
კანაფის რეკრეაციული მიზნებით გამოყენება მხოლოდ ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რა სარგებელიც შეიძლება ამ მცენარემ ადამიანს მოუტანოს. კანაფში შემავალი სხვადასხვა ნივთიერებები ეპილეფსიის, შფოთვების, სიმსივნური დაავადებების, ანთებითი პროცესების, უძილობის, ართრიტის, დიაბეტისა და ნევროლოგიური კონდიციების მკურნალობის ეფექტიანი საშუალებებია.
კანაფის სამკურნალო თვისებების შესახებ მოხსენიებულია ჯერ კიდევ ჩ.წ. აღრიცხვამდე ჩინურ, ბერძნულ, ეგვიპტურ, ასირიულ, ინდურ და არაბულ წყაროებში. კანაფი მაშინდელი სოფლის მეურნეობისა და სოციალური ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილსაც შეადგენდა. მისგან ამზადებდნენ ტანსაცმელს, ქაღალდს, გემის ბაწარს, იყენებდნენ საკვებად. 1900-იან წლებამდე კანაფი ფართოდ გამოიყენებოდა მსოფლიოში.1970 წლიდან კი ამერიკის მთავრობამ აკრძალა მისი ნებისმიერი სახით გამოყენება.
როგორ ჩანს, თანამედროვე სამყარო ისევ იჩენს ინტერესს კანაფის მიმართ. დღესდღეობით კანაფის სამკურნალო მიზნებით გამოყენება ლეგალიზებულია ამერიკის 30 შტატში, კანადასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ამერიკის მთავრობამ, პირველად ისტორიაში, ლეგალურად ცნო კანაფისგან დამზადებული ფარმაცევტული პრეპარატი ეპიდიოლექსი, რომელიც გამოიყენება ბავშვებში ეპილეფსიის სამკურნალოდ.
ამჟამად მიმდინარეობს უამრავი სამეცნიერო კვლევა, რომელიც სწავლობს კანაფის სამკურნალოდ გამოყენების პოტენციალს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ კანაფმა შესაძლებელია საპატიო ადგილი დაიკავოს თანამედროვე ფარმაკოლოგიის ისტორიაში.
კანაფის ზეთით რამდენიმე წლის წინ დავინტერესდი, როდესაც ჩემს ექიმს სახსრების ტკივილის შესახებ შევჩივლე. მან მირჩია გავცნობოდი ინფორმაციას კანაფის ზეთის შესახებ. ჩემდა გასაოცრად ინტერნეტი სავსე იყო სამეცნიერო კვლევებითა და მტკიცებულებებით. ვინაიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში კანაფის ზეთის გამოყენება კანონით დაშვებულია, მისი შეძენა ინტერნეტით მოვახერხე. კანაფის ზეთი არ იწვევს ფსიქოტროპულ ეფექტებს. მისი გამოყენებიდან სულ რამდენიმე კვირაში შევნიშნე ჩემი ტკივილების სრულიად გაუჩინარება. გადავწყვიტე საფუძვლიანად გამომეკვლია კანაფის სამკურნალო თვისებები და ამ პროცესში უამრავ საჭირო ინფორმაციასაც წავაწყდი.
ენდოკანაფინოიდული სისტემა და კანაფინოიდები
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჩვენს ორგანიზმში უკვე არსებობს ენდოკანაფინოიდული სისტემა, რომელიც ორგანიზმს ეხმარება ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში. ჰომეოსტაზი ეს არის ორგანიზმის შინაგანი დინამიკური ბალანსი, რომელიც გამუდმებით აღადგენს და ინარჩუნებს გარკვეული დონის ტემპერატურას, მინერალების შემცველობას, წნევას, სისხლში შაქრის რაოდენობას და ა.შ. ამ ბალანსის საშუალებით ორგანიზმი ინარჩუნებს ჯანმრთელობასაც.
ენდოკანაფინოიდული სისტემა გამოყოფს ენდოკანაფინოიდებს, რომლებსაც იგივე თვისებები გააჩნიათ, რაც კანაფის მცენარის ფიტოკანაფინოიდებს. ამ კანაფინოიდების მიმღები რეცეპტორები – CB1 და CB2 მთელ ორგანიზმშია განლაგებეული და განსაკუთრებით მრავლად არის ტვინში, ნერვულ და ასევე იმუნურ სისტემაში.
ენდოკანაფინოიდული სისტემის დახმარებით ორგანიზმში რეგულირდება რეპროდუქცია, საჭმლის მონელება, მადა, ძილი, ტკივილი და სიამოვნების განცდა, ხასიათი, მახსოვრობა და როცა გარკვეული მიზეზების გამო მწყობრიდან გამოდის ეს სისტემა, ფიტოკანაფინოიდების გამოყენებამ შესაძლებელია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ორგანიზმის ბალანსის აღდგენაში.
