გრიპი ციფრებსა და თარიღებში


გააზიარე სტატია

 

ავტორი: თეა სხიერელი

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის WHO მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში სეზონური გრიპით 3-5 მილიონი ადამიანი მძიმედ ავადდება, რაც მათგან  290−650 ათასის  გარდაცვალების მიზეზი ხდება.

ბოლო 3 საუკუნის განმავლობაში პანდემიური გრიპი გლობალურად 5-ჯერ გავრცელდა: პანდემიას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც ცირკულაციას იწყებს ახალი ქვეტიპის ვირუსი, რომლის მიმართაც მოსახლეობას არ გააჩნია იმუნიტეტი. პირველი პანდემია 1889-1890 წლებით თარიღდება (ვირუსის ტიპი H3N8), ლეტალობა – 1 მილიონი;  მას 1918-1919 წლებში მედიცინის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფა – ე. წ. „ესპანური გრიპი“ მოსდევს (ვირუსის ტიპი H1N1); ე. წ. „ისპანკას“ 40-50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, უფრო მეტი, ვიდრე ის-ის იყო დასრულებულ პირველ მსოფლიო ომს. გრიპის გავრცელების სიჩქარე და სიმძიმე ისეთი დამთრგუნველი აღმოჩნდა, რომ პლანეტის მოსახლეობის მესამედი (დაახლოებით 500 მლნ) დაავადდა.

 

ზოგიერთი მკვლევარის აზრით, „ესპანური გრიპი“ 1918 წლის 11 მარტს, გამთენიისას დაიწყო, როცა ჯარისკაცი ფორტ რაილიდან (კანზასი) ბანაკის საავადმყოფოში ცხელებით მივიდა. PBS-ის დოკუმენტური ფილმის, „Influenza 1918“-ის მიხედვით, შუადღისთვის საავადმყოფოს ასმა ჯარისკაცმა მიმართა. ერთი კვირის განმავლობაში ეს რიცხვი ხუთჯერ გაიზარდა. იმ გაზაფხულზე, სანამ დაავადების გავრცელება შემცირებას დაიწყებდა, საავადმყოფოში რამდენიმე ათეული ჯარისკაცი გარდაიცვალა.

სინამდვილეში, 1918 წლის პანდემიას „ესპანური“ უსაფუძვლოდ ეწოდა – საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში გარდაცვლილთა რიცხვი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ესპანეთში, თუმცა ამ ქვეყნებში ავადობის მონაცემები საომარი მდგომარეობის ცენზურის გამო არ ხმაურდებოდა. ფრანგი ექიმები ამ დაავადების აღმნიშვნელ კოდურ დასახელებას – Maladie Onze – იყენებდნენ, რაც „ავადმყოფობა #11-ს“ ნიშნავს. ესპანეთი ომში ნეიტრალიტეტს იცავდა, შესაბამისად, იქ არც სამხედრო ცენზურა არსებობდა, ამიტომ სწორედ ამ ქვეყანაში გამოჩნდა პირველი პუბლიკაციები პანდემიის შესახებ და  სახელწოდება „ესპანური“ გრიპიც ამ მიზეზით დამკვიდრდა.


 

აზიურ გრიპს  (1957-1958), ვირუსის ტიპი H2N2, 2 მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლა; ჰონკონგის გრიპის (1968-1969), ვირუსის ტიპი H3N2, მსხვერპლი 1 მილიონი ადამიანი გახდა; 2009 წლის (ვირუსის ტიპი H1N1) პანდემიური გრიპის მსხვერპლი კი – 18 000.

ისტორიულ წყაროებში გრიპის  მსგავსი დაავადების შესახებ პირველი ცნობები ძვ. წ. 876 წელს ჩნდება, თუმცა დეტალურად ძვ. წ. 412 წელს ჰიპოკრატემ აღწერა რესპირატორული დაავადება, რომელიც გრიპს ძალიან მოგვაგონებს. ავადმყოფებს მაღალი სიცხე, ყელისა და თავის ტკივილი აწუხებდათ, თანაც დაავადება უსწრაფესად  გადაედებოდა ერთი ადამიანიდან მეორეს: თუ ვინმე დაავადდებოდა, მალე იგივე სენი მის გარშემო დაახლოებით ათ, ერთი კვირის მერე კი ას ადამიანს შეეყრებოდა. ასე იწყებოდა ნამდვილი პანდემია, რომელიც ქვეყნებსა და კონტინენტებსაც კი მოიცავდა – ამას მემატიანეები გვამცნობენ. ზოგიერთი თანამედროვე ისტორიკოსის აზრით, ძვ. წ. 404 წელს ათენში მასობრივი სიკვდილიანობის მიზეზი სწორედ გრიპი იყო.

