ისტორიაში ყველაზე კომიკური გაყალბებული არჩევნები
ავტორი: ჯეი არ თორფი
როგორ შეიძლება არჩევნების გაყალბება? ამისთვის ბევრი საშუალება არსებობს: ლიდერებს შეუძლიათ ისეთი ბიულეტენები დაბეჭდონ, რომლებზეც მხოლოდ მათი სახელი წერია, ან საარჩევნო ყუთი მათთვის სასარგებლო ხმებით გატენონ.
მათ შეუძლიათ ამომრჩევლები დააშინონ, დააზიანონ ხმის მიცემის მოწყობილობები, მოაწყონ კარუსელები ან მოიფიქრონ სხვა ათასგვარი ტრიუკი, რათა მათთვის სასურველი შედეგი მიიღონ.
ზიმბაბვეს პრეზიდენტი, რობერტ მუგაბე ამ საქმის ნამდვილი ექსპერტია; მას ბევრად არც ჩრდილოეთ კორეაში ჩამორჩებიან, სადაც ბიულეტენში მხოლოდ ერთი კანდიდატია მოცემული.
თუმცა, თუკი ისტორიაში გაყალბებული არჩევნების სხვა მაგალითებს გადავხედავთ, ეს შემთხვევები მათთან შედარებით მეტისმეტად მოსაწყენია. მოკლედ, ამ საქმით უამრავი ლიდერი დაკავებულა – ულიუს კეისრით დაწყებული, იაფფასიანი დიქტატორებით დამთავრებული.
ჩვ.წ.-მდე 60 წელი: იულიუს კეისარი კარიერულ კიბეზე მოქრთამვით ადის
ანტიკურ ერას ხშირად დემოკრატიის აკვნად აღვიქვამთ, თუმცა იმ პერიოდს მხოლოდ ხალხის მმართველობისთვის არ მიუცია დასაბამი. ძველ რომში, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 60 წელს იულიუს კეისრის კონსულად არჩევა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არჩევნები იყო, სადაც სასწორზე ბევრი რამ იდო – თუნდაც იმიტომ, რომ მან დიდი როლი ითამაშა რომის ყველაზე ცნობილი მმართველის ჩამოყალიბებაში.
ეს არჩევნები მოქრთამვის სინონიმად იქცა: რომაელი ისტორიკოსი სვეტონიუსი აღნიშნავს, რომ როდესაც კეისრის ოპონენტებმა შეიტყვეს, თუ რა რაოდენობის თანხის დახარჯვას აპირებდა იგი ამომრჩევლების მოსასყიდად, მათაც ანალოგიური ოდენობის ქრთამები გასცეს. მაშინ მაღალი მორალით გამორჩეული პოლიტიკოსი კატონი ამბობდა, რომ მოქრთამვა, ამ შემთხვევაში, „საზოგადო კეთილდღეობისთვის კარგი იყო“. არჩევნების შედეგად კეისარი და მისი ოპონენტი, ბიბულუსი აირჩიეს. თუმცა, პირველმა მათგანმა გამჭრიახობის წყალობით სხვა ორ პოლიტიკურ მოთამაშესთან, პომპეუსთან და კრასუსთან ალიანსი შექმნა, რითაც ბიბულუსი პრაქტიკულად პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოაშორა. სვეტონიუსი წერს, რომ ხალხი სარკაზმით იმ პერიოდს „იულიუსისა და კეისრის“ მმართველობას ეძახდა, ნაცვლად „კეისრის და ბიბულუსისა“.
1768: სამი გრაფი მთელ თავის ქონებას არჩევნებზე ზეგავლენის მოსახდენად ხარჯავს
თუკი ფიქრობთ, რომ არჩევნებისას კანდიდატისთვის თანხის შეწირვა უბრალოდ ფულის წყალში გადაყრაა, მაშინ წაიკითხეთ, თუ რა მოხდა ინგლისში, ქალაქ ნორთჰემფთონში 1768 წელს. ის, თუ ვინ იყო ის სამი კანდიდატი, ამ ისტორიისთვის ნაკლებად რელევანტურია; რეალური ბრძოლა მათ დამფინანსებლებს შორის იყო, რომლებიც ჰალიფაქსის, ნორთჰემფთონისა და სპენსერის (ფოტოზე) ფენომენალურად მდიდარი გრაფები იყვნენ. თითოეულმა მათგანმა ადგილობრივ ამომრჩეველზე 100 000 გირვანქა სტერლინგი გაისროლა (რაც დღევანდელი 15-20 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტია), რათა თავიანთ კანდიდატებს სხვებზე მეტი მხარდაჭერა მიეღოთ. ამ ბატალიებს, რომლებიც გრაფების ციხე-სიმაგრეებში ყოველდღიურ მდიდრულ ვახშმებსა და გასართობ პროგრამას მოიცავდა, ხალხმა მეტსახელად „ფლანგვის არჩევნები“ შეარქვა. არჩევნების დასასრულს ჰალიფაქსი პრაქტიკულად გაკოტრდა, ხოლო ნორთჰემფთონს თავისი დარჩენილი ქონების გაყიდვა და შვეიცარიაში გადასახლება მოუწია.
