თინა კილაბერიძე – ქართველი დიზაინერი ნიუ იორკიდან


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი

 

პრელუდია

ლუიჩკა (ლუიზა ჩალათაშვილი – რედ.) ფოტოებს ამუშავებდა. მე და ლუიჩკას ქმარი, ნიკა რაგბის ვუყურებდით. მგონი, ის დღე იყო, ირლანდიამ რომ დროის გაწითლებიდან დაახლოებით 15 წუთის მერე დაამთავრა თამაში. ამ დრამატული სპორტული გრძნობების შემდეგ ჩემმა თვალმა ლუიჩკას მონიტორზე რაღაც უცნაური დალანდა.

უცნაური კი არა, საოცრება, ასეთი ინტერიერი და ავეჯი, რასაც მე იმწამს ვხედავდი, საქართველოში, როგორც წესი, არ გვხვდება. მე სწორი თვალი მაქვს. ინტერიერზე ინტუიციურად გაწაფული.

მარმარილოს ასეთი თამამი მაგიდა ტელევიზორისთვის, ან ასეთი დაბალი ტახტი ღია მარჯნისფერი ბალიშებით, ან ხის ასეთი გრავიურა კედელზე… საიდან,  ო უფალო? ვისი სახლია ნეტა? ან ვინ გააკეთა? ასე აღმოვაჩინე ის.

 

მისი ისტორია ნიჭის, შეუპოვრობის, არანორმალური შრომის, დაუღლელობისა და წარმატების ამბავია. ვფიქრობ, თინა კილაბერიძე ყველაზე მაგარი ქართველი ინტერიერის დიზაინერია. ის ალბათ ერთადერთი ქართველია, რომელიც ინტერიერის დიზაინერების უმაღლეს მსოფლიო ეშელონს ულაპარაკოდ შეგვიძლია მივაკუთვნოთ.

 

 თინათინი, შვილთან – ნინა ლაინთან და დიზაინერ აქსელ ვერვოორდტთან ერთად/ Courtesy Tinatin Kilaberidze 

 

რამდენიმე თვე ინსტაგრამზე ყველა ახალ პოსტს ვულაიქებდი და მერე მომწერა,  თბილისში ჩამოვდივარ და შეგვიძლია ინტერვიუც ჩავწეროთო.

მე და თინა ღვინის ბარში შევხვდით. თინას ქართული ენა აღმოჩნდა ბარბარიზმებისგან და პროფესიული ჟარგონისაგან გასაოცრად სუფთა და დახვეწილი. არ მეგონა, 30 წლის წინ წასული ადამიანი ერთ სიტყვაზე თუ მაინც არ შეყოვნდებოდა და ინგლისური შესატყვისით არ ჩაანაცვლებდა.

ფოტოები: ლუიზა ჩალათაშვილი

 

ცვლილებები და დასაწყისი

როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა და ჩვენი ქვეყანა ქაოსმა მოიცვა, თინა კილაბერიძე არჩევანის წინაშე იდგა, წასულიყო მოსკოვში, სადაც გარანტირებული საქმე და წარმატება ელოდა თუ წასულიყო პარიზში და ყველაფერი ნულიდან დაეწყო, როგორც მხატვარსა და დიზაინერს. მანამდე კი, თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, მრავალი განხრით მუშაობდა: აკეთებდა ინტერიერის დიზაინს, ობიექტებს (სიტყვა ავეჯის ხმარება არ მიყვარს, ამიტომ ვიტყვი ობიექტებს) ინტერიერისთვის, მუშაობდა გრაფიკაში, ფერწერაში, ხატავდა კედლებზე, მუშაობდა ზურა წერეთლის დიზაინის  სტუდიაშიც. როგორც ის ამბობს, თითოეული ახალი გამოწვევა მისი შანსი იყო, რომ მრავალმხრივი პროფესიის ყველა დეტალში დახელოვნებულიყო და ყველაფერი მაქსიმალურად აეთვისებინა.

საბოლოოდ არც ერთი დაგეგმილი დანიშნულების წერტილი აირჩია და არც მეორე. როგორ უცნაურადაც  უნდა ჟღერდეს, მის ცხოვრებაში გადამწყვეტი ცვლილების ინიციატორი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გახდა. არ იფიქროთ, რომ აქ რაიმე სახის ნეპოტიზმთან, ან ქართულ სიყვარულში ხელის წამოკვრასთან გვაქვს საქმე, არა მეგობრებო, თინამ 1990 წელს გაიცნო ფოტოდოკუმენტალისტი ქრეიგ ლაინი, რომელიც საქართველოში ზვიად გამსახურდიას გადასაღებად იყო ჩამოსული და რომელიც რამდენიმე თვე პრეზიდენტს ყველა რეგიონში დაჰყვებოდა და მის მოგზაურობას იღებდა.