ევროპაში გრიპის პირველი, წყაროებში აღწერილი ეპიდემია – ე. წ.„გლეხთა ცხელება“ 1173 წლით თარიღდება, როდესაც იტალიას, გერმანიასა და ინგლისს ციებ-ცხელებით მიმდინარე კატარული დაავადების დიდმა ტალღამ გადაუარა. დოკუმენტურად დადასტურებული პანდემიური გრიპი კი 1580 წელს გავრცელდა და მან მაშინდელი ევროპის, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ ამერიკის მოსახლეობის 90 პროცენტი მოიცვა.

შუა საუკუნეებში გრიპის აფეთქებები ხშირი იყო. მას ევროპაში „იტალიურ ცხელებას“ უწოდებდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ ავადმყოფობა იტალიიდან ვრცელდებოდა. მკურნალობა კი თაფლისა და ბალახეული ნაყენების მიღებას ითვალისწინებდა და ავადობის მიზეზად ღვთის რისხვა მიიჩნეოდა. XIX საუკუნის ბოლომდე გრიპი კონტაგიოზურ (ერთი ადამიანისგან მეორეზე უშუალოდ გადამდებ) დაავადებად არ ითვლებოდა; ვინაიდან ავადმყოფობა ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა დიდ დასახლებულ პუნქტებში, ის ხან მიაზმურ პათოლოგიად მიაჩნდათ, ხან  კატარულ ეპიდემიას და კონტაგიოზულ ცეფალგიას უწოდებდნენ.

XVI საუკუნეში ავადმყოფობა უკვე დაწვრილებით შესწავლილ-აღწერილი იყო, მაგრამ სახელწოდება ჯერაც ვერ მოეძებნათ. პირველად მას იტალიელებმა „ინფლუენცა“ (Influenza – ზემოქმედება, გავლენა) უწოდეს. ამასთან დაკავშირებული რამდენიმე ჰიპოთეზიდან ერთ-ერთის თანახმად, ავადმყოფობის მიზეზი ვარსკვლავთა განლაგების გავლენა იყო და ეპიდემია სწორედ ვარსკვლავთწყობის გარკვეულ ფაზებში ატყდებოდა თავს დედამიწას. დაავადების მეორე ოფიციალური სახელი „გრიპი“ (დაჭერა, დამორჩილება) მხოლოდ სამი საუკუნის შემდეგ გაჩნდა (ფრანგ. Gripper-სა და გერმანული Die Grippe-ს გავლენით).

ეპიდემია ხშირად ჩნდებოდა, მაგრამ მსოფლიო მასშტაბებს საუკუნეში სამ-ოთხჯერ აღწევდა. ასეთ მოვლენებს პანდემია ეწოდა. ცნობილი პანდემიის შემთხვევები 1580, 1675, 1729, 1742-1743, 1780, 1831, 1857, 1874-1875 წლებში აღირიცხა. ასწლეულების განმავლობაში გრიპზე საკმაო ინფორმაცია გროვდებოდა, მაგრამ მკვლევრებმა მისი ბუნების, წარმოშობა-გავრცელების მიზეზებისა და ეფექტიანი მკურნალობის თაობაზე არაფერი იცოდნენ. დაავადების აფეთქებას დედამიწის ელექტრულ ველს, ჰაერში ოზონის მატებას, ტემპერატურულ ცვლილებებსა თუ ნალექების რაოდენობასაც უკავშირებდნენ.

 

 

ამ ფანტასტიკურ თეორიებს წერტილი გერმანელმა ექიმმა და მიკრობიოლოგმა რიხარდ პფაიფერმა  Richard Friedrich Johannes Pfeiffer  დაუსვა. 1889-1892 წლების ეპიდემიის დროს ავადმყოფების ნახველიდან აღებულ ნაცხში მან გრიპის გამომწვევი უმცირესი ზომის, ჩხირისებრი ბაქტერია აღმოაჩინა, რომელსაც Pfeiffer’s Bacillus – Bacillus Influenzae  ეწოდა. პფაიფერის მიგნება ფრანგი და სხვა გერმანელი მეცნიერების კვლევებითაც დადასტურდა. სამეცნიერო სამყარო გამარჯვებას ზეიმობდა, თუმცა იმხანად არც ანტიბიოტიკები და არც გართულებული გრიპის სამკურნალო საშუალება ჯერ კიდევ არ არსებობდა.   

1931 წელს ამერიკელმა რიჩარდ შოუპმა Richard Shope, რომელიც გრიპის მიმდინარეობას ღორების პოპულაციაში შეისწავლიდა, აღმოაჩინა, რომ ავადმყოფობას არა ბაქტერია, არამედ ვირუსი იწვევს. ჰიპოთეზა, რომ ადამიანს გრიპი სწორედ ვირუსის გადადების შედეგად ემართება, საკამათო აღმოჩნდა. ორწლიანი  კვლევების შედეგად ადამიანში გრიპის გამომწვევი ვირუსი – Orthomyxoviridae აღმოაჩინეს.

