fbpx

ქუთაისის კინოფორუმი: ახალი ქართული კინო და მისი შეფასებები


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინა გოჩიტაშვილი

 

ქუთაისი რამდენიმე დღით ქართული კინემატოგრაფიის ეპიცენტრი გახდა. 16 ნოემბერს ქალაქ ქუთაისში ქართული კინოს ფორუმი გაიხსნა, რომელიც მიეძღვნა  ქართული კინოს 110 წლის იუბილეს, ხოლო მისი დაბადება სწორედ ქალაქ ქუთაისს უკავშირდება.

1908 წელს ქუთაისელმა რეჟისორმა ვასილ ამაშუკელმა ბაქოში დაიწყო ფილმების შექმნა. სამწუხაროდ მისი იმდროინდელი კინემატოგრაფიული ნამუშევრები არ შემორჩენილა. თუმცა შემორჩენილია ფილმების სახელები, რის გამოც ქართული კინოს ათვლის წერტილად 1908 წელი ითვლება. მოგვიანებით, 1912 წელს ვასილ ამაშუკელმა პირველი ქართული საეტაპო, ლეგენდარული ფილმი „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ გადაიღო. ქუთაისის კინოფორუმი ეროვნული კინოცენტრის არასამთავრობო ორგანიზაცია „კრეატიულ ევროპასთან“ და ქუთაისის მერიასთან თანამშრომლობით ჩატარდა.

ფორუმი 19 ნოემბრამდე გაგრძელდა, მას ცნობილი ქართველი რეჟისორები, მსახიობები, პროდიუსერები, კინომცოდნეები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ ის ქართული ფილმები, რომლებიც ახლახან დასრულდა და ჯერჯერობით ფართო ეკრანებზე არ გამოსულა. ნაჩვენები იყო როგორც მხატვრული და დოკუმენტური,  ასევე მოკლემეტრაჟიანი ფილმების სპეციალური პროგრამა და ანიმაცია.

16 ნოემბერს, 18:00 საათზე ფორუმი კინოთეატრ „საქართველოში“ ცნობილი ქართველი მწერლის, თეატრისა და კინოს რეჟისორის, არაერთი ლეგენდარული ქართული ფილმის სცენარის ავტორის – რეზო გაბრიაძის შესახებ გადაღებული ანიმაციურ-დოკუმენტური ფილმის – „ჰარი-ჰარალე, დედაო! ჩვენებით გაიხსნა, რომლის ავტორიც ლევან გაბრიაძეა. საყვარელი ანიმაცია რეზო გაბრიაძის ნახატებითა და მისთვის ჩვეული იუმორით მოგვითხრობს რეჟისორისა და სცენარისტის  მოღვაწეობაზე იმერეთიდან მარიონეტების თეატრამდე.

 

 

მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა:

„ახალი წელი“, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე

 

„დასასრულის დასაწყისი“, რეჟისორი გიორგი ქასრაშვილი

 

„დელემა“, რეჟისორი ანა კვიჭიძე

 

„თევზაობა“, რეჟისორი თორნიკე ბზიავა

 

„კახეთის მატარებელი“, რეჟისორი ლალი კიკნაველიძე

 

„მეთევზე და გოგონა“, რეჟისორი მამუკა ტყეშელაშვილი

 

„ნოემბერი“, რეჟისორი გიორგი გეთიაშვილი

 

“საშლელი“, რეჟისორი დათა ფირცხალავა

 

„ღამის მორიგე“, რეჟისორები: გიგი ჯანაშია, ნატო გაბუნია

 

„ცუდი ხალხი“, რეჟისორი გიორგი თავართქილაძე

 

„ცხოველი“, რეჟისორი ამირან დოლიძე

 

მოკლემეტრაჟიანების სექციაში განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურეს ფილმებმა – “ღამის მორიგე”, “ცუდი ხალხი”, “ცხოველი” და “საშლელი”. ასევე ყურადღების გარეშე არ დარჩენილა ანიმაცია “მეთევზე და გოგონა”.

“ღამის მორიგეში” ფილმის კადრები მთლიანად რეჟისორულ ძიებაზეა  აგებული. მიუხედავად პირველი კადრისა, რომელიც ოდნავ გაწელილი შეიძლება მოეჩვენოს მაყურებელს, ფილმი ბოლომდე ინარჩუნებს  დინამიკას და ვიზუალით ახერხებს ამბის სრულყოფილ და დამაინტრიგებელ თხრობას, რაც ნამდვილად დასაფასებელია დღევანდელ ქართულ კინემატოგრაფიაში, ასე რომ, ეს ნამუშევარი ნამდვილად ისევე ღირს ნახვად, როგორც ამირან დოლიძის – “ცხოველი”.

“ცხოველის” მთავარ ღირსებას, ისევე როგორც მის წინამორბედისას, გამოსახულება წარმოადგენს, რომელიც მთლიანად კინოკადრია. მიუხედავად, ზედმეტი პლაკატურობისა, ავტორი ახერხებს შეინარჩუნოს და მოგვაწოდოს კინოგამოსახულება, რაც ნამდვილად აღნიშვნის ღირსს ხდის ნამუშევარს.

