fbpx

ნარკოტიკული, ალკოჰოლური თუ აზარტული დამოკიდებულებისგან გათავისუფლების პროგრამა


გააზიარე სტატია

 

12 ნაბიჯის პროგრამა  მთელ მსოფლიოში აღიარებულია როგორც სხვადასხვა სახის დამოკიდებულებისგან გათავისუფლების ეფექტიანი საშუალება (ალკოჰოლზე,  ნარკოტიკზე, აზარტულ თამაშებზე, მედიკამენტებზე დამოკიდებულება და ა.შ).

ეს პროგრამა ამერიკაში გასული საუკუნის 30-იან წლებში შეიმუშავა ორმა ალკოჰოლზე დამოკიდებულმა ადამიანმა (ბილ უილსონი და ბობ სმიტი), რომლებმაც საკუთარი პრობლემის აღიარების, მისი გადაჭრის გზების ძიების, მიზნის დასახვისა და ურთიერთანადგომის შედეგად შეწყვიტეს მოხმარება, სრულფასოვან  ცხოვრებას დაუბრუნდნენ და გადაწყვიტეს სხვა ადამიანებისთვის გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება.

დღეისათვის  12 ნაბიჯის პროგრამაში მსოფლიოში მილიონობით ადამიანია ჩართული და   გათავისუფლებული სხვადასხვა სახის დამოკიდებულებისგან.

საქართველოში რამდენიმე თვის წინ გაიხსნა საკონსულტაციო/სარეაბილიტაციო ცენტრი „გამოსავალი“, რომელიც დამოკიდებულ ადამიანებს და მათ ოჯახის წევრებს (თანადამოკიდებულებს) დახმარებას სთავაზობს.

 

AT.ge ესაუბრა რევაზ ღოღობერიძეს, ორგანიზაცია „გამოსავალის“ დამფუძნებელს.

 

 

როგორ და რატომ დაინტერესდით ამ საქმიანობით და რას გულისხმობს კონკრეტულად 12 ნაბიჯის პროგრამა?

3 წელიწადზე მეტ ხანს ისრაელში ვცხოვრობდი. ამ ქვეყანაში დამოკიდებული ადამიანების რეაბილიტაციაზე ზრუნვა ძალიან განვითარებულია. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში იშვიათად თუ მოიძებნება ადამიანი, ვისაც ამ მტკივნეულ საკითხთან არ ჰქონია შეხება  როგორც მომხმარებელს, ან მომხმარებლის ახლობელს.

არ დავმალავ, რომ თავად მქონდა ნარკოტიკთან შეხება და შესაბამისად, ძალიან დავინტერესდი, თუ როგორ შეიძლება  „დამოკიდებულების დაძლევა“. თელ-ავივში გავიცანი ადამიანები, რომლებიც მრავალი წელი იტანჯებოდნენ ამ მძიმე სენით, თუმცა იპოვეს გზა, რომლის საშუალებითაც შეძლეს და დაუბრუნდნენ საზოგადოებას, როგორც მისი სრულფასოვანი წევრები.

ეს ხალხი უკვე  წლებია ფხიზელ ცხოვრებას ეწევა – დაოჯახდნენ,  დაიწყეს მუშაობა… სწორედ ამ ადამიანების რჩევით ჩავერთე 12 ნაბიჯის პროგრამაში. დავიწყე ლექციებზე, ანონიმურ შეხვედრებზე, თვითდახმარების წრეებზე, ფსიქოანალიზზე სიარული. თითქმის ერთი წელი ვსწავლობდი, თუ როგორ გამომეყენებინა 12 ნაბიჯის პროგრამა რეალურ ცხოვრებაში.

როდესაც მოხმარება შევწყვიტე, დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ როგორ დავხმარებოდი და გამეზიარებინა  ჩემი გამოცდილება სხვებისთვის და ერთ-ერთ ცენტრში კონსულტანტად მუშაობა შემომთავაზეს.