თინა: “ვერმონტში ჩემი ცხოვრების პირველი პერიოდი ბიბლიოთეკაში გავატარე. საბჭოთა კავშირში არაფერზე წვდომა არ გვქონდა. ჩვენთვის უცნობი იყო დიზაინის თანამედროვე ტრენდები, არ ვიცოდით, ვინ იყვნენ წამყვანი დიზაინერები, სტუდიები, რკინის ფარდის მიღმა თითქმის არაფერი აღწევდა, საზღვარგარეთიდან ჩუმად ჩამოტანილ ჟურნალებსა და ვინილებს თუ არ ჩავთვლით. ბიბლიოთეკაში რამდენიმე თვე ვიცხოვრე, წინ მედო კატალოგები, ჟურნალები და დილიდან ღამემდე ინფორმაციას ღრუბელივით ვისრუტავდი. რამდენიმე თვეში უკვე ყველაფერი ვიცოდი მასალებზე, ფერზე, ხაზზე, პერსონებზე და ყველაფერ იმაზე, რაც ჩემს საქმეს უკავშირდებოდა. ის ინფორმაცია რაც მაკლდა, ამ პერიოდში ავინაზღაურე.”

ამ დროს თვალწინ დამიდგა “მეხუთე ელემენტის” უკვდავი პერსონაჟი, მილას მიერ განსახიერებული “ლილუ”, რომელიც მამა ვიტო კორნელიუსის კომპიუტერთან იჯდა და სინათლის სისწრაფით ნთქავდა ადამიანების მიერ შექმნილ ინფორმაციას, რომელიც ძილის დროს გამოტოვა. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ლილუ ინტერნეტში კითხულობდა ყველაფერს, თინა კი ანალოგ მედიუმიდან, ჟურნალებიდან და წიგნებიდან, რადგან 90-იანების დასაწყისში ინტერნეტი ღარიბი და არაფრის მომცემი იყო.

თინა: “როგორც კი ვიგრძენი, რომ მე უკვე შემეძლო საქმის სრულფასოვნად კეთება, ყველა წამყვან დიზაინ-ბიუროს მივწერე, ჩემდა გასაკვირად თითქმის ყველამ მიპასუხა და ბევრ მათგანთან შეხვედრაზეც წავედი. თუმცა აქ აღმოვაჩინე, რომ ერთი დიდი პრობლემის წინაშე ვიდექი, ყველა მთხოვდა პორტფოლიოს, მე კი ჩემი ქართული ნამუშევრების ამსახველი ერთი კადრიც კი არ მქონდა გადაღებული და შესაბამისად თან წაღებული. თბილისში გადაღებების დისტანციურად ორგანიზება და ფოტოების ამერიკაში გადაგზავნა ფანტასტიკის სფერო იყო, ამიტომ ავდექი და მეხსიერებით ყველაფერი დავხატე, არა სკეჩად, არამედ ისე, რომ ეს ნახატები 3დე მოდელადაც კი გამოდგებოდა.”

პირველი შეკვეთა, რაც თინამ ამერიკაში აიღო, მისი მეგობრების ზამთრის შალეს დიზაინი გახლდათ. როგორც თვითონ ამბობს, დიზაინი თითქმის ანაზღაურების გარეშე გააკეთა, რადგან მისთვის იმ მომენტში მთავარი იყო, რომ ერთი შესრულებული პროექტი მაინც ჰქონოდა ამერიკაში. მისი დასრულების შემდეგ ხომ უკვე საჩვენებელი მასალა ექნებოდა. ასეც მოხდა. პირველს მოჰყვა მეორე, მესამე… მეათე და ა.შ. მერე კი ვერმონტიდან ნიუ-იორკში გადასახლდა.

 

 

როგორ მუშაობს

“შინაგან ხმას ვუსმენ, ვაკვირდები, ვიშორებ ბუტაფორიულ და ზედაპირულ ელემენტებს, ვუსმენ შეგრძნებებს. უცნაურია,  ხშირად მგონია, რომ ყველაფერში მართალი ვარ და ყველაფერი ვიცი. როცა რაღაცას ვკითხულობ და ვგრძნობ, რომ ჩემთან ახლოსაა, ვიზიარებ მხოლოდ იმ ნაწილს, რაზეც მე მაქვს აქამდე ნაფიქრი. აი ასე მოვდივარ, ემოციაზე და ინტუიციაზე დაყრდნობით.” – მეუბნება თინა.

