ზიდანის დაბრუნება და ფსიქოანალიზი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ტატო ჩანგელია


ზიდანი დაბრუნდა. პრინციპში, როგორც შორიდან ჩანს, არც არსად წასულა, გადაიქანცა და ცოტა ხნით დასვენება გადაწყვიტა. დამღლელია სამი ჩემპიონთა ლიგის ბოლომდე მიყვანა, თანაც ზედიზედ.

ნერვების და ენერგიის მოლეკულებს გიდნობს ერთმანეთზე მიყოლებული რთული თამაშები – ტაქტიკებია დასახაზი და ზუსტი მითითებებია მისაცემი, თანაც, თუ მათემატიკური სიზუსტის აზროვნება გაქვს, როგორი აზროვნებაც ჰქონდა ფეხბურთელ ზიდანს, და როგორი აზროვნებაც აქვს მწვრთნელ ზიდანს. შესაბამისად საჭიროა დასვენება. პაუზის აღება. წყვეტა.

თანაც, აშკარაა, რომ არსად წასვლას ეს კაცი არ აპირებდა – გარდა სამეფო გუნდისა, ჯერ იყო და მანჩესტერს უმიზნებდნენ, მერე “ბებერ ქალბატონს”, აქა-იქ საფრანგეთის ნაკრებზეც კი დაირხა ხმები. ყველგან დიდი სიამოვნებით მიიღებდნენ, კარს გაუხსნიდნენ და მიიპატიჟებდნენ, ნადიმს და ოქროს მიაყრიდნენ, მაგრამ არა, მან მადრიდული სამეფო ამჯობინა ყველა სხვა სამეფოს, და დაბრუნდა.

 

 

თუმცა, ზიდანის წასვლაზე კიდევ შეიძლება რამდენიმე ვერსიის მოშველიება, ერთ-ერთი და ყველაზე მყარი ფსიქოანალიტიკური დაკვირვებაა, ცოტა ლაკანს თუ მოვიშველიებთ და ყბაში ფროიდს ამოვიდებთ, რათა უფრო ეფექტურები გამოვჩნდეთ, შეგვიძლია ზიდანის შინაგან ჰაბიტუსზე რაღაცები ვთქვათ, ვაფათუროთ ამ გენიოსის გონებაში ხელები და დავადგინოთ, რომ ის რადიკალური სურვილის მსხვერპლი გახდა.

ადამიანს, იმისთვის რომ იცხოვროს და იყოს ასე თუ ისე ბედნიერი (თუ ეს რამენაირად შესაძლებელია), სჭირდება სურვილები, რომელსაც იცის, რომ ვერასდროს დაიკმაყოფილებს, ჩემპიონთა ლიგა კი ყველა ევროპული გრანდისთვის თუ არა, გრანდისთვის მთავარი სურვილის ობიექტია – ყველაზე სექსუალური სხეულით, მბზინავი მკერდით და შოლტივით გრძელი ფეხებით, ბიჭები კი ყოველ წელს, სექსის სურვილით აფორიაქებული, გაუთლელი ვაჟიშვილივით ეცემიან ხოლმე მას. ვის რა გამოსდის, ვის რა.

ზიდანს გამოუვიდა, თანაც სამჯერ, მიყოლებით. პირველმა გამარჯვებამ დიდი სიხარული მოუტანა, გაუღვიძა ახალგაზრდობის განცდა, 2002 წელს გლაზგოში, ჰამპდენ პარკზე რომ განიცადა, მეორე ლიგაც თავისებურად სიხარულის მომტანი იქნებოდა, მესამე ლიგა კი კვლავწარმოებადი სურვილის ფორმად წარმოიქმნა, სურვილის დაკმაყოფილების საბოლოო საზღვარი ხო არ არსებობს, ის ხომ დაუსრულებელი დინებაა, რომლის მუდმივი ასრულება დამღლელი და მოსაბეზრებელია. ასე იცის გადამეტებულმა ბედნიერებამ, თავს გატკივებს, დეპრესიაში გაგდებს, და უეცრად საშინელი რამის წინაშე აღმოგაჩენს: აღარ ხარ ბედნიერი. ასე დაემართა ზიდანს. უეჭველია.

 

 

თუმცა, მალევე დააღწია თავი, რადგან ახალი სურვილი გამოუჩნდა, დანაოჭებული “რეალის” თავიდან აღორძინება, თანაც იმ გუნდის, სადაც ლეგენდები ერთმანეთს ეჩხუბებიან და ზიდანის მთავარი ბრილიანტი – რონალდო გუნდიდან წასულია. ეს ზიდანისთვის ახალი გამოწვევაა, ასეთია ის, უყვარს თავსატეხები, ლაბირინთებში ძრომიალი და ყველაფრის მათემატიკური სიზუსტით დაწყობა.

ტრუსიტულ გამოთქმას იმის შესახებ, რომ კარგი ფეხბურთელები ცუდი მწვრთნელები არიან, საბოლოოდ დაუსვა წერტილი, მეტიც, ის უფრო დიდ და ბრწყინვალე სპეციალისტად ჩამოყალიბდა, ვიდრე სხვა კარგი ფეხბურთელები და ამავე დროს კარგი მწვრთნელები, ბეკენბაუერსა და კრუიფს მიღმა დადგა, და დაგვანახა, რომ ისეთივე გონიერი სპეციალისტია, როგორი ფეხბურთელიც იყო. ახლა ვნახოთ, რას იზამს, როგორ უშველის კრიზისით მოქანცულ გუნდს, აგერ, პირველი ტრანსფერიც მოითხოვა, თანამემამულე კანტე. ფლორენტინო პერეს კი შანსი აქვს, 16 წლის ოცნება აიხდინოს და გუნდში კლაუდიო მაკელელეს ღირსეული შემცვლელი მოიყვანოს.

ვნახოთ, როგორ გააგორებენ მადრიდელები ბურთს ზინედინ ზიდანის მეთაურობით, რომელმაც იცის, როგორ და რანაირად წარმართოს მათემატიკური სიზუსტით თამაში და როგორ მოიგოს ტიტულები, რომელიც “რეალს” განსაკუთრებით უყვარს.

 


რეკომენდებული სტატიები
ჩემპიონთა ლიგა - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა?!

ჩემპიონთა ლიგა - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა?!

ჩემპიონთა ლიგა - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა?!
ჩემპიონთა ლიგის ყოველი გათამაშება ფეხბურთის გულშემატკივარს სულ ახალ-ახალ სიურპრიზებს სთავაზობს. წლევანდელმა სეზონმა კი ამ თვალსაზრისით ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.