20 მარტი ბედნიერების დღეა და მსოფლიოს N1 ბედნიერი ქვეყანა კვლავ ფინეთია


გააზიარე სტატია

 

ავტორი: თეა სხიერელი

 

20 მარტს, ბედნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნება. გაეროს მდგრადი განვითარების ქსელმა 2019 წლის მსოფლიოს ბედნიერების თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა – ყოველწლიური კვლევა, რომელიც განვითარებასა და ბედნიერებას შორის კავშირს შეისწავლის (ქვეყნების ჩამონათვალი 27-ე გვერდზე).

გაეროს წევრი თითოეული ქვეყნიდან  1000 ადამიანი ცხოვრების ხარისხს 0-10-მდე სკალაზე აფასებს. მკვლევარები მონაცემებს ექვს სხვადასხვა სფეროსთან მიმართებით აგროვებენ: მშპ ერთ სულ მოსახლეზე, სიცოცხლის ხანგრძლივობა, სოციალური მხარდაჭერა, სანდოობა და კორუფცია, თავისუფლების აღქმა ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღებისას და ხელგაშლილობა.

 

საქართველო და მისი “სამეზობლო” ბედნიერების რეიტინგებში

 

ბედნიერების რეიტინგის ტოპ 10 ქვეყანა

 

ბედნიერების რეიტინგის ბოლო 10 ქვეყანა

 

2019 წლის რეიტინგში ფინეთს პირველი ადგილი უჭირავს (7,76 ქულა), მას მოსდევს დანია (7,60), ნორვეგია (7,55 ქულა), ისლანდია (7,49), ჰოლანდია (7,48), შვეიცარია (7,48). აშშ მე-18 ადგილზეა (6,88 ქულა), საქართველო კი 119 ადგილს იკავებს 4.519 ქულით, შარშან ეს მაჩვენებელი 128-ე იყო (4.34 ქულა).

 

მსოფლიოს ყველაზე მეტად და ნაკლებად “ბედნიერი” ქვეყნები

 

 

ბედნიერება ფაქტებით

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჰარვარდის სკოლამ ფსიქოლოგიურ კეთილდღეობასა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან დაკავშირებული 200 სხვადასხვა კვლევა შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ ოპტიმიზმი და დადებითი ემოციები ადამიანებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან იცავს, ამგვარი ავადმყოფობების განვითარებას ანელებს და გულის შეტევის რისკს დაახლოებით 50 პროცენტით ამცირებს.

როცა გავცემთ, ტვინის ის მონაკვეთები აქტიურდება, რომლებიც პასუხს  სიამოვნებაზე, სოციალურ კავშირებსა და ნდობაზე აგებს. ალტრუისტული ქცევისას ტვინში ენდორფინები გამოიყოფა, რაც ჩვენში, ისევე როგორც იმ ადამიანებში, რომლებსაც ვეხმარებით, ბედნიერების შეგრძნებას ზრდის. კვლევები გვაჩვენებს, რომ ფულის გაცემა ადამიანებს უფრო აბედნიერებს, ვიდრე საკუთარი თავისთვის ფულის ხარჯვა.

ბედნიერება მხოლოდ სასიამოვნო შეგრძნება არაა – ასობით კვლევამ აჩვენა, რომ ასეთი ადამიანები გაცილებით ჯანმრთელები არიან და უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ნაკლებად ბედნიერნი. შფოთვა, დეპრესია, პესიმიზმი და სიამოვნების ნაკლებობა დაავადებების რისკებთან და ხანმოკლე სიცოცხლესთან ასოცირდება.

ჩვენი ემოციები გავლენას ახდენს ჩვენსავე ხანგრძლივ კეთილდღეობაზე. კვლევების მიხედვით, დადებითი ემოციების განცდა (3-1 პროპორციით) ადამიანს პრობლემების წინაშე უფრო მოქნილს ხდის და ის უფრო წარმატებით აღწევს მიზნებს.

ჩვენი ბედნიერება გავლენას ახდენს იმ ადამიანებზეც, რომლებსაც ვიცნობთ. კვლევის მიხედვით, ახლობელი ადამიანის ბედნიერება ჩვენსას 15 %-ით ზრდის, ე. წ. მეორე ხარისხის ახლობლის (მაგალითად, მეგობრის მეუღლის) ბედნიერება – 10 პროცენტით, ხოლო მესამე ხარისხის ნაცნობის (მაგალითად მეგობრის მეგობრის მეგობრის) ბედნიერება – 6 პროცენტით.

