fbpx

პირველი ორი ტურის მიმოხილვა


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

მომავალი ევროპის ჩემპიონატი განსხვავებული რომ იქნება, ამის შესახებ უკვე წინასწარ ცნობილია. ისიც საკმარისია, რომ ტურნირს მისი არსებობის მანძილზე პირველად სხვადასხვა ქვეყნის 12 ქალაქი უმასპინძლებს და აქედან გამომდინარე, მაყურებელი გაცილებით მეტ ეგზოტიკას იხილავს, ვიდრე მას აქამდე ეს ტურნირი სთავაზობდა.

ეგზოტიკა კი შესარჩევი ციკლის რეგლამენტის ცვლილებით დაიწყო, რადგან ერთა ლიგის ტურნირის საწყისმა ფაზამ ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ხუთი თვით გადასწია და აქედან გამომდინარე შეცვალა როგორც მისი პირველი ორი ტურის განვითარების სცენარი, ასევე სათამაშო ხარისხი, რადგან მატჩებმა იმ პერიოდს უწია, როდესაც ევროპაში მოასპარეზე ფეხბურთელები ოსტატობის მწვერვალს აღწევენ.

გარკვეულწილად ხომ სწორედ მარტის თვეში ირკვევა, თუ რომელმა გუნდმა უნდა მოიპოვოს ამა თუ იმ ჩემპიონატში ჩემპიონთა ლიგის საგზური, ვინ უნდა აღმოჩნდეს თასის ფინალში და ვინ უნდა გავარდეს ქვედა დივიზიონში.

ამიტომაც მაყურებელმა არაერთი შთამბეჭდავი მატჩი იხილა, რომლებმაც ახალ სახეებთან ერთად, ახალი იდეებიც წარმოაჩინეს, რაც ევროპის წამყვანი მწვრთნელების აზროვნების, ფანტაზიის და დაუღალავი შრომის შედეგია.

უბრალოდ სამწუხაროა, რომ ამ საყოველთაო საფეხბურთო ფერხულში საქართველოს ნაკრები სუსტად გამოიყურებოდა, რადგან ორი მატჩის ჯამში ერთი გოლის გატანაც ვერ მოახერხა.

ახალი იდეების წარმოჩენა კი ჩვენ გარეშეც მოხდა და უპირველეს ყოვლისა ისინი ევროპის წამყვან ნაკრებებში უნდა ვეძიოთ.

გულშემატკივარს მშვენივრად ახსოვს, რომ გერმანიის ნაკრებმა ერთა ლიგის შესარჩევ ეტაპზე ჰოლანდიის ნაკრებთან ერთი მატჩი დათმო და მეორე ფრედ ითამაშა. მაგრამ შეიძლება არ ახსოვდეს, რომ ჰოლანდილებთან გამარჯვებამდე იოაჰიმ ლიოვის ბიჭებს უკანასკნელი ოფიციალური შეხვედრა 2018 წელს ჰქონდათ მოგებული მსოფლიო ჩემპიონატზე შვედეთის ნაკრებთან.

გერმანელებმა სერბეთის ნაკრებთანაც ჩააგდეს ამხანაგური მატჩი და ამსტერდამის არენაზე ბელარუსის ნაკრების განადგურებით ფრთაშესხმულ ჰოლანდიელებს ესტუმრნენ, რომლებიც რონალდ კუმანის თაოსნობით მორიგი ოცნების გუნდის  შექმნას ცდილობენ.

იოაჰიმ ლიოვმა კი საკუთარი გუნდის განახლების პროცესი უკვე დასკვნით ფაზაში გადაიტანა და ჰოლანდიელებთან მატჩის განაცხადში ძველი გვარდიიდან ნაკრების მხოლოდ სამი ფეხბურთელი – ნოიერი, კროოსი და როისი დატოვა.

ეს უკანასკნელი ლიოვმა შეხვედრის 88-ე წუთზე შეუშვა მოედანზე. ერთი წუთის შემდეგ კი დორტმუნდის „ბორუსიას“ წამყვანმა მოთამაშემ შესანიშნავად გადასცა ბურთი  მარცხენა მცველ ნიკო შულცს, რომელმაც ცენტრფორვადის პოზიციიდან აუღებელი დაურტყა სილესენს.

