fbpx

2018 წლის უმნიშვნელოვანესი საფეხბურთო მოვლენები


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

განვლილი 2018 წელი საფეხბურთო მოვლენებით, მართლაც რომ განსაკუთრებით გადატვირთული გამოდგა. ამის მიზეზი კი ტრადიციულ ტურნირებზე დამატებით, უეფას ერთა ლიგის დანერგვა აღმოჩნდა, რომლის როგორც სადებიუტო გამარჯვება, ასევე გოლი, ქართველების ანგარიშზეა.

აქედან გამომდინარე, ეს ტურნირი ნებისმიერი ჩვენი თანამემამულის მეხსიერებაში, ყოველთვის განსაკუთრებით ძვირფას მოგონებებთან იქნება დაკავშირებული.    

რადგან თავდაპირველად ჩვენი ნაკრების წარმატება ვახსენეთ, მოდით ისიც გავიხსენოთ, რომ ყაზახეთის  ნაკრებთან მოგებას, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კიდევ ოთხი გამარჯვება შემატა, ერთი მატჩიც ფრედ დაასრულა და გათამაშების საბოლოო ცხრილში D კატეგორიის ოთხ  პირველადგილოსან ნაკრებთა შორის, საუკეთესო შედეგი უჩვენა.

ქართველი გულშემატკივრისთვის 2018 წლის ტიტულების ათვლა კი 24 თებერვალს დაიწყო, როდესაც ქუთაისის „ტორპედომ“ დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით 2;1 საჩხერეს „ჩიხურა“ დაამარცხა და არსებობის მანძილზე პირველად დაეუფლა საქართველოს სუპერთასს.

16 მაისს კი ლიონში მადრიდის „ატლეტიკომ“ევროპის ლიგის ფინალში გაცილებით ადვილად, ანგარიშით 3:0 მოუგო მარსელის „ოლიმპიკს“და მესამედ გაიმარჯვა ამ ტურნირში.

10 დღის შემდეგ, მადრიდში ევროპის ყველაზე პრესტიჟული თასიც გაემგზავრა, როდესაც 26 მაისს კიევში უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში მადრიდის „რეალმა“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა „ლივერპული“ და ზედიზედ მესამედ დაისაკუთრა ევროპის უძლიერესი გუნდის ტიტული.

 

სერხიო რამოსისა და მოჰამედ სალაჰის ორთაბრძოლა

 

ფეხბურთის მოყვარულებს კი კიდევ კარგა ხანს ემახსოვრებათ ამ მატჩის დასაწყისში სერხიო რამოსსა და მოჰამედ სალაჰს შორის მომხდარი ორთაბრძოლა, რომელიც ამ უკანასკნელის დაშავებით და მოედნიდან გაყვანით დასრულდა. რომ არა ეს ეპიზოდი, თამაში შეიძლება სულ სხვა სცენარით წარმართულიყო.

ევროპის ყველაზე პრესტიჟული გათამაშებების ტრიუმფატორი მადრიდული კლუბები კი ერთმანეთს სუპერთასზე, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გადაეყარნენ.

უხვგოლიანი მატჩის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა, დამატებით დროში კი დიეგო სიმეონეს გაწვრთნილმა ბიჭებმა ორი უპასუხო გოლი გაუტანეს „სამეფო კლუბს“ და გამარჯვება მათ დარჩათ.

ზუსტად ერთი თვით ადრე,15 ივლისს საფრანგეთის ნაკრებმა ანგარიშით 4:2 დაამარცხა ხორვატიის ეროვნული გუნდი და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მეორედ მოიპოვა ტურნირის უძლიერესი გუნდის ტიტული.

ჩემპიონთა ლიგის ფინალის მსგავსად, ეს მატჩიც განსაკუთრებული ვნებათაღელვით გამოირჩეოდა, რადგან ფეხბურთის მრავალი გულშემატკივრის თვალსაზრისით, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ასეთი მნიშვნელობის მატჩში, არგენტინელ არბიტრს შეეძლო თერთმეტმეტრიანი არ დაენიშნა ხორვატთა კარში საჯარიმო მოედანზე ბურთის უმნიშვნელო ხელზე შეხებისთვის.

თუკი გავიხსენებთ იმ ეპიზოდს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მსაჯი კარგა ხანს უცქერდა საინფორმაციო ეკრანს – გამოეტანა თუ არა მომაკვდინებელი ვერდიქტი ხორვატიის ნაკრებისთვის.

საბოლოოდ ვიდეორეფერის ჩვენებამ, ემოციასთან იმარჯვა, ფრანგებმა თერთმეტმეტრიანი გაიტანეს და მატჩის ბედი ფაქტობრივად პირველ ტაიმშივე გადაწყვიტეს.

 


არგენტინელმა არბიტრმა ნესტორ პიტანამ ვიდეორეფერის ნახვის შემდეგ თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა

 

ხორვატებს, რომელთაც მერვედფინალური ეტაპიდან მოყოლებული, სამივე მატჩი  დამატებით დროში ან თერთმეტმეტრიანების სერიაში ჰქონდათ მოგებული, მეორე ტაიმში ფიზიკური ძალა აღარ შესწევდათ მეტოქისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.

საბოლოოდ ფრანგებმა ეს შეხვედრა 4:2 მოიგეს და სრულიად სამართლიანად მოიპოვეს მსოფლიოს უძლიერესი გუნდის ტიტული.