დასავლელი ნეირომეცნიერები ადასტურებენ, რომ აღმოსავლური სიბრძნე – ბედნიერება უნარია, რომლის სწავლაც შეიძლება – სიმართლეს შეესაბამება. კვლევის მიხედვით, ბედნიერება, თანაგრძნობა და სიკეთე ხელობაა, რომლის დასწავლაცა და გაუმჯობესებაც, ადამიანის ტვინის ნეირომოქნილობის წყალობით, ვარჯიშითაც შესაძლებელია.

თუმცა, ადამიანის გენები პირადი ბედნიერების 50 პროცენტზე აგებს პასუხს, ხოლო ისეთი პირობები, როგორიცაა შემოსავალი და გარემო, მხოლოდ 10 პროცენტზე. ბედნიერების განცდის 40 პროცენტი ყოველდღიურ აქტივობებსა და ჩვენს ცნობიერ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. კარგი ამბავი ისაა, რომ ჩვენს ქმედებებს მდგომარეობის შეცვლა მართლაც შეუძლია.

 

 

კავშირი თავისუფალ ნებასა და ბედნიერებას შორის

დასავლურ და აზიურ კულტურებს თავისუფალი ნების თაობაზე ურთიერთგანსხვავებული შეხედულებები ახასიათებს. ჟურნალში „Frontiers in Psychology“ დალის უნივერსიტეტში მოღვაწე პროფესორის, ჯინგვანგ ლის კვლევა გამოქვეყნდა. ნაშრომის მიზანი ჩინელ თინეიჯერებში თავისუფალი ნების რწმენასა და ბედნიერებას შორის კავშირის დადგენაა. აღმოჩნდა, რომ ცდისპირთა 85 პროცენტს  თავისუფალი ნების სჯერა და ეს ბედნიერების ცვლადთან პოზიტიურ კორელაციაშია. თავისუფალი ნების კონცეფცია წარსული გამოცდილებებისა და მოვლენებისგან დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებას გულისხმობს.

დასავლეთში ჩატარებულმა მსგავსმა კვლევამ აჩვენა, რომ ის ადამიანები, რომლებსაც თავისუფალი ნების სჯერა, უფრო ბედნიერები არიან. ჩინეთში ამ კვლევის ჩატარების საჭიროება დასავლურ და აზიურ კულტურებს შორის განსხვავების გამო წარმოიშვა – დასავლური კულტურა ინდივიდუალისტურია, ხოლო ჩინეთში კოლექტიური მიზნები უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე პირადი თავისუფლება.

დასავლეთში ჩატარებული კვლევების მიხედვით, თავისუფალი ნების რწმენა დადებით კორელაციაშია უკეთეს შრომასთან, აკადემიურ მიღწევებსა და ნაკლებ ნეგატიურ ქცევასთან. საპირისპირო რწმენა კი კავშირშია ღალატთან, აგრესიასა და დაბალ თვითკონტროლთან.

ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მიუხედავად საზოგადოების კოლექტიურობისა თუ ინდივიდუალისტურობისა, თავისუფალი ნების რწმენა დადებითად აისახება ბედნიერების მაჩვენებელზე.

მსგავსი კვლევები უმნიშვნელოვანესია, რადგან იმ ცვლადების შესახებ იძლევა ცოდნას, რომლებიც ცხოვრების ხარისხსა და ბედნიერების შეგრძნებას ზრდის. ფსიქოლოგებს შეეძლებათ შეიმუშავონ სპეციფიური სასწავლო პროგრამები, რომელიც ამ მონაცემებით მიღებულ ცოდნას დაეყრდნობა.

 

 

საერთო ეროვნული ბედნიერება

1972 წელს ბუტანის მეფემ მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც მთელი სახელმწიფოს ყოფა შეცვალა: მან „საერთო ეროვნული ბედნიერების“ ცნება (სებ) დაამკვიდრა. სებ-ის დონე ქვეყნის წარმატებულობის მთავარ მაჩვენებლად იქცა, რაც, მეფის აზრით, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა.

სახელმწიფოში ბედნიერების სამინისტრო შეიქმნა, სებ-ის გამოთვლა მათემატიკური ფორმულებით დაიწყეს და მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის გეგმაც შეიმუშავეს.

