fbpx

5 საკვები პროდუქტი, რომელსაც არასდროს არ უნდა მივეკაროთ


გააზიარე სტატია

ავტორი: სოფია გიგიტაშვილი

 

სამწუხაროა, რომ ჩვენი საკვები, რომელიც თავისი არსით შექმნილია ორგანიზმის კვებისა და გაჯანსაღებისათვის,  უამრავი დაავადების გამომწვევ მიზეზად გადაიქცა. ყველა ვამჩნევთ, თუ როგორ მომრავლდა ქრონიკული დაავადებები და რამდენი ბავშვი იბადება ჯანმრთელობის დარღვევებით. სტატისტიკის მიხედვით, ქრონიკული დაავადებების რიცხვი უფრო და უფრო იზრდება. დიაბეტი, გულსისხლძარღვოვანი, სიმსივნური და ავტოიმუნური დაავადებები 21-ე საუკუნის ეპიდემიად მოიაზრება.

ბიოლოგიური თვალსაზრისით ადამიანის ორგანიზმი ისევ ისეთივეა, როგორც ათიათასობით წლის წინ იყო. ჩვენი ფიზიოლოგია და ნუტრიციული მოთხოვნილებები დაახლოებით ისეთივეა, როგორც მაშინ. საკვების გადამამუშავებელი, იმუნური, ენდოკრინული, გულისისხლძარღვოვანი და სხვა სისტემები ისევ იმ საკვების მიღებაზეა დამოკიდებული, რომელიც ბუნებამ ადამიანს დაუწესა. სწორედ ის მოლეკულები, რომლებსაც ჩვენი ორგანიზმი საკვებიდან იღებს, გამოიყენება სისტემების, ორგანოების, ჰორმონების, ფერმენტების, სისხლის და ორგანიზმის სხვა საჭირო ნივთიერების შესაქმნელად.

არის საკვები, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი გადაამუშავებს და საჭიროებისამებრ იყენებს. არის ასევე საკვები, რომელსაც არანაირი ნუტრიციული ღირებულება არ გააჩნია და მის გადამუშავებასა და შეთვისებაზე ორგანიზმის უამრავი რესურსი იხარჯება. აი, მაგალითად, 1 შაქრის მოლეკულის მეტაბოლიზმს 28 მაგნიუმის მოლეკულა ესაჭიროება. დღესდღეობით მაგნიუმის უკმარისობა ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა ასევე იწვევს B ვიტამინების დეფიციტს, რაც თავისთავად ჯაჭვური რეაქციის საშუალებით ზიანს აყენებს ღვიძლს. ღვიძლს კი 400-ზე მეტი სასიცოცხლო ფუნქცია აკისრია.

სამწუხაროდ, დედაბუნების მიერ ჩვენთვის განკუთვნილი ჯანსაღი საკვები, თანამედროვე ქიმიური თუ ინდუსტრიული მეთოდების საშუალებით, დაავადებების გამომწვევ მიზეზებად გადაიქცა. უამრავი მარკეტინგული მესიჯი გვარწმუნებს ამა თუ იმ საკვების საჭიროებაში, რაც ხშირ შემთხვევაში სიმართლეს არ შეეფერება.

ასე თუ ისე ყველამ ვიცით, რა არის ჩვენთვის სასარგებლო: ხილი, ბოსტნეული, ჯანსაღი ცხიმები და ყველა ის არარაფინირებული საკვები, რომელიც თავისი ნამდვილი, მთლიანი სახით ბუნებიდან მოდის. მაგრამ ხანდახან ფერად-ფერად ყუთებში და ბოთლებში მოთავსებული პროდუქტების “შარმს” მაინც ვერ ვუძლებთ. ინდუსტრიული წესებით დამზადებულ საკვები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანს. სასურველია ვიცოდეთ მათი წარმომავლობის და ზეგავლენის შესახებ.

 

ჰიდროლიზებული ზეთები

 

ზეთი, რომლებიც  პლასტმასის გამჭირვალე ბოთლებში იყიდება, ტოქსიკურია და სერიოზულ ზიანს აყენებს ჯანმრთელობას. ასეთი ზეთები  1900-იანი წლებიდან იყიდება. ისტორია გვაჩვენებს, რომ, როცა ადამიანმა დაიწყო გადამუშავებული, წყალბადის გაზით (hydrogenated) გაჯერებული ცხიმების მიღება, გაიზარდა გულსისხლძარღვოვანი, სიმსივნური, იმუნური და სახსრების დაავადებები, ასევე ჭარბწონიანობა.  ასეთმა ცხიმებმა ასევე უარყოფითად იმოქმედა რეპროდუქციაზეც.

ცხიმის ინდუსტრიული დამუშავების შედეგად იგი საკმაოდ მაღალ ტემპერატურაზე ცხელდება. შემდგომ ცხიმის ქიმიურ ელემენტს ემატება წყალბადის გაზის მოლეკულა, რის შედეგადაც შესაძლებელი ხდება ამ ზეთების განუსაზღვრელი დროით შენახვა.

