fbpx

Aphex Twin-ითა და Ruichi Sakamoto-თი შავ ზღვაზე შესაძლოა ფესტივალი „სუბტროპიკი“ დაბრუნდეს


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ლაშა გაბუნია

 

ორი ათასწლეულისა და ორი საუკუნის მიჯნაზე ბათუმში საქართველოს ისტორიაში პირველად ჩატარდა საკმაოდ ეკლექტური ფესტივალი, რომელშიც ელექტრონული მუსიკოსებიც გამოჩნდნენ. ეს მუსიკალური ღონისძიება ზედიზედ სამი წლის განმავლობაში იმართებოდა და იმ დროისთვის ცნობილ მუსიკოსებს აერთიანებდა.

ფესტივალს დამფუძნებლებმა „სუბტროპიკი“ დაარქვეს. მასზე მოსახვედრად მუსიკის მსმენელები და ცეკვის მოყვარულები არა მარტო საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, უცხოეთიდანაც კი ჩამოდიოდნენ.

ეს იყო ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებული ფესტივალი, რომლის შემქმნელები შოუბიზნესის ცივილიზებული სტანდარტებით მასპინძლობდნენ როგორც მუსიკოსებს, ისე მედიის წარმომადგენლებსა და მაყურებლებს. ამ პერიოდის განმავლობაში „სუბტროპიკის“ თანაორგანიზატორები იყვნენ ცნობილი ბრენდები.

 

 

„სუბტროპიკი“ 1999 წელს ჩამოყალიბდა. ფესტივალის მიზანი ალტერნატიული მუსიკალური სივრცის შექმნა იყო, სადაც სხვადასხვა სტილის მუსიკოსები და მათი მსმენელები შეიკრიბებოდნენ. ეს სივრცე სწორედ ამ ფესტივალზე შეიქმნა, სადაც ერთმანეთს იდეურად და ემოციურად დაუკავშირდნენ ალტერნატიული როკის, პოპის, ჰიპ-ჰოპის, ტრიპ-ჰოპის, დისკოს, ელექტრონიკის, ტექნოს, ჰაუსის, კლასიკური მუსიკისა და სხვა მუსიკალური მიმდინარეობის წარმომადგენლები. მსგავს პრეცედენტს მანამდე საქართველოში ადგილი არ ჰქონია. ზაფხულის რამდენიმედღიანი „სუპტროპიკის“ კონცერტები სხვადასხვა ადგილებში გამართულ სცენებზე ტარდებოდა, მათ შორის პლაჟის რამდენიმე კლუბში, ბათუმის ცირკის შენობაში და სტადიონზე.

 

 

სხვადასხვა დროს ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს დიჯეებმა საფრანგეთიდან, რუსეთიდან, დანიიდან, აშშ-დან, ბრიტანეთიდან, იტალიიდან და სხვა ქვეყნებიდან. პირველ ფესტივალებზე იმღერეს ისეთმა ცნობილმა რუსულმა შემსრულებლებმა, როგორებიც იყვნენ: „აგატა კრისტი“, „მაშა ი მედვედი“, „დელფინი“, „დვა სამოლიოტა“ და სხვა.

 

 

2002 წელს ფესტივალის თანაორგანიზატორი იყო ცნობილი რუსული ჟურნალის, „პტიუჩ-ქონექშენის“ მთავარი რედაქტორი იგორ შულინსკი, რომელიც შემდგომში გალა-კონცერტის წამყვანადაც მოგვევლინა. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს სწორედ 2002 წლის ფესტივალი, რომელიც ყველაზე წარმომადგენლობითი იყო „სუბტროპიკების“ ისტორიაში.

 


დავიწყოთ იმით, რომ მისი ჰედლაინერი უნდა ყოფილიყო ცნობილი Aphex Twin. მახსოვს, რა ამბავი ატყდა მაშინ პრესაშიც და მსმენელებს შორისაც: ყველა ბათუმში გარბოდა.

 

 

სამწუხაროდ, მუსიკოსს პრობლემები შეექმნა საზღვრის გადმოკვეთისას და ვეღარ ჩამოვიდა. სამაგიეროდ, ბათუმს ცნობილი გერმანული ნიუ-უეივ ფანკ ჯგუფი N.O.H.A. ესტუმრა. მსმენელები ინგლისელმა დიჯეიმ უინსტონ ჰეზელმაც გაახარა. ნიკა მაჩაიძის შესრულებამ ფესტივალის პროგრამა კიდევ უფრო გაამდიდრა და გაამრავალფეროვნა. ჰედლაინერი იყო მომღერალი ზემფირა. თუმცა მაშინ ბათუმს სხვა ცნობილი რუსი მუსიკოსები – ჩიჩერინა და ნაიკ ბორზოვიც სტუმრობდნენ, რომელთა ერთობლივი კონცერტიც ბათუმის სტადიონზე გაიმართა. ამავე კონცერტზე გაიმართა დიმა ბილანის პირველი კონცერტი, რომლის პროდიუსერიც იყო იური აიზენშპისი (ადრე ლეგენდარული ჯგუფის, „კინოს“ პროდიუსერი).

