fbpx

პრემიერლიგა სრული სვლით


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

ტრადიციული Boxing Days-ის დასრულების შემდეგ პრემიერლიგაში 10-დღიანმა პაუზამ დაისადგურა, რამაც ფეხბურთის მოყვარულებს არაერთი საინტერესო დაკვირვების გაკეთების საშუალება მისცა.

სეზონის ნახევარზე მეტი უკვე ჩავლილია და ახლავე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წლევანდელი გათამაშება, შარშანდელთან შედარებით, გაცილებით საინტერესო იქნება.

რატომ? – იმიტომ, რომ პრემიერლიგის ბოლო მატჩში ლიდერ „ლივერპულთან“ 2:1 მოგების შემდეგ „მანჩესტერ სიტიმ“ მერსისაიდელებთან ქულათა სხვაობა 4-მდე შეამცირა და ამიერიდან ჩემპიონის ტიტულის შესანარჩუნებლად გაცილებით მოტივირებული იბრძოლებს.

პეპ გვარდიოლას ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ურთულესი საქმე შეასრულეს, რადგან „ლივერპულს“ აქამდე არცერთი მატჩი არ წაუგია.  

ზამთრის შესვენებაზე ლიდერის მინორულ ნოტაზე გაშვებამ კი ვინ იცის, შესაძლოა ფსიქოლოგიურად გატეხოს იგი ტრადიციულად სტაბილურ „მაჩესტერ სიტისთან“ პაექრობაში, რომელმაც შარშანდელი სეზონი 19-ქულიანი სხვაობით მოიგო.

აღსანიშნავია, რომ პრემიერლიგის ადრინდელი რეკორდი სერ ალექს ფერგიუსონის პერიოდის „მანჩესტერ იუნაიტედს“ ეკუთვნის, როდესაც 1999-2000 წლების სეზონში მან „არსენალი“18 ქულით ჩამოიტოვა.  

 

 „მანჩესტერ სიტისა“ და „ლივერპულის“ შეხვედრაში ანგარიში მასპინძელთა არგენტინელმა ფორვარდმა სერხიო აგუერომ გახსნა

 

პრემიერლიგის დიდი ექვსეულიც თავის ადგილზეა და დღესავით ნათელია, რომ მე-7 ადგილოსან „ლესტერს“, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ Boxing Days-ზე ზედიზედ „ჩელსი“ და „მანჩესტერ სიტი“ დაამარცხა, ძალიან უნდა გაუჭირდეს უძლიერესთა ელიტაში შეჭრა.

საინტერესოა, რომ ექვსეულის ურთიერშეხვედრებში საუკეთესო შედეგი „მანჩესტერ სიტის“ აქვს, რომელმაც აქამდე ჩატარებულ 6 მატჩში 13 ქულა დააგროვა და ერთი ქულით უსწრებს „ლივერპულს“, რომელმაც 7 შეხვედრა გამართა.

ამ მაჩვენებლით კი ყველაზე სუსტი „მანჩესტერ იუნაიტედია“, რომელმაც ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით პრემიერლიგის უძლიერეს გუნდებთან ვერც ერთი თამაშის მოგება ვერ შეძლო, ორი მატჩი ფრედ დაასრულა და სამი წააგო.

სამაგიეროდ, მთავარ მწვრთნელად ყოფილ მანჩესტერელ ოლე გუნარ სულშერის დანიშვნის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ პრემიერლიგის გათამაშების ოთხივე მატჩი მოიგო, ლონდონის „არსენალთან“ ქულათა სხვაობა სამამდე შეამცირა და ამ უკანასკნელისა და „ჩელსის“ საკმაოდ არათანაბარი ასპარეზობის ფონზე, თითქოს ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის პერსპექტივაც გამოავლინა, რაც ჟოზე მოურინიოს პერიოდში წარმოუდგენელი  ჩანდა.

 

 „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი

 

ერთი კია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 22 დეკემბრიდან მოყოლებული მაინცდამაინც ძლიერი მეტოქე არ შეხვედრია და ოლე გუნარ სულშერის ბიჭებს ნამდვილი გამოცდის ჩაბარება გულშემატკივრის წინაშე შესვენებიდან დაბრუნებისთანავე, 13 იანვარს, ლონდონში „ტოტენჰემთან“ მოუწევთ, რომელთანაც პირველ წრეში შინ – „ოლდ ტრაფორდზე“ – სამარცხვინო ანგარიშით – 0-3 დამარცხდნენ.

მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, აშკარად შესამჩნევია ის სიხალისე და გნებავთ, აზარტი, რომლითაც ნორვეგიელი სპეციალისტის გუნდში მოსვლის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედი“ თამაშობს.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მოურინიოს გაშვებით გუნდმა მხრებიდან დიდი ტვირთი მოიცილა და თავისუფლად შეუდგა შემტევი ფეხბურთის თამაშს, რითაც სწორედ რომ ოლე გუნარ სულშერის პერიოდის „მანჩესტერ იუნაიტედი“, სერ ალექს ფერგიუსონის თავკაცობით, შიშის ზარს სცემდა პრემიერლიგის ნებისმიერ მოწინააღმდეგეს – „არსენალით“ და „ჩელსით“ დაწყებული, „ვესტ ჰემითა“ თუ „საუთჰემპტონით“ დამთავრებული…

„ჩელსის“ ამჟამად სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილი უკავია და ექვსი ქულით უსწრებს „მანჩესტერ იუნაიტედს“, რომელიც დიდი ექვსეულის გუნდთაგან, თანაქალაქელ „სიტისთან“ ერთად, სავარაუდოდ, ყველაზე მხიარულად შეხვდა 10-დღიან შესვენებას.

ზემოთ ნახსენებმა „არსენალმა“ კი ახალი მწვრთნელის, უნაი ემერის ხელმძღვანელობით სეზონის სტარტზე პირველივე შეხვედრები დათმო დიდი ექვსეულის წარმომადგენლებთან – „მანჩესტერ სიტისთან“ და „ჩელსისთან“.

სამაგიეროდ, შემდგომში გუნდმა მოგებების სერია გამოაცხადა პრემიერლიგის შუა ეშელონის გუნდებთან და რაც მთავარია, შესანიშნავ სტილში დაამარცხა დაუძინებელი მტერი – „ტოტენჰემი“.

ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა „არსენალისთვის“ „ლივერპულთან“ 29 დეკემბერს 1:5 სამარცხვინო წაგებამდე. ამ მატჩმა უდიდესი სხვაობა დაგვანახა პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების ლიდერსა და ლონდონურ კლუბს შორის, რომელმაც სავარაუდოდ, ვერ უნდა მოახერხოს ჩემპიონთა ლიგის ოთხეულში ადგილის დაკავება.

 

 „ლივერპულმა“ „არსენალი“ შინ 5-1 გაანადგურა

 

საგულისხმოა, რომ დიდი ექვსეულის წარმომადგენელთაგან ოთხ გუნდს  თებერვლიდან მოყოლებული უმძიმესი შეხვედრები ელის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე და ვინ როგორ მოახერხებს ძალების შენახვა-გადანაწილებას პრემიერლიგაში ბრძოლის გასაგრძელებლად, დიდწილად სწორედ ამ მატჩებზე იქნება დამოკიდებული.

აქვე გავიხსენოთ, რომ მერვედფინალში „ლივერპულს“,“,მანჩესტერ იუნაიტედს“, „ტოტენჰემს“ და  „მანჩესტერ სიტის“ შესაბამისად, „ბაიერნი“, „პსჟ“, „დორტმუნდი“ და „შალკე“ დაუპირისპირდებიან.

ყველაზე სუსტი მეტოქე პეპ გვარდიოლას ბიჭებს ერგოთ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათ გარანტირებული აქვთ ადგილი მეოთხედფინალში.

გასათვალისწინებელი იქნება დიდი ექვსეულის გუნდების სტრატეგია ინგლისის ორივე სათასო გათამაშებაშიც, რადგან ჩემპიონთა ლიგასთან ერთად, თითოეული ეს ფაქტორი დამატებით გავლენას მოახდენს ამ გუნდების ფიზიკურ კონდიციებზე პრემიერლიგის ასპარეზობაში.

ნურც იმას დავივიწყებთ, რომ „ჩელსი“ და „არსენალი“ ევროპის ლიგაზე ასპარეზობენ და ყველანაირად ეცდებიან ამ ტურნირის მოგებას, რაც მათგან დამატებით ძალისხმევას მოითხოვს.

პრემიერლიგის მოგების შანსს კი „ტოტენჰემიც“ ინარჩუნებს, რომელმაც არაერთი შესანიშნავი მატჩით დაგვამახსოვრა თავი მიმდინარე სეზონში. უბრალოდ, პოჩეტინოს გუნდს ტრადიციულად სტაბილურობა აკლდება ხოლმე გადამწყვეტი ქულების მოსაპოვებლად.

