fbpx

როგორ მოვიქცეთ თუ თქვენს ბავშვს ცხოველების ეშინია


გააზიარე სტატია

 

„ახლოს არ მიხვიდე, გიკბენს.“

„იცოდე, აუა მოვა.“

„ხელი არ ახლო, საშიშია.“

 

ეს რამდენიმეა იმ სტანდარტული ფრაზებიდან, რომლებიც ბავშვობაში ალბათ უმეტეს ჩვენგანს გაუგონია. ეს ერთი შეხედვით უწყინარი გაფრთხილებები, რომელთა მიზანიც იდეაში ბავშვის უსაფრთხების დაცვაა ხოლმე, რეალურად უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ხშირ შემთხვევაში სრულიად უწყინარი „აუა“. რადგან ასეთ დროს ბავშვს ხელოვნურად ვუჩენთ არცთუ ისე სახარბიელო გრძნობას – შიშს.

ბავშვი  სამყაროს შემეცნების სურვილით იბადება.  მისი განვითარებისთვის აუცილებელია ყველა ახალი აღმოჩენა და ურთიერთობა. ყველაზე საინტერესო კი ბავშვისთვის, როგორც წესი, ცხოველებთან ურთიერთობაა. მათდამი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში კი  გადამწყვეტია ის, თუ როგორ გაფორმდება ურთიერთობის პირველი გამოცდილება ბავშვის გონებაში.

 

მზია დალაქიშვილი, ფსიქოლოგი:

„ბავშვმა თუ იგრძნო, რომ მისთვის უსაფრთხო გარემოში ხდება, მაგალითად, ძაღლთან პირველი ურთიერთობა და ადამიანს, რომელიც მას უქმნის უსაფრთხოებას, მშობელს ვგულისხმობ, აბსოლუტურად მეგობრული და კეთილგანწყობილი ურთიერთობა აქვს ცხოველთან, რაც უნდა დიდი იყოს ეს ძაღლი და ერთი შეხედვით, შეიძლება შიშის მომგვრელიც, ბავშვს მის მიმართ, როგორც წესი, შიში არ გაუჩნდება. ხოლო თუ პირიქით – მშობელმა მას დაანახვა შიში ამ არსების მიმართ, ხშირად ეუბნებიან ხოლმე, მაგალითად, „გიკბენს… ბეწვი გადაგეყლაპება და საავადმყოფოში მოხვდები…“ ბავშვი, რა თქმა უნდა, მას აღიქვამს, როგორც საფრთხეს.“

თუმცა  ხანდახან  შიშის ჩამოსაყალიბებლად ასეთი პირდაპირი სიტყვიერი მითითებაც კი არ ხდება ხოლმე საჭირო.  ეს შესაძლოა, მხოლოდ რეაქციამაც გამოიწვიოს, მაგალითად, მშობლის ყვირილმა ან ნებისმიერმა ქმედებამ, რომელიც ბავშვისთვის საფრთხის სიგნალი შეიძლება გახდეს.

 

ქეთი გაბისონია, მშობელი:

„ერთხელ აგარაკზე სახლში თაგვი შემოძვრა. მე, რა თქმა უნდა, მაშინვე დავიყვირე. ჩემი 3 წლის შვილი ჯერ შეშინდა, მაგრამ როცა გაიგო, რომ ეს ყვირილი თაგვს ეკუთვნოდა, აღფრთოვანებულმა მთხოვა ახლოდან მეჩვენებინა პატარა თაგუნია. მაშინვე მივხვდი, რომ ჩემგან განსხვავებით მას არ ეშინოდა და მივხვდი იმასაც, რომ ზუსტად ის მომენტი იყო, როცა ჩემზე იყო დამოკიდებული, აწი შევაშინებდი თუ არა.  ამიტომ ძალიან კი გამიძნელდა, მაგრამ ჩემი შიში როგორღაც მოვთოკე, ბავშვს არც ის დავანახვე, როგორ დასდევდნენ ოჯახის წევრები „საყვარელ თაგუნიას“ ცოცხებით და ავუხსენი, რომ თაგუნიას ადგილი ჩვენს სახლში არ არის, ახლა მას გარეთ გაიყვანენ და თავის სახლში დაბრუნდება. მაშინვე ჩემი თავი გამახსენდა ბავშვობაში – 90-იან წლებში თაგვის დანახვა ასეთი უცხო არ იყო და შესაბამისად, არაერთხელ შევსწრებივარ ანალოგიურ სცენას, ოჯახის ნახევარი თაგვს რომ დასდევს მოსაკლავად და მეორე ნახევარი მაგიდაზე ზის და კივის. სავარაუდოდ, თაგვზე ბევრად არასასიამოვნო ბავშვისთვის  ამ სცენის ყურება უფროა. ამიტომ ყველანაირად ვეცადე, რომ იგივე შიში ჩემს შვილსაც არ ჩარჩენოდა და მგონი, გამომივიდა.“

