თქვენი ტელეფონი ჩუმად გისმენთ, და ეს არაა პარანოია
რამდენიმე წლის წინ უცნაური რამ მოხდა: მე და ჩემი მეგობარი ვისხედით ბარში, ჯიბეებში ჩვენ-ჩვენი აიფონებით, და ვლაპარაკობდით ბოლო მოგზაურობაზე იაპონიაში და იმაზე, თუ როგორ სიამოვნებით დავბრუნდებოდით ისევ იქ. მეორე დღესვე ფეისბუქში ორივემ მივიღეთ პოპ-აპ რეკლამები ტოკიოს ავიაბილეთების შესახებ. ერთი შეხედვით, ეს უბრალოდ შემაშფოთებელი დამთხვევა იყო, მაგრამ ჩვენ გარშემო უკვე ბევრს გადახდენოდა ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ უსმენენ მათ მათივე ტელეფონები. არის თუ არა ეს პარანოია? თუ ჩვენი სმარტფონები მართლაც გვისმენენ?
კიბერუსაფრთხოების კომპანია “ასტერიქსის” წარმომადგენლის – პიტერ ჰენეის განცხადებით, მოკლე პასუხი ამ შეკითხვაზე არის “დიახ”, თუმცა ეს არც ისე ეშმაკისეულად ხდება, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.
იმისთვის, რომ თქვენმა ტელეფონმა მოსმენა დაიწყოს, საჭიროა, რომ წარმოითქვას სასტარტო სიტყვა, მაგალითად, Hey Siri ან Okay Googe. ამის გარეშე ჩაწერა არ ხდება, მხოლოდ მონაცემების რაღაც რაოდენობა იგზავნება თქვენი ტელეფონიდან. ეს შესაძლოა არ იყოს შეშფოთების მიზეზი, მაგრამ სამაგიეროდ არავინ იცის, რა არის “სასტარტო სიტყვები” ფეისბუქის აპლიკაციების შემთხვევაში. რეალურად, ეპებს შეიძლება ათასობით “სასტარტო სიტყვა” ჰქონდეთ.
“აუდიოჩანაწერების ნაწყვეტები პერიოდულად მიდის ფეისბუქის აპლიკაციების სერვერებზე, მაგრამ ოფიციალურად არავინ იცის, რის მიხედვით ხდება მათი ჩაწერა, – ამბობს პიტერი. – არ ვიცით, დამოკიდებულია ეს ადგილმდებარეობაზე თუ გარკვეული ფუნქციების გამოყენებაზე. აპლიკაციები იღებენ მიკროფონის გამოყენების უფლებებს და პერიოდულად იყენებენ მათ. აპლიკაციები ამ მონაცემებს კოდირებული სახით გზავნიან, რის გამოც ჩანაწერების წამოწყების მექანიზმის გაშიფვრა ძალიან რთულია”.
პიტერი გვიხსნის, რომ ფეისბუქსა და ინსტაგრამს ასეთი ათასობით “წამომწყები” შეიძლება ჰქონდეს – ჩაწერის დასაწყებად შესაძლოა საკმარისი იყოს უბრალო საუბარი მეგობართან იმის შესახებ, რომ ახალი ჯინსი გაქვს საყიდელი. იმის მიუხედავად, რომ ამისთვის, ტექნოლოგიის ჩათვლით, ყველანაირი შესაძლებლობა არსებობს, ფეისბუქი გადაჭრით უარყოფს მსგავს პრაქტიკას.
“იმის გამო, რომ გუგლი მოსმენებს შესაძლებლად თვლის, უნდა ვივარაუდოთ, რომ სხვა კომპანიებიც იგივეს აკეთებენ, – ამბობს პიტერი, – რეალურად, არ არსებობს იმის მიზეზი, თუ რატომ არ უნდა უნდოდეთ ამის გაკეთება. როგორც მარკეტინგული თვალსაზრისით, ასევე კლიენტთან არსებული შეთანხმებისა და კანონების გათვალისწინებით, მათ ამის უფლება აქვთ. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი ამას მართლაც აკეთებენ, თუმცა ჩვენ ამის მტკიცების საშუალება არ გვაქვს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მე გადავწყვიტე ექსპერიმენტის ჩატარება. ხუთი დღის განმავლობაში, დღეში ორჯერ, ტელეფონთან ვამბობდი ისეთ ფრაზებს, რომლებიც შესაძლოა “სასტარტო სიტყვები” ყოფილიყო. მაგალითად, “ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტს უნდა დავუბრუნდე”, ან “სამსახურისთვის მჭირდება რამდენიმე იაფი პერანგი”, რის შემდეგაც კარგად ვაკვირდებოდი ფეისბუქის სარეკლამო პოსტებში მომხდარ ცვლილებებს.
