სექსუალური რეცესია რიცხვებში


გააზიარე სტატია

 

ავტორი: თეა სხიერელი

 

ჟურნალ  Atlantic-ში გამოქვეყნებულ სტატიაში „რატომ აქვთ ახალგაზრდებს ასე იშვიათად სექსი?“ (Why Are Young People Having So Little Sex?) „სექსუალური რეცესია“ დემოგრაფიულ და პოლიტიკურ პრობლემადაა განხილული. ირკვევა, რომ თუ 1990-იან წლებში საშუალო სტატისტიკური ზრდასრული ამერიკელი წელიწადში 62-ჯერ იყო სექსით დაკავებული, 2014-ში ეს მაჩვენებელი 54-მდე შემცირდა, 2016 წელს კი უფრო მეტად იკლო.

პარადოქსია, მაგრამ ამერიკელი მოზარდები სექსს უფრო და უფრო ნაკლებ დროს უთმობენ. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის მონაცემების თანახმად, ახალგაზრდები სექსუალურ ცხოვრებას შედარებით გვიან იწყებენ: 1991-დან 2015 წლამდე 54%-დან 40%-მდე შემცირდა იმ უფროსკლასელთა წილი, რომლებსაც სქესობრივი კავშირები აქვთ.

სან დიეგოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი ჯინ ტვენგე Jean M. Twenge სტატიაში „რა აბრკოლებს ამერიკელთა სექსუალურ ცხოვრებას?“ აღნიშნავს, რომ დღეს ახალგაზრდობა სექსისგან 2,5-ჯერ უფრო მეტად იკავებს თავს, ვიდრე ე. წ. თაობა X (1960-80-იან წლებში დაბადებულები). თანამედროვე თინეიჯერები სექსუალურ სფეროში ნაკლებად აქტიურები არიან,  სულ უფრო და უფრო ნაკლებად დადიან პაემანზე. მათ ასაკში „თაობა X-ის“ წარმომადგენლები დღევანდელ მოზარდებს თითქმის 30%-ით უსწრებდნენ.

აშშ-შისექსუალურმა რეცესიამ“ შობადობის შემცირება გამოიწვია: 2017 წელს ქვეყანაში 500 000-ით ნაკლები ბავშვი დაიბადა, ვიდრე 2005 წელს.

„სექსუალური რეცესიის“ გამომწვევი მიზეზების ასახსნელად მრავალი სხვადასხვაგვარი თეორია არსებობს. ძირითად მიზეზებად მეცნიერები ასახელებენ ე. წ. შემთხვევითი კავშირების კულტურის დამკვიდრებას, გაუსაძლის ეკონომიკურ წნეხს, შფოთვით აშლილობებს, ფსიქოლოგიურ არამდგრადობას, ანტიდეპრესანტების ფართო მოხმარებას, ინტერნეტსა და მედიაში სექსუალობის აგრესიულად გაშუქების ტენდენციებს, ტესტოსტერონის მაჩვენებლის კლებას, პორნოგრაფიის გავრცელებას, ვიბრატორებს, მშობლების გადაჭარბებულ ზედამხედველობას და ა. შ.

„სავარაუდოდ, ეკონომიკური კრიზისის მსგავსად, სექსუალური რეცესიაც არათანაბარ და უსამართლო პირობებში წარიმართება. ისინი, ვისაც უკვე ბევრი რამ აქვს: კარგი გარეგნობა, ფული, ფსიქიკური მდგრადობა, მყარი სოციალური კავშირები – კვლავ ადვილად შეძლებენ სიყვარულის პოვნას, კარგი სექსუალური ცხოვრებაც ექნებათ და, სურვილის შემთხვევაში, მშობლებიც გახდებიან, თუმცა ინტიმური კავშირი შესაძლოა კიდევ უფრო მიუწვდომლად იქცეს მათთვის, ვინც ნაკლებად საიმედო პირობებში ცხოვრობს“.

სქესობრივი ცხოვრებისგან „გაქცევა“ მხოლოდ ამერიკული ფენომენი არაა. მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში, სადაც მოქალაქეთა სექსუალური ცხოვრება მეცნიერული კვლევის საგანია, ანალოგიური სურათია.

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევების თანახმად, 2012 წელს 16-იდან 44 წლამდე ადამიანები, საშუალოდ, თვეში 6-ჯერ იყვნენ სექსით დაკავებულები. 2017 წელს ეს მაჩვენებელი 5-მდე (და უფრო მეტადაც) შემცირდა.

