10 რეკომენდებული ფილმი თბილისის კინოფესტივალიდან
ავტორი: ნინა გოჩიტაშვილი
გთავაზობთ იმ ათი ფილმის სიას სექციების მიხედვით, რომელსაც კინომოყვარულები და კინომცოდნეები დიდი ინტერესით ელიან თბილისის კინოფესტივალზე.
სექცია: ქვეყანა ფოკუსში – იტალია
ალიჩე როხვახერი, “ბედნიერი ლაზარე” (Happy as Lazzaro, იტალია/შვეიცარია/საფრანგეთი/გერმანია, 2018)
4 დეკემბერი, 21:00, კინოთეატრი “ამირანი”
ოქროს პალმის რტოს მფლობელი რეჟისორის, ალიჩე როხვახერის „ბედნიერი ლაზარე“ მოგვითხრობს კეთილი ბიჭის, გლეხი ლაზარესა (ის იმდენად კეთილია, რომ გარშემო მყოფები სულელად თვლიან) და ახალგაზრდა დიდებულის, ტანკრედის შეხვედრის ისტორიას. პასტორალურ სოფელ ინვიოლატაში ყველაფერს სიგარეტების სასტიკი დედოფალი, მარკიზა ალფონსინა დე ლუნა განაგებს. ტანკრედსა და ლაზარეს შორის მეგობრობა მაშინ ღვივდება, როდესაც ტანკრედი ლაზარეს საკუთარ გატაცებაში დახმარებას სთხოვს. ეს უჩვეულო და დაუჯერებელი ალიანსი ლაზარესთვის გამოცხადებასავითაა. მათი მეგობრობა იმდენად ძვირფასია, რომ ის ლაზარეს ტანკრედის საძებნელად დროშიც კი ამოგზაურებს. ფილმი გაჯერებულია მაგიური რეალიზმის ელემენტებით, რომელიც შერწყმულია იტალიურ ნეორეალიზმთან.
სექცია: ჰორიზონტები
კარლოს რეიგადასი, „ჩვენი დრო“ (Our Time, მექსიკა, 2018)
5 დეკემბერი, 16:00, კინოთეატრი “ამირანი”
ფილმი გვიყვება ისტორიას მექსიკის ქალაქის განაპირა სოფელში მცხოვრებ ოჯახზე. ესთერი რანჩოზე ზრუნავს, ხოლო მისი ქმარი, მსოფლიოში ცნობილი პოეტი, სახელად ხუანი, ცხოველებს ზრდის. როდესაც ესთერს სიგიჟემდე შეუყვარდება ცხენების მწვრთნელი ფილი, წყვილი ცდილობს, როგორმე თავი დააღწიოს ემოციურ კრიზისს.
ჩან-დონ ლი, „ალმოდებული“ (Burning, სამხრეთ კორეა, 2018)
6 დეკემბერი, 16:00, კინოთეატრი “ამირანი”
ერთი სამსახურიდან მეორეში გადასვლის დროს ჯონგ-სუ შეხვდება ბავშვობის მეგობარ ჰე-მის, რომელიც მის მშობლიურ ქალაქში ცხოვრობდა. ეს ორი ადამიანი ერთმანეთს მიეჯაჭვება. ჯონგ-სუ ფიქრობს, იქნებ მან იპოვა ისეთი ადამიანი, რომელიც შეუყვარდება. ჰე-მის აფრიკაში გამგზავრება უწევს და ამიტომაც, ჯონგ-სუს სთხოვს, რომ მის კატას ცოტა ხნით მიხედოს. როდესაც ჯონგ-სუ მას აეროპორტში წამოსაყვანად თავისი ძველი მანქანით მიაკითხავს, ჰე-მი სხვა კაცთან ერთად ხვდება. ეს ლირიკული, პოეტური და მისტიკური ფილმი ეფუძნება იაპონელი მწერლის, ჰარუკი მურაკამის რომანს – „ცეცხლმოდებული საქათმე“.
ცია ჯან-კე, „ქათქათა ფერფლი“ (Ash is Purest White, ჩინეთი/საფრანგეთი/იაპონია, 2018)
4 დეკემბერი, 21:00, კინოთეატრი “ამირანი”
ციაოს უყვარს ადგილობრივი ბანდის წევრი – ბინი. მტრულ ბანდასთან ჩხუბის დროს ციაო ბინის დასაცავად გაისვრის. ამ ერთგულების გამო გოგონას ხუთი წლით აპატიმრებენ. ციხიდან გამოსვლისას ბინის ძებნას იწყებს, რომ დაწყებული ურთიერთობა გააგრძელონ.