“მუშაობაში ხელს არაფერი მიშლის. ყველაფერს ვაკონტროლებ. შეტყობინებებსაც არ ვუყურებ ტელეფონზე. იდეები სწრაფად მომდის, ამას სჭირდება დრო, ფინანსები და ასევე ჩნდება  კითხვა, რამდენად საჭიროა მათი განხორციელება. სწორედ ამ კითხვის გამო “რამდენად საჭიროა”, ხატვა გვერდზე გადავდე და ბოლომდე გადავერთე დიზაინზე. მეგონა, ოდესმე გავაგრძელებდი, თუმცა ახლა ვფიქრობ, რომ უამრავი გენიოსია და ჩემი ნახატები აღარაა საჭირო.

 

 

ვფიქრობ, ჩემი მოვალეობაა,  ვიყო იქ, სადაც ყველაზე მეტად ვარ საჭირო, სადაც ყველაზე უკეთ შემიძლია ადამიანს ცხოვრება დადებითი მხრივ შევუცვალო. მინდა ვიყო გულწრფელი და ჩემი მისია პირნათლად შევასრულო.”

თინა კილაბერიძის შექმნილ ნივთებს და ინტერიერის დიზაინს, გულწრფელობისა და სწორი ინტუიციის გარდა, მასალისა და მისი შესაძლებლობების ზედმიწევნით კარგად ცოდნა ეტყობა. მისი შექმნილი ნამუშევრები იდეალურად მინიმალისტურია. უშრეტი სიამოვნების წყარო მათთვის, ვისთვისაც “ნაკლები არის მეტი”.

“მარტივი ფორმები მიყვარს. სიმშვიდეს გეომეტრიულ ბალანსში ვპოვებ.

არასოდეს მყვარებია ხუჭუჭები. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ორი წერტილის დაკავშირების საუკეთესო გზა სწორი ხაზია. ზედმეტად მოხვეული ფორმა და გამოჩენილი ორიგინალობა დროის კარგვაა. ლოგიკა, დახვეწილი მასალა და შესრულება და ავთენტურობა მასალასთან მუშაობისას – ესაა ჩემი პრინციპები.”

 

 

თინას ნამუშევრები

ბოლო კოლექცია ალბათ ჩემი წინა ნამუშევრების ლოგიკური გაგრძელებაა, ვეცადე, რომ ჩემს პირველ ფორმებთან ახლოს ვყოფილიყავი. ყოველთვის ვამბობ, რომ ვარ პრიმიტიული, ძალიან მარტივია ჩემი ფორმები, ყოველთვის ვცდილობ, რომ ეს შევინარჩუნო. ვცდილობ, არაფრის გავლენის ქვეშ არ მოვექცე. მოგეხსენებათ, უამრავი ლამაზი რამ იქმნება, უამრავი გენიალური დიზაინერი და მხატვარია ჩვენ გარშემო. მეც ყველაფერი მაინტერესებს და ხშირადაა მომენტი, როცა ვამბობ: “უი, რა ლამაზი მასალაა, უი, რა ლამაზი გადაწყვეტაა”, მაგრამ მაინც ვცდილობ, რომ დავუბრუნდე ჩემს ინტუიციურ საწყისს და არ მოვხვდე იმის გავლენის ქვეშ, რაც პიროვნულ ხელწერას დამიკარგავს.

 

Photos: Courtesy Tinatin Kilaberidze

 

“ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ელემენტია განათება, ის სრულად უნდა იყოს ბალანსირებული. დიდი ხანია ხესთან ვმუშაობ. ვმუშაობ ძალიან კარგ ოსტატებთან ერთად. ზედმიწევნით შევისწავლე, როგორ მოძრაობს ხე, როგორი შეჭედვა და მეტალი სჭირდება. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ზურა წერეთელთან ერთად ვმუშაობდი სანათების ფორმაზე.

 

 

თბილისში ვცადე ამას წინათ რამდენიმე სანათის გაკეთება, თუმცა ჩვენთან ბრინჯაოსთან მუშაობა ცოტა უჭირთ. ძირითადად, როცა საქმე  ბრინჯაოს ეხება, ერთ ფრანგულ სახელოსნოსთან ვთანამშრომლობ, ახლა ჩიკაგოში ვიპოვე ახალგაზრდა ოსტატები, რომლებმაც კედლის სანათურები შეასრულეს საოცრად.”

