fbpx

საბჭოთა საქართველო და ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლების ეპოქა


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ლაშა გაბუნია

 

საბჭოთა კავშირში თანამედროვე მუსიკა მეტად უცნაურად ვითარდებოდა, თუ ამას საერთოდ განვითარება შეიძლება დაერქვას. მსოფლიო შოუბიზნესს მოწყვეტილი მუსიკა სტილისტურად ფაქტობრივად გაიყინა. ამას ხელს „რკინის ფარდა“ უწყობდა, რომელიც სსრკ-მ ცივილიზებულ სამყაროს საკუთარი ინიციატივით ჩამოაფარა, რათა უმეტესი ინფორმაცია დაებლოკა და მხოლოდ ცენზურაგამოვლილი ამბები მოეთხრო თავისი მოსახლეობისთვის.

მმართველ ტოტალიტარულ კომუნისტურ პარტიას, რომელსაც ალტერნატივა არ ჰყავდა, არ სურდა მოესმინა მისთვის საზიანო თავისუფალი აზრი, რომლითაც გაჯერებული იყო თანამედროვე მუსიკა. სწორედ ამიტომ უფრთხოდნენ ყველაზე მეტად დასავლურ მუსიკას. რუსმა მუსიკოსმა და პროდიუსერმა, ბარი ალიბასოვმა „ნიუ-იორკ ტაიმსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირი როკ-ენ-როლმა დაშალა.

დღეს მინდა მოკლედ მიმოვიხილო სტალინის მმართველობის შემდგომი საბჭოთა მუსიკის პერიოდი, რომელსაც პირობითად „ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლების ეპოქა“ შეგვიძლია ვუწოდოთ და იგი თითქმის სამ ათეულ წელიწადს მოიცავს.

 

მთავრობა ბევრ ფულს ხარჯავდა უცხოური რადიოარხების თუ რადიოგადაცემების სიგნალის ჩასახშობად. სწორედ ამიტომ მელომანები იატაკქვეშ ავრცელებდნენ კონტრაბანდულად შემოტანილ მუსიკას. 1950-იანებში მასობრივად გაჩნდა რენტგენის ფოტოფირებზე ჩაწერილი უხარისხო, მაგრამ სასურველი ფირფიტები, რომლებიც „საყოფაცხოვრებო მომსახურების“ ცენტრებში, ხმის ჩამწერ სტუდიებში კუსტარულად მზადდებოდა. „რენტგენის ფირფიტების“, იგივე „ძვლების ფირფიტების“ კულტურა 1970-იან წლებამდე იყო შემორჩენილი, სანამ საყოფაცხოვრებო და მანქანის კასეტის მაგნიტოფონები მასობრივი არ გახდა.

 

 

მელომანები საკუთარი კოლექციისთვის დასავლეთის ქვეყნებიდან შემოტანილ ორიგინალ ფირფიტებს აგროვებდნენ, რომლის საშუალო ფასი შავ ბაზარზე 50-დან 100 მანეთამდე (77-დან 154 $-მდე) მერყეობდა. ხელისუფლება მსგავსი მუსიკის შემოტანას არც კრძალავდა და არც ახალისებდა. ვინილის ფირფიტები, კასეტები, მოგვიანებით ვიდეოკასეტები ძირითადად მეზღვაურებს, სპორტსმენებს, ტურისტებს, გასტროლებზე მყოფ მუსიკოსებს და დიპლომატებს ჩამოჰქონდათ.

 

 

ქვეყნის შიგნით თანამედროვე მუსიკას (ე.წ. ესტრადას) კი სახელმწიფო სტრუქტურა – ფილარმონია აკონტროლებდა. ფაქტობრივად არ არსებობდა შემსრულებელი, რომელიც დიდ სცენასა და მედიასაშუალებაში ამ ორგანიზაციის გვერდის ავლით მოხვდებოდა. ამავე დროს, ფილარმონია იქცა ერთგვარ საპროდიუსერო და პროპაგანდის ცენტრად, რომელიც სცენაზე ასვლის ერთგვარ „ვიზას“ აძლევდა ახალბედა თუ გამოცდილ მუსიკოსებს.

