რამდენიმე შემეცნებითი პოდკასტი მოდის ისტორიის, ტენდენციებისა და ინდუსტრიის შესახებ
ფეისბუქში უმიზნო სქროლვის ნაცვლად, პოდკასტების მოსმენა თქვენთვის შესაძლოა ბევრად უფრო პროდუქტიულ საქმიანობად იქცეს. მით უმეტეს, რომ დღესდღეობით მათი მოძებნა ნებისმიერ თემაზეა შესაძლებელი.
პოდკასტის დიდი უპირატესობა ისიცაა, რომ ის არ მოითხოვს ეკრანთან ყოფნას და მოსმენის პარალელურად თქვენ შეგიძლიათ სხვა საშინაო საქმეებიც აკეთოთ ან საინტერესოდ გაიყვანოთ დრო ქალაქის ტრანსპორტში.
Bande à part
Bande à part – ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური და პროფესიონალური პოდკასტია მოდის თემაზე. მისი წამყვანები ლონდონის მოდის მუზეუმის კურატორი რებეკა არნოლდი და ლონდონის კურტოს სახელობის ხელოვნების ინსტიტუტის პროფესორი ბეატრის ბელენი არიან. თემები, რომლებსაც წამყვანები დიალოგის რეჟიმში მიმოიხილავენ, მრავალფეროვანია: „მოდა და ბუნება“, „მოდა და კინო“, „კატრინ დენევის სტილი“, „რამდენად გამართლებულია ორი შარფის ერთდროულად ტარება“, „რატომ არიან გასული საუკუნის 30-იანი წლების ზოგიერთი ბრიტანელი დიზაინერები თანამედროვეებზე გაცილებით პოპულარულები და ცნობილები“. ასევე ძალიან საინტერესოა პოდკასტის წამყვანების საუბარი მარკ ჯეიკობსის ძაღლის ჩაცმულობასა და მის ინსტაგრამ ანგარიშზე.
Fash-ON Fash-OFF
პოდკასტი Fash-ON Fash-OFF – ბრიტანულ ჟურნალ i-D-ს ეკუთვნის, რომელიც ავანგარდულ მოდაზე, მუსიკაზე, ხელოვნებასა და ახალგაზრდულ სუბკულტურებზე აკეთებს აქცენტს. თავად პოდკასტი კი, თავისი შინაარსით, შედარებით კონსერვატორულია. მოდით დაინტერესებული მსმენელები ისეთ თემებს იპოვნიან, როგორებიცაა, მაგალითად, ნიუ-იორკის მოდის კვირეულის მიმოხილვა, რეპორტაჟები დიზაინერთა მსოფლიოს წამყვანი კოლეჯებიდან. გარდა ამისა, პოდკასტი დააინტერესებს ყველას, ვისაც ყოველდღიური სამოსის თანამედროვე მოდის ტრენდებით განახლება სურს.
Dressed
Dressed – საგანმანათლებლო და ამავე დროს, შემეცნებით-გასართობი პოდკასტია ტანსაცმლის ისტორიის შესახებ. წამყვანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობენ და მოწვეულ პროფესიონალებთან ერთად, ამა თუ იმ ქვეყნის მოდის გამოცდილებაზე საუბრობენ. შესაბამისად, მსმენელს უამრავ საინტერესო ინფორმაციას სთავაზობენ. ასეთებია, მაგალითად: სმოკინგის წარმოშობის ამბავი, „შავი დენდები“, მოძრაობა „შავი პანტერების“ ჩაცმის სტილი, ლეოპარდის პრინტის ისტორია, „მკვლელი მოდა“ (ტოქსიკური ნივთიერებებისგან შეკერილი ტანსაცმელი, რომელიც ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს) და ა.შ.
Unravel
პოდკასტი Unravel აქცენტს მოდის ისტორიულ ეთნოგრაფიაზე აკეთებს და სხვადასხვა კულტურათა გამოცდილებას აზიარებს. თემები: „ინდიელთა ტომის – კომანჩემის ჩაცმის სტილი და გავლენა თანამედროვეობაზე“, „ნიკარაგუელთა ეროვნული სამოსი“, „ჯინსის ისტორია და ჯინსის ცნობილი მუზეუმები“; „ნაცისტური გერმანიის პერიოდის მოდა“, „მუფთის ისტორია“, „მოდა ბრიტანულ ტელესერიალებში“ და მრავალი სხვა.
Retrofootballshirt
Retrofootballshirt – ორიგინალური პოდკასტია საფეხბურთო მაისურების შესახებ. წამყვანები მიმოიხილავენ ბრიტანული ფეხბურთის წარსულსა და აწმყოს, საუბრობენ ცნობილი საფეხბურთო კლუბების მაისურების დიზაინისა და ისტორიის შესახებ. გარდა ამისა, მსმენელებსა და კოლექციონერებს აძლევენ რჩევებს, თუ სად და რა ფასად შეიძლება ამა თუ იმ ძველი მაისურის შეძენა, რომელთა ღირებულება, ზოგ შემთხვევაში, რამდენიმე ათას ევროს აღემატება.