 

ნიკო შულცმა გოლი მარკო როსის გადაცემით გაიტანა

 

ჰოლანდიელთა გოლკიპერი იმ ეპიზოდში ისევე სახტად დარჩა, როგორც ჰოლანდიის ნაკრების მთელი დაცვითი ხაზი, რადგან როსმა საგოლე გადაცემა შულცს სწორედ რომ მარცხენა გარემარბის პოზიციიდან გაუკეთა, ხოლო გოლის ავტორი კი ისევე დაუსხლტა მცველებს, როგორც შორეულ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიელი განაპირა მცველი ფაბიო გროსო გერმანიის ნაკრების თავდაცვის ზღუდეებს…

გავიხსენოთ, რომ გერმანელებისთვის იმ ავად სახსენებელ მატჩში, მემარცხენე ფაბიო გროსო შეხვედრის დამატებითი დროის მიწურულს შეტევის მარჯვენა ფლანგზე აღმოჩნდა და მეტოქეს მომაკვდინებელი დარტყმა, რომელმაც 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი მესამე ადგილისთვის სათამაშოდ გაამწესა, სწორედ რომ დამრტყმელი ცაციათი მიაყენა. საგოლე გადაცემა მას ანდრეა პირლომ მიაწოდა.

 

 ფაბიო გროსოს ისტორიული გოლი გერმანიის ნაკრების კარში

 

იოაჰიმ ლიოვი მაშინ გერმანიის ნაკრებში მთავარ მწვრთნელ იურგენ კლინსმანის თანაშემწე იყო. ეტყობა, მას კარგად დაამახსოვრდა ნახევარფინალში ფაბიო გროსოს მიერ ბუნდესნაკრების კარში გატანილი გოლი და ჰოლანდიელებთან შეხვედრის ბოლო წუთზე თავის ბიჭებს წინასწარ მოფიქრებული მსგავსი საგოლე კომბინაცია გაათამაშებინა.

ატჩი მთლიანობაში შესანიშნავი საყურებელი გამოდგა. თუკი პირველ ტაიმში გერმანელები დომინირებდნენ, მეორე ტაიმი მთლიანად ჰოლანდიელების იყო. საინტერესოა, რომ მეორე ტაიმში გერმანელებმა მეტოქის კართან შექმნილი ერთადერთი საგოლე მომენტი გამოიყენეს, რომელმაც მათ უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა.

ლიდერი კი ამ ჯგუფში ჯერჯერობით ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებია, რომელმაც მეორე მატჩში ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე – ბელარუსი დაამარცხა.

ალბათ საფეხბურთო ისტორიას არ ახსოვს, რომ ჩრდილოეთ ირლანდიის და ირლანდიის ნაკრებები რომელიმე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საერთო ჯამში ზედიზედ ოთხ თამაშს იგებდნენ და ორივე მათგანი თავის ჯგუფს ლიდერობდეს.

როგორც ვხედავთ, ზოგიერთი მეორეხარისხოვანი გუნდი დროს უქმად არ ატარებს, ქულების მაქსიმალურად დაგროვებას თავიდანვე ცდილობს და ამაში მათ ბელარუსი, ესტონეთი, საქართველო, გიბრალტარი – ანუ ერთა ლიგის D კატეგორიის გუნდები ეხმარებიან.

უნგრეთის ნაკრებმა კი გასული მსოფლიო ჩემპიონატის  მეორეადგილოსანი – ხორვატიის ეროვნული გუნდი დაამარცხა, რაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი ორი ტურის მიხედვით, ტურნირის უმთავრესი სენსაციაა.

აღსანიშნავია ევრო 2020-ის შესარჩევი  ციკლის პირველ ორ ტურში პოსტსაბჭოური ქვეყნების ერთობ უნიათო ასპარეზობა. საქართველოს ნაკრების მსგავსად, ორივე მატჩი დათმეს ბელარუსის, სომხეთის, მოლდოვის, ლატვიის ეროვნულმა გუნდებმა, ხოლო აზერბაიჯანმა, ლიეტუვამ და ესტონეთმა ჯერჯერობით თითო-თითო შეხვედრა ჩაატარეს და დამარცხდნენ. ასევე თითო მატჩი წაგებული აქვთ რუსებს და ყაზახებს, ხოლო უკრაინელებმა კი პორტუგალიასთან გასვლითი ფრის შემდეგ, გასვლაზე უდიდესი ძალისხმევის შედეგად მოახერხეს ლუქსემბურგის ნაკრების დამარცხება.