 

პირველი ვია-ები და ვიო-ები

1958 წელს რობერტ ბარძიმაშვილმა ჩამოაყალიბა უსახელო ვოკალური კვარტეტი. ისინი საკმაოდ დიდი დოზით ჯაზს ასრულებდნენ. სამი წლის შემდეგ ეს კვარტეტი საბჭოთა კავშირში პირველ ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ (იგივე ვია) „ორერად“ გარდაიქმნა და მუსიკოსები დაემატა. სხვათა შორის, სსრკ-ში „ორერამდე“ არ იყო მიღებული სახელწოდებები. არსებობდა ვაჟთა (ქალთა) ტრიოები, კვარტეტები, ანსამბლები და ა.შ. „ორერამ“ გასტროლებით მოიარა პლანეტის ხუთივე კონტინენტი. იგი ასევე პირველი იყო, რომელმაც ინგლისურ ენაზე შეზღუდული „ბითლზის“ რეპერტუარიდან სიმღერების შესრულება გაბედა. ცენზურა მას ვერ შეეხო, რადგან იგი თავდაპირველად უცხო ენათა ინსტიტუტთან არსებობდა და ინგლისურ ენაზე სიმღერა პრაქტიკულ მეცადინეობაში ეთვლებოდა.

 

 

საქართველოში პირველი ვიო, ანუ ვოკალურ-ინსტრუმენტული ორკესტრი კი 1957 წელს გიორგი გაბისკირიამ ჩამოაყალიბა და მას „რერო“ ერქვა. გაბისკირია გამოცდილი მუსიკოსი, მესაყვირე იყო და ფლობდა საესტრადო და ჯაზური ხელოვნების სხვადასხვა ფორმას. მალე ორკესტრში კონსტანტინე პევზნერი მოიწვიეს. 1970-იან წლებში მას სათავეში გივი გაჩეჩილაძე ჩაუდგა. მეორე ვიო, სახელად „ჩანგი“ 1959 წელს მომღერალ გიული ჩოხელის ქმარმა, ბორის რიჩკოვმა ჩამოაყალიბა. ორკესტრი ძირითად აქცენტს ჯაზზე აკეთებდა.

რესპუბლიკის მასშტაბებიდან გამომდინარე, საქართველოში საკმაოდ ბევრი ვია არსებობდა. ბევრმა მათგანმა ფირფიტის ჩაწერაც მოახერხა. ანსამბლები არსებობდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, რომელსაც მაშინ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი ერქვა. ახლა ანბანის მიხედვით ჩამოვწერ საბჭოთა საქართველოს იმ ვიო-ების და ვია-ების ჩამონათვალს, რომელთა შესახებ ინფორმაციას მივაკვლიე:

