fbpx

საქართველოს საბიუჯეტო ფლანგვის TOP 20


გააზიარე სტატია



სახელმწიფო უწყებებისა და მათი მოხელეების მხრიდან საბიუჯეტო სახსრების დაუდევარი თუ კორუფციული ხარჯვის შესახებ ინფორმაციას, მთელი წლის განმავლობაში, ინტერნეტის მომხმარებლები სხვადასხვა წყაროებიდან სტაბილურად ვიღებთ.

ერთ-ერთი ასეთი წყარო ფეისბუქ-გვერდი “ფლანგვის დეტექტორია”, რომელიც რეგულარულად იკვლევს და ვიზუალიზაციების სახით აქვეყნებს მონაცემებს საქართველოს მასშტაბით,  საბიუჯეტო ხარჯვის ნაწილში, საჯარო სამსახურებისა და ჩინოვნიკების მხრიდან ჩადენილ საეჭვო ან ცალსახა დარღვევებისა და დაუდევრობის შესახებ.

ჩვენ გადავხედეთ მონაცემებს და ვიზუალიზაციების მიხედვით შევარჩიეთ 20 ყველაზე დიდი და სავარაუდოდ, კორუფციული ფლანგვის ფაქტი, რომელიც 2018 წელს “ფლანგვის დეტექტორმა” გამოაქვეყნა.



20. ბაგა-ბაღი ქედაში – 290 331 ლარი


2016 წელს გაფორმებული სატენდერო დოკუმენტაციის პირობები მოიცავდა 3-წლიან საგარანტიო ვადას კომპანიის მიერ საკუთარი ხარჯით ხარვეზების გამოსწორებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ შესრულებული სამუშაო შორსაა დაპირებულისგან, ქედის მუნიციპალიტეტს შპს “ლადასთვის” ხარვეზების გამოსწორება არ მოუთხოვია.


19. განმუხურის არარსებული ბოტანიკური ბაღი – 325 000 ლარი


2016-ში ბიძინა ივანიშვილი დაგვპირდა, რომ განმუხურში ბოტანიკურ ბაღს გააშენებდა, თუმცა წელს ინტერვიუში განაცხადა, რომ “გადაიფიქრა”.
სანამ გადაიფიქრებდა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 2016 წელს ააიპ “განმუხურის ბოტანიკური ბაღი” შექმნა და ბიუჯეტიდან აფინანსებდა.

18. აბაშისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების ხელფასები – 330 800 ლარი


“დაუ+” ოცნების დეპუტატ დავით უთმელიძის კომპანიაა, რომელიც მან 2012 წელს გადააფორმა დავით ხოსრუაშვილზე.
შპს “დაუ+” სერვისების სახით კლიენტებს სთავაზობს: საერთაშორისო სტანდარტებით წარმოებულ ბუღალტერიას, აუდიტორულ მომსახურებას, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კონსულტაციას და მომსახურებას, საგადასახადო და იურიდიულ კონსულტაციას და მომსახურებას, სწავლება–სტაჟირებას, ტრეინინგებს სხვადასხვა სპეციალობებში.


17. ვარკეთილის მეტროს რემონტი – 347 852


ოფიციალური მონაცემების საფუძველზე გაირკვა, რომ 2015 წლის სექტემბრიდან (შემდგომი 1 წლის განმავლობაში), ანუ ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, კომპანია შესყიდვების სამსახურის “შავ სიაში” იმყოფებოდა, თუმცა აღნიშნულ ფაქტის მიუხედავად, კონტრაქტი მაინც გაფორმდა.


16. საფეხბურთო კლუბ “გურიის” ბაზა – 354 300 ლარი


2015 წელს საფეხბურთო კლუბ „გურიის“ საწვრთნელი ბაზის უვარგისად რეაბილიტაციაში ლანჩხუთმა  354 300 გადაიხადა. შედარებისთვის: სოციალურად დაუცველ მოსახლეობას მუნიციპალიტეტი ნაკლები თანხით – 350 065 ლარით დაეხმარა.


15. ხარაგაულის ამფითეატრი – 449 999 ლარი


ეს  თანხა ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურებას 7 წელზე მეტხანს ეყოფოდა.


14. აბაშის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი – 477 600 ლარი


2018 წლის მდგომარეობით, შენობას დაზიანებული აქვს როგორც გარე, ასევე შიდა კედლები; შენობაში აღწევს ნალექი; არ იკეტება არცერთი შიდა კარი.
აბაშის მუნიციპალიტეტი ორჯერ ნაკლებს, 240 ათასს ხარჯავს განსაკუთრებით ნიჭიერ მოსწავლეთა საგანმანათლებლო და საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფაზე.


13. კობა ნაყოფიას ხელფასი – 507 000 ლარი


როდესაც პარლამენტში გაცდენების შესახებ საუბრობენ, სიის სათავეში ყოველთვის ფიგურირებს 3 მოწვევის პარლამენტარი კობა ნაყოფია. მილიონერ პარლამენტარს სახელმწიფო უზრუნველყოფს ხელფასით და 560-ლარიანი პენსიით ცხოვრების ბოლომდე.