რეკლამებმაც არ დააყოვნა – მეორე დღესვე ფეისბუქი მიჩვენებდა უნივერსიტეტების რეკლამებს სხვადასხვა ახალ კურსებთან დაკავშირებით, ასევე ამა თუ იმ ბრენდს, რომლებიც იაფ ტანსაცმელს მთავაზობდნენ. მეგობრებთან პირად საუბარში ვახსენე, რომ მობილური ინტერნეტი მეწურებოდა და მაშინვე მივიღე შემოთავაზება იაფი 20 გბ ინტერნეტის შესაძენად. და იმის მიუხედავად, რომ ყველა ეს შემოთავაზება ფინანსურად მართლაც მომგებიანი იყო, ის, რაზეც ისინი მიანიშნებდა, თმას ყალყზე მიყენებდა.
პიტერმა მითხრა, რომ იმის მიუხედავად, რომ ჩვენი მონაცემები გარანტირებულად დაცული არაა, 2018 წლის ანგარიშით, არცერთი კომპანია არ ყიდდა ჩანაწერებს პირდაპირ რეკლამის დამკვეთებზე. თუმცა, როგორც ჩვენ კარგად ვიცით, ეს არცაა აუცილებელი იმისთვის, რომ მათი რეკლამები დავინახოთ.
“იმის ნაცვლად, რომ ინტერნეტის აპლიკაციებმა დამკვეთებს უთხრან – “ესაა ის ხალხი, ვისაც თქვენი პროდუქტი სჭირდებათ”, – ისინი მათ ეუბნებიან: ‘მოგვეცით ფული და ჩვენ თქვენ შესახებ ვეტყვით იმათ, ვისაც თქვენი პროდუქტი აინტერესებს”. ინფორმაციის გაცემის შემთხვევაში, ინტერნეტ-აპლიკაციები დაკარგავენ ექსკლუზიურ წვდომას მომხმარებელზე. შესაბამისად, ჩვენი მონაცემების მაქსიმალურად დაცვა მათივე ინტერესშია.
თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ტექნოლოგიური კომპანიები აფასებენ ჩვენს მონაცემებს, ეს მათ არ იცავს სახელმწიფო სააგენტოებისგან. იმის გათვალისწინებით, რომ ტექნოლოგიური კომპანიების დიდი ნაწილი ამერიკაშია დაფუძნებული, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს და, სავარაუდოდ, ცენტრალური დაზვერვის სააგენტოსაც, პოტენციურად აქვთ წვდომა ჩვენს ინფორმაციაზე, იმის მიუხედავად, ლეგალურია ეს თქვენს ქვეყანაში თუ არა.
ასე რომ, კი, ჩვენი ტელეფონები ჩვენვე გვისმენენ, და ნებისმიერი რამ, რასაც ტელეფონთან ახლოს ვამბობთ, შესაძლოა რომ ჩვენივე წინააღმდეგ გამოიყენონ.
პიტერს თუ დავუჯერებთ, ადამიანების უმეტესობას ამის შიში არ უნდა ჰქონდეს – თუ არ ხართ ჟურნალისტი, იურისტი ან არ გაქვთ შეხება რაიმე სახის სენსიტიურ ინფორმაციასთან, თქვენი მონაცემები მხოლოდ და მხოლოდ რეკლამისთვის გამოიყენება. თუ თქვენ ჩვეულებრივი ადამიანი ხართ, ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობთ და მეგობრებს იაპონიაში მოგზაურობაზე ელაპარაკებით, თქვენი ამ ჩანაწერების მოსმენა იგივეა, რაც, სიტყვაზე, თქვენი ინტერნეტ-ისტორიის თვალიერება.
“ეს სატელევიზიო რეკლამის ახალი ვარიანტია, – ამბობს პიტერი, -უბრალოდ პრაიმ-ტაიმის დროის მაყურებლის ნაცვლად, კომპანიები ახლა უკვე ინტერნეტის მოხმარების ჩვევებს აკვირდებიან. ეს არაა იდეალური სიტუაცია, მაგრამ ადამიანების უდიდესი ნაწილისთვის ეს არ წარმოადგენს დაუყოვნებელ საფრთხეს”.