 

რას აკეთებს ახლა

3 წელი ერთ სახლს ვაკეთებდი  ბრუკლინში. მთლიანად გამოვშიგნეთ და ისე გავაკეთეთ, როგორც მე მინდოდა. შიგნით ყველა ნახაზი ჩემი გადაწყვეტაა. პატრონები ძალიან კონსერვატორი ახალგაზრდები არიან, თუმცა ბევრ შემთხვევაში მაინც ჩემი გავიტანე.

20 წელია ვმუშაობ ერთ კლიენტთან, რომლის 6 სახლი მაქვს გაკეთებული – კონექტიკუტში, მაიამიში, ბელგიაში, ლონდონში და ახლა პატარა პროექტი გავაკეთე ნიუ-იორკში, სადაც ყველაზე მეტად მომცეს თავისუფლება. ესაა სახლი, რომელიც ააშენეს შვილიშვილებისთვის და მოთხოვნა იყო, რომ ყველაფერი მაქსიმალურად ყოფილიყო ბავშვებზე მორგებული.

სრული კარტ ბლანში კი ცოტა ხნის წინ მომცა ჩემმა ოსტატმა, რომელსაც ჩემი შექმნილი ავეჯის პროექტები რეალობაში გადმოაქვს. მან ცოტა ხნის წინ სახლი იყიდა და მთხოვა, რომ ის გამეკეთებინა, რასაც მოვისურვებდი. ის მაძლევს საშუალებას, რომ ყველა კედელი დავშალო და ისე ავაწყო, როგორც მე მინდა. პატრონს უნდა, რომ ავეჯის ყველა ელემენტი ჩემი იყოს. ამას მე კატეგორიულად არ დავუშვებ. მჭირდება შერევა, რომ სახლი ძალიან ერთთვისებიანი არ გამოვიდეს.  

სიღნაღში სასტუმროს ვაკეთებ. აქაც მითხრეს, რომ ის გავაკეთო, რაც მინდა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ აქ ფული არ აქვთ. მთელი სასტუმროს ბიუჯეტი იმდენია, რამდენსაც ძალიან ხშირად ერთ ოთახზე ვხარჯავ. მაგრამ ეს ფაქტი ძალიან მომწონს, ეს გამოწვევაა დიზაინერისთვის. წარმოიდგინეთ, რომ არაფერი მაქვს და ამისგან რაღაც უნდა შევქმნა. ეს სამუშაო დიდი სიამოვნებით ავიღე. ვფიქრობ, რომ თუ ხარ დიზაინერი, ყველაფრისგან უნდა შექმნა მაგარი დიზაინი. ათასჯერ რთულია ეს გააკეთო, რადგან ფული არ მაქვს, მაგრამ კარგი გამოცდაა. აქ ყველაფერი ჩემი გაკეთებული იქნება, იატაკით დაწყებული, განათებით დამთავრებული. სავარაუდოდ, ბევრ რამეს გავაკეთებ ქაღალდისგან და ბეტონისგან.

 

თინა და საქართველო

არქიტექტორებზე უფრო მეტად მოდის წარმომადგენლებს ვიცნობ. ძალიან მომწონს გიორგი ქებურია და ვგულშემატკივრობ.

ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე ინტერიერის დიზაინერი ნინო ნოზაძე, ასევე სასწაულად ნიჭიერი ადამიანი.

მომწონს თემურ უგულავას ხედვა და შემართება, იმის მიუხედავად, რომ ჩემს ხედვას არ ემთხვევა.

ასევე ძალიან განვიცდი, რომ საბჭოთა დროინდელი ბრუტალისტული შედევრები ნადგურდება, რომელიც დროთა განმავლობაში ძალიან შემიყვარდა, არადა თავიდან არ მომწონდა. ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი ისტორიაა და მას ისევე უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც შუა საუკუნეების ნიმუშებს ვუფრთხილდებით.

ჩემი ყველაზე საყვარელი ადგილი თბილისში არის ლაგუნა ვერე. ესაა 70-იანი წლების ქართული ფორმა. ძალიან გული მწყდება, რომ ასე ნადგურდება. ესაა თბილისის ისტორია, აქ იზრდებოდნენ ჩვენი ულამაზესი წყალბურთელები, იკრიბებოდა საზოგადოება, ძალიან ელეგანტური და სხვანაირი ადგილი იყო, სადაც წასვლა ყოველთვის მიხაროდა. ჩემმა შვილმაც ცურვა ლაგუნა ვერეზე ისწავლა.

