“ეშვი ქიდსი” – ქართული პრემიუმ ხარისხის ბრენდი ბავშვებისთვის
“ეშვი ქიდსი” ლონდონში დაფუძნებული, ხარისხსა და დიზაინზე ორიენტირებული ქართული საბავშვო ბრენდია. At.ge კომპანიის დამფუძნებელს, თათუნა სვანიძეს ბრენდზე და მის სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
გვესაუბრება “ეშვი ქიდსის” დამფუძნებელი თათუნა სვანიძე:
მოგვიყევით “ეშვი ქიდსის” შესახებ – რა არის მისი მთავარი კონცეფცია
ბრენდის შექმნის იდეა მას შემდეგ გამიჩნდა, რაც თვითონ გავხდი დედა და ამ სფეროსთან მომიწია შეხება, ამ დროს აღმოვაჩინე ბევრი საინტერესო ბრენდი. არჩევანის გაკეთებისას ყოველთვის ხარისხს ვანიჭებ უპირატესობას. ბრენდის შექმნის იდეაც აქედან წამოვიდა, მინდოდა შემექმნა ისეთი საბავშვო ხაზი, რომელიც იქნებოდა ხარისხსა და დიზაინზე ორიენტირებული, გამორჩეული, სადა და დახვეწილი.
ჩემი საქმიანობის ინსპირაცია ჩემი შვილები არიან.
რა მასალით იკერება ბავშვისთვის ტანსაცმელი?
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქსოვილი, რომელიც ბავშვის კანს უშუალოდ ეხება, იყოს ნატურალური, ორგანული, ანტიალერგიული და სასიამოვნო. ჩვენ ვიყენებთ ორგანულ ბამბას, რომელსაც აწარმოებენ ჩვენი დაკვეთით და ასევე 100%-იან ნატურალურ ტილოს, რომელიც ყველაზე კომფორტული და სასიამოვნოა ზაფხულის კოლექციებისთვის.
რა არის თქვენი სავაჭრო ნიშანი?
ჩვენი სავაჭრო ნიშანი არის ხარისხი და ის ასაკობრივი ზღვარი, რაც გვაქვს – ამ ეტაპზე ბრენდი აწარმოებს სამოსს 6 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, მინდა ხაზი გავუსვა, რომ “ეშვი ქიდსის” სამოსი არის უნისექსი.
რა დატვირთვა აქვს კოლექციაში ფერებს და თუ აქვს ბრენდს კონცეპტუალური ან მთავარი ფერი?
ჩვენს კოლექციებში ფერებს საკმაოდ დიდი დატვირთვა აქვს, ტექნიკურად თითოეული მოდელი ერთმანეთის მსგავსია, რაც ასევე ჩვენი ბრენდის მთავარი ნიშანია, თუმცა მათ ერთმანეთისგან სწორედ ფერები განასხვავებს. ჩვენ ყოველთვის აქცენტს სისადავეზე ვაკეთებთ, ვცდილობთ არ გამოვიყენოთ პრინტი. ფერები ქმნის ჩვენს კოლექციებს, რაც საბოლოო ჯამში ხაზს უსვამს პროდუქტის იდეას.
რა გეგმები გაქვთ ბრენდის დაარსების ერთ წლისთავთან დაკავშირებით, საერთაშორისო გამოფენებზე ხო არ გეგმავთ მის წარდგენას?
ამ ეტაპზე აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვადასხვა ონლაინ მაღაზიებთან და საერთაშორისო გამოფენების ორგანიზატორებთან, 2019 წლის ზაფხულში აუცილებლად წარვსდგებით ჩვენი კოლექციით ფართო საზოგადოების წინაშე.
სად შეუძლია მომხმარებელს “ეშვი ქიდსის” შეძენა?
“ეშვი ქიდსის” შეძენა შესაძლებელია ონლაინ www.eshvi-kids.com-ზე და ასევე საერთაშორისო ონლაინ მაღაზია www.farfetch.com-ზე.
როგორია ბრენდის სამომავლო განვითარების ხედვები?
ბრენდის მთავარი მიზანია მონაწილეობის მიღება რაც შეიძლება მეტ საბავშვო ტანსაცმლის გამოფენებზე მსოფლიოს მასშტაბით. ასევე ვგეგმავთ კოლექციების გაზრდას და ბევრ სხვა სიახლეს.