1876: საკამათო არჩევნები ამომრჩევლის დაშინებითა და ბიულეტენების ნაგვის ურნაში მოსროლით სრულდება
ბინძური გარიგებები არც აშშ-ს საარჩევნო ისტორიისთვისაა მაინცდამაინც უცხო. 1876 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ორივე მხარის მიერ გაყალბებითა და ამომრჩევლის დაშინებით ხასიათდება. დემოკრატმა სამუელ ტილდენმა (პროპორციულად) ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა აიღო და საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ წარმომადგენლობითი ხმებითაც ის გაიმარჯვებდა. თუმცა, სამხრეთის რამდენიმე რეგიონში საეჭვო შედეგები დაფიქსირდა. როგორც ჩანდა, ტილდენის პარტიამ – დემოკრატებმა – სხვადასხვა შტატში ამომრჩევლები დააშინა, რის საპასუხოდაც რესპუბლიკელებმა თავიანთი კანდიდატის, რეზერფორდ ჰეისის მხარდასაჭერად უამრავი ბიულეტენი გადაყარეს. ქაოსის დასალაგებლად საარჩევნო კომისია შეიქმნა, რომელშიც ძალაუფლება რესპუბლიკელებს ჰქონდათ. მათაც არ დააყოვნეს და გამარჯვებულად ჰეისი გამოაცხადეს. მმართველობის პერიოდში მას ხშირად ტიტულით, „მისი უგაყალბებულესობა“ (“His Fraudulency”) მიმართავდნენ.
1927: 15 000 ამომრჩეველი = 243 000 ხმა ლიბერიაში
ალბათ, დიდი მონდომებაა საჭირო იმისთვის, რომ არჩევნები გინესის რეკორდების წიგნში მოხვდეს, როგორც ყველაზე გაყალბებული. თუმცა, ლიბერიაში 1927 წელს ეს წარმატებით მოახერხეს და მათმა საყოველთაო არჩევნებმა რეკორდების წიგნის 1982 წლის გამოცემაში დაიმკვიდრა ადგილი. გაყალბების სულისჩამდგმელი ჩარლზ დეი ბი კინგი იყო, რომელიც პრეზიდენტად მესამე ვადით იყრიდა კენჭს კონკურენტის, ფოლკნერის წინააღმდეგ. კინგმა ყველა ღონე იხმარა, რომ არჩევნები მის სასარგებლოდ დასრულებულიყო. მან დაახლოებით 234 000 ხმა აიღო, კონკურენტმა კი 9000. ეს უპირობო გამარჯვება იქნებოდა, რომ არა ერთი დეტალი: იმ დროს ქვეყანაში მხოლოდ 15 000 რეგისტრირებული ამომრჩეველი არსებობდა. ერთმა ცნობილმა ლიბერიელმა იურისტმა ეს ამბები გასულ წელს გაიხსენა და აღნიშნა, რომ კინგმა “ჩვენი ქვეყნის კანონის უზენაესობის პრინციპითა და მორალით მართვაზე საკუთარ დაპირებას უღალატა“ და რომ 2017 წელს ლიბერიაში გასამართი არჩევნები უკეთ უნდა ჩატარებულიყო. (კინგს სხვა „ღირსებებიც“ ჰქონდა: 1930 წელს მას პოსტის დატოვება მოუხდა, მაშ შემდეგ, რაც ფოლკნერმა მას და მის პოლიტიკურ პარტიას დაქირავებული მშრომელების მონებად გაყიდვაში დასდო ბრალი.)