  • ვია „75“ (შეიქმნა 1975 წელს, სამხატვრო ხელმძღვანელი – რობერტ ბარძიმაშვილი)
  • ვია „აისი“ (1974, გიორგი ქართველიშვილი)
  • ვია „ალიონი“ (1985, ლევან ჩხეიძე)
  • ვია „აფსნი-67“ (1967, ნოდარ საგარია)
  • ვია „ბერიკონი“ (1989, თეიმურაზ მაისაშვილი)
  • ვია „ბონვარონი“ (1971, თემურ ხარებოვი, თემურ თედეევი, გოგა გუჩმაზოვი, ახსარ ჯირკაევი)
  • ვია „დიელო“ (1962, ამირან ებრალიძე)
  • ვია „ენგური“ (1980, გივი გაბუნია)
  • საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს ვია, შემდგომში ვია „თეატრონი“ (1982, ზურაბ კობეშავიძე)
  • ვია „ივერია“ (1968, ალექსანდრე ბასილაია)
  • ვია „კოლხეთი“ (197?, მარსელ კაპანაძე)
  • ვია „ლაბირინთი“ (197?, მერაბ კილაძე)
  • ვია „ლალე“ (1970, ედუარდ სეფაშვილი)
  • ვია „მზიური“ (1971, რაფაელ კაზარიანი, გურამ ჯაიანი)
  • ვია „ნატვრის ხე“ (1982, რომან რცხილაძე)
  • ვია „ორერა“ (1961, რობერტ ბარძიმაშვილი)
  • ვია „ორიონი“ (1971, ბორის გეგეშიძე)
  • ვიო „რერო“ (1957, გიორგი გაბისკირია, კონსტანტინე პევზნერი, გივი გაჩეჩილაძე, ამირან ებრალიძე)
  • ვია „ფაზისი“ (1971, ბორის შხიანი)
  • ვიო „ჩანგი“ (1959, ბორის რიჩკოვი)
  • ვია „ციცინათელა“ (1967, სოსო ებრალიძე)
  • ვია „ჯადოსნური გზები“ (1985, თეიმურაზ მაისაშვილი)
  • ვია „ჯაზ ნონეტი“ (1970, ალექსანდრე კილაძე)
  • ვია „ჯაზ ქორალი“ (1985, ალექსანდრე კილაძე)
  • ვია „ჯორჯია“ (1988, რობერტ ბარძიმაშვილი)…

ამ ჩამონათვალში არ შემიტანია სხვადასხვა ორკესტრები და ადგილობრივი, ნაკლებად ცნობილი ანსამბლები. ამ ანსამბლებიდან აფხაზური იყო ვია „აფსნი-67“.

 

 

ვია „ბონვარონი“ ცხინვალური კოლექტივი იყო და იგი დღემდე არსებობს. ანსამბლი ოსურ, ქართულ და რუსულ ენებზე ასრულებდა სიმღერებს. „იუთუბზე“ მათი ძველი სიმღერებიც დევს.

 

 

ზოგადად, 1960-იანი 1970-იანი და 1980-იანი წლები ქართული ესტრადისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ხანა იყო. თუმცა, მოდით, ისიც ვთქვათ, რომ ამ ეტაპის ყველაზე ცნობილ და პოპულარულ ანსამბლებში სხვადასხვა დროს ხშირად ერთი და იგივე მუსიკოსები უკრავდნენ. მაგალითად, ვახტანგ კიკაბიძე სხვადასხვა დროს იყო „გეპეის ორკესტრის“, „რეროს“, „ორერას“ და „დიელოს“ ფრონტმენი.

 

პლაგიატიზმი შემოქმედებაში

დასავლეთიდან შეზღუდული მუსიკალური ინფორმაციის შემოდინების გამო, ვია-ები ცალკეულ შემთხვევებში უნებართვოდ ასრულებდნენ უცხოელ შემსრულებელთა სიმღერებს, ზოგჯერ ამ სიმღერებს საკუთრად ასაღებდნენ, მათ ნამდვილ ავტორებს არ უთითებდნენ და ხშირად ორიგინალისგან განსხვავებული შინაარსით ტექსტს აქართულებდნენ (ან არუსულებდნენ), ანუ მსმენელი შეცდომაში შეჰყავდათ…

თვალსაჩინოებისთვის რამდენიმე მაგალითს მოვიყვან. ვია „დიელოს“ 1975 წლის ალბომში არის სიმღერა „ბავშვობის დღეები“.

 

 

სიმღერის ავტორებად ქართველები წერია. სინამდვილეში მთელი მელოდია ეკუთვნის ლეგენდარულ ბრიტანულ ჯგუფ Rare Bird-ს. ორიგინალ სიმღერას, რომელიც ჯგუფის 1969 წლის ალბომში შევიდა, Sympathy ეწოდება.

 

 

„ივერიის“ სიმღერების მიხედვით 1975 წელს გადაღებული სატელევიზიო ფილმის – „სიყვარული, ივერია და…“ პირველივე კადრებიდან ისმის საგიტარო რიფი.

