fbpx

სასტუმრო “სტამბაში” მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე გაიხსნა


გააზიარე სტატია

 

სასტუმრო “სტამბამ” თავის სივრცეში დათო ტურაშვილს ადგილი დაუთმო, სადაც მან მეგობრებთან და მეუღლესთან, მაკა კეკელიძესთან ერთად, დაახლოებით 2 თვის წინ წიგნების მაღაზია გახსნა, რომელიც ნელ-ნელა მულტიფუნქციურ საგანმანათლებლო სივრცედ იქცა. გაგაცნობთ “სტამბის წიგნებს”.

მაკა კეკელიძე: ჩვენი მაღაზია დაახლოებით 2 თვეა, რაც გაიხსნა. სივრცე სასტუმრო “სტამბამ” გამოგვიყო, რაც ვფიქრობ, კონცეპტუალურად ძალიან გამართულია, რადგან ამ შენობაში ადრე გამომცემლობა იყო, რაც თავისთავად ასოცირებულია წიგნებთან. ვთვლი, რომ ეს შენობა ითხოვდა კიდეც, რომ აქ წიგნების სივრცეც ყოფილიყო. ჩვენ, გარდა იმისა, რომ თითქმის ყველა ქართული გამომცემლობის წიგნებს შეხვდებით, ასევე გვაქვს ინგლისური და რუსული გამოცემებიც.

 

 

მაკა, წიგნების გარდა რას ვნახავთ მაღაზიაში? ბევრი საინტერესო ნივთია თაროებზე.

ვცდილობთ თავი მოვუყაროთ ისეთ ნივთებს, რომლებიც ქართული წარმოებისაა და თან ასე თუ ისე დაკავშირებულია წიგნებთან. ასევე  ჩვენთან ნახავთ ნაჭრის ჩანთებს, რომლებიც გაფორმებულია ქართული ანბანით, ძველი თბილისის ფოტოებს თავისი ალბომებით, გვაქვს პეტრე ოცხელის და მერაბ აბრამიშვილის ძალიან მაღალი ხარისხის პრინტები, კარლო კაჭარავას ნამუშევრებით გაფორმებული ბლოკნოტები და გვექნება ძალიან საინტერესო პოსტერები, ასევე ლადო გუდიაშვილის ესკიზებით გაფორმებული 2019 წლის კალენდარი. საინტერესოა, რომ ეს ნამუშევრები მხატვარმა მოდის ჟურნალისთვის შექმნა, თუმცა შემდეგ აღარ დაიბეჭდა და ისინი  საზოგადოებისთვის უცნობია.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ თქვენთან არის  წიგნები კულინარიაზე, ხელოვნებაზე, მოგზაურობაზე და ა.შ., ვფიქრობ, მთავარი აქცენტი მაინც მხატვრულ ლიტერატურაზე გაქვთ.

ძალიან ვეცადეთ და ვფიქრობ, გამოგვივიდა, რომ აქ ნებისმიერი ადამიანი იპოვის  მისთვის საინტერესო წიგნს, თუმცა ყველაზე დიდი არჩევანი მაინც მხატვრულ ლიტერატურაში გვაქვს.  გვსურს, რომ “სტამბის წიგნები” გამოვიყენოთ ახალი წიგნების პრეზენტაციებისთვისაც, ყველა მწერალს, ვისაც სურვილი ექნება, დიდი სიამოვნებით დავუთმობთ ჩვენს “სცენას”, გვაქვს იმის საშუალება, რომ ასეთი საღამოები მოეწყოს.

 

 

როგორც ვიცით, “სტამბის წიგნებში” სხვადასხვა ლექციების და საღამოების ჩატარება გაქვთ დაგეგმილი, გვიამბეთ ამის შესახებ.

დიახ, აუცილებლად დაიწყება  ყოველკვირეული ლექციების ციკლი, რომელსაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები გაუძღვებიან. ამისთვის საჭირო ნივთები: პროექტორი, სკამები, მიკროფონი… ყველაფერი გვაქვს უკვე. ვცდილობთ, რომ ეს არ იყოს მხოლოდ წიგნების მაღაზია და იქცეს საგანმანათლებლო სივრცედ, უფროსებისთვისაც და ბავშვებისთვისაც. ასევე გაიმართება  დათო ტურაშვილის ლექციები ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის შესახებ. დაგეგმილია ლექციების კურსი საქართველოში მაცხოვრებელი უცხოელებისთვისაც.

 

 

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გაქვთ ძალიან გემრიელი ყავა. შეუძლიათ ადამიანებს აქ უბრალოდ შემოსვლა, ყავის დალევა, წიგნის აღება და წაკითხვა, ან უბრალოდ მუშაობა მყუდრო გარემოში?

რა თქმა უნდა, ესეც ამ ადგილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა.  მომავალში ვგეგმავთ სპეციალური კუთხის მოწყობას, სადაც სწორედ ის წიგნები იქნება, რომელთა წაკითხვასაც  სტუმრები აქვე შეძლებენ. მსურველებს შეუძლიათ ჩვენთან მუშაობაც და ინტერნეტის გამოყენებაც. ვაპირებთ ერთი ან ორი სახეობის დესერტის დამატებას.

 

 

გვესაუბრეთ თქვენი პროექტის, საბავშვო საკვირაო სკოლის შესახებ.

3 თებერვლიდან, 2 საათზე, მუშაობას დაიწყებს ჩვენი პირველი საკვირაო სკოლა-სტუდია, რომელსაც ლაშა ბუღაძე გაუძღვება. ჩატარდება  ლიტერატურის, მუსიკისა და ხელოვნების გაკვეთილები. გაიმართება ასევე ფილმების ჩვენებაც. პირველი ჯგუფი გათვლილია 13 წლისა და უფროსი ასაკის  ბავშვებისთვის, სექტემბრიდან ჩვენი სკოლა, მოთხოვნიდან გამომდინარე, უფრო მცირე ასაკის ბავშვებსაც მიიღებს.

 

მისამართი: სასტუმრო “სტამბა”, მერაბ კოსტავას 14.


რეკომენდებული სტატიები
იდეოლოგიური ხელოვნების დრამა - ნინა სანაძის ინსტალაცია „სტამბაში“

იდეოლოგიური ხელოვნების დრამა - ნინა სანაძის ინსტალაცია „სტამბაში“

იდეოლოგიური ხელოვნების დრამა - ნინა სანაძის ინსტალაცია „სტამბაში“
ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი, რომელიც ნინა სანაძემ ავსტრალიაში ჯული შილსთან ერთად განახორციელა, ქუჩის ანტიტერორისტულ ბეტონის ბლოკებზე ცნობილი ტექსტების გადატანა იყო
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.