მკურნალობის მინიმალური ვადა 90 დღეა, სრულყოფილ რეაბილიტაციას კი ერთი წელი მაინც სჭირდება. პროგრამა ითვალისწინებს თვითდახმარების ცენტრებს, ანონიმურ ჯგუფებს, თერაპიის კურსს, ლექციებს, სპეციალურ  ლიტერატურას… პროფესიონალ ფსიქოლოგებთან და ფსიქიატრებთან ერთად,  ჯგუფებს ხელმძღვანელობენ ის ადამიანები, რომლებსაც თავად ჰქონდათ  დამოკიდებულების პრობლემები, შეწყვიტეს მოხმარება და ახლა სხვებს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას.

პროგრამა 12 თანმიმდევრული ნაბიჯისაგან შედგება და მისი პირველი საფეხურია პრობლემის აღიარება, ხოლო ბოლო, მე-12 ნაბიჯი –  სხვის დახმარებასა და საკუთარი გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს.

ნივთიერებაზე ფიზიკური დამოკიდებულებისაგან ადამიანი რამდენიმე კვირაში თავისუფლდება. ამ დაავადების მთავარი პრობლემა მენტალური, ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობაა და მისგან გამოწვეული სოციალიზაციის პრობლემები. ფიზიკური დამოკიდებულებისგან გათავისუფლებული ადამიანი ძალიან რთულად ახერხებს რესოციალიზაციას. მან არ იცის როგორ იცხოვროს, რით შეავსოს ის სიცარიელე, რომელსაც  აუცილებლად იგრძნობს, და ამის გამო ხშირად ისევ უბრუნდება ალკოჰოლს, ან ნარკოტიკს. ასევე პრობლემაა საზოგადოების უნდობლობა „გამოსწორებული“ ნარკომანის თუ ალკოჰოლიკის მიმართ. რეაბილიტაციაში ამ ყველა კომპონენტზე კომპლექსურად მუშაობენ, რაც ადამიანის საზოგადოებაში სრულფასოვან წევრად დაბრუნებას უწყობს ხელს.

 

 

ხშირად ახსენებთ დაავადებას…

ძალიან ხშირად საზოგადოება  მცდარად აფასებს ნივთიერებებზე დამოკიდებულ ადამიანებს. მაგალითად, ნარკოდამოკიდებულება უბრალოდ ცუდი ჩვევა ჰგონიათ, რომელსაც მონდომების შემთხვევაში, ადამიანი მარტივად დაანებებს თავს და რომ ცხოვრების ეს გზა მათი თავისუფალი არჩევანია. არადა არც ერთი ადამიანი არ ირჩევს ცხოვრების მეგზურად – ტანჯვას.

ხშირად ადამიანის პრობლემები გაცილებით ადრე იწყება, ვიდრე ის რაიმე ნივთიერებაზე გახდება დამოკიდებული და გარკვეული სიმპტომები მანამდეც ვლინდება. მძიმე ემოციური ფონი, სხვადასხვა სახის კომპლექსები, მარტოობის განცდა და ა.შ. ამ შემთხვევებში  ნარკოტიკი და ალკოჰოლი, მათი საუკეთესო მეგობრები ხდებიან. ნარკოტიკის (ალკოჰოლის) „დახმარებით“ ადამიანი ამ უსიამოვნო შეგრძნებებისგან თავისუფლდება, საბოლოოდ კი ამ ნივთიერებების მძევალი და მსხვერპლი ხდება. დამოკიდებულება მეტწილად მენტალური დაავადებაა, რომელსაც კონკრეტული სერვისი და მკურნალობა სჭირდება. ცნობილია, რომ ნარკოტიკზე და ალკოჰოლზე დამოკიდებულება უკურნებელი დაავადებებია, თუმცა სწორი თერაპიული კურსის შემთხვევებში, შესაძლებელია მათი კონსერვაცია.

 

 

რა სერვისს სთავაზობთ დამოკიდებული ადამიანების ახლობლებს?