ლუკრეცია მარტელი. „ზამა“ (Zama, არგენტინა/ბრაზილია/ესპანეთი/საფრანგეთი/მექსიკა/ნიდერლანდები/პორტუგალია/აშშ/ლიბანი, 2017)
9 დეკემბერი, 16:00, კინოთეატრი “ამირანი”
ფილმი ეფუძნება ანტონიო დი ბენედეტოს 1956 წლის რომანს, რომელიც მოგვითხრობს მე-17 საუკუნის ესპანელ ოფიცერ დონ დიეგო დე ზამაზე. ის დაბანაკებული იყო ასუნსიონში და ბუენოს-აირესში გადაყვანას ელოდა.
სექცია: ევროპული ფორუმი
იორგოს ლანთიმოსი, „ფავორიტი“ (The Favourite, ირლანდია/დიდი ბრიტანეთი/აშშ, 2018)
9 დეკემბერი, 21:00, კინოთეატრი “ამირანი”
მე-18 საუკუნის დასაწყისი. ინგლისი საფრანგეთს ებრძვის. ამის მიუხედავად, გაცხარებული მიმდინარეობს იხვების შეჯიბრი და ანანასსაც არავინ იკლებს. ტახტზე ავადმყოფი დედოფალი ანა ზის, ხოლო ქვეყანას მისი ახლო მეგობარი, ლედი სარა განაგებს. როდესაც ახალი მოახლე ებიგაილი ჩამოდის, სარა მისით იხიბლება. სარა მასზე ზრუნავს და ებიგაილსაც უჩნდება შესაძლებლობა, რომ თავის არისტოკრატიულ ფესვებს დაუბრუნდეს. სარა ომისგან დაღლილია და ამ დროს ებიგაილი მას სიცარიელეს უვსებს, როგორც დედოფლის კომპანიონი.
პაველ პავლიკოვსკი, „ცივი ომი“ (Cold War, პოლონეთი/დიდი ბრიტანეთი/საფრანგეთი, 2018)
9 დეკემბერი, 12:00, კინოთეატრი “ამირანი”
ეს არის ამაღელვებელი ისტორია ორ რადიკალურად განსხვავებულ ადამიანს შორის, რომლებსაც სხვადასხვა წინარეგამოცდილება და ტემპერამენტი გააჩნიათ. ისინი სავსებით შეუთავსებელნი, ჯერ კიდევ გმობენ ერთმანეთს. მიუხედავად ცივი ომის პერიოდისა 1950-იანების პოლონეთში, ბერლინში, იუგოსლავიასა და პარიზში, ფილმი ასახავს შეუძლებელ სიყვარულის ისტორიას განუხორციელებელ დროში.
სექცია: რეჟისორი ფოკუსში
სერგეი ლოჟნიცა, „დონბასი“ (Donbass, გერმანია/საფრანგეთი/უკრაინა/ნიდერლანდები/რუმინეთი, 2018)
5 დეკემბერი, 21:00, კინოთეატრი “ამირანი”
აღმოსავლეთ უკრაინაში საზოგადოება იწყებს დეგრადაციას პროპაგანდისა და მანიპულაციის შედეგად, რომელიც პოსტსიმართლის ეპოქის ზედაპირზე იწყება.
სექცია: აპოლო – კინომეხსიერება – ინგმარ ბერგმანი 100
ინგმარ ბერგმანი, „ფანი და ალექსანდერი“ (Fanny and Alexander, შვედეთი, 1982)
4 დეკემბერი, 16:00, კინოს სახლი
ინგმარ ბერგმანის ცხოვრებისეული გამოცდილებით შთაგონებული ისტორია ადრიანი მეოცე საუკუნის შვედურ ოჯახზე გვიყვება. ეკდალები საშუალო კლასის ზედა ფენის წარმომადგენლები არიან, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია თეატრთან. გარე სამყაროში არსებული სულ უფრო გამძაფრებული ქაოსიდან ისინი საკუთარ თეატრალურ სამყაროს ეხიზნებიან. ეკდალების ოჯახის ერთი მღელვარე წელი დანახულია 10 წლის ალექსანდრეს თვალით, რომლის წარმოსახვას ააქტიურებს უჩვეულო მოვლენები, რასაც მამამისის გარდაცვალება მოჰყვება. დედამისის მეორე ქორწინება მკაცრ ეპისკოპოსზე წერტილს უსვამს ალექსანდრესა და მისი დის, ფანის მხიარულებას, მათ ცხოვრებას და მთელ ფილმს ერთგვარ გოთიკურ ტიპის საშინელებად აქცევს.
სექცია: ქართული პანორამა – სრულმეტრაჟიანი
ნინო ჟვანია, „აღლუმი“ (Parade, 2018)
4 დეკემბერი, 14:00, კინოთეატრი “ამირანი”
ფილმი მოგვითხრობს ბავშვობის სამ მეგობარზე, რომლებიც შემთხვევით ხვდებიან ერთმანეთს. პირველი ციხიდან ახლად გამოსული უიღბლო კრიმინალია, მეორე – ქუჩის მხატვარი, ხოლო მესამე – ავანტიურისტი, მექალთანე მსახიობი.