ქართველი დიზაინერი ანუკა თავართქილაძე კიოლნში, ავეჯის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს


გააზიარე სტატია

 

ავტორი: შორენა ტყეშელაშვილი

 

ანუკა თავართქილაძე – ინტერიერისა და ავეჯის დიზაინერი –  ერთ-ერთია იმ ოთხ ქართველ დიზაინერს შორის, რომლის ძველი და ახალი ნამუშევრები  14-20 იანვრის ჩათვლით გერმანიაში, ქალაქ კიოლნში, ავეჯის საერთაშორისო გამოფენაზე –  Passagen Interior Design Week-ზე გამოიფინება. ინტერიერის დიზაინერის ინტერესი მუდმივი ექსპერიმენტებია მასალასა და ფორმაზე, რის გამოც მის ნამუშევრებში თითქმის არ მეორდება ერთი სტილი  და ყველა ჩანაფიქრი პროდუქტი თვითმყოფად ხასიათს და იერს იძენს.

 

 

პირვანდელი პროფესიით არქიტექტორი ხართ. დიზაინის ინტერიერსა და არქიტექტურას შორის დიდი ზღვარი არ უნდა იყოს… მოგვიყევით, როგორ დაინტერესდით  ინტერიერის დიზაინით და რამ გაგიტაცათ ამ საქმიანობაში?

სკოლის დამთავრების  შემდეგ ვიცოდი, რომ დიზაინერობა იყო ის, რაც მომწონდა და რის სწავლაც მინდოდა. თუმცა ერთი პედაგოგის რჩევით ჩავაბარე  არქიტექტურულზე, რათა უფრო ფართო სპექტრის განათლება მიმეღო. საბაკალავროს დამთავრების შემდეგ მაგისტრატურის კურსი სწორედ ინტერიერის დიზაინის მიმართულებით  გავიარე.  ვფიქრობ, ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ცოდნა, რომელიც  არქიტექტურულზე სწავლისას შევიძინე, ძალიან მადგება დღევანდელ ჩემს პროფესიაში. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ საქმით, რასაც ვაკეთებ. ეს მუდმივი ქმნადობის პროცესია. შენს თვალწინ აბსოლუტურად არაფრისგან იქმნება სივრცე, შენ მიერ დაგეგმილი, რომელშიც სხვა ადამიანებმა უნდა იცხოვრონ.

 

 

რა შეიძლება იქცეს შთაგონების წყაროდ, ან საიდან იღებთ მას?

ავეჯის შექმნის დროს  შთაგონების წყარო შეიძლება  მრავალი რამ იყოს. როგორც მოლბერტის შემთხვევაში, ხშირად საგნები თავად გვკარნახობენ ფორმებს. უბრალოდ დაკვირვებული თვალი როდესაც გაქვს, უფრო სხვანაირად ხედავ საგნებს და შეგიძლია მათი ფორმების  შენი საქმისთვის თავისებურად გამოყენება.

 

 

სად გადის ზღვარი თქვენთვის ფუნქციურობასა და ესთეტიკურობას შორის და კიდევ რა დამატებითი ხასიათების წარმოჩენაა მნიშვნელოვანი მუშაობის პროცესში?

ამ მხრივ ძალიან რთულია ავეჯის დიზაინერის საქმიანობა. ძნელია დათმო ფუნქციურობა ესთეტიკურობის სასარგებლოდ  და პირიქით. მე ვცდილობ ხოლმე, რომ ბალანსი დავიცვა ამ ორ რამეს შორის. ყოფილა, როდესაც რაღაც ძალიან ლამაზი ფორმა მომფიქრებია, მაგრამ ის  მოუხერხებელი გამომდგარა პრაქტიკული თვალსაზრისით. თუმცა ჩემთვის მხოლოდ პრაქტიკული ნივთების შექმნაც წარმოუდგენელია. დიდ ყურადღებას ვანიჭებ ესთეტიკურობას. რომ შევაჯამო, ჩემთვის მთავარია, რომ ნივთი იყოს ლამაზი და კომფორტული გამოყენებისას.

 

 

პირველი ნივთი როდის შექმენით და რა დანიშნულებისა იყო?

პირველი ნივთი გავაკეთე 2013 წელს. ეს იყო სათავსოიანი სარკე, რომელიც ფორმით მოლბერტს ჰგავს. შესაძლოა, სამხატვრო აკადემიიდან გამომყვა ეს ფორმა. ფუნქციურად ძალიან მოსახერხებელია, სამი უჯრა აქვს, რომელიც საკმაოდ ტევადია მაკიაჟისთვის. ზედაპირზეც შეიძლება საგნების მოთავსება. სარკეს თავში დამაგრებული აქვს სანათი. სკამთან  კომპოზიციაში ძალიან მოხდენილი ნივთი გამოვიდა.