თითქოს ცუდი ამაში არაფერია, მაგრამ ქიმიური შემადგენლობის შეცვლამ გამოიწვია მისი უკუეფექტიც, თანაც გაცხელების შედეგად ცხიმი კარგავს სასარგებლო ნივთიერებებს.

ასეთი ცხიმები ადვილად ილექება სისხლძარღვების კედლებზე, იწვევს ანთებით პროცესებს, ჟანგვას, მოქმედებს ქოლესტერინზე, ზრდის ინსულტის რისკს. ორგანიზმი ვერ იყენებს ასეთ ცხიმებს სხვადასხვა ფუნქციის შესასრულებლად. ზეთები უნდა იყოს ცივი წესით დამზადებული და მოთავსებული მუქ, შუშის ბოთლში.

 

ხელოვნური დამატკბობლები

პირველი სინთეტიკური დამატკბობელი – საქარინი 1870 წელს ქიმიურ ლაბორატორიაში შემთხვევით  აღმოაჩინეს და ის ქვანახშირის ერთ-ერთ შემადგენელ კომპონენტს წარმოადგენს. კვლევების თანახმად, ის  კარცინოგენული ნივთიერებაა. მისი გამოყენება ასოცირდება შარდის ბუშტის სიმსივნის წარმოქმნასთან. მეორე დამატკბობელი, რომელიც დღესდღეობით ფართოდ გამოიყენება არის ასპარტამი (NutraSweet, Equal).

ასპარტამის ორი შემადგენელი ნივთიერებაა ასპარაგინული მჟავა და ფენილალანინი. მათი მეტაბოლიზმის შედეგად ორგანიზმში წარმოიშობა მეთანოლი, რომლის შემდგომი მეტაბოლიზმი ტოვებს ნევროტოქსინებს და კარცინოგენულ ნივთიერებებს.

ასპარტამის შემადგენელი დამატკბობლების მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს თავბრუს ხვევა, თავის ტკივილები, ხასიათის მკვეთრი ცვლილება, კუჭ-ნაწლავის პრობლემები.

გარდა იმისა, რომ ხელოვნური დამატკბობლები  გამოიყენება ყავაში და ჩაიში, ისინი ასევე გვხდება გაზიან სასმელებში, ნამცხვრებში, კონსერვებში, მურაბებში, ჯემებში და ა. შ. თუკი პროდუქტს აწერია “დიეტური”, “დაბალი შაქრის შემცველი” ან “უშაქრო”, სავარაუდოა, რომ ის შეიცავს ასეთ დამატკბობლებს.

ხელოვნურ დამატკბობლებს არ გააჩნიათ არანაირი ნუტრიციული ღირებულება და სჯობს ამოვიღოთ კვების რაციონიდან. თუ გაქვთ დიაბეტი ან გსურთ შაქრის კვების რაციონიდან ამოღება, სტევია (stevia) ორგანიზმისათვის ყველაზე მისაღები ნატურალური ალტერნატივაა.

 

ჩიფსები

მართალია, რთულია გაუძლო არომატული და ხრაშუნა ჩიფსების ცდუნებას, მაგრამ სასურველია, ვიცოდეთ ჩვენი საკვების შემადგენლობა და მისი გავლენა ორგანიზმზე. ჩიფსები შეიცავს უამრავ კალორიას, არაჯანსაღ ცხიმებს (ტრანსცხიმები), დიდი რაოდენობით მარილს, შაქარს ხელოვნურ გემოებს და ფერებს. მათი ხშირად მირთმევა ასოცირდება გულისისხლძარღვოვანი დაავადებების წარმოქნის რისკთან. მასში არ არის არანაირი ვიტამინი, მინერალი და ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერება.

მაღალი კალორიები იწვევს წონის მატებას, ტრანსცხიმები მოქმედებს სისხლძარღვებზე და ქოლესტერინზე, მარილი კი წნევაზე. ჩიფსები მათი ფაქტურისა  და მასში შემავალი ნივთიერებების გამო იწვევს დამოკიდებულებასაც.

შედარებით უსაფრთხოა გამომცხვარი ჩიფსები, რომელიც არ შეიცავს ტრანსცხიმებს და დიდი რაოდენობით მარილს. ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება ინგრედიენტებს. ჩიფსები ასევე შეგიძლიათ დაამზადოთ სახლში.

 

თეთრი შაქარი

 


ჰიპერგლიკემია (სისხლში მაღალი შაქრის შემცველობა) თანამედროვე ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. უამრავი დისბალანსი – ჰორმონალური დარღვევები, ჭარბი წონა, კოგნიტიური პრომლემები, დაბალი ენერგია, უძილობა, ანთებითი პროცესები, ხასიათის ცვალებადობა, დიაბეტი, პირდაპირ კავშირშია სისხლში მაღალი შაქრის შემცველობასთან. სისხლში შაქრის მატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ჩვენი საკვებია.

