fbpx

ყველაზე გახმაურებული სამუზეუმო ძარცვები


გააზიარე სტატია

 

ავტორი: თეა სხიერელი

27 იანვარს, დღისით, 32 წლის, წარმოშობით ყირიმელი დენის ჩუპრიკოვი მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეაში შევიდა და არხიპ კუინჯის დროებითი ექსპოზიციის ერთ-ერთი ტილო კედლიდან მშვიდად ჩამოხსნა.

ქურდობა მუზეუმებში იშვიათი შემთხვევა სულაც არ გახლავთ. ყოველწლიურად მუზეუმებიდან ათობით ექსპონატი ქრება, თუმცა სტატისტიკა მაინცდამაინც სანუგეშო არ არის –  ART დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი მხოლოდ 1,5%-ია.

გასულ ზაფხულს ტორონტოში უცნობმა დამთვალიერებელმა გამოფენიდან The Art of Banksy (ბენქსის ხელოვნება), კედლიდან ჩამოხსნა და თან წაიღო 38 000 აშშ დოლარად ღირებული ნამუშევარი Trolley Hunters (“მონადირეები ურიკებით”).

 

 

ბელგიის ქალაქ გენტის ტაძრის საკურთხეველი ისტორიაში ყველაზე ხშირად გაძარცვული ხელოვნების ნიმუშია – ძმების, ჰუბერტ და იან ვან ეიკების შედევრები 7-ჯერ მოიპარეს. ხშირი ქურდობების რეიტინგში მეორე ადგილს რემბრანდტის „იაკობ დე გეინ მესამის პორტრეტი“ იკავებს, რომელიც ოთხჯერ (1966, 1981, 1983, 1986 წლებში) მოიპარეს სხვადასხვა მუზეუმიდან, რის გამოც ტილოს “Takeaway Rembrandt” შეარქვეს.

 

 

საუკუნის ქურდობად მიიჩნევა 2012 წელს როტერდამის კუნსთჰალეს მუზეუმის ძარცვა – სამი წუთის განმავლობაში დამნაშავეებმა პაბლო პიკასოს, ლუსიენ ფროიდის და პოლ გოგენის შვიდი ტილო გაიტანეს. ქურდები სხვა მუზეუმის გაძარცვას აპირებდნენ, მაგრამ კუნსთჰალეს აფიშებითა და გამოფენის იმ აღწერილობით მოიხიბლნენ, რომელშიც კერძო კოლექციებში დაცული შედევრები იყო ჩამოთვლილი. დამნაშავეები დააკავეს, მაგრამ ნამუშევრებს ვერსად მიაკვლიეს. ერთ-ერთი მძარცველის დედა დღემდე ამტკიცებს, რომ ტილოები თავად დაწვა.

 

 

ყველაზე რეზონანსული სამუზეუმო ძარცვა 1911 წელს ლუვრიდან „მონა ლიზას“ მოპარვა გახლდათ. თავდაპირველად ქურდობაში პიკასოც კი იყო ეჭვმიტანილი, თუმცა მალევე გაირკვა, რომ დანაშაული იტალიელმა მხატვარ-დეკორატორმა ვინჩენცო პერუჯიამ ჩაიდინა, რომელიც ლუვრმა ნამუშევრების შესამინად დაიქირავა, ის  ღამით საპირფარეშოში დაიმალა და ტილო მოიპარა, ორი წლის შემდეგ შეეცადა, ფლორენციელი არტდილერისთვის მიეყიდა.

 

 

ედუარდ მუნკის „კივილი“ ორჯერ მოიპარეს. 1994 წელს ის მძარცველებმა ნორვეგიის ეროვნული მუზეუმიდან გაიტანეს (რამდენიმე თვის შემდეგ  ტილოს გალერეაში დაბრუნება მოხერხდა). 2004 წელს ოსლოში მდებარე მუნკის მუზეუმიდან ისევ მოიპარეს მხატვრის ორი ნამუშევარი, მათ შორის, „კივილის“ ოთხი ვერსიიდან ერთ-ერთიც.

 

 

2010 წლის მაისში პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმიდან გაქრა ხუთი ტილო, რომელთა საერთო ღირებულებაც 100 მლნ ევროს შეადგენდა: პაბლო პიკასოს „მტრედი მწვანე ქოთნით“, ანრი მატისის „პასტორალი“, ჟორჟ ბრაკის „ზეთისხილის ხე ესტაკის მახლობლად“, ამედეო მოდილიანის „ქალი მარაოთი“ და ფერნან ლეჟეს „ნატურმორტი შანდლებით“. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტილოები შესაძლოა დანაშაულის ერთ-ერთმა სავარაუდო თანამონაწილემ გაანადგურა.