ნიდერლანდებში 2012 წელს სქესობრივი ცხოვრების დაწყების საშუალო ასაკი 17,1 წელი იყო, 2017 წელს კი – 18,6. ასეთი „დაგვიანება“ ფიზიკური ურთიერთობის სხვა ფორმებსაც შეეხო, მაგ., პირველ კოცნას. ჰოლანდიელები კვლევის შედეგებმა იმდენად შეაშფოთა, რომ მთავრობამ დაიწყო მსჯელობა იმაზე, თუ ადამიანები თავიანთი განვითარების უმნიშვნელოვანეს ფაზას გამოტოვებენ (რომელიც არა მხოლოდ ფლირტსა და ალერსს, არამედ იმედგაცრუებასა და სასიყვარულო დრამასაც გულისხმობს), იქნებიან კი ისინი მზად, რომ ზრდასრული ცხოვრებისათვის დამახასიათებელი სირთულეები დასძლიონ? შვედეთის ჯანდაცვის მინისტრს სექსისადმი ინტერესის საყოველთაო კლება პოლიტიკურ პრობლემად მიაჩნია.

Atlantic-ის პუბლიკაციის ავტორი სვამს კითხვას: იქნებ შეერთებული შტატებიც ნელ-ნელა უახლოვდება იაპონიაში უკვე არსებულ ვითარებას, რომელიც დემოგრაფიული კრიზისისა და ფრიგიდულობის პრობლემის წინაშე დგას?

2017 წელს ვებგვერდმა pornhub.com მსოფლიო მომხმარებელთა ყველაზე პოპულარული მოთხოვნების რეიტინგი გამოაქვეყნა. პირველ ადგილზე ლესბოსური პორნოგრაფია აღმოჩნდა – კატეგორია, რომელიც მოსწონთ როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს. მეორე ადგილი კი იაპონურმა ეროტიკულმა ანიმაციურმა ფილმებმა Hentai Anime-მ დაიკავა. ამ ფილმებში ყველაფერი არარეალურია და სწორედ არარეალურობაში იმალება გამოსახულებათა მიმზიდველობის საიდუმლო (გენიტალიები და მკერდი გიგანტური ზომისაა, სხეულის ფორმები – შეცვლილი, უცხო სამყარო – ეროტიზებული).

სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ იაპონელ ახალგაზრდებს პაემანზე სიარულის, დაქორწინების ან, უბრალოდ, შეყვარებულის ყოლისა და მასთან სექსის სურვილი სულ უფრო ნაკლებად უჩნდებათ. 2011 წელს იაპონიის მოსახლეობისა და სოციალური უსაფრთხოების ეროვნულმა ინსტიტუტმა კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ 18-34 წლის უცოლო მამაკაცების 61%-სა და გასათხოვარი ქალების 49%-ს პარტნიორი არ ჰყავს. იაპონიის ოჯახის დაგეგმვის ასოციაციის JFPA მონაცემებით, 16-24 წლის გოგონების 45%-ს არ აინტერესებს სექსუალური ურთიერთობა, ან მის მიმართ ზიზღს განიცდის; 20 წლის ახალგაზრდების 41,6% პაემანზე არასოდეს ყოფილა; 34 წლის იაპონელების 26%  უბიწოა. იმ იაპონელი მამაკაცების 17,9%-ს, რომლებიც 2014 წელს JFPA-ს კვლევაში მონაწილეობდნენ, სექსი ნაკლებად აინტერესებს ან ამაზრზენად ეჩვენება. 25-29 წლის ვაჟებში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია – 20,3%. დაქორწინებული წყვილების 44,6%-მა 2014 წელს აღიარა, რომ ერთმანეთთან სქესობრივი ურთიერთობა არ აქვთ (2012 წელს ეს მაჩვენებელი სამი პუნქტით დაბალი იყო). მამაკაცების 10%-მა და ქალების 23,8%-მა სექსი ძალიან დამღლელ საქმიანობად მიიჩნია. მამრობითი სქესის რესპონდენტთა 4,5%-მა და მდედრობითის 5,9%-მა განაცხადა, რომ უფრო საინტერესო ჰობი აქვთ, ვიდრე ინტიმური ცხოვრებაა.

კატეგორიაში „სქესობრივი აქტების რაოდენობა წელიწადში“ კომპანია Durex-ის  გლობალური კვლევის მონაწილე 41 ქვეყანას შორის იაპონიამ ბოლო ადგილი დაიკავა. საშუალოდ, იაპონელი წელიწადში 45-ჯერ ასრულებს სექსუალურ აქტს, მაშინ როცა ბოლოსწინა ადგილზე გასული სინგაპურელი – 73-ჯერ.