ორგანიზმში თეთრი შაქრის შეთვისება სწრაფად ხდება, ამიტომაც ის იწვევს სისხლში შაქრის უცებ მომატებას. ჩვენი ორგანიზმი აღჭურვილია შაქართან გამკლავების მექანიზმებით, თუმცა ჩვენი სისტემა არ არის შექმნილი სისხლში შაქრის გამუდმებით დაწევისათვის. 

მაღალი შაქარი მოქმედებს იმუნურ სისტემაზეც, თირკმელებზე, ღვიძლის ფუნქციაზე, ასევე შაქრის მეტაბოლიზმს ეწირება უამრავი მინერალი, ვიტამინი, თავისთავად წნეხის ქვეშ ექცევა პანკრეასიც, რომელსაც საკვების მომნელებელი ფუნქციაც აკისრია. თირკმელზედა ჯირკვალი იწვევს ენდოკრინული სისტემის მწყობრიდან გამოსვლასაც.

შაქარი ასევე კვებავს უამრავ არასასურველ ბაქტერიას. უამრავი პროდუქტი, რომელსაც ჩვენ დღიურად მივირთმევთ, გაჯერებულია შაქრით. კვლევები აჩვენებს, რომ შაქარი უფრო ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს, ვიდრე ზოგიერთი ნარკოტიკი. შაქრის მთლიანად ამოღება ადვილი არ არის, მაგრამ მისი შემცირება ნამდვილად ღირს. თუ გსურთ მისი ჩანაცვლება, მიირთვით ნატურალური თაფლი, ნეკერჩხლის სიროფი, ქოქოსის შაქარი, სტევია, მოლასისი.

 

შაქრიანი გაზიანი სასმელები

 

შაქარიანი სასმელები ორგანიზმში შაქრის აწევასთან ერთად იწვევს წონის მატებასაც. შაქრის მეტაბოლიზმი ღვიძლის დახმარებით ხდება, როდესაც ორგანიზმს მიეწოდება იმაზე მეტი შაქარი, ვიდრე საჭიროა, ის გადაიქცევა ცხიმად და მუცლის არეში ინახება.

ასეთი ტიპის ცხიმი ზრდის დიაბეტის, სიმსივნური და გულსისხლძარღვოვანი დაავადებების რისკს. ერთ ბოთლ გაზიან სასმელში დაახლოებით 26-39 გ შაქარია, რაც 4-9 ჩ/კ-ს უდრის. შაქრიანი გაზიანი სასმელები ასევე შეიცავს ხელოვნურ გემოებს, ფერებს, რომლებიც კარცინოგენულია.

ასეთი ტიპის სასმელებს არანაირი ნუტრიციული ღირებულება არ გააჩნია და ზიანს აყენებს ჩვენს ორგანიზმს. შაქრიანი სასმელების მაგივრად მიირთვით ბოსტნეული და ხილის ცოცხალი წვენები, წყალი, მინერალური წყალი. სახლში დამზადებული უშაქრო კომპოტები.

ის, რაც ორგანიზმისთვის გამოსადეგი არ არის, ჩვენი სისტემის მიერ ტოქსინად აღიქმება. ასეთი უსარგებლო ნივთიერებებისაგან გათავისუფლებას კი ორგანიზმის უამრავი რესურსი და ძალისხმევა სჭირდება.  


რეკომენდებული სტატიები
3  სასარგებლო ტონიკი, რომელიც ზამთარში გაგაჯანსაღებთ და გაგათბობთ

3 სასარგებლო ტონიკი, რომელიც ზამთარში გაგაჯანსაღებთ და გაგათბობთ

3  სასარგებლო ტონიკი, რომელიც ზამთარში გაგაჯანსაღებთ და გაგათბობთ
ზამთრის ტონიკების დამზადება ადვილია - სულ რამდენიმე წუთს წაგართმევთ. საუკეთესო შედეგების მისაღწევად მიირთვით ტონიკი სისტემატურად. შეძლებისდაგვარად შეიძინეთ ბიოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტები
5 რჩევა სიცოცხლის 12-14 წლით გასახანგრძლივებლად

5 რჩევა სიცოცხლის 12-14 წლით გასახანგრძლივებლად

5 რჩევა სიცოცხლის 12-14 წლით გასახანგრძლივებლად
ჰარვარდის კვლევა, რომელიც ამერიკის გულის ასოციაციის ჟურნალ  Circulation-ში დაიბეჭდა, ერთ-ერთი უდიდესი იყო აქამდე ჩატარებულ მსგავს კვლევებს შორის. მეცნიერებმა 120 000-ზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის ისტორია გამოიკვლიეს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.