 

შიშს ხშირად ინფორმაციის ნაკლებობა ქმნის, ან სტერეოტიპები, რომლებიც არავინ იცის, საიდან მოდის. მაგალითად, ბავშვობაში ალბათ ყველას გაუგონია, რომ ღამურა საშიშია, რადგან თმაში ჩაფრენა იცის. თმის გადაპარსვის გარეშე კი მას ვეღარ მოიშორებ. აღმოჩნდა, რომ რეალურად ეს მითია და არავინ იცნობს თმაშიღამურაჩაფრენილ ადამიანს. ცნობისთვის, საქართველოში არც სხვა საფრთხის შემცველი ღამურები ბინადრობენ.

თუმცა, რა თქმა უნდა, ბავშვს ინფორმაცია უნდა ჰქონდეს მეორე მხარეზეც. ანუ არც ის შეიძლება, რომ ნებისმიერ ცხოველთან უშიშრად მიდიოდეს და ეხუტებოდეს. ამისთვის აუცილებელია, მას ვასწავლოთ სიფრთხილის ზომების დაცვა.  არა შიში, არამედ ამა თუ იმ ცხოველთან მოქცევის წესები.

 

 

მზია დალაქიშვილი, ფსიქოლოგი:

„ბავშვს ყველანაირი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ ცხოველის შესახებ, ოღონდ ეს არ უნდა იყოს შიშიდან გამომდინარე, არამედ რეალური ინფორმაცია. მთავარია, რომ დავიწყოთ პოზიტივით.

პირველ რიგში, მშვიდი ტონით დადებითად უნდა განვაწყოთ ნებისმიერი ცხოველის მიმართ. მაგალითად, თუ უპატრონო ძაღლს შეხვდებით, ჯერ აღნიშნეთ, რომ ძალიან საყვარელია, ძალიან მოგწონთ.  შემდეგ კი აუხსენით, რატომ არ შეიძლება კარგი იდეა იყოს მასთან ახლოს მისვლა, ან მოფერება – რომ ჩვენ არ ვიცით, რა გადახდა მას, აცრილია თუ არა და ა.შ.

ასეთი მიდგომა ბავშვს შიშს ნამდვილად არ ჩაუნერგავს, უბრალოდ ასწავლის სიფრთხილეს. თუმცა, ზოგადად, თუ ბავშვი  საზღვარსაც გრძნობს გარემოსთან და მეორე მხრივ, აქვს სწორი მიჯაჭვულობა მშობელთან, ის თავისთავადაც საკმაოდ ბუნებრივად ახერხებს, რომ დაიცვას ეს ზღვარი ცხოველთან და თვითონვე ხვდება, რომ პირში ხელი არ უნდა ჩაუდოს. აი, რომ ენდოთ ბავშვს, ძალიან ნაკლები შანსია, რომ ძაღლმა რამე დაუშავოს.“

 

გასაგებია, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ბავშვს ცხოველის მიმართ შიში არ გავუჩინოთ. მაგრამ რა ვქნათ, თუ ის თავისით შეშინდა  რამით? ამ დროსაც ტრადიციულად მოზრდილები ვუშვებთ ხოლმე შეცდომებს ასევე ტრადიციული ფრაზებით: „მშიშარა ხარ?!“, „რა სირცხვილია“, „ამხელა ბიჭს/გოგოს ამის როგორ გეშინია?!“ ბავშვის „შერცხვენა“ ამ დროს (და არც სხვა დროს) გამოსავალი არ არის. თუ ამით ბავშვს უარესად არ დააკომპლექსებთ, მინიმუმ შიშს ნამდვილად ვერ გადაალახვინებთ.

