ქალაქის ჩეტბოტი და სხვა ბოტები


გააზიარე სტატია

 

ზურა ჯიშკარიანი და სანდრო ასათიანი წლებია მუშაობენ ჩეთბოტებზე, ციფრულ სუბიექტებზე, რომელთაც საუბარი, ინფორმაციის მიღება და მოწოდება, აგრეთვე  ადამიანებთან კომუნიკაციის შედეგად განვითარება შეუძლიათ. კიბერ გალაკტიონისა და რამდენიმე სხვა ბოტის შემდეგ, ისინი ქალაქის მეგზურს ქმნიან, რომელიც თბილისის ვირტუალურ გიდად მოიაზრება.

At.ge-ს კითხვებს ზურა ჯიშკარიანმა უპასუხა:

 

როგორია ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც თბილისის მეგზურობა შეუძლია?

ეს არის ჯერ კიდევ ტესტირებისა და კვლევის სტადიაზე მყოფი ჩეთბოტი, რომელიც იყენებს ხელოვნური ინტელექტისა და ინტერაქტიული სთორითელინგის ტექნიკებს, იმისათვის  რომ ადამიანებს პირადად შეეძლოთ ქალაქთან ჩეთაობა, მისთვის კითხვების დასმა ან აზრების გაზიარება.

თბილისის ჩეთბოტზე მუშაობს სტარტაპი Anima Chatbotics, ჩემი უსაყვარლესი, აბსოლუტურად სხვადასხვა ბექგრაუნდის ადამიანებისგან  შემდგარი გუნდი, რომელიც აერთიანებს როგორც პროგრამისტებს, ასევე ნარატივ-დიზაინერებს. ჯგუფში ისინი ვართ, რომლებიც დიდი ხანია ვმუშაობთ ბოტებსა და ციფრული არსებების პერსონალობებზე. გვიმუშავია ბევრ ექსპერიმენტზეც და გამოქვეყნებულ პროექტზეც (მათ შორის იყო: “კიბერ გალაკტიონი” – პირველი ქართულენოვანი ჩეთბოტი, “უნა” (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ციფრული თანამშრომლის” და “სანტას ბოტი” (ისთ ფოინთის  წინა წლის საშობაო გათამაშებისთვის).

 

 

მე ყოველთვის მიზიდავდა ქალაქის  ცოცხალ ორგანიზმად წარმოდგენა. ხშირად შემხვედრია მსგავსი იდეები და ემოციები როგორც სიტუაციონისტების ტექსტებში, ისე ადრეულ კიბერპანკ რომანებში. მას შემდეგ კი, რაც ჩეტბოტებთან ვმუშაობთ, დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რა მოხდება, თუ ქალაქთან პირდაპირ შეძლებ გასაუბრებას? რას გეტყვის ქალაქი, რას გეტყვის კორპუსი, სადაც იზრდებოდი? როგორია მისი ხასიათი, რა მუსიკას უსმენს, რა სქესისაა, რა აინტერესებს?.. შესაძლებელია თუ არა ამ მუდმივად ცვალებადი ორგანიზმის მონაცემების ისე ორგანიზება სისტემაში, რომ შენ მასთან საუბარი შეძლო? ასე დავიწყეთ თბილისის ჩეთბოტზე ფიქრი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ  საწყის ეტაპზეა – ფრანკფურტის წიგნების ბაზრობაზე გვყავდა წარმოდგენილი. აქ ნებისმიერ მსურველს შეეძლო თბილისის დემო ვერსიასთან გასაუბრება.

 

რა ტიპის ინფორმაციას ფლობს თბილისის ჩეტბოტი, საიდან იღებს ამ ინფორმაციას? რა სიხშირით და რა ტიპის “ცოდნით” “კვებავთ” მის ტვინს? შესაძლებელია, მაგალითად,  ჩემი გამოცდილება მოვუყვე და მან სხვა მომხმარებლებისთვის მისაწოდებელ ინფორმაციად გადააქციოს?

 

ქალაქის ჩეთბოტი ორი სახის შეიძლება იყოს – ერთი მხრივ, მას შეუძლია თავის თავზე აიღოს ვირტუალური გიდის ფუნქცია: იმის ნაცვლად, რომ სხვადასხვა საიტებზე აგროვო ინფორმაცია იმ ქალაქის შესახებ, სადაც აპირებ ჩასვლას. შეგიძლია პირადად ჩეთბოტს  ჰკითხო, რაც გაინტერესებს: მისი ისტორია, როგორი ამინდი გელოდება, როცა მას ესტუმრები, ვალუტის კურსი, სად რა ივენთი ტარდება და ა.შ.

