გაუქმებული რელიკვია


გააზიარე სტატია

 

ავტორი: დათო კოროშინაძე

ფოტო: ნინო წითურიშვილი

პარასკევს,  16 ნოემბერს, ლიტერატურის მუზეუმში, გამოფენა „გაუქმებული რელიკვია“ გაიხსნა, სადაც ქართველმა არტისტებმა საბჭოთა მემკვიდრეობის ფრაგმენტები და მათი ინტერპრეტაციები წარმოადგინეს. წარსულის ძებნა დიდი ხანია, რაც ჩვენი საზოგადოების გადაუჭრელი ამოცანა გახდა. მიუხედავად ამისა, ყოველთვის გარკვეული არ არის, თუ რას ნიშნავს საბჭოთა მემკვიდრეობის გააზრება და კვლევა.

მართლაც, რთულია ისაუბრო ყველა იმ დანაკარგზე, მენტალურ პრობლემასა, თუ კულტურულ კლიშეზე, რომელიც საბჭოთა სისტემამ დაგვიტოვა. ეს რუკა იმდენად დიდია, რომ ხშირად ყველა ნეგატიური მოვლენის უკან მისი ჩრდილი გველანდება.

 

 

მიუხედავად ამისა, უახლესი ტენდენცია სიტუაციას სრულიად ახლებურად წარმოგვიდგენს და გაუთავებელ ისტორიულ პრობლემებს კიდევ ერთ, თვალისმომჭრელ პრიზმაში გვაჩვენებს. ეს პრიზმა არც მეტი, არც ნაკლები,  წარსულის ეფექტია.

ინფორმაციის ეპოქაში უკვე რთულია გაიგო, სად არის მოვლენა და სად მისი ეფექტური გამოსახულება. როდესაც ნივთები ისტორიას კარგავენ, ისინი ეფექტები ხდებიან. დღეს, როგორც არასდროს, ჩვენი მეხსიერება და გარემო სავსეა ასეთი ეფექტებით. ისინი ყველგან არიან, შენობების, ხელოვნების ნიმუშების, გამოყენებადი საგნების, ან სულაც სიტყვების სახით.

 

 

ლიტერატურის მუზეუმში მოწყობილი გამოფენაც თითქოს ამ გარემოებას ეხმიანება. ნამუშევრები ბევრს არაფერს ამბობენ საკუთარ წარსულზე, გარდა უცხოდ მბზინვარე, დაკარგულ, ან გაუქმებულ ტერიტორიაზე, რომლიდანაც ანათებენ.

 

 

ისინი დიდი ხნის წინ მოსწყდნენ კონტექსტს და გაქრნენ. ეს გარემოება ერთბაშად მთელ გამოფენას მიმზიდველს ხდის. თვალში განსაკუთრებით გვხვდება შოთას და თამარის უცნაური სიმბიოზი, ქართლის დედის სიმულაკრი, სტალინის და ლენინის ფილები ქართული ორნამენტებით, უცნაური, ფარდისმაგვარი ალუზიები და მეტალის კონსტრუქციებზე აღმართული ქანდაკების ნაწილები, რომლებიც სარზე დარჭობილ სხეულის ფრაგმენტებსაც გვაგონებენ. ყველაფერი ეს იმდენად ერწყმის ძველ სივრცეს და ერთმანეთს, რომ მათი განცალკევება შეუძლებელია.

 

 

არტისტების გამოყოფა, მათი ცალ-ცალკე განხილვა მხოლოდ უკარგავს გამოფენას იმ საერთო მღელვარებას, რომელიც მის ეფექტსა და მოლოდინს შორის დგას. იგულისხმება ეფექტი, რომელიც მუდმივად აღემატება მოლოდინს, რამდენადაც სრულიად აქრობს მას. გვართმევს სპექტაკლს და წარსულის ფრაგმენტებს გაუსაძლისი მშვენიერებით გვთავაზობს. აქ ნაგავი და ნარჩენი უმალ მიმზიდველ, იდუმალ საგნად იქცევა, რომელიც საკუთარ ეფექტურობაში გვაუჩინარებს.