19 ნოემბერს, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს ნაკრებმა პირველ ადგილზე დაასრულა უეფას ერთა ლიგის გათამაშების ჯგუფური ეტაპი და ამ ტურნირის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

25 ნოემბერს კი საქართველოს თასის გათამაშების ფინალურ შეხვედრაში ძირითად და დამატებით დროში დაფიქსირებული 2;2-ის შემდეგ დანიშნულ თერთმეტმეტრიანების სერიაში, ქუთაისის „ტორპედომ“ ანგარიშით 4;2 სძლია „გაგრას“ და მეოთხეჯერ მოიპოვა საქართველოს თასი.

უკვე მომდევნო დღეს – 26 ნოემბერს, „საბურთალომ“ ანგარიშით 2;1 დაამარცხა თბილისის „დინამო“ და ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, პირველად იზეიმა საქართველოს ჩემპიონობა.

 


“საბურთალო” ჩემპიონობას ზეიმობს

 

„საბურთალო“ ქართული ფეხბურთის ისტორიაში მეცხრე გუნდად იქცა, რომელსაც მოგებული აქვს საქართველოს ჩემპიონის ტიტული. აქამდე, სხვადასხვა წლებში სხვადასხვა სიხშირით ქვეყნის ჩემპიონები თბილისის „დინამო“, „ვიტ ჯორჯია“, ქუთაისის „ტორპედო“, ბოლნისის „სიონი“, რუსთავის „ოლიმპი“, „ზესტაფონი“, გორის „დილა“ და „სამტრედია“ ხდებოდნენ.

არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში ჩატარებული ფიფას კლუბების მსოფლიო ჩემპიონატი კი მადრიდის „რეალმა“ მოიგო.

„სამეფო კლუბმა“ ამ ტურნირის ფინალურ მატჩში მასპინძელი გუნდი „ალ აინი“ დიდი ანგარიშით 4:1 დაამარცხა და მსოფლიოს უძლიერესი კლუბის ტიტულს ამ ტურნირის ისტორიაში მეოთხეჯერ დაეუფლა.  

წლევანდელი ტურნირის ერთადერთ ინტრიგას „რეალისა“ და ბუენოს-აირესის „რივერ პლეიტის“ შეხვედრა თუ წარმოადგენდა, მაგრამ ეს მატჩი ამ უკანასკნელის უნიათობის შედეგად ვერ შედგა.

თუმცა, 2018 წელს არგენტინული ფეხბურთის გულშემატკივრები მთლად უკმაყოფილონი მაინც არ უნდა დარჩნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ლიონელ მესიმ და მისმა თანაგუნდელებმა მსოფლიო ჩემპიონატი ჩააგდეს, ლიბერტადორესის თასის ორრაუნდიან ფინალში, ამ გათამაშების ისტორიაში პირველად, არგენტინული ფეხბურთის გრანდები – „ბოკა ხუნიორსი“ და „რივერ პლეიტი“ დაუპირისპირდნენ.

ისტორიული მეტოქეების პირველი დუელი 11 ნოემბერს „ბოკას“ კედლებში  ფრედ 2:2 დასრულდა, განმეორებითი მატჩი კი „რივერ პლეიტის“ გულშემატკივართა ხულიგნობის გამო, თითქმის ერთი თვით გადაიდო და საბოლოოდ 9 დეკემბერს, მადრიდის „ სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე შედგა.

შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, დამატებით დროში კი „რივერ პლეიტმა“ თავის ყველაზე საძულველ მეტოქეს ორი გოლი გაუტანა, ანგარიშით 3:1 დაამარცხა და არსებობის მანძილზე მეოთხეჯერ მოიპოვა სამხრეთ ამერიკის უძლიერესი გუნდის ტიტული.

 


„რივერ პლეიტი“ ლიბერტადორესის თასის 2018 წლის გამარჯვებული

 

ამ მაჩვენებლით „რივერ პლეიტი“ ასევე არგენტინულ „ინდეპენდიენტეს“ და ზემოთხსენებულ „ბოკა ხუნიორსს“, ასევე ურუგვაის „პენიაროლს“ ჩამორჩება, რომელთაც შესაბამისად 7-ჯერ, 6-ჯერ და 5-ჯერ აქვთ მოპოვებული ეს ტიტული, ხოლო „ესტუდიანტესი“ კი ამ ტურნირის ასევე ოთხგზის გამარჯვებულია.


რეკომენდებული სტატიები
წლის ნომინაციები
Play Video

წლის ნომინაციები

წლის ნომინაციები
“წლის ნომინაციებში” წარმოგიდგენთ იმ  მოვლენებსა და ადამიანებს, რომლებმაც 2018 წელს სიახლე შეიტანეს ქვეყნის საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში და ჩვენი მკითხველის განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურეს
გერმანული ფეხბურთის სიახლეები და დღევანდელი დღე

გერმანული ფეხბურთის სიახლეები და დღევანდელი დღე

გერმანული ფეხბურთის სიახლეები და დღევანდელი დღე
გერმანული ფეხბურთის დღევანდელ მდგომარეობას უკანასკნელი სკეპტიკოსიც კი ვერ ივარაუდებდა, როდესაც  2017 წლის დასაწყისში ბუნდესნაკრებმა ცალი ფეხით მოიგო კონფედერაციის თასი
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.