fbpx

ქართული უკულტურობის დღეები ევროპაში 2019


გააზიარე სტატია

ავტორი: ლაშა გაბუნია

 

მარტის მიწურულს და აპრილის დასაწყისში ორი ქართული ქართულენოვანი კოლექტივი – პანკ-ჯგუფი „ვოდკა ვტრაიომ“ და პოსტ-პანკ ტრიო „მთვარის დაბნელება“ ევროპაში, კერძოდ გერმანიაში, საფრანგეთსა და ბელგიაში ტურნეს აწყობენ, რომელსაც „ქართული უკულტურობის დღეები 2019“ დაარქვეს.

 

 

შეიძლება ეს სახელწოდება ზოგიერთს გაუკვირდეს, თუმცა ვინც პანკ-მუსიკას ან მის მონათესავე პოსტ-პანკს უსმენს, იმათთვის ჩვეულებრივი რამაა, რომელშიც იგრძნობა როგორც იუმორი, ისე თავისებური დამოკიდებულებაც იმ სტერეოტიპების მიმართ, რაც მსგავსი მუსიკალური ჟანრის მოსმენისას საშუალო სტატისტიკურ ადამიანს უჩნდება.

საქართველოსა და ზოგადად მსოფლიოს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში პანკები ანარქისტებთან და ერთგვარად, უკულტურო ადამიანებთან ასოცირდებიან. საქართველოს საკმაოდ ნორმალური პანკ-წარსული აქვს. მუსიკის ამ ჟანრით ქართველი მსმენელი ჯერ კიდევ 1970-იანების ბოლოს და 1980-იანებში დაინტერესდა. მართალია, ისინი ბევრნი არ იყვნენ, მაგრამ პირველი ნერგი ნიადაგში ალბათ მათ დარგეს. ნერგმა 1980-იანების მიწურულის გაიხარა. ეს ის პერიოდია, როცა ქართველმა შემსრულებლებმა პანკის დაკვრა მოსინჯეს და საინტერესო შემსრულებლებიც გამოჩნდნენ. 1990-იანებში, როცა ქვეყანაში ალტერნატიული მუსიკის ბუმი დაიწყო, პანკ-სულისკვეთება კიდევ უფრო გაძლიერდა.

 

გრანჟნარევი პანკ-ჯგუფი „ვოდკა ვტრაიომ“ გაგრელმა ვოკალისტმა და გიტარისტმა ლევან მანაგაძემ (მეტსახელად „კეშა“) 2004 წელს თბილისში ჩამოაყალიბა. სულ მალე მისი შექმნიდან 15 წელი გადის, რომლის აღნიშვნასაც ჯგუფი კონცერტით გეგმავს. „კეშას“ გარდა „ვოდკა ვტრაიომში“ უკრავენ: ალექსანდრე ჩაჩავა – გიტარა, საბა ვაშაყმაძე – გიტარა, შოთა მამულაშვილი – ბას-გიტარა და დათო ცომაია – დასარტყამი ინსტრუმენტები. ჯგუფის ყველაზე ცნობილი სიმღერაა „გლდანელი კაცი“, რომელიც ჯგუფმა 2000-იანებში შექმნა:

 

 

ლევან მანაგაძე თავის შთამაგონებლად ჯგუფ „აუტსაიდერს“ მიიჩნევს და სურს, მომავალში რომელიმე ტურნეში ერთად დაუკრან.

 

 

ჯგუფი „მთვარის დაბნელება“  ვოკალისტმა და ბასისტმა, გიორგი სპანდერაშვილმა 2013 წელს თბილისში ჩამოაყალიბა. გიორგი დიდი ხანია სხვადასხვა კოლექტივში უკრავს. ჰყავს პანკ-ჯგუფი „მინდა და ვთხრი“.  „მთვარის დაბნელება“ გოთიკანარევ პოსტ-პანკს ასრულებს. ტრიოში გიორგი სპანდერაშვილის გარდა უკრავენ მუსიკოსები: გიორგი ჩხობაძე – გიტარა და ირაკლი „ფორესტა“ ჩიკვილაძე – დასარტყამები. „მთვარის დაბნელება“ ძალიან მალე თავის სადებიუტო ალბომს წარმოადგენს.

 

 

გიორგი სპანდერაშვილი ამბობს, რომ თავის „მთვარის დაბნელებასთან“ ერთად სიამოვნებით დაუკრავდა ლადო ბურდულის „რეცეპტთან“ ერთად, თუ ლადო ამ ჯგუფს რაიმე სახით აღადგენს, ხოლო დასავლური ჯგუფებიდან Bauhaus-თან ან The Sisters Of Mercy-სთან ერთად ისურვებდა კონცერტის გამართვას.

