გერმანული ფეხბურთის სიახლეები და დღევანდელი დღე
ავტორი: აჩიკო ბენაშვილი
უმთავრესი სიახლე, რა თქმა უნდა, თვით წლევანდელი გერმანული ფეხბურთია, რომლის მიერ 2018 წელს შემოთავაზებული სიურპრიზები ბუნდესფეხბურთის გულშემატკივრებს კიდევ კარგა ხანს ეყოფათ გასახსენებლად.
ნუთუ ასე უნდა გამოიყურებოდეს მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, რომელმაც 2014 წლის მუნდიალზე ბრაზილიის ნაკრები ისე შეარცხვინა, რომ პენტაკამპეონი ვერასოდეს დაივიწყებს შეურაცხყოფას?
არადა გერმანული ფეხბურთის დღევანდელ მდგომარეობას უკანასკნელი სკეპტიკოსიც კი ვერ ივარაუდებდა, როდესაც 2017 წლის დასაწყისში ბუნდესნაკრებმა ცალი ფეხით მოიგო კონფედერაციის თასი და ახალი სახელებით გაბრწყინებული, წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატს ომახიანად შეხვდა…
რა მოხდა შემდეგ? დღეს მარტივად შეიძლება ყოველივეს გახსენება. ჯგუფური ეტაპის პირველივე მატჩი ბუნდესნაკრებმა მექსიკელებთან დათმო, რაც თავისთავად დიდი მოულოდნელობა იყო, რადგან გერმანელებს არ სჩვევიათ ფსიქოლოგიურად მერყევ სამხრეთელებთან დამარცხება, თორემ წაგებით ვის არ წაუგია.
მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ კორეელებმა გერმანიის ნაკრები ჯგუფში ჩატოვეს
უკვე მომდევნო მატჩმა კი ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა, რადგან საფეხბურთო საზოგადოებამ ბუნდესნაკრებისგან ნამდვილი გერმანული ხასიათი შეიცნო, როდესაც მან ნაკლული შემადგენლობით შვედეთის ნაკრებთან თამაში მსაჯის მიერ დამატებულ უკანასკნელ წუთზე მოიგო.
მაგრამ თუკი ამ გამარჯვებამ გერმანიის ნაკრების სტაჟიან გულშემატკივარს 1982-ში საფრანგეთის ნაკრებთან ისტორიული გამარჯვება და 1986-ში არგენტინელებთან ორბურთიანი სხვაობის ამოქაჩვა გაახსენა, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კორეელებთან მარცხმა მათ უკვე 2000 და 2004 წლებში ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ ორჯერ ჯგუფში ჩარჩენა მოაგონა. მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ტურნირის დასრულება კი გერმანულ ფეხბურთს აქამდე არ ახსოვდა.
ბუნდესნაკრების გულშემატკივარს თურმე იოაჰიმ ლიოვის გუნდისგან წლის ბოლოს კიდევ ერთი არასასიამოვნო სიურპრიზი ელოდა. გერმანელებმა ერთა ლიგის ტურნირიც ჩააგდეს, ჰოლანდიის და საფრანგეთის ნაკრებებს კონკურენცია ვერ გაუწიეს, ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს და B კატეგორიაში დაქვეითდნენ.
უპირველეს ყოვლისა, კრიტიკის ქარცეცხლში, რა თქმა უნდა, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ტრიუმფატორი, მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი აღმოჩნდა, რადგან მისგან თუნდაც შემადგენლობის როტაციის თვალსაზრისით, გაცილებით მეტ სიახლეს ელოდნენ.
ლიოვი მთლად უდანაშაულო რომ არაა, ამაზე ნაკრების ზემოხსენებული შედეგებიც მეტყველებს, მაგრამ შეფასებისას, მოდით, დღევანდელ გერმანულ საკლუბო ფეხბურთსაც გადავავლოთ თვალი და დავუკვირდეთ მის ტენდენციებს.
დავიწყოთ იმით, რომ მიუნხენის „ბაიერნმა“ 2017-2018 წლების სეზონში ზედიზედ მეექვსედ მოიგო ჩემპიონის ტიტული, თანაც ისე, რომ ბუნდესლიგის გამარჯვებულის ვინაობა, ფაქტობრივად სეზონის დაწყებამდე იყო ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ ამ ექვსწლიანი ტრიუმფის პირველსავე სეზონში – 2013 წელს, „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დორტმუნდის „ბორუსია“ დაამარცხა, რომელსაც სულ ცოტა ხანში პოლონელი ლეგიონერი რობერტ ლევანდოვსკი და 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთადერთი გოლის ავტორი – მარიო გიოტცე აართვა და ამგვარად მოსპო უმთავრესი მეტოქე, რომელთანაც წინააღმდეგობა გაცილებით საინტერესოს ხდიდა გერმანიის ბუნდესლიგას, რადგან ზრდიდა ორივე კლუბის ბრძოლისუნარიანობას.
დღესდღეობით გიოტცე კვლავ დორტმუნდის „ბორუსიაშია“, თუმცა ჩემპიონატის პირველი წრის დასრულების შემდეგ, ბუნდესლიგის ამჟამინდელი ლიდერის მიერ გატანილი 44 გოლიდან, მხოლოდ ერთია 26 წლის წლის ფორვარდის ანგარიშზე.
მიუხედავად ამისა, „ბაიერნში“ ჩაგდებული სეზონების შემდეგ, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გმირი, თავის მშობლიურ კლუბში თითქოს თანდათანობით იღვიძებს, რაზეც უკანასკნელი ტურის ცენტრალურ მატჩში მიონხენგლადბახის „ბორუსიასთან“ მისი ორი საგოლე გადაცემა მეტყველებს.