ჩემი შვილის, ნინას სადიპლომო ნამუშევარიც თბილისს უკავშირდება. თემად აიღო დიღომში მდებარე არქეოლოგიის მუზეუმი, რომელსაც აკეთებს როგორც საცხოვრებელ-საგამოფენო სივრცეს.

საქართველოს ყოველთვის დიდი ადგილი ეჭირა და უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. ყოველთვის ვცდილობდი და ვცდილობ, რომ ახალგაზრდებს შევხვდე, სხვებსაც გავაცნო, მათთან ვითანამრომლო.

 

ვინ აღაფრთოვანებს თინას

ერთხელ მეგობრებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ რაღაც ვილა იქირავეს, ოღონდ ცოტა უცნაურად ეჩვენებათ და ვერ იგებენ საერთოდ რა სტილია, რატომაა ასეთი. მთხოვეს, რომ ჩავსულიყავი და მის ცვლილებაში დავხმარებოდი.

ვილა ახალი და დიდი იყო, ერთ ფერში, ფლამანდრულ სტილზე გაკეთებული. მე ერთი სავარძელი და კედელი დავინახე სამზარეულოში და მაშინვე მივხვდი, ვისი ნახელავი იქნებოდა. შესაბამისად ვილის სახეცვლილებაზე უარი განვაცხადე ავტორთან, აქსელ ვერვოორდტთან შეთანხმების გარეშე. ყველას გაუკვირდა, როგორ გამოვიცანი ავტორი, რადგან სახლი ჯერ ბოლომდე ნანახიც არ მქონდა, აქსელი კი მაშინ არც ისე ცნობილი იყო.

მისი სტილი სამზარეულოს კერამიკის ფილებზე ვიცანი, უბრალო თეთრ ფილებზე, რომელიც თეთრად იყო მოჭიქული, ეს კი ცისფერ და ვარდისფერ ნაზ ტონებს გაძლევდა. ასეთი ტექნიკა ქართულ ჭიქურ კერამიკაშიც გამოიყენებოდა.

ვილაში უამრავი არტეფაქტი იყო, უცნაური არტეფაქტები, მაგალითად, დინოზავრის კვერცხი, ან დინოზავრის ფეხი. ეს ყველაფერი აქსელის ხელწერაა.

ასე გავიცანი კოლექციონერი, სტილისტი და უდიდესი ტრენდსეტერი, აქსელ ვერვოორდტი.  მისი უამრავი რამ მაქვს ნაყიდი, რომაული ქანდაკებებიდან დაწყებული, უახლესი მხატვრებით დამთავრებული. ბედნიერი ვარ, რომ ამ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა.  ის კი არა, რომ მე ამ ადამიანს ვუყურებ და მისი ესთეტიკის მიხედვით ვცვლი ჩემსას, არა, მე მისით ვამყარებ იმის წარმოდგენას, რისაც მჯერა, რაც მაძლევს კმაყოფილებისა და სიძლიერის გრძნობას.“

აქ თინა ამბობს, რომ აქსელი მასზე სულ ცოტათი უფროსია, რამაც ჩემი შოკი გამოიწვია. ეს ახალგაზრდა ლამაზი ქალი ამბობს, რომ არის 63 წლის, რაც ვერ დავიჯერე. ამაზე თინა მპასუხობს:

“სხეული იცვლება, თუმცა მის გარეგნობაზე მოქმედებს სულის მდგომარეობა. თუ სულით ახალგაზრდა ხარ, სხეულიც ახალგაზრდაა. ბევრი ვისწავლე, დიდი გამოცდილება მივიღე, ოღონდ ისევ ისეთ სარჩულზე ვარ. სხეული ფიტულია, რომელშიც დროებით შენს სულს ატარებ. მე ასე მომავლინა ახლა ღმერთმა და ეს სხეული უნდა ვატარო. რეინკარნაციის მჯერა.”

 


რეკომენდებული სტატიები
ფრენკ ლოიდ რაიტის 7 ფანტასტიკური სახლი, რომელიც ახლა იყიდება

ფრენკ ლოიდ რაიტის 7 ფანტასტიკური სახლი, რომელიც ახლა იყიდება

ფრენკ ლოიდ რაიტის 7 ფანტასტიკური სახლი, რომელიც ახლა იყიდება
რაიტმა დასაბამი მისცა ორგანულ არქიტექტურას - მიმართულებას,  რომელიც შენობის ბუნებრივ გარემოცვას იღებს მხედველობაში და უპირატესობას ანიჭებს სიმარტივესა და პრაქტიკულობას
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.