1933 წელს, პანდემიის დროს, ლონდონის ეროვნული სამედიცინო კვლევების ინსტიტუტის მეცნიერებმა – უილსონ სმიტმა, კრისტოფერ ენდრიუსმა და პატრიკ ლეიდლოუმ  პირველად გამოყვეს ადამიანის გრიპის გამომწვევი ვირუსი, რომელსაც „А ტიპის გრიპის ვირუსი“ ეწოდა. იმხანად ყველას სჯეროდა, რომ დაავადების მიზეზი დადგენილია, თუმცა  1940 წელს სამეცნიერო სამყარო კიდევ ერთმა აღმოჩენამ შეძრა: ტომას ფრენსისმა გრიპის კიდევ ერთი, В ტიპის ვირუსი აღმოაჩინა, ხოლო 1947 წელს რიჩარდ ტეილორმა С ტიპის ვირუსს მიაგნო. მას შემდეგ, რაც საბოლოოდ დადგინდა, რომ გრიპს სწორედ ვირუსები იწვევს, დაავადების ისტორიაში არსებული ბევრი იდუმალი ფაქტი ადვილად ასახსნელი და გასაგები გახდა, თუნდაც, მაგ., ავადმყოფობის ცვალებადი ხასიათი, სხვადასხვაგვარობა და გავრცელების უნარი, თუმცა ამით გრიპთან დაკავშირებული პრობლემები არ შემცირებულა.

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  WHO რჩევები

 

5 წესი, რომელიც აუცილებლად უნდა დაიცვათ გრიპით დაავადების შემთხვევაში:

  • აიფარეთ ხელსახოცი ცხვირსა და ყელზე, როცა ახველებთ ან აცემინებთ;
  • ხშირად დაიბანეთ ხელები;
  • დალიეთ ბევრი სითხე (წყალი) და ეცადეთ, მშვიდ გარემოში იმყოფებოდეთ;
  • თუ სუსტი იმუნური სისტემა გაქვთ, შესაძლოა ანტივირუსული პრეპარატები დაგჭირდეთ;
  • არ დალიოთ ანტიბიოტიკები – ისინი არაეფექტიანია როგორც გაციების გამომწვევი, ისე გრიპის ვირუსების წინააღმდეგ.

5 წესი, რომელიც უნდა დაიცვათ, გრიპი რომ არ გადაგედოთ:

  • ჩაიტარეთ გრიპის საწინააღმდეგო ყოველწლიური ვაქცინაცია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გრიპი მაინც შეგეყრებათ, მისი სიმპტომები სუსტი იქნება;
  • მოერიდეთ ურთიერთობას გრიპით დაავადებულ ადამიანებთან;
  • ეცადეთ, ხელით არ შეეხოთ საკუთარ თვალებს, ცხვირსა და პირს: ყველაზე ხშირად თქვენს სხეულში პათოგენური ორგანიზმები სწორედ ამ გზით ხვდება;
  • თუ დაავადებულ ადამიანთან ერთად ცხოვრობთ, ეცადეთ, ხშირად გაანიავოთ ბინა და დეზინფექცია ჩაუტაროთ ავეჯისა და ნივთების ზედაპირს;
  • ხელ-პირი ხშირად დაიბანეთ.

დამატებითი ინფორმაციისა და  რჩევებისათვის, მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გრიპის გავრცელების შესახებ მონაცემებისათვის იხილეთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (https://www.who.int/Influenza/En/ )  და საქართველოს  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე მუდმივად განახლებადი ინფორმაცია ( http://www.ncdc.ge).

 

1918 წლის პანდემიური გრიპი გახდა 28 წლის სახელგანთქმული ავსტრიელი მხატვრის ეგონ შილესა და მისი 6 თვის ორსული მეუღლის, ედით ჰარმსის გარდაცვალების მიზეზი.

რეკომენდებული სტატიები
გრიპთან გამკლავების წარმატებული მეთოდები

გრიპთან გამკლავების წარმატებული მეთოდები

გრიპთან გამკლავების წარმატებული მეთოდები
გრიპის ვირუსის დასამარცხებლად ანტიბიოტიკები და წამლები არ გამოდგება. ამ შემთხვევაში უნდა ვიზრუნოთ ორგანიზმისათვის ისეთი პირობების შესაქმნელად, რაც ვირუსთან გამკლავებას გააადვილებს
ზამთარში ჯანმრთელობის შენარჩუნების მარტივი რჩევები

ზამთარში ჯანმრთელობის შენარჩუნების მარტივი რჩევები

ზამთარში ჯანმრთელობის შენარჩუნების მარტივი რჩევები
ზამთარში ჩვენს იმუნურ სისტემას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებას კი ვიტამინები და ჯანსაღი მომნელებელი სისტემა განსაზღვრავს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.