 

„თუ ბავშვს თავისით  შეეშინდება რამის,  პირველ რიგში, მოუსმინეთ. მიეცით სივრცე და  საშუალება, გამოხატოს თავისი ემოციები. ამის შემდეგ დაელაპარაკეთ, გაამხნევეთ, მოუყევით თქვენი გამოცდილების შესახებ. უამბეთ იმ არსების დადებით  თვისებებზე, რომლისაც მას შეეშინდა. თუ, მაგალითად, ეს კალიაა, ან სხვა  არცთუ ისე სასიამოვნო არსება, მეც დავეთანხმებოდი, რომ არც მე მომწონს, თუმცა ის ჩვენ საფრთხეს არ გვიქმნის. შეგვიძლია, ჩვენ ჩვენთვის ვიყოთ და ის – თავისთვის. თუ, ვთქვათ, ეს ძაღლია, რა თქმა უნდა, მასზე ბევრ დადებითს ვუამბობდი. დავანახვებდი, რომ ის საშიში არ არის, მასთან ერთად მოვეფერებოდი. შემდეგ მოვუყვებოდი, მეც როგორ შემაშინა ადრე ძაღლმა, მაგრამ დღემდე ძალიან მიყვარს ძაღლები.”

 

ეს რაც შეეხება რჩევებს იმისთვის, რომ საკუთარი შიშები მოზრდილებმა ბავშვებს არ გადავდოთ. თუმცა სურვილის შემთხვევაში ამ საკუთარი შიშების დაძლევაც შესაძლებელია და ხშირად სწორედ ეს არის ხოლმე პირველი და  აუცილებელი ნაბიჯი – ჯერ ჩვენი შიშებისგან გათავისუფლება, რომ განზრახ ან შემთხვევით ისინი ბავშვებსაც არ მოვახვიოთ. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სადმე დათვს თუ გადაეყარეთ, უშიშრად უნდა გადაეხვიოთ, მაგრამ იმ ცხოველების შიში, რომლებიც ძირითადად საფრთხეს არ წარმოადგენენ და რომლებიც თითქმის ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია – მინიმუმ მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ მოგცემთ.

 

შენში უარყოფითი ხდება, როცა რაღაცის გეშინია და მას ერიდები. ჯობია მას თვალი გაუსწორო, გააცნობიერო, რომ, მაგალითად, ძაღლი არის ძალიან საყვარელი არსება და ძალიან კარგია, თუ სახლში ეყოლება იმას, ვისაც უყვარს. მაგრამ მე, ისე მოხდა, რომ ჩემი ცხოვრების განმავლობაში არ მომეცა საშუალება, შემყვარებოდა ძაღლი. მაქვს ცუდი გამოცდილება, მაგრამ ასევე მაქვს გაცნობიერებული, რომ ის არაფერს დამიშავებს.

შიშით ცხოვრება კარგი არ არის და თუ შენ ამაზე იმუშავებ და სპეციალისტის დახმარებით ეცდები, იპოვო, რა არის ამის მიზეზი – შენ უკვე გაცნობიერებული გექნება, რომ „ასე მოხდა და შეიძლება მე მასთან ვერ ვმეგობრობ, მაგრამ მე აღარ მაქვს არანაირი შიში, რომ ის რამეს დამიშავებს.

და გვახსოვდეს, რომ მთავარია, დიდებმა ჩვენი შიშები  არ გადავდოთ ბავშვებს. ისინი თვითონ ისწავლიან თავიანთი გამოცდილებით, რა არის საშიში და – რა არა.“


რეკომენდებული სტატიები
რა იწვევს ბავშვებში ცხოველებზე ძალადობას

რა იწვევს ბავშვებში ცხოველებზე ძალადობას

რა იწვევს ბავშვებში ცხოველებზე ძალადობას
სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდება შემზარავი ფოტოები და კადრები, სადაც ნაწამები ცხოველებია ასახული. სურათს ამძიმებს ისიც, რომ ცხოველებზე ძალადობის ფაქტების ჩამდენები ხშირად ბავშვები არიან
რა ხდება როცა ბავშვს შინაურ ცხოველთან ერთად ვზრდით

რა ხდება როცა ბავშვს შინაურ ცხოველთან ერთად ვზრდით

რა ხდება როცა ბავშვს შინაურ ცხოველთან ერთად ვზრდით
მართალია თუ არა, რომ ცხოველისა და პატარების თანაცხოვრება ბავშვისთვის საზიანოა? ამ საკითხზე at.ge სპეციალისტებს და იმ მშობლებს გაესაუბრა, რომლებიც შვილებს ცხოველებთან ერთად ზრდიან
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.