იაპონელთა ამ მდგომარეობას „უბიწოების სინდრომი“ Celibacy syndrome

უწოდეს. ისტორიულად, იაპონელი ერი ასექსუალური არასდროს ყოფილა; ევროპისგან განსხვავებით, ამ ქვეყანაში სექსი გარყვნილებად არასდროს მიიჩნეოდა. დღევანდელი ვითარების მიზეზად იაპონელი ქალების წინაშე არსებული კარიერული წინსვლის სირთულეები სახელდება. მეორე მოსაზრების თანახმად, იაპონელმა მამაკაცებმა მასკულინური თვისებები და, შესაბამისად, სექსუალური მიმზიდველობა დაკარგეს. „უბიწოების სინდრომის“ შედეგი კი შობადობის შემცირებაა. 2015 წელს იაპონიაში 1 მლნ 8 ათასი ბავშვი დაიბადა, 1 მლნ 302 ათასი მოხუცი კი გარდაიცვალა, მოსახლეობა თითქმის 300 ათასით შემცირდა.

სექსის რეცესიის მიზეზით მოსახლეობის რაოდენობის შემცირების ტენდენცია ბევრ განვითარებულ ქვეყანაში აღინიშნება. მეცნიერები უახლოეს მომავალში სექსის ჩანაცვლებას გამრავლების ალტერნატიული ფორმებით პროგნოზირებენ.

„20 წლის შემდეგ ბავშვის ჩასახვის მიზნით სექსი საჭირო საერთოდ აღარ იქნება“, – წერს სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ჰენრი გრილი Henry T. Greely წიგნში „სექსის დასასრული და ადამიანთა რეპროდუქციის მომავალი“ (The End of Sex and the Future of Human Reproduction). დღეს მსოფლიოში უკვე მილიონობით ადამიანი ცხოვრობს, რომელიც ექსტრაკორპორალური განაყოფიერების შედეგად დაიბადა. პირველი „ეკგ“ ახალშობილი ლუიზა ბრაუნი Louise Brown 1978 წლის 25 ივლისს გაჩნდა ბრიტანეთში. პროფესორ გრილის აზრით, მომავალი ასეთი იქნება: ერთი პარტნიორის სპერმის ნიმუში და მეორის კანის რამდენიმე უჯრედი, უჯრედული პროგრამირების ტექნოლოგიის მეშვეობით, ბავშვის ჩასახვისთვის საკმარისი იქნება.

2012 წელს ჯონ გორდონმა John B. Gurdon და სინია იამანაკამ Shinya Yamanaka უჯრედული დაპროგრამების სფეროში ნობელის პრემია მოიპოვეს. კანის უჯრედებისგან მათ მიიღეს ინდუცირებული ღეროვანი უჯრედები, რომელთაგანაც სხეულის ნებისმიერი ორგანოს შექმნა შეიძლება. მათგან ასევე იღებენ ასობით კვერცხუჯრედს; ყოველი ემბრიონის გენომის გაშიფვრა შესაძლებელია. მათი ნაწილი სახიფათო გენეტიკური მუტაციის მატარებელია, დანარჩენები კი შესაძლოა დახარისხდეს სქესის, თვალის ფერის, ხასიათის თავისებურებების მიხედვით. მშობლებს ნებისმიერი ემბრიონის არჩევა შეეძლებათ.

ამგვარი გენეტიკური დიაგნოსტიკა დღესაც ხელმისაწვდომია, თუმცა გენომის ბოლომდე გაშიფვრა ჯერჯერობით ძვირად ღირებული კვლევაა. გრილის აზრით, მომავალში გენომის დიაგნოსტიკა შესაძლოა უფასოც კი იყოს, სახელმწიფოსა და სადაზღვევო კომპანიებისათვის უფრო მომგებიანი იქნება ამ კვლევის დაფინანსება და ჯანმრთელი ემბრიონის არჩევა, ვიდრე გენეტიკური დაავადებებით დაბადებული ადამიანის მკურნალობის ხარჯების დაფარვა. პროცედურა რუტინული გახდება და ავადმყოფთა რიცხვიც შემცირდება. ეს პერსპექტივა უზარმაზარ ეთიკურ და მორალურ საფრთხეებს აჩენს. შეშფოთებული მეცნიერი კაცობრიობას ამ საკითხებზე დროულად დაფიქრებისაკენ მოუწოდებს.

 

 


რეკომენდებული სტატიები
ჯანსაღი კვების პრინციპები ნიუ-იორკში მომუშავე თბილისელი ნუტრიციოლოგისგან

ჯანსაღი კვების პრინციპები ნიუ-იორკში მომუშავე თბილისელი ნუტრიციოლოგისგან

ჯანსაღი კვების პრინციპები ნიუ-იორკში მომუშავე თბილისელი ნუტრიციოლოგისგან
სოფია გიგიტაშვილი ნიუ-იორკში მომუშავე სერტიფიცირებული ნუტრიციოლოგ-თერაპევტი და დეტოქსიკაციის სპეციალისტია
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.