 

 

ტურნეს იდეა, რომელსაც „ქართული უკულტურობის დღეები 2019“ დაერქვა, ჯერ კიდევ ორი წლის წინ გაჩნდა, როდესაც საქართველოში ჩამოსული იყო პოლონური ჯგუფი Life Scars. მათ ქართველებთან ერთად რამდენიმე კონცერტი გამართეს…

 

ლევან „კეშა“ მანაგაძე („ვოდკა ვტრაიომ“-ის დამაარსებელი და ფრონტმენი): „2017 წელს პოლონური ჯგუფი Life Scars იყო ჩამოსული. ჩვენ ერთად დავუკარით ქუთაისში, თბილისში, ერევანსა და ბაქოში. სანაცვლოდ, პოლონელებმა თავისთან დაგვპატიჟეს. იქ, ვარშავაში, კრაკოვში, პოზნანსა და ტორუნში გავმართეთ კონცერტები. ჩვენს კონცერტებს ესწრებოდა გერმანული გაზეთი, რომელსაც Jungle World ჰქვია. ისინი ჩვენი მუსიკით დაინტერესდნენ და ნებართვა ითხოვეს, საქართველოში ჩამოვალთ და თქვენზე სტატიას გავაკეთებთო.

 

 

ჩაგვწერეს და კიდევ ერთმა გერმანულმა ჟურნალმა Ox Fanzine უკვე ლაივის გაკეთება შემოგვთავაზა. გერმანულ ქალაქებს საფრანგეთი და ბელგიაც მივაბით. ლაიფციგსა და ლიეჟში სკვოტებში ვუკრავთ. სკვოტები მიტოვებული შენობებია, სადაც ადამიანები ერთგვარ კომუნას აყალიბებენ და  თითქმის იქ ცხოვრობენ. „მთვარის დაბნელებასთან“ ძალიან ვმეგობრობთ, ხშირად ერთად ვუკრავთ ხოლმე, ამიტომ, ერთად მივემგზავრებით. ეს საკონცერტო ტურნე პოლონელებისა და გერმანელების ხელისშეწყობით იმართება“.

 

საინტერესოა, რატომ გადაწყვიტეს ჯგუფებმა ტურნესთვის „ქართული უკულტურობის დღეები 2019“ დაერქმიათ?

 

გიორგი სპანდერაშვილი („მთვარის დაბნელების“ დამაარსებელი და ფრონტმენი): „ტურნეს ერთგვარად კონტრკულტურული სახელი დავარქვით. ალბათ, იმიტომ, რომ ორივე ჩვენი ჯგუფი დღეს მაინც ანდერგრაუნდშია. სანახევროდ კი ეს სახელწოდება მაინც ღადაობაა“.

 

 

ლევან „კეშა“ მანაგაძე: „როდესაც ევროპაში ქართული კულტურის დღეები იმართება, ჩვენები ძირითადად ჩოხა-ახალუხებში არიან გამოწყობილები და ბევრი ამას ეძახის ქართულ კულტურას. თუ გიტარა მიჭირავს ხელში და როკს ვუკრავ, ასეთების თვალში უკულტურო ვარ. ჰოდა, ამიტომაც დავარქვით უკულტურობის დღეები“.

ეს კი ტურნეს  „ქართული უკულტურობის დღეები 2019“ განრიგია:

  1. 28.03 – ბერლინი, გერმანია (Fargo);
  2. 29.03 – ბერლინი, გერმანია (Supamolly);
  3. 30.03 – ლაიფციგი, გერმანია (Wagenplatz);
  4. 31.03 – გეტინგენი, გერმანია (Dots);
  5. 02.04 – ნანსი, საფრანგეთი (Black Baron);
  6. 03.04 – ლიეჟი, ბელგია (Highway To Hell).

რეკომენდებული სტატიები
მუსიკალური ტურნე  უკაცრიელ ადგილებში

მუსიკალური ტურნე უკაცრიელ ადგილებში

მუსიკალური ტურნე  უკაცრიელ ადგილებში
ქართველი მუსიკოსი, რომელმაც თავისი ახალი ალბომი რეალური აუდიტორიის ნაცვლად, კედლებს, მწერებს, ცხოველებსა და მოჩვენებებს უმღერა
Aphex Twin-ითა და Ruichi Sakamoto-თი შავ ზღვაზე შესაძლოა ფესტივალი „სუბტროპიკი“ დაბრუნდეს

Aphex Twin-ითა და Ruichi Sakamoto-თი შავ ზღვაზე შესაძლოა ფესტივალი „სუბტროპიკი“ დაბრუნდეს

Aphex Twin-ითა და Ruichi Sakamoto-თი შავ ზღვაზე შესაძლოა ფესტივალი „სუბტროპიკი“ დაბრუნდეს
„სუბტროპიკი“ 1999 წელს ბათუმში ჩამოყალიბდა. ფესტივალის მიზანი ალტერნატიული მუსიკალური სივრცის შექმნა იყო, სადაც სხვადასხვა სტილის მუსიკოსები და მათი მსმენელები შეიკრიბებოდნენ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.