 

 

ბუტანში ამ მოვლენებს ლოგიკური წინაპირობა გააჩნდა: ეს მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფოა, რომლის ოფიციალური რელიგიაც ტანტრული ბუდიზმია. მისი შემქმნელის, ბუდა შაკიამუნის დროიდან მოყოლებული, ვაჯრაიანას (ალმასის გზის) სწავლების მიზანი ადამიანის მიერ ისეთი მდგომარეობის მიღწევაა, რომელშიც არ არსებობს ტანჯვა – ეს არის სრული და აბსოლუტური, გარემოებებისგან დამოუკიდებლად არსებული ბედნიერება. ამ მდგომარეობას ბუდიზმში „გასხივოსნება“ ჰქვია.

იმის მიუხედავად, რომ ბუდიზმი მატერიალურ კომფორტსა და სიმდიდრეს არ უარყოფს, ამ რელიგიის მქადაგებლები ყოველთვის ამბობენ: სახლები, ძვირფასი მანქანები, ბრილიანტები და საბანკო ანგარიშები ბედნიერ ადამიანად ვერ გვაქცევს. შინაგანი სისავსის განცდა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პირადი შთაბეჭდილებები დააგროვა ადამიანმა.

სებ-ის გამომთვლელი ფორმულა მოიცავს როგორც სუბიექტურ ფსიქოლოგიურ, ისე ობიექტურ კრიტერიუმებს:

  • ფსიქოლოგიური კეთილდღეობა;
  • ცხოვრების სტანდარტები;
  • კარგი მმართველობა;
  • ჯანდაცვა;
  • განათლება;
  • თემის კეთილდღეობა;
  • კულტურული მრავალფეროვნება;
  • დროის გამოყენება;
  • ეკოლოგია.

 

ბუტანში მოწევა აკრძალულია, ქვეყნის ნახევარზე მეტი რეზერვირებულია (გადაშენების პირას მყოფ ბენგალურ ვეფხვებს აქ საგანგებო მცველები ჰყავთ), წარმოებისა და მოხმარების ბალანსი მკაცრადაა დაცული, ქიმიური სასუქები აკრძალულია.

კულტურული და ეროვნული იდენტობის საფრთხეებისაგან დასაცავად, ვიზას მხოლოდ იმ პირებზე გასცემენ, რომლებმაც ტურისტული პაკეტი უშუალოდ ოფიციალური წარმომადგენლისგან შეიძინეს – თანხა დღეში 250 $-ს შეადგენს. თუმცა, ამ ღირებულებაში სასტუმროს, საკვების, ტრანსპორტისა და გიდის ხარჯებიც შედის. ეს სტრატეგია შემდეგნაირია: მცირე მოცულობა, მაღალი ხარისხი.

ამ ქვეყანაში მათხოვარს ვერ ნახავთ. ახალგაზრდები ინგლისურად საუბრობენ. ბუტანის სკოლებში მათემატიკას, ფიზიკას, ქიმიას, მშობლიურ ენა ძონგკხას (ტიბეტურ დიალექტს), ინგლისურ ენასა და ხელოვნებას სწავლობენ. ქვეყანაში ძალიან ბევრი სამხატვრო სკოლაა, სადაც ბუდისტურ ფერწერას – ტჰანკას, ხის თლას და ქანდაკებას ასწავლიან. ბუტანში განათლება უფასოა.

საერთო ეროვნული ბედნიერება (სებ) ერთგვარი ფილოსოფიაა, რომელიც ბუტანის მთავრობის მუშაობის მამოძრავებელი ძალაა. ის მოიცავს ინდექსს, რომელიც მოსახლეობის კოლექტიური ბედნიერებისა და კეთილდღეობის გასაზომად გამოიყენება.

სებ-ის ფილოსოფიამ  საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და გაეროს რეზოლუციაშიც გაჟღერდა: „ვაცნობიერებთ, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი ხალხის ბედნიერებასა და კეთილდღეობას სრული სიზუსტით არ ასახავს“ და „ბედნიერებისკენ სწრაფვა ადამიანის ფუნდამენტური მიზანია“.

თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ბედნიერების სიაში ბუტანი მხოლოდ 95-ე ადგილს იკავებს.

 


რეკომენდებული სტატიები
22 მწარე სიმართლე, რომელიც უკეთეს ადამიანად გაქცევს

22 მწარე სიმართლე, რომელიც უკეთეს ადამიანად გაქცევს

22 მწარე სიმართლე, რომელიც უკეთეს ადამიანად გაქცევს
თუ ცხოვრებისგან მაქსიმუმის მიღება გსურს, სიმართლეს თვალი უნდა გაუსწორო და ყურადღება იმაზე გაამახვილო, რაც მართლა მნიშვნელოვანია
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.