 

 

„სუბტროპიკის“ ფესტივალზე ძალიან თბილი და კომფორტული გარემო იყო. ჟურნალისტებს ერთად ყოფნაც გვიხაროდა და ერთბაშად ამდენი სიახლის თანაზიარობაც გვსიამოვნებდა. დღის განმავლობაში იმდენი საინტერესო რამ ტარდებოდა, ყველაფრის თავიდან ბოლომდე ნახვას ვერც ვახერხებდით, ხან ერთ ღონისძიებაზე შევირბენდით, ხან მეორეზე და ა.შ. მოკლედ, ახლავე მოგახსენებთ, რატომ ვიხსენებ ამ ყველაფერს.

 

 

ცოტა ხნის წინ შევიტყვე, რომ 20 წლის შემდეგ „სუბტროპიკი“ ივნისში ახალი ოთხდღიანი ფესტივალის გამართვას აპირებს. 

ფესტივალის ორგანიზატორმა დავით დანელიამ გვითხრა:

„გეგმაში გვაქვს, პირველ დღეს „შავი ზღვის არენაზე“ ჩავატაროთ რუიჩი საკამოტოს და „აპექს თვინის“ კონცერტები. ეს პროექტი ჩვენ „ბლექ სი არენას“ უკვე წარვუდგინეთ. ამის შემდეგ კი გვსურს ბუკნარში სამდღიანი ეკო-სოფლის მოწყობა, სადაც გაიმართება გამოფენები, კონცერტები, წარმოდგენილი იქნება ცნობილი ბრენდების ქართული რესტორნები. სცენაზე ქართველი და უცხოელი ჯგუფები და მუსიკოსები დაუკრავენ – გვინდა ნაიკ ბარზოვის ჩამოყვანა, ზემფირა აღარ მღერის, მაგრამ შეიძლება ავამღეროთ, ჩვენი მეგობარია. 20 წლის შემდეგ ეს ფესტივალი უფრო თანამედროვე ხედვებით აღორძინდება. ახალი „სუბტროპიკი“ მეგობრული და ოჯახური ფესტივალი გახდება, რომელსაც ადამიანები ბავშვებთან ერთად დაესწრებიან. ფესტივალი საზღვაო რეგიონისთვის მარკეტინგულად და ზოგადადაც ძალიან მომგებიანი იქნება“.

 

 

იმედი მაქვს, „სუბტროპიკის“ ორგანიზატორების ეს გეგმა უყურადღებოდ არ დარჩება, რადგან ბოლო წლებში ფესტივალების საქმე საქართველოში არც ისე სახარბიელოდაა. სამწუხაროდ, რამდენიმე კარგი თანამედროვე ფესტივალი, ფინანსების არქონის გამო, აღარ ტარდება. „სუბტროპიკის“ გაჩერებას თავის დროზე ფინანსებზე უფრო მეტად პოლიტიკური მიზეზები ჰქონდა. კერძოდ, 2003 წელს საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ფესტივალმა ვეღარ შეძლო თავისი საქმიანობის გაგრძელება.

ბოლო წლებში ანაკლიაში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალს სახელი გაუფუჭდა. პლუს, შარშანდელ ღონისძიებას ქართველი ორგანიზატორი აღარ ჰყავდა.

საქართველოში არსებობს  ერთი უმსხვილესი ჯაზ-ფესტივალების ორგანიზატორი ორგანიზაცია „ისთერნ პრომოუშენი“ და ასევე როკ-ფესტივალის მომწყობი „ალტერვიჟენ ჯგუფი“, რომელიც Tbilisi Open Air-ს ატარებს. ძალიან კარგია, როცა ქვეყანაში რამდენიმე მასშტაბური ფესტივალი ტარდება, შესაბამისად, კონკურენცია იზრდება და მათზე მოხვედრაც აღარაა ფანტასტიკის სფერო.

ქართველ მელომანებს შორის ძალიან დიდია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ფესტივალების მოწყობის სურვილი. ყოველთვის გასახარია, როცა ამ საქმეს გამოცდილი პროფესიონალები აკეთებენ, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, თუკი „სუბტროპიკის“ ფესტივალს მწვანე შუქი აენთება, იგი საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდება”.


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.