fbpx

რომან ვიშნიაკი


გააზიარე სტატია

 



რომან ვიშნიაკი სანქტ-პეტერბურგის მახლობლად დაიბადა. თავიდან ექიმობას აპირებდა, ამიტომ ერთხანს მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტში ისწავლა. თუმცა, მაშინდელი ანტისემიტური განწყობების გამო ოჯახთან ერთად ჯერ ლატვიაში, 1921 წელს კი გერმანიაში გადაბარგება მოუხდა. მან ბერლინში განაგრძო სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლა. მისი ჰობი ქუჩის ფოტოგრაფია იყო და თავისუფალ დროს ფირზე რიგითი ბერლინელების ცხოვრებას აღბეჭდავდა.

 

 

1930 წელს ხელისუფლებაში ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტია მოვიდა. ვიშნიაკმა ახალი მთავრობის მმართველობის პირველივე წლებში დაინახა, თუ რა საფრთხეების წინაშე იდგა ებრაული კულტურა. „მივხვდი, რომ ხალხი, რომლის წიაღშიც დავიბადე, გავიზარდე და რომელიც ძალიან მიყვარდა, განადგურებისთვის იყო განწირული. ამიტომ მიზნად დავისახე მათი ყოფა, სახეები ფირზე გადამეტანა და მომავალი თაობებისთვის შემენახა“, – წერდა საკუთარ მოგონებებში ფოტოგრაფი.

 

 

მართლაც, რომან ვიშნიაკი მიმდინარე ცვლილებების ასახვას შეუდგა. ებრაელებს აკრძალული ჰქონდათ ფოტოების თავისუფლად გადაღება, ამიტომ გადაღებებზე შვილი მიჰყავდა და ისე იქცეოდა, რომ თითქოს ფოტოებს  მას უღებდა. სინამდვილეში ფირზე აღბეჭდავდა ანტისემიტურ პლაკატებს, წარწერებს, სვასტიკებს კედლებზე, ჯარისკაცებს, რომელთა რაოდენობა დღითი დღე იზრდებოდა ბერლინის ქუჩებში.

  • რომან ვიშნიაკის ქალიშვილი ნაცისტური პლაკატების ფონზე. ბერლინი 1933 წ.

 

1935 წელს რომან ვიშნიაკს დაუკავშირდა ორგანიზაცია American Jewish Joint Distribution Committee, რომელმაც ფოტოგრაფს აღმოსავლეთ ევროპაში არსებული მდგომარეობის გადაღება სთხოვა. ასე მოხვდნენ მის ობიექტივში პოლონეთში, ლიეტუვასა და უნგრეთში მცხოვრები სხვადასხვა პროფესიის ებრაელი ქალები,  კაცები, ახალგაზრდები, მოხუცები, ბავშვები, რომელთა უმეტესობა ჰოლოკოსტის მსხვერპლი გახდა.

  • უნგრელი გოგონა. 1935-38 წლები

  • პოლონელი გოგონები. 1935-38 წლები

 

ფოტოგრაფის მოგზაურობა არ იყო მარტივი. ის ბევრჯერ დაუკავებიათ შპიონაჟის ბრალდებით, პრობლემას ქმნიდნენ  თავად ადამიანებიც, რომელთაც არ სურდათ ფოტოგრაფირება. აქედან გამომდინარე, ვიშნიაკს ხშირად ქურთუკში დამალული კამერით უხდებოდა მუშაობდა.

 

 

1939 წელს ვიშნიაკი  იძულებული გახდა ოჯახთან ერთად ევროპიდან გაქცეულიყო. მან ამერიკის შეერთებულ შტატებს შეაფარა თავი. 16 ათასი კადრიდან  მხოლოდ 2 ათასი ფოტოს წაღება მოახერხა. მათი ნაწილი პირველად 1947 წელს გამოიცა წიგნად: „გამქრალი სამყარო: ებრაული ქალაქები, ებრაელი ხალხი“.

 

„მე ჩემს ხალხს ვერ დავეხმარე, თუმცა მათი ხსოვნის გადარჩენა მაინც მოვახერხე. ჩემი საქმე დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, მაგრამ მწამდა, რომ ეს ამად ღირდა. მეგონა, რომ მოწმეც არავინ დარჩებოდა, ვინც მსოფლიოს ევროპაში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ სიმართლეს მოუყვებოდა,“ – ამბობდა ფოტოგრაფი.


რეკომენდებული სტატიები
Immersion: ვიგენ ვართანოვის ფოტოგრაფია

Immersion: ვიგენ ვართანოვის ფოტოგრაფია

Immersion: ვიგენ ვართანოვის ფოტოგრაფია
ვიგენ ვართანოვის ფოტოებს მის რთულ, მრავალშრიან შავ-თეთრ სამყაროში მივყავართ. მისი ფოტოხელოვნება ვერ პასუხობდა საბჭოთა კავშირისეულ ესთეტიკურ მოთხოვნებს, რის გამოც ავტორს საკუთარი ნამუშევრები არასოდეს გამოუფენია
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.