 

 

იმავე, 2010 წელს კაიროს მუჰამად მაჰმუდ ხალილის მუზეუმიდან გაქრა ვან გოგის „ყაყაჩოები“, რომლის ღირებულებაც 50 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. ერთ-ერთი  ვარაუდის თანახმად, ამ ტილოს ორიგინალი, შესაძლოა, ჯერ კიდევ 1977 წელს მოიპარეს, 2008 წელს კი – მხოლოდ ასლი დაიკარგა.

 

 

1969 წელს პალერმოს წმ. ლორენცოს სამლოცველოდან მოიპარეს  კარავაჯოს ტილო „შობა წმ. ფრანცისკსა და წმ. ლავრენტისთან ერთად“ (ფასი 20 მლნ აშშ დოლარი). დამნაშავედ ადგილობრივი სიცილიური მაფია სახელდება, შედევრის ადგილსამყოფელი ჯერაც დაუდგენელია.

 

 

1990 წელს ბოსტონში იზაბელ სტიუარტ გარდნერის მუზეუმი გაიძარცვა. ქურდებმა რემბრანდტის რამდენიმე ნაწარმოები, ვერმეერის ერთი ტილო, ჰოვარდ ფლინკის, ედუარდ მანეს, ედგარ დეგას ნამუშევრები და შანის დინასტიის ეპოქის ჩინური ჭურჭელი მოიპარეს, რომელთა საერთო ღირებულებაც 500 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. მოგვიანებით მედია იუწყებოდა, რომ დამნაშავეთა ვინაობა დადგენილია, მაგრამ შედევრებს ვერსად მიაკვლიეს.

 

 

2000 წელს შვედეთში, სტოკჰოლმის ეროვნული მუზეუმიდან რემბრანდტის „ავტოპორტრეტი“ და რენუარის ორი მცირე ზომის ტილო მოიპარეს. მათი საერთო ფასი 45 მლნ აშშ დოლარს უდრის. ყველა ნამუშევარი იპოვეს და მუზეუმს დაუბრუნეს.

 

 

2008 წელს სან-პაულუს „პინაკოთეკა“ ორჯერ გაიძარცვა. დამნაშავეებმა პიკასოს ორი შედევრი („სიუზან ბლოხის პორტრეტი“, „მინოტავრი, ლოთი და ქალი“), ასევე, დი კავალკანტის „ქალი ფანჯარასთან“ და სეგალანის „ოჯახური წყვილი“ მოიპარეს. პიკასოს „სიუზან ბლოხის პორტრეტს“ მიაკვლიეს და ის მუზეუმს დაუბრუნდა.

2008 წელს ციურიხის სამხატვრო მუზეუმი EG Bührle გაძარცვეს და იქიდან 105 მლნ ფუნტი სტერლინგის ღირებულების ნამუშევრები გაქრა. მათ შორის იყო სეზანის „ბიჭი წითელ ჟილეტში“, დეგას „გრაფ ლეპიკისა და მისი ქალიშვილების პორტრეტი“, მონეს „სტაფილოს მინდორი ვეტეიას მახლობლად“ და ვან გოგის „აყვავებული წაბლის რტოები“. მონესა და ვან გოგის ტილოები მალევე იპოვეს, ხოლო ოთხი წლის შემდეგ დეგასა და სეზანსაც მიაკვლიეს და მუზეუმს დაუბრუნეს.

 

 

ხელოვნების ნაწარმოებების ქურდობასთან დაკავშირებული უცნაური ამბები

1965 წელს სალვადორ დალიმ ნიუ-იორკის რაიკერს-აილენდის ციხეში წინასწარ დაგეგმილი სტუმრობა გადადო, სადაც მას პატიმრებისათვის მასტერ-კლასი უნდა ჩაეტარებინა. ბოდიშის მოხდის მიზნით, დალიმ საპატიმროს გაუგზავნა გრაფიკული ნახატი, რომელზეც ჯვარცმული იესო იყო გამოსახული. ნამუშევარი ჯერ სასადილო დარბაზში ეკიდა, მერე კი საპატიმროს ჰოლში,  სანამ მას 2003 წელს მოიპარავდნენ. დანაშაული რაიკერს-აილენდის ოთხმა მცველმა ჩაიდინა. მათ დალის ნახატის მაგიერ კედელზე ასლი დაკიდეს. ქურდები რამდენიმე თვის შემდეგ დააპატიმრეს, თუმცა დალის გრაფიკა, რომელიც 250 ათას აშშ დოლარად არის შეფასებული, ჯერაც ვერსად აღმოაჩინეს.

