ცნობილი არქიტექტორების აგებული მსოფლიოს სამეცნიერო მუზეუმები
დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, შვეიცარიისა და ამერიკის ეს სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებები არა მხოლოდ თავიანთი კოლექციებით, არამედ მათი ნაგებობებისა და სივრცეების ავტორებითაცაა ცნობილი.
საბუნებისმეტყველო ისტორიის მუზეუმი / ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
ლონდონში, კენსინგტონის რაიონში მდებარე მუზეუმი ერთ-ერთი გამორჩეულია დიდ ბრიტანეთში. ადრე აქ მე-17 საუკუნის ბოლოსა და მე-18 საუკუნის დასაწყისში შექმნილი დინოზავრების ჩონჩხისა და ჰერბარიუმის უნიკალური კოლექცია ინახებოდა. თუმცა, 1850 წელს მუზეუმის შენობის გაფართოება გახდა საჭირო. ვიქტორიანული გოთიკის სტილის ახალი ნაგებობის მშენებლობა არქიტექტორმა ფრენსის ფოუკმა დაიწყო და ალფრედ უოტერჰაუსმა 1881 წელს დაასრულა.
საინტერესოა ისიც, რომ სწორედ ამ მუზეუმში გადაიღეს ცნობილი კომედიური ჟანრის ფილმი „ღამე მუზეუმში“.
ამჟამად საბუნებისმეტყველო ისტორიის მუზეუმი დამოუკიდებელი ინსტიტუციაა, რომლის ყველაზე ღირსშესანიშნავი ექსპონატებია: ტირანოზავრის მოძრავი და ლურჯი ვეშაპის 30-მეტრიანი მოდელები, გიგანტური დიპლოდოკის ჩონჩხი. მნახველებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მიწისძვრის მომენტის ამსახველი მაკეტი.
აერონავიგაციისა და ასტრონავტიკის ეროვნული მუზეუმი / ვაშინგტონი, აშშ
აერონავიგაციისა და ასტრონავტიკის მუზეუმი ვაშინგტონის სითსონის ინსტიტუტის დაქვემდებარებული ორგანიზაციაა, რომელიც 1946 წელს კონგრესის სპეციალური აქტით დაარსდა. შენობა აქტიტექტორმა გიო ობატამ დააპროექტა. ვარსიფერი მარმარილოს მასალის ნაგებობა 4 ნაწილისაგან შედგება, რომლებსაც ერთმანეთთან შუშის გადასასვლელები აკავშირებს.
მუზეუმი, რომელიც კაპიტოლიუმის მახლობლად მდებარეობს, თვითმფრინავებისა და კოსმოსური საფრენი აპარატების მსოფლიოში უმსხვილეს კოლექციას ინახავს.
საინტერესო ექსპონატებიდან აღსანიშნავია ბომბდამშენი Martin, გამანადგურებელი LePere და ჰიდროთვითმფრინავი Aeromarine 39B.
ადამიანის სხეულის მუზეუმი Corpus / ლეიდენი, ნიდერლანდები
მუზეუმი 2008 წელს საუნივერსიტეტო ქალაქ ლეიდენის მახლობლად გაიხსნა. 7-სართულიანი შენობა მჯდომარე ადამიანის ფიგურას წარმოადგენს. შესასვლელი გიგანტის მუხლშია განლაგებული, დერეფნები და გასასვლელები კი კუნთების, ძვლების, გულის, საჭმლის მომნელებელი ორგანოების, ფილტვების, ყურების, თვალებისა და ტვინის მიდამოებშია გადანაწილებული.
მუზეუმი ანატომიით დაინტერესებულ დამთვალიერებელზეა გათვლილი, შესაბამისად, ნებისმიერს შეუძლია ადამიანის შინაგან სამყაროში ექსკურსიის მოწყობა.
სამეცნიერო ცენტრი „ნემო“ / ამსტერდამი, ნიდერლანდები
მუზეუმის შენობა ჩაძირვის პროცესში მყოფ ხომალდს წააგავს. 1997 წელს სწორედ ამგვარი კონცეფციით დააპროექტა რენცო პიანომ ნაგებობა.