რაც შეეხება დათა ფირცხალავას “საშლელს”, ფილმის დინამიკურობა, მისი როგორც შემდგარი მოკლემეტრაჟიანი ფილმის მთავარი ღირსებაა, თუმცა აქა-იქ სხვადასხვა გავლენებსაც შეიძლება შევხვდეთ – იქნება ეს ანდრეი ზვიაგინცევი თუ ტრადიციული რუსული სკოლა.

მიუხედავად იმ ლაფსუსებისა, რასაც ზემოთ აღნიშნული ფილმებში ვხვდებით,  დარწმუნებული ვარ მაყურებელი სიამოვნებით ნახავს ახალგაზრდა რეჟისორების შემდეგ ნამუშევრებს და მათ განვითარებას კინოსამყაროში, ვინაიდან საკმაოდ იმედისმომცემ ავტორებად მოგვევლინენ კინოს ფორუმზე.

 

სრულმეტრაჟიანი ფილმები პროგრამა:

„აღლუმი“ (რეჟისორი ნინო ჟვანია) 

 

„ჰარი-ჰარალე, დედაო“ (რეჟისორი ლევან გაბრიაძე)

 

„ურსუსი“ (რეჟისორი ოთარ შამათავა)

 

„ჰორიზონტი“ (რეჟისორი თინათინ ყაჯიშვილი)

 

„მეზობლები“ (რეჟისორი გიგიშა აბაშიძე)

 

„სანამ მამა დაბრუნდება“ (რეჟისორი მარი გულბიანი)

 

ფილმების ჩვენების შემდგომ აუდიტორიასა და რეჟისორებს შორის გაიმართა დისკუსია,  რომელიც ფეხბურთის მატჩზე არანაკლებ დაძაბულად მიმდინარეობდა.

აუდიტორიის განსაკუთრებული სიმპათია ერგო ნინო ჟვანიას ფილმს – „აღლუმი“.

„რა კარგია, რომ ქართულ კინოს დაუბრუნდა იუმორი, ასე რომ გვაკლდა ბოლო დროს, დაუბრუნდა იმპროვიზაცია, დეტალის შეგრძნება, დროისა და სივრცის შეგრძნება. სამივე არტისტი სრულიად გადასარევია. შეიძლება ეს არაა მნიშვნელოვანი და დამთხვევაა, მაგრამ ამდენი დამთხვევა არ გამიგია – კარგ კინოს საქართველოში ისევ ქალი იღებს!” – ამბობს  გოგი გვახარია ნინო ჟვანიას ფილმის –  “აღლუმის” შესახებ. ქართული კინოს ფორუმი, ქუთაისი 2018.

მიუხედავად „აღლუმისადმი“ კეთილგანწყობილი დამოკიდებულებისა, სადებიუტო ნამუშევარმა „მეზობლები“ და  „ჰორიზონტი“ მაყურებლებში უკმაყოფილება გამოიწვია. კინემატოგრაფიული სახის არარსებობა კინოში – სწორედ ასე შეაფასეს ფილმები აუდიტორიის წევრებმა. გამომდინარე იქიდან, რომ „მეზობლები“ ერთ-ერთ ყველაზე პრეტენზიულ ნამუშევრად ითვლებოდა, კრიტიკის დამსახურებული წილი სწორედ მას ერგო. დაწყებული ოპერატორული ნამუშევრიდან, გაგრძელებული პერსონაჟების აცდენით სახეებთან, კლიშეების რეპრეზენტაციით, კამერის სიღრმის არარსებობისა და ფილმის ბუტაფორიულობის გათვალისწინებით, დარბაზი ნაკლებად მოიხიბლა ამ ფილმით, ისევე როგორც „ურსუსითა“ თუ „ჰორიზონტით“.

19 ნოემბერს კინოფორუმი დაიხურა მარი გულბიანის ფილმით „სანამ მამა დაბრუნდება“. ეს დოკუმენტური ნამუშევარი მოგვითხრობს პანკისელი ხალხის ცხოვრებაზე, რეჟისორი ცდილობს დაგვანახვოს ის გამოწვევები და პრობლემები, რაც დღეს პანკისში  არსებობს.

კინოჩვენებების პარალელურად კინოკრიტიკოსებისა  და კინობლოგერებისთვის ჩატარდა ვორქშოპი, რომელსაც  ორგანიზება გაუწია პროგრამამ „შემოქმედებითი ევროპის წარმომადგენლობა საქართველოში“. ვორქშოპს სერბი კინოკრიტიკოსი, კინოჟურნალისტი და ფესტივალის პროგრამების კოორდინატორი – ვლადან პეტკოვიჩი უძღვებოდა.


რეკომენდებული სტატიები
ქუთაისის ქართული კინოს ფორუმი და ახალი ქართული ფილმები

ქუთაისის ქართული კინოს ფორუმი და ახალი ქართული ფილმები

ქუთაისის ქართული კინოს ფორუმი და ახალი ქართული ფილმები
16-19 ნოემბერს ქუთაისში მეორე ქართული კინოს ფორუმი ტარდება, რომელსაც ეროვნული კინოცენტრი ქუთაისის მერიასთან თანამშრომლობით წარმოადგენს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.