დორტმუნდის ფეხბურთელები ზეიმობენ „მიონხენგლადბახთან“ გამარჯვებას
დორტმუნდელთთვის ამ გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა წინა ტურში დიუსელდორფის „ფორტუნასთან“ განცდილი მარცხის შემდეგ, რადგან გარდა იმისა, რომ მიონხენგლადბახის „ბორუსია“ ასევე იბრძვის ჩემპიონობისთვის, ამ ბოლო ხანს „ბაიერნიც“ გამოცოცხლდა, რომელმაც ზამთრის შესვენების წინ ზედიზედ 5 შეხვედრა მოიგო, სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დამკვიდრდა და ლიდერამდე სხვაობა ექვს ქულამდე შეამცირა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია „რეკორდმაისტერის“ ბოლო ორი გამარჯვება „ლაიპციგთან“ და „აინტრახტთან“, რომლებიც სატურნირო ცხრილში, შესაბამისად, მე-4 და მე-5 ადგილებს იკავებენ და მომავალი სეზონის ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან.
უდავოდ ქების ღირსია „ლაიპციგის“ თამამი ტაქტიკა გასვლით შეხვედრაში მიუნხენის „ბაიერნთან“. სტუმრებმა, გარდა იმისა, რომ პირველ ტაიმში „რეკორდმაისტერის“ ხარიხა შეაზანზარეს, მეორე ტაიმის პირველი 20 წუთის განმავლობაში მასპინძლები მჭიდრო პრესინგის ფონზე, საკუთარი ნახევრიდან არ გადმოუშვეს. ამის გაკეთებას კი „ალიანს არენაზე“ ბოლოს იურგენ კლოპის პერიოდის დორტმუნდის „ბორუსია“ თუ ახერხებდა.
საბოლოოდ „ბაიერნმა“ საკუთარი თავი „მეორე ნომრად“ აქცია, ცარიელი სივრცეების გამონახვა მეტოქის ნახევარზე მაინც მოახერხა და მწვავე კონტრშეტევებზე გადავიდა, რამაც მეტოქე მოქანცა და მატჩის მიწურულს ფრენკ რიბერის გამარჯვების გოლის გატანის საშუალება მისცა.
„ბაიერნის“ და „ლაიპციგის“ შეხვედრაში მსაჯმა უკანასკნელ წუთზე ორივე გუნდი კაცნაკლული დატოვა
ამ მოგებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა „რეკორდმაისტერისთვის“, რადგან დორტმუნდის „ბორუსიამდე“ ქულათა სხვაობა ორ მოგებამდე შემცირდა. აღსანიშნავია თომას მიულერის შესანიშნავი თამაში. იგი სულაც აღარ ჰგავდა ბუნდესნაკრებიდან გასაშვებ ფეხბურთელს. ნამდვილი გერმანული მებრძოლი სული მან მთელი მატჩის განმავლობაში მინდვრის ნებისმიერ მონაკვეთში ბურთისთვის ბრძოლას, მის მოპოვებას და ზუსტ გადაცემებს შეალია, რითაც გამორჩეული იყო 2014 წელს ბრაზილიის ნაკრებისთვის ავადსახსენებელ მატჩში.
„აინტრახტთან“ გასვლითი შეხვედრა კი პირველი 15 წუთის გარდა, „ბაიერნმა“ უმაღლეს დონეზე ჩაატარა და დიდი ანგარიშით მოგების შედეგად, ზამთრის შესვენებას ომახიანი განწყობით შეხვდა.
„აინტრახტთან“ შეხვედრაში „ბაიერნის“ ნახევარმცველმა ფრენკ რიბერიმ დუბლი შეასრულა
რა იქნება შემდგომში? ბოლო თამაშების მიხედვით, ბუნდესლიგის წლევანდელი გათამაშება, სავარაუდოდ, გაცილებით საინტერესო იქნება წინა ექვს სეზონთან შედარებით, როდესაც „რეკორდმაისტერს“ კონკურენციას ვერავინ უწევდა.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ წლევანდელი გაზრდილი კონკურენციის ფაქტორი დიდ გავლენას მოახდენს ჩემპიონთა ლიგის სამ გერმანულ-ინგლისურ დაპირისპირებაზე, რადგან როგორც „ბაიერნი“, ასევე დორტმუნდის „ბორუსია“, გაცილებით მეტ მობილიზაციას და გერმანულ ხასიათს გამოავლენენ გადამწყვეტ სიტუაციებში, ვიდრე მაშინ, როდესაც თითოეულმა მათგანმა წინასწარ იცოდა საკუთარი ადგილი ბუნდესლიგის გათამაშების საბოლოო ცხრილში.
ამ სამი დაპირისპირებიდან ფეხბურთის მოყვარულთა განსაკუთრებულ ინტერესს, რაღა თქმა უნდა, „ბაიერნი“ – „ლივერპულისა“ და „ტოტენჰემი“ – „ბორუსიას“ დუელი იწვევს, „შალკეს“ გულშემატკივრებს კი მაინცდამაინც არ უნდა ეიმედებოდეთ „მანჩესტერ სიტისთან“ ორრაუნდიან შეხვედრაში წარმატების მიღწევა.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩების პირველი რაუნდი 13 -20 თებერვალს ჩატარდება, ხოლო გერმანიის ბუნდესლიგის მეორე წრე კი 18 იანვარს „ჰოფენჰაიმი“ – „ბაიერნის“ უაღრესად საინტერესო მატჩით განახლდება.