 

 

2003 წელს მანჩესტერში,  უითუორთის სამხატვრო გალერეიდან სამი ტილო მოიპარეს: ვან გოგის „პარიზის ფორთიფიკაცია სახლებითურთ“, გოგენის „ტაიტური პეიზაჟი“ და პიკასოს „სიღატაკე“. მათი საერთო ღირებულება 4,3 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. პოლიციამ განაცხადა, რომ მძარცველებმა გალერეაში შეაღწიეს, სიგნალიზაცია გამორთეს და ტილოებიანად ლითონის ღობეში არსებული ღრიჭოდან გაიპარნენ. მეორე დღესვე, ანონიმური სატელეფონო ზარის წყალობით, რომელიც სამაშველო სამსახურში განხორციელდა, შედევრები საზოგადოებრივი საპირფარეშოს უკან, ფოთლების გროვაში იპოვეს.  ისინი გრაგნილების შესანახ მოწყობილებაში ჩაეწყოთ, რომელზეც ქაღალდის ნაგლეჯზე დაჯღაბნილი წერილი მიეწებებინათ: „ჩვენი მიზანი ქურდობა კი არა, დაცვის სისტემის გაუმართავობის გამოაშკარავება იყო“.

 

 

2001 წლის ივნისში ნიუ-იორკის ებრაული მუზეუმიდან მოიპარეს შაგალის ცნობილი ტილო. ეს ნამუშევარი, რომელიც იმხანად ექსპერტების მიერ 1 მლნ აშშ დოლარად იყო შეფასებული, ვერნისაჟის (სახელწოდებით „მარკ შაგალი. ადრეული ნამუშევრები რუსული კოლექციიდან”) ნაწილი იყო. ქურდმა ებრაულ მუზეუმს წერილი გაუგზავნა. იგი  საკუთარ თავს მოძრაობა „საერთაშორისო გაერთიანება ხელოვნებისა და მშვიდობისათვის“ წარმომადგენლად აცხადებდა და პირობას დებდა, რომ შაგალის ეტიუდს მაშინ დააბრუნებდა, როცა პალესტინასა და ისრაელს შორის საომარი მოქმედებები შეწყდებოდა. რადგან საწადელს ვერ მიაღწია, ქურდმა მოპარული ნამუშევარი მუზეუმს დაუბრუნა.  

კოლექციონერები და არტდილერები ქურდებთან თანამშრომლობაზე იშვიათად თუ თანხმდებიან. მოპარულ ხელოვნების ნაწარმოებს ვერც გამოფენაზე წარადგენენ და ვერც ოფიციალურად გაყიდიან. ნაქურდალი ნამუშევრები საყოველთაო ჩვენების უფლებას კარგავენ, ამიტომაც მძარცველმა შეიძლება შედევრის რეალური ღირებულების სანაცვლოდ, მხოლოდ მისი 5-10% მიიღოს. ტილოს გაყიდვა შესაძლებელია მხოლოდ სხვა სტატუსით, მაგ., როგორც „ნამუშევრისა [ამა თუ იმ] მხატვრის სტილში“, ან „ცნობილი მხატვრის მანერის მქონე“, ანდა „ამ სკოლის წარმომადგენელი“ უცნობი ავტორისა.  

თითზე ჩამოსათვლელია შემთხვევები, როცა მუზეუმი ნამუშევრების დასაბრუნებლად ფულს იხდის. მაგ., 2000 წელს ბრიტანულმა გალერეა „თეითმა“ უილიამ თერნერის ორი ნამუშევრისთვის თითქმის 6 მლნ აშშ დოლარი გადაიხადა. სწორედ იმ წელს, ეს ტილოები დროებითი ექსპოზიციიდან მოიპარეს.

 


რეკომენდებული სტატიები
ტრეტიაკოვის გალერეიდან ნახატის მშვიდი გამტაცებელი უკვე ლეგენდად იქცა

ტრეტიაკოვის გალერეიდან ნახატის მშვიდი გამტაცებელი უკვე ლეგენდად იქცა

ტრეტიაკოვის გალერეიდან ნახატის მშვიდი გამტაცებელი უკვე ლეგენდად იქცა
არხიპ ქუინჯის ნამუშევარი 27 იანვარს, ტრეტიაკოვის გალერეის საინჟინრო კორპუსიდან, პირდაპირ გამოფენის მიმდინარეობისას, პუბლიკის თვალწინ მოიპარეს.
დაფა, რომელიც მარინა აბრამოვიჩს თავში მოხვდა
Play Video

დაფა, რომელიც მარინა აბრამოვიჩს თავში მოხვდა

დაფა, რომელიც მარინა აბრამოვიჩს თავში მოხვდა
აი, ისევ წარმოიდგინეთ. ადამიანი ხართ, ჩვეულებრივი ადამიანი და მიდიხართ მუზეუმში. გაინტერესებთ, კიდევ რა ჯანდაბა მოიფიქრა ამ გიჟმა ქალმა.  მან კი გადაწყვიტა გვაჩუქოს წამიერი შეგრძნება, რომ ჩვენი უბადრუკი ცხოვრება შეიძლება არტი იყოს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.