 

 

ეს მუსიკალური ფრაგმენტი მთლიანად აღებულია Pink Floyd-ის კომპოზიციიდან Echoes (ნახეთ 2:46-დან).

 

 

შეგვიძლია საბავშვო სიმღერა „ანო და ვანო“ გავიხსენოთ, რომლის ძირითადი თემის არანჟირება არც მეტი, არც ნაკლები George Duke-ს მიერ 1978 წელს ჩაწერილ კომპოზიცია Movin’ On-ს გაგახსენებთ.

 

პლაგიატიზმის უამრავი მაგალითი არსებობს დასავლეთშიც, რომელიც სასამართლოებით სრულდება. კეთილი განზრახვით რომ ვიფიქროთ, არაა გამორიცხული, ქართველი შემსრულებლების რეპერტუარებში ამ უცხოური კომპოზიციების შეტანა სპეციალურად ხდებოდა, რადგან საბჭოთა ცენზურა მათ რეპერტუარში არ შეატანინებდა, თუ არ მიუთითებდნენ, რომ მათივე დაწერილი სიმღერა იყო.

 

ანაზღაურება

„ფილარმონიასთან“ არსებობდა ორი ორგანიზაცია – „სოიუზკონცერტი“ და „გოსკონცერტი“. მუსიკოსების სსრკ-ში გასტროლებს „სოიუზკონცერტი“, ხოლო საზღვარგარეთის ქვეყნებში „გოსკონცერტი“ უწევდა ორგანიზებას. ამიტომ, ქვეყანასა და უცხოეთში შემსრულებლის კონცერტზე მიღებული ჰონორარის უმეტესობა ამ ორგანიზაციებს მიჰქონდა და მნიშვნელობა არ ჰქონდა, რამდენად წარმატებული თუ წარუმატებელი იყო ამა თუ იმ შემსრულებლის კონცერტი თუ ტურნე.

2000-იანების დასაწყისში რამდენჯერმე შევხვდი ვია-ების – „ორერას“, „75“-ის და „ჯორჯიას“ დამაარსებელს, რობერტ ბარძიმაშვილს, რომელიც საბჭოთა ფილარმონიული სისტემის საყურადღებო დეტალებზე მესაუბრა: „ჩვენ მხოლოდ მოჭრილი თანხა გვერგებოდა. „ორერაში“ თავიდან 50 მანეთს მაძლევდნენ, ბიჭებს – 45-ს. დროთა განმავლობაში თანდათან შეამცირეს და 1975 წელს 18 მანეთი დარჩა, მაგრამ ბევრ კონცერტებს ვატარებდით სსრკ-ის სხვადასხვა ქალაქში.

ზოგჯერ დღეში 3-4 კონცერტი გვქონდა. გათვლილი მქონდა, რომ მთელ ანსამბლს ჰონორარის სახით ერთ კონცერტზე საკონცერტო დარბაზის ერთ-ნახევარი რიგის ბილეთების საფასურს გვაძლევდნენ. დანარჩენი ფული მთავრობას მიჰქონდა. საზღვარგარეთული გასტროლების დროს შემოსული თანხების მხოლოდ 5-10%-ს გვაძლევდნენ. დანარჩენს ვაბარებდით „გოსკონცერტს“ ან საელჩოს. თანაც ეს აუცილებლად საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო…

მართალია, ჩვენ ბევრ კონცერტს სახელმწიფოს ხარჯზე ვმართავდით, მაგრამ ბევრი უსამართლობა იყო. ცუდიც და კარგიც თანაბარ მდგომარეობაში ვიყავით, ანუ მნიშვნელობა არ ჰქონდა შენს წარმატებებს, დარბაზის შევსებას და ა.შ.“.

