გრიპთან გამკლავების წარმატებული მეთოდები
ავტორი: სოფია გიგიტაშვილი
ზუსტად არავინ იცის, საიდან მოდის გრიპის ვირუსი და ისიც უცნობია, თუ როგორ ჩნდება იგი ერთდროულად გეოგრაფიულად ერთმანეთისაგან დაშორებულ ადგილებში და ხუთი-ექვსი კვირის შემდეგ ისევ უცებ, თავისით უჩინარდება. არის ვერსია, რომ იგი აზიის ქვეყნებში ცხოველებიდან და ფრინველებიდან ადამიანზე გადადის, შემდეგ კი სხვადასხვა გზებით მთელ მსოფლიოში ვრცელდება.
ყოველწლიურად გრიპით მოსახლეობის დაახლოებით 10% ავადდება. დროდადრო არსებობს ეპიდემიის წლებიც, როცა ეს რიცხვი 30%-მდე იზრდება. გრიპი ყველაზე მეტად მოხუცებს, ბავშვებს, ფეხმძიმე ქალებს და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს ერჩის. არავინ არ არის დაზღვეული გრიპისგან, მაგრამ მისი ორგანიზმზე გავლენის დონეს და ხანგრძლივობას ჩვენი ზოგადი ჯანმრთელობა უთუოდ განსაზღვრავს.
რა არის გრიპი?
გრიპი ვირუსია. იგი ბაქტერიისაგან იმით განსხვავდება, რომ სხვა ორგანიზმის გარეშე მას გამრავლება არ ძალუძს. ვირუსი, როგორც ბაქტერია, შეიცავს დნმ-ს, მაგრამ იგი ქიმიური ფრაგმენტი უფროა, ვიდრე ცოცხალი ორგანიზმი. დღესდღეობით არსებობს ოთხი ტიპის გრიპის ვირუსი – ინფლუენზა A, ინფლუენზა B, ინფლუენზა C და ინფლუენზა D. მოსახლეობაში გავრცელებული გრიპი ძირითადად A და B ტიპია. იგი ორგანიზმში სასუნთქი გზების და პირის ღრუს საშუალებით ხვდება. გრიპის ვირუსი მუდმივად განიცდის მუტაციას, ამიტომაც თუ გრიპი გადატანილი გაქვთ, ეს ვერ დაგიცავთ ახალი ტიპის გრიპისგან.
ვინაიდან გრიპი ვირუსია, მას ანტიბიოტიკები და წამლები ვერ შველის. როგორც წესი, იგი 7-14 დღეში თავისით უჩინარდება. იშვიათად, მაგრამ არსებობს გართულებებიც, რომლებიც შესაძლებელია ფატალურადაც დასრულდეს. ამიტომ გრიპის გართულების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
როგორ გავუმკლავდეთ გრიპს?
უპირველეს ყოვლისა უნდა გვახსოვდეს, რომ გრიპის ვირუსი დედამიწაზე ახალი არ არის. ჩვენი გარემო სავსეა უამრავი ხილული თუ უხილავი ბაქტერიით და ვირუსით, რომლებიც გამუდმებით ცდლობენ სხვა ორგანიზმებში შეღწევას. ამ მიკრო და მაკრო ორგანიზმების მცდელობა წარმატებულია, თუ ორგანიზმის თავდაცვის სისტემა შესუსტებულია.
საბედნიეროდ, ჩვენ აღჭურვილი ვართ იმუნური სისტემით, რომელიც დაუღალავად უთვალთვალებს და ებრძვის დაუპატიჟებელ სტუმრებს. იმუნური სისტემის სათანადო ფუნქცია კი მჭიდროდ არის დაკავშირებული საკვების მომნელებელი სისტემის ფუნქციაზე, რადგან 70% იმუნური სისტემისა სწორედ აქ არის განლაგებული.
სამწუხაროდ, ჩვენი გარემოსა თუ ცხოვრების წესიდან გამომდინარე, თანამედროვე ადამიანის იმუნური სისტემა სიძლიერით ვეღარ გამოირჩევა და შესაძლებელია სწორედ ამიტომაც ავადდება უამრავი ადამიანი გრიპით.
როგორც ვახსენე, გრიპის ვირუსის დასამარცხებლად ანტიბიოტიკები და წამლები არ გამოდგება. ამ შემთხვევაში უნდა ვიზრუნოთ ორგანიზმისათვის ისეთი პირობების შესაქმნელად, რაც გაადვილებს ვირუსთან გამკლავებას.