1962: ჰაიტიში მხოლოდ ერთი არჩევანია
2014 წელს ჟან კლოდ “ბეიბი დოკ“ დუვალიეს, ჰაიტელი ყოფილი დიქტატორის გარდაცვალებამ ბევრის მეხსიერებაში მამამისზე, ფრანსუა „პაპა დოკ“ დუვალიეზე მოგონებები ამოატივტივა. მამა-შვილი ქვეყანას წარმოუდგენლად ბრუტალურად მართავდა. „გარდიანმა“ მათ რეჟიმს „თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და რეპრესიული“ უწოდა და აღნიშნა, რომ იმ 28 წლის განმავლობაში, როცა დუვალიეებს ძალაუფლება ჰქონდათ, მათმა პირადმა არმიამ, „ტონტონ მაკუტესმა“ „30 000-დან 60 000-მდე ჰაიტელი მოკლა და გაცილებით მეტი გააუპატიურა, ცემა და აწამა.“
ამ სულისშემძვრელი სტატისტიკის ფონზე არჩევნების გაყალბება ალბათ რა მოსატანია, მაგრამ საქმე აქაც უკიდურესად ცუდად იყო. პაპა დოკმა ძალაუფლება 1962 წელს გაიმყარა, როცა პრეზიდენტად გასაოცარი რაოდენობით, 1 320 748 „კი“ ხმით აირჩა – ეს იმ არჩევნებში, სადაც სხვებმა ზუსტად 0 ხმა აიღეს. მაგრამ მან ესეც არ იკმარა და 1964 წელს ამომრჩეველს „სიცოცხლის ბოლომდე პრეზიდენტად“ არჩევა სთხოვა. ეს არჩევნებიც მისი დიდი უპირატესობით დასრულდა, 99.9%-იანი მხარდაჭერით. ეს ალბათ იმიტომ, რომ კონკურენტი არ არსებობდა და ბიულეტენზე „კი“ წინასწარ შემოხაზული იყო.
1955: ვიეტნამი იმპერატორს წინასაარჩევნო კამპანიიდან აქრობს
1955 წელს გამართული რეფერენდუმი ვიეტნამის სახელმწიფოს შესახებ დიდი ჩახლართული ამბავი იყო, სადაც აშშ-ც იყო ჩარეული. ამ პოლიტიკური ინტერესების ლაბირინთში პრემიერ-მინისტრი ქვეყნის კონტროლს ყოფილ იმპერატორს ეცილებოდა. მაგრამ ერთი რამ ცხადი იყო: პრემიერ-მინისტრი ნგო დინ ზემი ვიეტნამის უკანასკნელ იმპერატორთან, ბაო დაისთან წაგებას არ აპირებდა. მან ეს უკანასკნელი წინასაარჩევნო კამპანიიდან გამოთიშა და სანაცვლოდ პრესას საშუალება მისცა, მასზე ჭორები გაევრცელებინა: რომ ყოფილი იმპერატორი გარყვნილი, არალეგიტიმური და კორუმპირებული იყო.
თუმცა, საქმე აქ არ დამთავრებულა. მანიპულაცია ბიულეტენებით გაგრძელდა: ზემის სახელი წითელ ქაღალდზე ეწერა, რაც იღბლიან ნიშნად ითვლებოდა, ხოლო დაის სახელი მწვანეზე, რომელიც უბედურების ნიშნად აღიქმებოდა. ზემმა საიგონში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობაზე მეტი ხმა აიღო და საბოლოო ჯამში არჩევნები ხმათა ფრიად საეჭვო პროცენტული რაოდენობით, 98.2%-ით დაასრულა.
1996, 2002, 2009, 2016: ეკვატორულ გვინეას თავისუფალი არჩევნების ჩატარება სისტემატურად უჭირს
თეოდორო ობიანგ ნგემა მბასოგო, რომელმაც ძალაუფლება 1979 წლის სისხლიანი სამხედრო გადატრიალებით მოიპოვა, „ქებას“ იმსახურებს: მან როგორღაც მოახერხა და პოსტზე ათწლეულების მანძილზე დარჩა, თანაც ისე, რომ ყველა არჩევნებზე, სულ მცირე, ხმათა 98%-ს იღებდა (ეს განსაკუთრებით საინტერესო იმიტომაა, რომ 1996 წლის შემდეგ იგი სხვა კანდიდატებსაც აძლევდა არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლებას). ობიანგს არჩევნების გაყალბებას ყოველ ჯერზე ედავებოდნენ, მათ შორის 2009 წელსაც (როცა, როგორც ამბობენ, ერთ-ერთი ადმინისტრატორი იმიტომ გახდა იძულებული ოქმისთვის ხელი მოეწერა, რომ მის შუბლზე იარაღი ჰქონდათ მიდებული) და 2016-შიც (როცა ოპოზიციის ბევრ მხარდამჭერს ხმის მიცემის საშუალება არ მიეცა). ყველაზე საოცარი შემთხვევა კი მაინც 2002 წლით თარიღდება, როცა ჟურნალმა „შპიგელმა“ აღმოაჩინა, რომ ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ობიანგმა ხმათა 103% აიღო.
სურათები: ენდრიუ ბოსი, თომას გეინსბორო, კონგრესის ბიბლიოთეკა, კონგრესის ბიბლიოთეკა, თავდაცვის დეპარტამენტი, თეთრი სახლი/ვიკისაწყობი
ორიგინალი: https://bustle.com