 

 

Passagen Interior Design Week-ზეც ვისაუბროთ. რამდენად მნიშვნელოვანია მსგავს გამოფენებში მონაწილეობა დიზაინერებისთვის და რა სიხშირით გამოიფინება ქართული პროდუქტი საერთაშორისო გამოფენებზე?

სამწუხაროდ, მსგავსი ღონისძიებები საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რაც ხშირად გადამწყვეტი ფაქტორია იმისა, თუ რატომ უწევს ბევრ დიზაინერს ამგვარ გამოფენაში მონაწილეობაზე უარის თქმა. ჩვენს შემთხვევაში გადაზიდვის და მონაწილეობის სახსრები დაფარეს GIZ-მა, ,,აწარმოე საქართველოშიმ” და ქართული ავეჯის კლასტერმა, რისთვისაც დიდი მადლობა მათ.  მიუხედავად ამისა, რამდენიმე დიზაინერმა მაინც მოახერხა წინა წლებში ზოგიერთ გამოფენაში მონაწილეობის მიღება, რაც ძალიან სასიხარულო ფაქტია. ამ მხრივ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ ამ გამოფენას, სადაც ძალიან საინტერესო  კონტაქტების დამყარება შეიძლება.


ადგილობრივ ბაზარზე რა მდგომარეობაა ამ მხრივ და რა გამოწვევები გხვდებათ?

ადგილობრივ ბაზარს რაც შეეხება, ბოლო წლებში ძალიან ბევრი ნიჭიერი ავეჯის დიზაინერი გამოჩნდა და ნელ-ნელა ქართულ ნაწარმზეც მოთხოვნა იზრდება. მაგრამ მდგომარეობა ჯერ კიდევ შორია სასურველისგან. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენმა ინტერიერის და ავეჯის დიზაინერებმა თავისუფლად შეიძლება კონკურენცია გაუწიონ  სხვა ქვეყნის დიზაინერებს, თუმცა, როგორც ვთქვი, საერთაშორისო ბაზარზე დასამკვიდრებლად ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ქართულ ბაზარს რაც შეეხება, აქ თავისებურ სირთულეებს ვაწყდებით. ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი არის ქართველი მომხმარებლის მსყიდველუნარიანობა. როდესაც ავეჯს მასობრივად არ აწარმოებ, მისი ფასი საგრძნობლად იზრდება. უცნაურია, მაგრამ, მაგალითად, ჩემი მოლბერტი-სარკე ჰონკ-კონგში და ავსტრალიაში მაქვს გაგზავნილი და საქართველოში სულ ორი ცალი გაიყიდა. ვფიქრობ, ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი მისი ფასია, რომელიც არ არის ძვირი საერთაშორისო ბაზრისთვის, მაგრამ შესაძლოა ადგილობრივ ბაზარზე ძვირად ეჩვენებათ.  


რეკომენდებული სტატიები
"ბოილერი" - ექსპერიმენტული სივრცე შემთხვევითი შეხვედრებისთვის

"ბოილერი" - ექსპერიმენტული სივრცე შემთხვევითი შეხვედრებისთვის

"ბოილერი" - ექსპერიმენტული სივრცე შემთხვევითი შეხვედრებისთვის
“ბოილერი” იყო მცდელობა სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის თუ სოციალური შრეების და წრეების ადამიანები, ჩამოსული სტუმრები თუ ადგილობრივი ხელოვანები, შემთხვევითი გამვლელები და ნაცნობები ერთ ფიზიკურ კონკრეტულ ინტერიერში გადაკვეთილიყვნენ
2018 წლის არქიტექტურის 22 საუკეთესო პროექტი ჟურნალ TIME-ისგან

2018 წლის არქიტექტურის 22 საუკეთესო პროექტი ჟურნალ TIME-ისგან

2018 წლის არქიტექტურის 22 საუკეთესო პროექტი ჟურნალ TIME-ისგან
ჟურნალმა Time-ის სია მოიცავს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არსებულ პროექტებს, რომლებსაც არქიტექტურული გენია აერთიანებს და რომლებიც ყველასთვის თანაბრად საინტერესოა
2019 წლის ფერი – კომპანია Pantone-ის ვერსიით

2019 წლის ფერი – კომპანია Pantone-ის ვერსიით

2019 წლის ფერი – კომპანია Pantone-ის ვერსიით
წლის ფერის არჩევის პროცესი მთელ წელიწადს გრძელდება. Pantone-ს სპეციალისტები მსოფლიოში მოგზაურობენ, რათა აღმოაჩინონ საზოგადოებაზე იმ ფერების გავლენა, რომლებიც უფრო და უფრო აქტუალური ხდება.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.