fbpx

როგორ დავაბალანსოთ ულუფები გემოების მიხედვით


გააზიარე სტატია

 

ავტორი: სოფია გიგიტაშვილი

 

ნუტრიციული მეცნიერების დაბადებამდე, ტრადიციული სამედიცინო თუ კულინარიული პრაქტიკებისას საკვების ნუტრიციულ იდენტიფიკაციას მისი გემოების მიხედვით ადგენდნენ. ჩინურ მედიცინაში მოიხსენიება საკვების და სამკურნალო მცენარეების ხუთი მთავარი გემო. აიურვედულ მედიცინაში ასეთი ექვსი გემოა. ზოგიერთი უძველესი სამედიცინო ხელოვნების მიხედვით კი ადამიანს ექვზე მეტი გემოს აღქმა შეუძლია. სულ რაღაც ერთი საუკუნის წინ იაპონელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს მეშვიდე გემო, რომელსაც უმამი ეწოდა. თანამედროვე მეცნიერება  გემოების მხოლოდ ხუთ ტიპს ცნობს.

საკვების გემო მარტო შეგრძნება როდია. თუ გემოების ბიოქიმიას ჩავუღრმავდებით, დავინახავთ, როგორ მოქმედებს თითოეული გემო ადამიანის ორგანიზმზე და გასაგებიც გახდება, თუ რატომ იყენებდნენ გემოებს სამკურნალო მიზნით.

ჩვენს ენაზე განლაგებულია უამრავი პაწაწინა გემოს რეცეპტორი, რომელთა დახმარებითაც  გემოებს შევიცნობთ. მათი გააქტიურება საკვებში არსებული ქიმიური ნივთიერებით ხდება. მაგალითად, სოკო უმამის გემოს მატარებელია. სოკოში არსებული ამინომჟავები ებმიან ენაზე არსებულ ამინომჟავების მიმღებ რეცეპტორებს (უმამის რეცეპტორებს) და კრანიალური ნერვების საშუალებით სიგნალს უგზავნიან ტვინს, რომელიც თავის მხრივ აღიქვამს გემოს. დიახ, გემოს ჩვენ ტვინით აღვიქვამთ და არა ენით.

გამოდის, რომ ჩვენი ორგანიზმი გემოების საშუალებით საკვებში არსებულ ქიმიურ ნივთიერებებს ცნობს, რომლებიც არსებითია სიცოცხლის შენარჩუნებისათვის. სანამ ადამიანი რაციონალურად აირჩევდა საკვებს, ის ინსტინქტურად, გემოების მიხედვით აკეთებდა არჩევანს. ინსტინქტი ეს ორგანიზმის ენაა, და გარკვეულ სიტუაციებში ის შეიძლება უკეთესად ასახავდეს ორგანიზმის ნუტრიციულ მოთხოვნილებებს. ალბათ ყველას გამოგიცდიათ გარკვეული გემოს გამძაფრებული წყურვილი, რაც შესაძლებელია კონკრეტული საკვები ნივთიერების ნაკლებობით და საჭიროებით იყოს გამოწვეული. გემო ეს მარტო შეგრძნება არ არის, არამედ საკვები პროდუქტების ნუტრიციული პროფილიცაა.

ჩვენი საკვები ერთზე მეტი გემოსაგან შედგება, მაგრამ ერთი ტიპის გემო მაინც ყოველთვის მთავარია.  თუ გავითვალიწინებთ ტრადიციული სამედიცინო პრაქტიკების სიბრძნეს და ულუფებს ტკბილი, მჟავე, მარილიანი, მწარე, ცხარე, მწკლარტე  და უმამი გემოებით შევადგენთ, მივიღებთ მრავალფეროვან და დაბალანსებულ კვების რაციონს. ეს კი აგვარიდებს ჭარბ წონას, დაღლილობას, საკვები ნივთიერებების ნაკლებობას და კონკრეტული საკვების გადამეტებულად მიღების  სურვილს.

 

ტკბილი

აწყნარებს ნერვებს, კვებავს ტვინს, ხელს უწყობს ქსოვილის აღდგენას, აუმჯობესებს იმუნური სისტემის ფუნქციას, იწვევს სიმშვიდეს და პოზიტიურ შეგრძნებებს. აუცილებლად უნდა ავარჩიოთ ტკბილი გემოს შემცველი მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტები:   ტკბილი ხილი, ნატურალური თაფლი, ფინიკი, ნეკერჩხლის სიროფი, არარაფინირებული შაქარი და ბურღულეული, ტკბილი კარტოფილი, სტაფილო, გოგრა, ერბო,  ხახვი, ნიორი და კომბოსტო.

 

მჟავე

აღადგენს ქსოვილებს, აუმჯობესებს მინარალების შეთვისებას,  წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისაგან, ააქტიურებს ნერწყვის გამოყოფას, რაც თავისთავად აუმჯობესებს საკვების გადამუშავებასაც. მჟავე  საკვებია: მჟავე ხილი, ციტრუსი (ლიმონი, ლაიმი, გრეიპფრუტი, ფორთოხალი), მწნილები, მაწონი, არაჟანი, კეფირი, ძმარი.