 

 

[ფსიქოანალიზში] არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, ჩვენი აწმყო ჩვენივე წარსულისგან იგება. ამ შაბლონის მიხედვით, ახალი თაობის რეალობა იმდენად არის თანამედროვე, რამდენადაც წარსულთან გარკვეულ დამოკიდებულებაში იმყოფება. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც წარსულთან კავშირი უცნაურად გვისხლტება ხელიდან?

 

 

რა თქმა უნდა, ცარიელ ისტორიას მისი ცოდნა ჯობია, რამდენადაც ნეგატიური ან მტკივნეული უნდა იყოს მისი გააზრება, მაგრამ რაც  დრო გადის, მით უფრო ნაკლებად გვაქვს ამის შანსი. ეფექტების ეპოქაში წარსული მხოლოდ დოკუმენტია, ინფორმაციული ასლი, რომელიც აღარ გვესაუბრება იმაზე, თუ რა იყო, არამედ იმაზე, თუ როგორ არის ის მოცემული ჩვენს რეალობასა და საკუთარ თავში. შესაძლოა ზუსტად ამიტომ, არანაირი გაუცხოება აღარ გვაქვს საბჭოთა მემკვიდრეობასთან და საბჭოთა წარსულსაც კიჩური სახით, ნაგვისა და ნარჩენის ფესტივალად აღვიქვამთ.

როგორც ჩანს, წარსულთან ჩვენი კომუნიკაციის ფორმა, უმნიშვნელობის ზეიმს უახლოვდება. ასეთ დროს ყველაფერი ერთნაირად გვიტაცებს, ყველაფერი იდუმალი და გამოუცნობი ხდება. ყველა დეტალი უსასრულოდ აშუქებს საკუთარ უნიკალურობას, რამდენადაც გათავისუფლებულია წარსულისგან. იქნებ ჯობია, რომ ამ ყველაფერში პოზიტივი დავინახოთ?

 

 

კერძოდ, გამოსახულების სრული წინააღმდეგობა წარსულთან, მისი კონტექსტის, მნიშვნელობის განადგურებით. ასეთი ხედვა მინიმუმ ერთ დიდ უპირატესობას გვაძლევს, ცარიელ ჰორიზონტს, რომელიც მართალია, საკუთარი სიცარიელით დამთრგუნველია, თუმცა ახალ და გამოუცნობ შესაძლებლობებს აჩენს მომავლისთვის.

 

რას ნიშნავს წარსულის გარეშე ცხოვრება?

რას ნიშნავს მდგომარეობა, რომელშიც სრულიად მარტოებს ცარიელ ჰორიზონტზე გვიწევს საკუთარი თავების აღმოჩენა?

რა არის ის, რაც ამ თვალისმომჭრელ სიცარიელეს ამოავსებს?

 

ეს კითხვები, ალბათ კიდევ ბევრჯერ განმეორდება ადგილობრივ სახელოვნებო სივრცეში.

გამოფენის ნახვა შესაძლებელია ლიტერატურის მუზეუმში, ჭანტურიას 8-ში, 30 ნოემბრის ჩათვლით.

 


რეკომენდებული სტატიები
"GPI ჰოლდინგი" და "ვენის სადაზღვევო ჯგუფი" საქართველოს არქიტექტურის გამოფენას მასპინძლობენ

"GPI ჰოლდინგი" და "ვენის სადაზღვევო ჯგუფი" საქართველოს არქიტექტურის გამოფენას მასპინძლობენ

"GPI ჰოლდინგი" და "ვენის სადაზღვევო ჯგუფი" საქართველოს არქიტექტურის გამოფენას მასპინძლობენ
რინგტურმის საგამოფენო სივრცეში “ჯიპიაი ჰოლდინგისა” და “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” ორგანიზებით გაიხსნა საქართველოს არქიტექტურული გამოფენა – “საქართველო – კავკასიასა და შავ ზღვას შორის”
„ოცნებასა და ომში ყველა გზა ამართლებს“ - ანდრო ვეკუა ციურიხში

„ოცნებასა და ომში ყველა გზა ამართლებს“ - ანდრო ვეკუა ციურიხში

„ოცნებასა და ომში ყველა გზა ამართლებს“ - ანდრო ვეკუა ციურიხში
8 ივნისს ციურიხის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ თანამედროვე ხელოვნების საგამოფენო სივრცეში ანდრო ვეკუას პერსონალური გამოფენა გაიხსნა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.