პირველ რიგში, ჩვენ ოჯახის წევრებს (ახლობლებს) ვხვდებით, ვესაუბრებით და მათთან ერთად ვგეგმავთ შემდგომ სამოქმედო პროგრამას. საკუთარი თავის გარდა, დამოკიდებული ადამიანი  გარშემო მყოფ ხალხსაც აზარალებს. ადამიანი, რომელიც წლებია ცხოვრობს დამოკიდებულ ოჯახის წევრთან ერთად, მძიმე ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ექცევა და გარკვეულწილად, თანადამოკიდებული ხდება მის დაავადებაზე. თავად ოჯახის წევრებსაც აუცილებლად  ესაჭიროებათ ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია და თანადგომა. პაციენტმა და ოჯახის წევრებმა ერთად უნდა დაიწყონ ცხოვრება, ახალი ფურცლიდან – წარმატების მიღწევა მხოლოდ ურთიერთნდობითაა შესაძლებელი.

 

 

როგორც ვიცით, ეს სერვისი უფასოა

დიახ, უფასოა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოგვმართოს. ამ პროგრამის ფუნქციონირების იდეალური მოდელია, როდესაც სტაციონარი და სარეაბილიტაციო ცენტრი ერთ სივრცეშია მოქცეული და ადამიანს, სურვილის შემთხვევაში, საზოგადოებისგან დროებითი იზოლაციის საშუალებაც ეძლევა. სამწუხაროდ, ჩვენთან ეს სერვისი ჯერჯერობით არ არსებობს,  ვინაიდან თვითდაფინანსებითა და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების ხარჯზე ვმუშაობთ.

ძალიან კარგი იქნება, თუკი ადგილობრივი  კომპანიები და ორგანიზაციები ჩვენი არსებობით დაინტერესდებიან და ამ პროექტის განხორციელების საშუალებას მოგვცემენ, რადგან  სრულყოფილი სარეაბილიტაციო ცენტრის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია. პაციენტის სურვილის შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს საშუალება ის საზღვარგარეთ, კერძოდ კი ისრაელში გავაგზავნოთ სარეაბილიტაციო ცენტრებში. ცხადია, ეს მომსახურება ფასიანია.

დაბოლოს, მინდა ვთქვა, რომ  ჩვენს საზოგადოებას მაინც არა აქვს სათანადოდ აღქმული ნარკომანიის პრობლემა და სახელმწიფო დონეზეც კი  დამოკიდებული ადამიანი ისე აღიქმება, როგორც კრიმინალი და არა როგორც დაავადებული. არადა მისი იძულებითი იზოლაციით და გნებავთ, დროებითი განკურნებით ეს პრობლემები არ გვარდება. ეს უმძიმესი სენი პირდაპირი მნიშვნელობით ათასობით ადამიანს კლავს, მენტალურად ანგრევს მათი ოჯახის წევრებს, ბავშვები იზრდებიან დამახინჯებული ფსიქიკით.

ნარკომანია და ალკოჰოლიზმი არანაკლები ტრაგედიაა, ვიდრე ნებისმიერი ომი, რადგან მას უზარმაზარი ადამიანური რესურსი ეწირება. არადა, თუკი პრობლემას აღვიქვამთ, მისი მკურნალობის კომპლექსურ თერაპიას დავნერგავთ და ადამიანების მიმართ დამოკიდებულებას შევცლით – ბევრ სიცოცხლეს გადავარჩენთ. ჩვენ, ადამიანებმა, რომლებმაც ეს საკუთარ თავზე გამოვცადეთ, ნამდვილად ვიცით, რომ გამოსავალი არსებობს, და ის თქვენგან ძალიან ახლოსაა, მთავარია, გადაწყვიტოთ და პირველი ნაბიჯი გადადგათ.


რეკომენდებული სტატიები
სექსუალური რეცესია რიცხვებში
Play Video

სექსუალური რეცესია რიცხვებში

სექსუალური რეცესია რიცხვებში
მსოფლიოში სექსის მიმართ ინტერესის შემცირების მიზეზებად მეცნიერები შემთხვევითი კავშირების კულტურას, ეკონომიკურ წნეხს, ანტიდეპრესანტებს, პორნოგრაფიას, ვიბრატორებსა და მშობლების გადაჭარბებულ ზედამხედველობას ასახელებენ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.