 

მარილიანი

აუმჯობესებს საკვების გემოს და მის მონელებას, ახდენს ქსოვილის ლუბრიკაციას, შეიცავს მინერალებს, არეგულირებს ორგანიზმის მინერალურ ბალანსს და შლის ტოქსინებს. რეკომენდებულია ავარჩიოთ არარაფინირებული მარილიანი გემოს საკვები პროდუქტები: ზღვის მარილი,  ჰიმალაური მარილი, ნიახური, ზღვის პროდუქტები, ხორცი.

 

მწარე

აუმჯობესებს საკვების მონელებას, წმენდს ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს, ხელს უწყობს დეტოქსიკაციას და ამცირებს შეშუპებას. გემოთა შორის მწარე გემოს საკვებს ყველაზე მეტად ახასიათებს დეტოქსიკაციისა და გაწმენდის თვისებები. ასეთი საკვებია: მწვანე საკვები ფოთლები (ისპანახი, კალე, წიწმატი, ბაბუაწვერა, რუკოლა, ჭინჭარი), მწვანილები (ქინძი, ოხრახუში), კურკუმა, ბოლოკი, მწვანე ხახვი, პრასი, ბროკოლი, ბადრიჯანი, სეზამის მარცვალი.

 

ცხარე

აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, მადას, საკვების მონელებას და მეტაბოლიზმს, ასუფთავებს სასუნთქ გზებს, გვეხმარება უკეთ აზროვნებაში.  ცხარე გემოს მატარებელი საკვებია: ცხარე წიწაკები, უმი ნიორი, უმი ხახვი, უმი კომბოსტო, ჯინჯერი, ცხარე სანელებლები და მდოგვი.

 

მწკლარტე

მართალია, ჩვენ ენაზე არ გვაქვს მწკლარტე  გემოს მიმღები რეცეპტორები, მაგრამ ამ გემოს შემცველი  საკვები ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის ბალანსის შენარჩუნებას. ასეთი საკვებია: თეთრი კარტოფილი, პარკოსნები, წითელი ღვინო, შავი, თეთრი და მწვანე ჩაი,  მწვანილები, სანელებლები, უმი ხილი და ბოსტნეული.

 

უმამი

აუმჯობესებს მადას, საკვების გემოს და მონელებას. ხელს უწყობს ტვინის ნორმალურ ფუნქციას, ნერწყვის გამოყოფას, ასეთი საკვებია: სოკო, ქინოა, სტაფილო,  სოიისგან დამზადებული პროდუქტები (ტოფუ, სოიის სოუსი), ხორცი, ზღვის პროდუქტები, შებოლილი ხორცი, ფერმენტირებული საკვები.

იმისთვის, რომ შეადგინოთ დაბალანსებული და მრავალფეროვანი ულუფა, გემოს თითოეული კატეგორიიდან აარჩიეთ დაახლოებით ერთი მუჭა საკვები. მრავალფეროვანი ულუფები მინერალების, ვიტამინების, ცილების, ცხიმების და სხვა საჭირო ნივთიერების სიუხვესაც ნიშნავს.

მაგალითად: მოათავსეთ ერთ თეფშზე ერთი მუჭა ტკბილი კარტოფილი (ტკბილი), კომბოსტოს მწნილი (მჟავე), თევზი (მარილიანი), რუკოლას სალათა (მწარე),  წიწაკა (თევზს დაამატეთ, ცხარე) კიტრი და პამიდორი (მწკლარტე), სოკო (უმამი).

გამოვიდა თუ არა მრავალფეროვანი და დაბალანსებული ულუფა?

 


რეკომენდებული სტატიები
5 რჩევა სიცოცხლის 12-14 წლით გასახანგრძლივებლად

5 რჩევა სიცოცხლის 12-14 წლით გასახანგრძლივებლად

5 რჩევა სიცოცხლის 12-14 წლით გასახანგრძლივებლად
ჰარვარდის კვლევა, რომელიც ამერიკის გულის ასოციაციის ჟურნალ  Circulation-ში დაიბეჭდა, ერთ-ერთი უდიდესი იყო აქამდე ჩატარებულ მსგავს კვლევებს შორის. მეცნიერებმა 120 000-ზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის ისტორია გამოიკვლიეს
ჯანსაღი კვების პრინციპები ნიუ-იორკში მომუშავე თბილისელი ნუტრიციოლოგისგან

ჯანსაღი კვების პრინციპები ნიუ-იორკში მომუშავე თბილისელი ნუტრიციოლოგისგან

ჯანსაღი კვების პრინციპები ნიუ-იორკში მომუშავე თბილისელი ნუტრიციოლოგისგან
სოფია გიგიტაშვილი ნიუ-იორკში მომუშავე სერტიფიცირებული ნუტრიციოლოგ-თერაპევტი და დეტოქსიკაციის სპეციალისტია
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.