რობერტ ბარძიმაშვილმა ინტერვიუში გამიმხილა, როგორ ახერხებდა მკაცრი ცენზურისგან თავის დაღწევას, რომელიც ყოველთვის წინასწარ გაშიფრულ პროგრამას ითხოვდა, სადაც გარკვეული დოზით უნდა ყოფილიყო სიმღერები საბჭოთა წყობილებაზე. ცენზორები თბილისზე ან საქართველოზე დაწერილ ნაწარმოებს საბჭოთა პატრიოტულ სიმღერად არ მიიჩნევდნენ. „ორერას“ პროგრამის რუსულად თარგმნისას, როდესაც სიმღერა საქართველოზე, თბილისზე ან სიყვარულზე იყო, იქ ბარძიმაშვილი წერდა, რომ ის პარტიას, ხალხთა შორის მეგობრობას ეძღვნებოდა. შესაძლებელი იყო, ვინმე ქართულის მცოდნეს იგი გაეყიდა, მაგრამ ასე არ მომხდარა.

საბჭოთა ე.წ. ესტრადამ მაშინდელი ქართული თანამედროვე მუსიკა საკმაოდ უკან დახია. სსრკ-ს დაშლის შემდეგ მისგან მემკვიდრეობით დაგვრჩა სცენაზე გაყინული, უმოძრაო საშემსრულებლო სტილი და ორიგინალობას მოკლებული საკონცერტო შოუები, სახელმწიფოს მიერ დაკვეთილი სავალდებულო, შტამპდასმული სიმღერები სიყვარულზე, ხალხთა შორის მეგობრობაზე, კომკავშირზე, ლენინზე, სტალინზე და კომუნისტურ პარტიაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად საბჭოთა ესტრადა მახინჯი წარმონაქმნი იყო, მის წიაღში ბევრი ქართველი შემსრულებელი მაინც ახერხებდა საკუთარი ნიჭის წარმოჩენას. ქართული ვია-ების დამსახურება არის ისიც, რომ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ქართველმა მომღერლებმა რუსულის ნაცვლად ქართულ ენაზე სიმღერა გააგრძელეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ვია-ების რეპერტუარებისთვის სხვადასხვა დროს ბევრი ძალიან კარგი სიმღერა დაწერეს ქართველმა კომპოზიტორებმა: რეზო ლაღიძემ, გოგი ცაბაძემ, ვაჟა აზარაშვილმა, ალექსანდრე ბასილაიამ, ნუგზარ ერგემლიძემ, გია მაჭარაშვილმა და სხვებმა. მათი სიმღერები აქტუალობას არ კარგავს.

ვია-ების წევრები ხშირად ხელს უწყობდნენ ბევრ დამოუკიდებელ არაფილარმონიულ მუსიკოსს. მიუხედავად შეზღუდვების სიმრავლისა, ქართველმა მსმენელმა „ვია-ების ეპოქაში“ იმდენად კარგად მოახერხა თვითგანვითარება და ისეთი რეპუტაცია ჰქონდა, საქართველო და კერძოდ თბილისი თითქმის ყველა სსრკ-ში ჩამოსული დასავლელი შემსრულებლის ტურში შედიოდა.

გავიხსენოთ თუნდაც ბენი გუდმენის, ბიბი კინგის, ბილი ჯოელის, იან გილანის და სხვათა დიდი კონცერტები. სსრკ-ში პირველი საერთაშორისო დიდი ჯაზ-ფესტივალი თბილისში გაიმართა, პირველ რამდენიმედღიან საბჭოთა როკ-ფესტივალს ასევე საქართველოს დედაქალაქმა უმასპინძლა.


რეკომენდებული სტატიები
მუსიკალური ალბომების ყველაზე ცუდი ყდები

მუსიკალური ალბომების ყველაზე ცუდი ყდები

მუსიკალური ალბომების ყველაზე ცუდი ყდები
როგორც ცნობილია, კარგი მუსიკის გარდა ალმბომს მისი ვიზუალური მხარეც ყიდის. დღეს გვინდა გიჩვენოთ ალბომების გარეკანები, რომლებიც სხვადასხვა მუსიკალურმა გამოცემებმა, ამა თუ იმ მიზეზით, ყდების წარუმატებელ დიზაინად შეაფასეს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.