თბილისის აზიური რესტორნები
ქალაქების ხიბლი მის მრავალფეროვნებაშია, მრავალფეროვნებას კი განსხვავებული ხალხი, კულტურა, ცხოვრების წესი და კულინარია ქმნის. თბილისი ტრადიციულად მულტიკულტურული ქალაქია, სადაც ერთმანეთის გვერდით ცხოვრობს და ერთმანეთს თავ-თავინთ წესებს, სამზარეულოსა და ღირებულებებს სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ხალხი უზიარებს.
გადავწყვიტეთ გაგაცნოთ საინტერესო აზიური რესტორნები, რომლებიც თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარეობს და სხვადასხვა კულინარიულ თავგადასავალს გთავაზობთ.
ინდური რესტორანი სანჯა ჭულა
თბილისში ორ მისამართზე, აღმაშენებლის გამზირსა და გაგარინის მოედანზეა წარმოდგენილი და ტრადიციული, ინდური სამზარეულოსთვის დამახასიათებელ კერძებს გთავაზობთ: ხორცის მინიმალური რაოდენობით, მდიდარს ბოსტნეულითა და სანელებლებით. თუ ამ რესტორანს ესტუმრებით, აუცილებლად გასინჯეთ ნამდვილი ინდური ჩაი.
მოსეშვილის ქუჩაზე მდებარე ლიბანურ რესტორან ამირაში
ლიბანელი შეფმზარეულები იზრუნებენ თქვენს გამოკვებაზე. აქვე შეგიძლიათ მიირთვათ ახლად დაწურული ხილის წვენები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რესტორნის მენიუ მრავლად შეიცავს ვეგეტარიანულ საკვებს.
რესპუბლიკის მოედანთან, თბილისურ ეზოში, შუშაბანდიან ბინაში მდებარე ებრაელი წყვილის მიერ გახსნილი ჰუმუსბარი
საუკეთესო ადგილია ვეგეტარიანელებისთვის, ჰუმუსების, ფალაფელებისა და ჯანსაღი საკვების მოყვარულთათვის.
თურქულ რესტორან “ნასიმიში” აღმაშენებლისა და კოსტავას გამზირებზე
ტრადიციული თურქული საკვებისა და ტკბილეულის დიდი არჩევანია, აქ თურქულ ჩაისაც შემოგთავაზებენ. თუკი “ნასიმს” აღმაშენებელზე ესტუმრებით, მის სიახლოვეს არაერთ თურქულ რესტორანს და ტკბილეულის მაღაზიას აღმოაჩენთ და შეგიძლიათ იქაც შეაიროთ. .
ორბელიანების სასახლის სარდაფში მდებარე ქართულ-სპარსული ტრადიციული რესტორანი “სირაჯხანა”
რესტორანი სირაჯხანა ქართულ-სპარსული გასტრონომიით შთაგონებულ კონცეფციაზეა აგებული, რომელიც წინა საუკუნეების სპარსულ გავლენით არის შთაგონებული. რესტორანში ყველა კერძი ქართული ტრადიციული მეთოდებით არის წარმოდგენილი. ადგილი საინტერესოა არა მხოლოდ მისი სამზარეულოს, არამედ სივრცის გამოც. აქ საუკუნეების წინ თავად ორბელიანს და მის ოჯახს განთქმული ღვინის მარანი ჰქონდა. ისტორიის გასაგრძელებლად რესტორანში ღვინოების მრავალფეროვანი არჩევანია.
ტაილანდური რესტორანი “ბანგკოკი” ტანძიის ქუჩაზე
სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც აზიური კერძების მოყვარულებს სთავაზობს როგორც ატრიისა და ბრინჯის ფართო ასორტიმენტს, ასევე, მათი თქმით, ქალაქში ყველაზე გემრიელ სუშის. “ბანგკოკის” საკვები შეგიძლიათ მიირთვათ ადგილზე ან გამოიძახოთ თქვენთვის სასურველ მისამართზე.