 

12. სააკაძის მოედნის მოწყობა თბილისში – 517 330 ლარი


სააკაძის მოედნის განსატვირთად 2016 წელს 40 000 ევრო გადავიხადეთ პროექტში და 407 825 ლარი სამუშაოებში.
2017 წელს მოედანზე შეიცვალა მოძრაობის მიმართულებები და წესები, რამაც პროექტში გადახდილი ფული წყალში ჩაყარა.

 

11. სამშენებლო მასალების შესყიდვა ჭიათურაში – 744 100 ლარი

2018 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით გამოუყენებელია 744.1 ათასი ლარის მასალები. აღნიშნული მოიცავს როგორც 2016-2017 წლებში შესყიდული მასალების, ასევე 2016 წლამდე პერიოდში შეძენილი მასალების ღირებულებასაც.

 

10. პრემიები თეთრწყაროში – 933 200 ლარი


საკრებულომ დაადგინა, რომ წლის განმავლობაში თანამშრომელზე პრემია მაქსიმუმ 4-ჯერ შეიძლება გაიცეს. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა 2015 წელს 85 პირზე, ხოლო 2016 წელს 98 პირზე პრემია
დადგენილზე  მეტჯერ გასცა. დამრღვევებში შედიან საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილე, გამგებელი და მისი მოადგილეც. ამ პერიოდში პრემიებზე თითქმის მილიონი დაიხარჯა – დაახლოებით იმდენივე, რამდენიც თეთრიწყაროელების სოცუზრუნველყოფაზე.

 

9. ბოლნისის განათება – 1 004 000 ლარი

შპს “დევეპლუსის” მფლობელი და დირექტორი ბოლნისის ამჟამინდელი მერის სიძეა და მათ ურთიერთობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება. ერთი და იგივე მომსახურებაში ბოლნისმა შპს “დევეპლიუსს” 2016-ში 38%-ით მეტი, 2017-ში 64%-ით მეტი და 2018-ში 54%-ით მეტი გადაუხადა, ვიდრე 2015 წელს.


8. თბილისობა – 1 230 000 ლარი


თბილისის მოსახლეობა სოციალურად დაუცველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე 2018 წელს 770 000 ლარს ხარჯავს. თუმცა, მათ საჭიროებებს ეს თანხა სრულად არ აკმაყოფილებს. თბილისის მმართველობა არჩევს ბევრად მეტი დახარჯოს თბილისობაზე, ვიდრე მნიშვნელოვან სოციალურ სერვისებზე.

 

7. გორის “დილა” – 1 980 200 ლარი

გორის მუნიციპალიტეტმა 2016-2018 წლებში დაახლოებით 2 მილიონი ლარის დახმარება გაუწია კლუბ გორის “დილას” და ჯამში ამდენივე მისცა ყველა გორელს, ვისთვისაც დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 

6. რუსული “ნივების” ტენდერები – 3 000 000 ლარი

2012-18 წლებში საჯარო უწყებებმა 136 “ნივა” შეიძინეს 3 მილიონ ლარად. გამყიდველი კომპანიის დამფუძნებელი გოჩა როსტიაშვილია. როსტიაშვილი “ოცნების” საკრებულოს წევრის, შალვა ობგაიძის დეიდაშვილია. კომპანიას 14 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, აქედან 13-ში უკონკურენტოდ.

 

5. ზუგდიდის ყინულის მოედანი – 5 000 000 ლარი


2012 წელს აშენებული ყინულის მოედანი ორჯერ დაზიანდა და ჯერ კიდევ რეაბილიტაციის ეტაპზეა, რისთვისაც წელს 408 000 ლარია გამოყოფილი.

 

4. სოფლის მეურნეობის სამინისტროს დანამატები – 8 868 543 ლარი


2017 წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დანამატის სახით დაუსაბუთებლად 8 868 543 ლარი გაიცა. სამინისტროში ხელფასებზე 53.5 მილიონი ლარი დაიხარჯა, დანამატებმა კი ხელფასის საერთო რაოდენობის  17% შეადგინა.

 

3. შსს-ს პირადი მომსახურების ავტომანქანები – 11 000 000

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, შსს-ს 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 1846 სატრანსპორტო საშუალება ემსახურება, რომლის ჯამური ღირებულებაც 34,4 მილიონი ლარია. შენახვის წლიური ხარჯი 11 მილიონ ლარს შეადგენს.


2. საზოგადოებრივი მაუწყებელი – 46 405 000 ლარი


საზოგადოებრივ მაუწყებელზე სახელმწიფო იმდენს ხარჯავს, რამდენსაც ქალაქებზე – ზუგდიდზე, ზესტაფონსა და თელავზე, ერთად აღებული.

 

1. შემოვლითი რკინიგზა – 213 000 000 ლარი


ზოგი თვლის, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი გამართლებულია, ზოგს კი ის დაუშვებლად მიაჩნია. შემოვლითი რკინიგზის პროექტი 2013 წლიდან შეჩერდა, პროექტში კი 213 000 000 ლარი გადავიხადეთ.

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.