აი „ლივერპული“ კი… მოდით, ბოლოს ორიოდე სიტყვით კვლავ ლიდერს დავუბრუნდეთ: ნუთუ წლეულსაც უნდა გაუშვას ხელიდან პრემიერლიგის ტიტული სახელგანთქმულმა კლუბმა, რომელმაც შესვენების წინ ოთხქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა „სიტისთან“?

„ლივერპულს“ წლეულს უმართლებს. ამისთვის საკმარისია თუნდაც „ევერტონთან“ მატჩის 96-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის გახსენება, როდესაც ინგლისის ნაკრების მეკარის, პიკფორდის ხელიდან ბურთი ზემოდან დაეცა ხარიხას, სასწაული ტრაექტორიით მობრუნდა თამაშში და დივოკ ორიგის ისღა დარჩენოდა, ცარიელ კარში გაეტანა იმ მატჩში ერთადერთი გოლი.

 

 „ლივერპულმა“„ევერტონთან“ შეხვედრა 96-ე წუთზე გატანილი გოლის მეშვეობით მოიგო

 

აღსანიშნავია, რომ „ლივერპულს“ ჩემპიონთა ლიგაზე წაგებების პერიოდში, როდესაც გუნდს მაინცდამაინც არ ულხინდა,  საკმაოდ შეუწყო ხელი პრემიერლიგის კალენდარმა. მაშინ მერსისაიდელებს ჩემპიონატში აუტსაიდერებთან – „ჰადერსფილდთან“, ,„კარდიფთან“ და “ფულემთან“ ზედიზედ მოუწიათ თამაში და კლუბმა ჩავარდნის პერიოდშიც კი, ქულათა მაქსიმუმის მოგროვება შეძლო.

მართალია, იღბალმა იურგენ კლოპის ბიჭებს შეიძლება მომავალშიც არ უმტყუნოს, მაგრამ „ძლიერებს უმართლებს“ პრინციპით, პეპ გვარდიოლა ხომ ნამდვილი დიდოსტატია.

თანაც, გასათვალისწინებელია, რომ ურთიერთშეხვედრებში „მანჩესტერ სიტიმ“ „ლივერპული“ წელს ერთხელ დაამარცხა და ერთხელაც ფრედ ეთამაშა.

ყოველივე ზემოთქმული კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ მერსისაიდელებს უნდა გაუჭირდეთ ლიდერის პოზიციის შენარჩუნება, რადგან „სიტის“ მსგავსი მდევრის წლის ბოლომდე გაძლება ადვილი ნამდვილად  არ არის.

აქვე ვახსენოთ ისიც, რომ „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგაზე დაპირისპირების დღეებში, პრემიერლიგაში „ლივერპულს“ მძიმე შეხვედრა ელის „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“, „სიტის“ მეტოქე კი ლიგაზე „ბაიერნისგან“ განსხვავებით, ბუნდესლიგის მე-13 ადგილოსანი „შალკეა“…

„ლივერპულის“ უპირატესობა უშუალო მდევართან შეიძლება ის იყოს, რომ მერსისაიდელებს სამი მატჩი რჩებათ ჩასატარებელი დიდი ექვსეულის გუნდებთან, ხოლო „მანჩესტერ სიტის“ კი ოთხი.

პრემიერლიგის ტიტულისთვის ბრძოლასთან დაკავშირებით საბოლოო გასათვალისწინებელი ფაქტორი კი ამ გუნდების ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის ხანგრძლივობა  იქნება. არც ისაა გამორიცხული, რომ ისინი რომელიმე ეტაპზე ამ ტურნირზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

 


რეკომენდებული სტატიები
2018 წლის უმნიშვნელოვანესი საფეხბურთო მოვლენები

2018 წლის უმნიშვნელოვანესი საფეხბურთო მოვლენები

2018 წლის უმნიშვნელოვანესი საფეხბურთო მოვლენები
წლის საფეხბურთო მოვლენებს, ტრადიციულ ტურნირებთან ერთად, “უეფას” ერთა ლიგის დანერგვა განაპირობებდა, რომლის როგორც სადებიუტო გამარჯვება, ასევე გოლი, ქართველების ანგარიშზეა
გერმანული ფეხბურთის სიახლეები და დღევანდელი დღე

გერმანული ფეხბურთის სიახლეები და დღევანდელი დღე

გერმანული ფეხბურთის სიახლეები და დღევანდელი დღე
გერმანული ფეხბურთის დღევანდელ მდგომარეობას უკანასკნელი სკეპტიკოსიც კი ვერ ივარაუდებდა, როდესაც  2017 წლის დასაწყისში ბუნდესნაკრებმა ცალი ფეხით მოიგო კონფედერაციის თასი
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.