არ შეგეშინდეთ სიცხის. სიცხე ორგანიზმში დარღვეული ბალანსის აღდგენის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. სწორედ სიცხის საშუალებით ებრძვის იმუნური სისტემა გრიპის ვირუსს. ამ დროს ხდება იმუნური სისტემის გააქტიურება, ვირუსთან მებრძოლი ლეიკოციტების დიდი რაოდენობით გამოყოფა, ასევე მაღალი ბაზალური ტემპერატურა ხელს უშლის გრიპის ვირუსის გამრავლებას. ასეთ დროს დაისვენეთ, მოერიდეთ მძიმე საკვებს, მიიღეთ წყალი ელექტროლიტებთან ერთად (ცოცხალი ლიმონის ან ფორთოხლის წვენი), ჯინჯერის და ლიმონის ჩაი. თუ სიცხე გაუსაძლისია (38.5 და მაღალი) და 2-3 დღეზე მეტხანს გაგრძელდა, შეგიძლიათ მიიღოთ სიცხის დამწევი პრეპარატი, თუმცა გახსოვდეთ, რომ ეს მხოლოდ სიცხეს დაგიწევთ და ვერ აღმოფხვრის გრიპის გამომწვევ მიზეზებს. თუ თქვენი მდგომარეობა ერთ კვირაში არ გაუმჯობესდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
ანწლის სიროფი. კვლევების თანახმად, ანწლი ადამიანის ორგანიზმში იწვევს გრიპის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოყოფას. მისი მიღებიდან 48 საათის განმავლობაში გრიპის და გაციების სიმპტომები საგრძნობლად მცირდება. მასში შემავალი ანტიოქსიდანტები აძლიერებენ იმუნურ სისტემას. პროტეინი ჰემაგლუტინინი კი იწვევს ვირუსის დეაქტივიზაციას და ხელს უშლის მის გამრავლებას. ანწლის სიროფი წარმატებულია როგორც გრიპის ვირუსის მკურნალობის, ასევე მისი პრევენციისთვის. რეკომენდებულია დღიურად ანწლის სიროფის მიღება გრიპის სეზონის დაწყებისთანავე. პროფილაქტიკის მიზნით – 1 ს/კ დღეში. გრიპის დროს – 1 ს/კ ყოველ 2 საათში.
ორეგანოს (თავშავა) ზეთის ექსტრაქტი. ველური ორეგანო ცნობილია თავისი ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. მასში შემავალი მინერალები, ანტიოქსიდანტები და როზმარინის მჟავა ხელს უწყობენ იმუნური სისტემის გააქტიურებას. ნივთიერება კარვაკროლი კი წარმატებით უმკლავდება გრიპის ვირუსს. ორეგანოს ზეთი გამოიყენება როგორც გრიპის, ასევე ბრონქიტის და სასუნთქი გზების სხვა გართულებების სამკურნალოდაც. ის ასევე ამცირებს გრიპისაგან გამოწვეულ დისკომფორტს – სხეულისა და ყელის ტკივილს. აუცილებლად შეიძინეთ ველური ორეგანოს ზეთი P73 (პოლიფენოლი 73%). მისი გამოყენება შეიძლება როგორც გრიპის ვირუსის მკურნალობის, ასევე მისი პრევენციისთვის. რეკომენდებული დოზაა 3-10 წვეთი ოთხჯერ დღეში ენის ქვეშ. შეგიძლიათ მიიღოთ წვეთები ან გახსნათ წყალში. ტკივილებისა და სასუნთქი გზების სამკურნალოდ 10 წვეთი ორეგანოს ზეთი გახსენით 2 ს/კ ზეითუნის ზეთში და შეიზილეთ გულმკერდის არეში.
პრობიოტიკები. ჩვენი იმუნური სისტემის 70% სწორედ საკვების მომნელებელ სისტემაშია განლაგებული. როცა მუცლის ფლორა დაბალანსებული და ჯანმრთელია, ჩვენი იმუნური სისტემაც სათანადოდ მუშაობს. ფლორის კეთილდღეობა ბაქტერიებზეა დამოკიდებული. ჩვენს მუცელში დაახლოებით 400-ზე მეტი სახეობის ბაქტერია ბინადრობს. მათგან დაახლოებით 85% “კარგი” ბაქტერიაა და 15% კი “ცუდი”. ბევრ სხვა საქმიანობასთან ერთად “კარგი” ბაქტერიები ასევე გვიცავენ ვირუსებისა და სხვა ავი ბაქტერიებისაგან. გრიპის სეზონის დასაწყისში და ასევე გრიპის დრო რეკომენდებულია პრობიოტიკების მიღება. შეიძინეთ Bifidobacterium bifidum სახეობის პრობიოტიკები. კვლევების თანახმად, სწორედ ეს სახეობაა წარმატებული გრიპისა და გაციების დროს.
გრიპის თავიდან ასაცილებლად ხშირად დაიბანეთ ხელები, მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, მიიღეთ ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებები. გრიპის პირველივე სიმპტომების შენიშვნისთანავე გაზარდეთ დოზა, მოუკელით ჭამას, მოუმატეთ სითხეს. ძილი და დასვენება ყველაზე მნიშვნელოვანია ავად ყოფნის დროს, რათა ორგანიზმის ენერგია არა საკვების მონელებასა და მოძრაობას, არამედ გაჯანსაღებას მოხმარდეს.