სამუზეუმო საქმიანობა ინტერაქტივის პრინციპზეა აგებული, რაც დამთვალიერებელს მოწყენის საშუალებას არ აძლევს. აქ პატარებს აწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ გადაშენდნენ მამონტები, საიდან ჩნდება ქარი და ა.შ. ასევე შესაძლებელია მონაწილეობა ქიმიურ ექსპერიმენტებში და უამრავ სხვა შემეცნებით თამაშში. რაც მთავარია, დამთვალიერებელს არ ეკრძალება ექსპონატებზე ხელით შეხება.
შვეიცარიის ტრანსპორტის მუზეუმი / ლუცერნი, შვეიცარია
მუზეუმი 1959 წელს გაიხსნა. მისი უზარმაზარი კომპლექსი 40 ათას კვადრატულ მეტრზეა განლაგებული და დაწყებული კანოედან, თვითმფრინავებით დამთავრებული, 3 ათასამდე ექსპონატს აერთიანებს.
დამთვალიერებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს 1900 წლიდან შვეიცარიაში წარმოებული ავტომობილების მოდელები. დამოუკიდებელი დარბაზი სარკინიგზო ტრანსპორტს ეთმობა, სადაც ძველი და თანამედროვე ლოკომოტივების ნახვაა შესაძლებელი.
არქიტექტორ სერ ჯონ სოუნის მუზეუმი / ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ღირსშესანიშნაობად ცნობილი ინგლისელი არქიტექტორის, ჯონ სოუნის მუზეუმი (1753-1837) ითვლება, რომელიც მის სახლში მდებარეობს. თავად შენობა ინგლისის ბანკისა და არქიტექტორის მიერაა დაპროექტებული და აგებული.
გარდა არქიტექტურული პრაქტიკისა, დიდი ბრიტანეთის სამეფო აკადემიის პროფესორი სიძველეების შეგროვებით იყო გატაცებული. ის წლების მანძილზე იტალიაში მოგზაურობდა და ძველი რომის კულტურას სწავლობდა. შესაბამისად, მუზეუმში არქეოლოგიური ექსპონატები ჭარბობს. ასევე წარმოდგენილია ჩინური და პერუს კერამიკა, სპილოს ძვლისგან დამზადებული ინდური ავეჯი.
კოლექციის მთავარი რარიტეტი – ეგვიპტის ფარაონის, სეთი I-ის ალებასტრის სარკოფაგია.
საინტერესოა, რომ კოლექციონერმა პრინციპულად თქვა უარი ექსპონატების ქრონოლოგიური პრინციპით დახარისხებაზე, აქედან გამომდინარე, დამთვალიერებელი ერთმანეთის გვერდით ნახავს ცხოველთა თუ ფრინველთა ფიტულებს, ანტიკური ხანის სიძველეებს, საიუველირო ნაკეთობებს, მე-18 საუკუნის ინგლისელი მხატვრის, უილიამ ჰოგარტის ტილოებსა და იტალიელი არქეოლოგის, არქიტექტორისა და გრაფიკოსის, ჯოვანი პირანეზის გრავიურებს.
მუზეუმი „ტეპაპა“ / ველინგტონი, ახალი ზელანდია
მუზეუმის სახელი – „ტეპაპა“ მაორის ხალხის ენაზე ნიშნავს „ადგილს, სადაც დედამიწის მთელი საგანძურია თავმოყრილი“.
მუზეუმი რეგიონის ხალხთა კულტურის, წეს-ჩვეულებებისა და ისტორიის ამსახველ ექსპონატებს ინახავს. მაორის ხალხთა ხელოვნების ნიმუშებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების გარდა, დიდი ადგილი ეთმობა ოკეანეებში მცხოვრებ უნიკალურ არსებებს: ძუძუმწოვრებს, კიბოსნაირებს, მწერებს, ზღვის უხერხემლო თევზებსა თუ მოლუსკებს. ექსპოზიციის მშვენებაა გიგანტური კალმარი (სიგრძე 10 მეტრი, წონა 500 კგ), რომელიც ახალი ზელანდიის ნაპირებთან დაიჭირეს.