როგორ გადავაკეთოთ ავტობუსი პატარა ლამაზ სახლად

ავტორი: ჯ. დ. სციორტინო
ნიუჯერსელი ჯესი ლიპსკინი პატარა სივრცეში გაიზარდა, რის გამოც მცირეგაბარიტიანი სახლი, ისევე როგორც მინიმალისტური ცხოვრების წესი მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა.
“ყოველთვის ძალიან ორგანიზებული ვარ და მიჩვეული მხოლოდ იმ ნივთების შენახვას, რომელიც ჩემთვის მართლა რაღაცას ნიშნავს”, – თქვა ჯესიმ Apartment Therapy-სთვის მიცემულ ინტერვიუში “ჩემთვის ასეთი ნივთები პირველ რიგში სენტიმენტალური ფასეულობების მატარებელია, რომლებიც ოჯახისგან მემკვიდრეობით გადმომეცა”.

შესაბამისად, როცა ჯესიმ შეიტყო პაწაწინა სახლების სუბკულტურის შესახებ, ის მას სიამოვნებით შეუერთდა – შეიძინა ძველებური ავტობუსი და გადაწყვიტა პატარა სახლად გადაექცია. ამისთვის მას მხოლოდ ავტობუსის დასასვენებელ ავტომანქანად რეგისტრაცია დასჭირდა, თვითონ ავტობუსი კი იბეიზე აღმოაჩინა, შეუყვარდა ის და შემდეგი სამი წელი მის განახლებას დაუთმო.

ეს გახლდათ 1966 წელს გამოშვებული “ჯენერალ მოტორსის” Commuter Greyhound, რომელიც 7000 დოლარი ღირდა. რაც შეეხება სახლად გადაკეთებას, ეს სიამოვნება 125 000 დოლარი დაჯდა.
“როცა შიგნით შევდივარ, ის ძალიან დიდი ჩანს, იმაზე უფრო მეტიც კი, ვიდრე ჩემი ნიუ-იორკის ბინაა”, – განაცხადა ჯესიმ ABC News-თან ინტერვიუში.

მისი ავტობუსის ფართი დაახლოებით 37 კვადრატული მეტრია და 100 000 მილი აქვს გავლილი. რემონტისას ჯესის ბევრი რამის გათვალისწინება დასჭირდა კანალიზაციის, ელექტროგაყვანილობისა და სადურგლო საქმეებში.

ყველაზე დიდი გამოწვევა იყო მოძრავი საცხოვრებლის სპეციფიკის, ისევე როგორც ავტობუსის კაბინისა და ფანჯრების არასტანდარტული მოხაზულობის გათვალისწინება, რაც ყველაფერთან ერთად ხის მასალაზე ვირტუოზულ მუშაობას მოითხოვდა. ყველაფერ ამას დამატებითი დრო და სახსრები დასჭირდა.

ავტობუსის ახალმა პატრონმა ინტერიერი თავიდან შეფუთა და თეთრ ფერში გადაწყვიტა, რამაც მას თანამედროვე იერი შესძინა. ძველი ინტერიერის სკამები ჯესიმ რესტორანს მიჰყიდა, ხოლო ავტობუსში სხვადასხვა ფუნქციური სივრცეები გამოყო – აბაზანისთვის, საძინებლისა და კარადებისთვის.

მოძრავ სახლს დიდი სამზარეულო აქვს, თავისი ბარითა და ბევრი სათავსოთი, ისევე როგორც მოზრდილი წყლის ნიჟარა, ღუმელი და მაცივარი დიდი საყინულეთი.

საძინებელი ავტობუსის უკანა ნაწილშია, რომელსაც წიგნების თარო და დაფარული შესანახი სივრცეები აქვს. სახლში ასევე არის საკმაოდ შთამბეჭდავი სიდიდის კარადები. აბაზანის დრენაჟი ხითაა მოპირკეთებული, შხაპის გამდინარე წყალი კი იატაკში მოთავსებულ ნაცრისფერ წყლის სათავსოში გროვდება, რომელიც ავტობუსის ძირშია დამონტაჟებული.

მართალია, ჯესის ძალიან უყვარს თავისი სახლი, მაგრამ ის ამ ზომის სატრანსპორტო საშუალების სამართავად მზად არ აღმოჩნდა. ავტობუსის შეძენისას მას შესაბამისი მართვის მოწმობაც კი არ გააჩნდა.
“მე ჩემით ავტობუსის მართვა არ შემიძლია. ნიუ-იორკში გავიზარდე და მანქანის ტარება მხოლოდ ოცდახუთი წლისამ ვისწავლე, თუმცა ჯერ მაინც არ ვიცი მექანიკური სიჩქარის კოლოფით ავტომობილის მართვა. ამასობაში უამრავი ადამიანი გავიჩინე, ვისაც ჰიდრავლიკის გარეშე, 12-მეტრიანი ავტობუსის მართვა შეუძლია”, – განაცხადა ჯესიმ.

ამის გამო ჯესიმ თავისი მოძრავი სახლის გაყიდვა გადაწყვიტა.
ABC News-ის ინფორმაციით, სახლად გადაკეთებული ავტობუსი 149 000 დოლარად იყიდება. სახლის სრულად დასათვალიერებლად შეგიძლიათ ეს ვიდეორგოლი იხილოთ.