მეორე სახის ქალაქის ბოტი შესაძლებელია იყოს თვითონ ქალაქში მცხოვრებთა როგორც სახე, ასევე მათი დამხმარე. აქაც პირდაპირ ქალაქს შეგიძლია ჰკითხო ამა თუ იმ მოსალოდნელი ივენთების შესახებ, მას შეუძლია დაიმახსოვროს შენი ინტერესები და შემდგომში თავად მოგაწოდოს ინფორმაცია იმაზე, რაც ყველაზე მეტად გაინტერესებს.

გარდა ამისა, თუ კითხვა იქნება “აბსტრაქტული”, ანუ ისეთი, რომელსაც ჩეთბოტის პროგრამა “ვერ წამოიღებს” ვერც საკუთარი მონაცემთა ბაზიდან  და ვერც რამე ავტომატიზებული სერვისიდან, რომელსაც ის იქნება მიერთებული – მას მაინც შეუძლია გესაუბროს. მაგალითად, შენ გაინტერესებს ქალაქის დამოკიდებულება ან აზრი ამა თუ იმ მოვლენაზე – ასეთ შემთხვევაში ქალაქს შეუძლია საკუთარი “აზრი ჩამოაყალიბოს” მაგალითად,  მასთან მოსაუბრე ადამიანების დიალოგების გაანალიზებით. იმიტომ რომ, იდეაში ქალაქი ჩვენ ვართ, ქალაქი ჩვენი, ჩვენ მიერ ჩადენილი ქმედებების, მარშრუტების და აზრების ერთობლიობაა.

 

 

და მე – როგორც მწერალს და  მკვლევარს, – მაინტერესებს, როგორ შეიძლება კონტაქტი, ტეტ-ა-ტეტ საუბარი ამ ერთობლიობასთან. მაინტერესებს, შესაძლებელია თუ არა ქალაქის ღრუბლებივით ცვალებადი ქვეცნობიერის თუნდაც მცირედი ნაწილის “გამოჭერა” მონაცემთა ბაზებში და საუბარი ქალაქის ქვეცნობიერთან.

ამჯერად მუშავდება კითხვარი, რომლის შევსების შედეგად გვინდა ხალხისგან მივიღოთ ინფორმაცია და ემოცია,  თუ როგორ ხედავენ თვითონ ქალაქს, სულ მარტივად რომ ვთქვათ, როგორი წარმოუდგენიათ თავიანთი ქალაქი, რომელიც პარკში გვერდით “დაუჯდებოდა” და “დაუწყებდა” საუბარს (რა ტონით ილაპარაკებდა, როგორი ხასიათი ან განწყობა ექნებოდა, გოგო იქნებოდა თუ ბიჭი… თუ ვინმე ან რამე სხვა და ა.შ.)

 

რა პლატფორმაზეა ჩეტბოტი? როგორ შეიძლება მასთან კომუნიკაცია? (ეპ სთორი, მესენჯერი, ვებ-მისამართი, როგორ შეიძლება ნახოს  დაინტერესებულმა კაცმა/ქალმა)

თვითონ ბოტი იმ პლატფორმაზე იქმნება, რომელიც ჩვენ  შევქმენით ნულიდან, როცა “კიბერ გალაკტიონს” ვაკეთებდით. ახლა, ამ ეტაპზე ხდება ამავე პლატფორმის გაუმჯობესება და თბილისის ჩეთბოტი ერთგვარი მცირედი ექსპერიმენტია მის დასატესტად. თუმცა ეს არაა ერთადერთი ჩეთბოტი, რომელზეც ახლა ვმუშაობთ.

 

 

ბოტთან საუბარი შესაძლებელი იქნება, ისევე როგორც ფბ მესინჯერზე, ასევე მისთვის გამოყოფილ ვებ-მისამართსა და შესაძლოა ურთიერთობა სპეციალური აპლიკაციის სახითაც.