კანაფის ყველაზე ცნობილი ფიტოკანაფინოიდი THC, ანუ ტეტრა-ჰიდრო-კანაფინოლია. სწორედ ეს ნივთიერებაა პასუხისმგებელი კანაფის ფსიქოაქტიურ ეფექტებზე, მაგრამ THC-ის გარდა, კანაფში 100-ზე მეტი ფიტო-კანაფინოიდია, მათ შორის მეცნიერების ყურადღებას კანაბიდიოლი (CBD) იპყრობს. იგი კანაფის 40%-ს შეადგენს და THC-გან განსხვავებით არ გააჩნია ფსიქოაქტიური ეფექტები, არ იწვევს ეიფორიას და დამოკიდებულებას. კანაბიდიოლი არ ემაგრება რეცეპტორებს, არამედ გარკვეული მექანიზმებით ორგანიზმს უბიძგებს საკუთარი კანაფინოიდების გამოყენებისაკენ.
კანაბიდიოლის მოხმარება შესაძლებელია ინჰალატორით, მისგან მზადდება მალამოც, მაგრამ ყველაზე პოპულარული კანაბიდიოლის ზეთია (CBD oil). CBD ზეთი წარმატებით გამოიყენება აშშ-ში, კანადაში და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.
რისთვის შეიძლება გამოვიყენოთ კანაბიდიოლის (CBD) ზეთი?
ქრონიკული ტკივილები და ანთებითი პროცესები. მტკიცებულების თანახმად, კანაბიდიოლის ზეთი წარმატებით გამოიყენება ქრონიკული ტკივილებისა და ანთებითი პროცესების დროს. ის სისხლში არეგულირებს ანანდამაიდებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ტკივილის გაყუჩებაზე. რაც უფრო მეტი ანანდამაიდია სისხლში, ორგანიზმი უკეთ უმკლავდება ტკივილს. რეკომენდებულია მისი გამოყენება ართრიტთან დაკავშირებული ქრონიკული ტკივილების დროს. კანაბიდიოლი ასევე ანეიტრალებს ანთებითი პროცესების წარმოშობას ტვინსა და ნერვულ სისტემაში, რაც აუმჯობესებს იმუნური სისტემის ფუნქციასაც.
გაფანტული სკლეროზი. ეს ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც ნერვული სისტემასთან არის დაკავშირებული. ამ დაავადების ერთ-ერთი ძირითადი სიმპტომი კუნთების ტკივილია. კვლევების მიხედვით კანაბიდიოლის გამოყენება ამცირებს ამ დაავადების სიმპტომებს, მათ შორის ტკივილებსაც.
ეპილეფსია. ამერიკის შეერთებულ შტატებში კანაბიდიოლის თერაპია წარმატებით გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ. პრეპარატი ეპიდიოლექსის გამოყენება შესაძლებელია 2 წლის ასაკიდან.
სიმსივნე. კვლევების თანახმად კანაბიდიოლი ანადგურებს სიმსივნეს. ის ასევე ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების ზრდას და გარცელებას, თანაც უკუჩვენებების გარეშე.
ტიპი-1 დიაბეტი. ამ ტიპის დიაბეტის დროს იმუნური სისტემა თავს ესხმის პანკრეასს, რაც იწვევს ანთებით პროცესებს. კვლევებმა აჩვენა, რომ კანაბიდიოლის გამოყენება ამცირებს ანთებით პროცესებს და ზოგიერთ შემთხვევაში ანეიტრალებს დიაბეტის წარმოქმნის რისკსაც.
აკნე (ფერისმჭამელები). აკნე ასევე დაკავშირებულია ანთებით პროცესებთან. აკნეს გამომწვევი მიზეზი არის ცხიმოვანი ჯირკვლების მიერ ცხიმის ჭარბი გამოყოფა. ვინაიდან კანაბიდიოლს აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ის ასევე არეგულირებს ჯირკვლების მიერ ცხიმის გამოყოფას. კანაფიდიოლი განსაკუთრებით ეფექტიანია აკნე ვულგარის სამკურნალოდ.
დღესდღეობით მიმდინარეობს უამრავი კვლევა კანაფში შემავალი სხვადასხვა ნივთიერებების, მათი სწორი დოზირების, მოხმარების, ხანგრძლივობისა და ეფექტიანობის დაზუსტების მიზნით.
კანაბიდიოლის ზეთი შესაძლებელია ასევე წარმატებული იყოს პარკისონის, ალცჰაიმერის, ჰანტინგტონის, გლაუკომის, ბიპოლარული დარღვევის და ქრონიკული უძილობის მკურნალობისათვის.
მას არ გააჩნია განსაკუთრებული უკუჩვენებები, მაგრამ შესაძლოა გამოიწვიოს დაღლილობა, დაბალი წნევა, მადის მომატება ან დაკლება. არ არის რეკომენდებული ფეხმძიმობის დროს და მოზარდებისთვის.