დიდი მოულოდნელობა იყო ყაზახების მიერ ანგარიშით 3:0 მოგებული მატჩი შოტლანდიის ნაკრებთან, მაგრამ ამ გუნდის უუნარობა ცოტა ხანში რუსებმა განსაზღვრეს, რომელთაც ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქე გასვლაზე 4:0 დაამარცხეს.

ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო კი ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთად  მონაწილე გუნდების ასპარეზობაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა გუნდმა ორივე თამაში წააგო, მეორე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში შვეიცარიისა და დანიის ნაკრებებს შორის დაფიქსირებულმა ფრემ საქართველოს ნაკრებს სატურნირო ცხრილში ნაკლებად დააშორა ეს ორივე გუნდი და თუკი ვაისის შეგირდები ივნისში სასწაულს მოახდენენ და ზედიზედ დაამარცხებენ გიბრალტარის და დანიის ნაკრებებს, ჯგუფში ყველაფერი თავიდან დაიწყება.

ზემოთ ხსენებულ გერმანელებთან ერთად, მაღალ დონეზე დაიწყეს თავ-თავიანთი ასპარეზობა საფრანგეთის, ინგლისის და იტალიის ნაკრებებმა. ორივე მატჩის მოგება ესპანეთის ნაკრებმაც მოახერხა, თუმცა ლუის ენრიკეს 2008-2012 წლების ყაიდის უძლეველი „ფურია როხას“ შექმნისთვის უდიდესი ძალისხმევა დასჭირდება.

 

სერხიო რამოსმა პენალტი გაიტანა ნორვეგიელთა კარში

 

ყოველ შემთხვევაში ნორვეგიელებთან მინიმალური ანგარიშით მოგებულ მატჩში ესპანელების კართან შექმნილმა არაერთმა საგოლე ეპიზოდმა დაგვანახვა, რომ სულაც არ უნდა გაგვიკვირდეს, თუკი გადამწყვეტ შეხვედრაში ამ გუნდს ევროპის რომელიმე ძლიერი, მაგრამ არა უმაღლესი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდი, ვთქვათ, სერბეთი დაამარცხებს.

სერბეთის ნაკრების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გერმანელებთან ამხანაგურ მატჩში ნათამაშევი 1:1-ის შემდეგ, გუნდმა ანალოგიური შედეგი უკვე პორტუგალიელებთან ოფიციალურ შეხვედრაში დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ სერბები ამ ორივე გასვლით შეხვედრას იგებდნენ და ძლევამოსილ მეტოქეებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ ანგარიშის გასათანაბრებლად.

ევროპის მოქმედი ჩემპიონი პორტუგალიის ნაკრები კი ჯერჯერობით ვერ უჩვენებს  ლიდერის თამაშს. რონალდუმ და მისმა თანაგუნდელებმა ორივე მატჩი და თანაც შინ,  ფრედ დაასრულეს უმთავრეს მეტოქეებთან – უკრაინისა და სერბეთის ნაკრებებთან.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, პორტუგალიელებს ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად რომელიმე მათგანის უკვე გასვლაზე დამარცხება მოუწევთ. ასეთი თანაბარი გუნდებით დაკომპლექტებული ჯგუფიდან კი სულაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ პირველი ორი ადგილოსნის ვინაობა ბურთების სხვაობამ გამოავლინოს.  


რეკომენდებული სტატიები
ჩემპიონთა ლიგა - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა?!

ჩემპიონთა ლიგა - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა?!

ჩემპიონთა ლიგა - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა?!
ჩემპიონთა ლიგის ყოველი გათამაშება ფეხბურთის გულშემატკივარს სულ ახალ-ახალ სიურპრიზებს სთავაზობს. წლევანდელმა სეზონმა კი ამ თვალსაზრისით ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.