პლატფორმის უძველესი ვარიანტი ახლაც ცოცხალია საიტზე cybergala.me, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია საკუთარი ჩეთბოტი შექმნას. მიუხედავად იმისა, რომ ეს მშვენიერი პლატფორმაა ივარჯიშო ჩეთბოტების შექმნასა და ნარატივ-დიზაინის ლოგიკაში (და ამ პლატფორმაზე 50-ზე მეტი ბოტი შექმნეს  ჩვენთვის უცხო ადამიანებმა), მას გარკვეული შეზღუდვები აქვს, ამიტომ ვამუშავებთ განახლებულ პლატფორმას, დამატებითი შესაძლებლობებით, რომელიც ძველს არ გააჩნდა.

 

თქვენ უკვე გაქვთ რამდენიმე ჩეტბოტი შექმნილი, რომლებიც “თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ”. რა ტიპის ჩეტბოტების შექმნა იქნებოდა თქვენთვის ახლა, ამ გამოცდილებით საინტერესო?

დღეს ბოტების შექმნაში ყველაზე დიდი “პრობლემა” არა იმდენად ტექნიკური ნაწილია, რამდენადაც ჩეტბოტის სთორითელინგის შექმნა. იქიდან გამომდინარე, რომ ბოტი,  რომელსაც ადამიანი ელაპარაკება, მისთვის ამ კომპანიის თუ ადამიანის სახეს წარმოადგენს და ადამიანი საუბრისას შექმნილ ემოციებს ბოტსა და მის შემქმნელზე აპროეცირებს. ბოტი, რომელსაც სული არ გააჩნია დაახლოებით იგივეა, რაც ძალიან ცუდი ვებსაიტი ან ბანძი ლოგო.

ჩვენი სტარტაპის Anima Chatbotics-ის მიზანია შექმნას ჩეთბოტები, რომლებსაც სული გააჩნიათ. ასევე შესთავაზოს კომპანიებს თუ დაინტერესებულ პირებს პლატფორმა, სადაც ისინი თავად შეძლებენ თავიანთი ციფრული თანამშრომლების აღზრდას.

 

 

ბოტის შექმნას ჩვენ ისევე ვუდგებით როგორც მწერლები, სცენარისტები ან დიდი სტუდიები – პერსონაჟების ჩამოყალიბებას: ვამუშავებთ სპეციალურ კითხვარს, ვქმნით ბოტის პერსონაჟს, მის წინარე ისტორიას და ხასიათს. ჩვენთვის იდეალურ სამყაროში საინტერესოა შევქმნათ ციფრული არსებები, რომლებიც ისეთი “ცოცხლები” იქნებიან, როგორც პროგრამა ფილმიდან Her. ადამიანები ყოველთვის იგონებდნენ ზღაპრულ არსებებს, რომლებსაც მათთან საუბარი შეეძლოთ, იქნებოდა ეს მაგიური მოლაპარაკე ირემი თუ ჯადოსნური ხე და ა.შ., ჩვენ გვინდა ზუსტად ასეთი ტიპის “არსებები” შევქმნათ და არა უბრალოდ ავტომატიზებული სისტემები ან ბოტები-თუთიყუშები.

სადღაც, შორეულ ან ახლო მომავალში კი, ჩემთვის ეს გზაა, რომელიც გარდაცვლილი ადამიანების მოგონებებთან ინტერაქციამდე მიმიყვანს.

 


რეკომენდებული სტატიები
რაზე მუშაობს ქართული და რუსული ინტერნეტ-ტროლინგი

რაზე მუშაობს ქართული და რუსული ინტერნეტ-ტროლინგი

რაზე მუშაობს ქართული და რუსული ინტერნეტ-ტროლინგი
ტროლების ლოგიკით, საჭიროა დისკუსიების მაქსიმალური სიბინძურითა და წინააღმდეგობებით გაჟღენთა, რაც საშუალო ინტერნეტ-მომხმარებელში აპათიას გამოიწვევს
იურისტებს ხელოვნური ინტელექტი ცვლის

იურისტებს ხელოვნური ინტელექტი ცვლის

იურისტებს ხელოვნური ინტელექტი ცვლის
LawGeex-ის ახალ კვლევაში ხელოვნური ინტელექტი ოც იურისტს შეაჯიბრეს, რათა ენახათ, თუ როგორ გაართმევდა თავს ის სახელშეკრულებო სამართალს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.