Tbilisi Open Air 2019 – პროგრამა, ისტორია, დეტალები


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინა გოჩიტაშვილი

 

აგერ უკვე მე-10 წელია საზოგადოება სულმოუთქმელად ელოდება არა მარტო ზაფხულის დადგომას, არამედ მის საოცარ ფესტივალთა წყებას, რომლის მთავარი პიონერია Altervision group. Tbilisi Open Air-მა 10 წლის წინ საძირკველი ჩაუყარა საქართველოში ხარისხიანი ფესტივალის ჩატარების კულტურას, რომელიც საოცრად შეიყვარა ხალხმა.

„ეს სივრცე არის ყველასთვის. ესაა ადგილი, სადაც განსხვავებულ ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთი უყვარდეთ, ერთად იყვნენ და არ შეაწუხოთ ერთმანეთის არსებობამ – პირიქით. ეს არის Tbilisi Open air”, – ამბობს ფესტივალის დამფუძნებელი აჩიკო გულედანი დოკუმენტურ ფილმში Tbilisi Open air-ზე.

 

Tbilisi Open Air History – 10 Years of Equality and Diversity

უყურეთ დოკუმენტურ ფილმს ჩვენი ფესტივალის 10-წლიანი ისტორიის შესახებ 👇Tbilisi Open Air 2019 გზაშია – მუსიკის, თანასწორობის და მრავალფეროვნების მეათე, საიუბილეო წელს მალე თქვენთან ერთად აღვნიშნავთ! ❤️🎬 ფილმი შექმნილია Cøllaba-ს მიერ, TBC – თიბისი-ს მხარდაჭერით 💙——————–Enjoy the documentary about all 10 years of our festival 👇Tbilisi Open Air 2019 is on its way – we are happy to celebrate 10th anniversary of Music, Equality and Diversity with you! ❤️🎬 Directed by Cøllaba, Powered by TBC – თიბისი 💙#MusicBreaksFree #WeAre10 #10TheMovie

Gepostet von Tbilisi Open Air / AlterVision am Samstag, 16. März 2019

 

ფესტივალის საფუძველი გახდა რამდენიმე ადამიანის იდეა, საქართველოში შეექმნათ ფესტივალი, რომელიც იქნებოდა თავისუფალი სივრცე ხარისხიანი მუსიკის მოყვარულთათვის – „მუსიკა ათავისუფლებს“ – სწორედ ეს იყო მთავარი მამოძრავებელი მოტივი, რომელიც მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა, აგერ უკვე მეათე წელია ახარებს მის გულშემატკივრებს.

ფესტივალის ისტორიის განმავლობაში საორგანიზაციო ჯგუფმა მოახერხა სცენის ისეთი შემსრულებლების თავმოყრა, როგორიცაა Deep purple, Placebo, DDT, the Subways, Sevdaliza, Chinawoman, Damien Rice, Tom Odell, Archive, Tricky, Roman Flugel, Motorama – ჯამში 100-მდე არტისტი. საერთაშორისო კოლექტივებთან ერთად, სცენაზე გამოდიან ქართველი მუსიკოსებიც.

ფესტივალი თანდათან ფართოვდება და ბოლო ოთხი წელია ბუდე Lisi wonderland-ზე დაიდო, საკუთარი მეგობარი სცენებით. ქალაქის ბუღიდან მოშორებული არეალი, შესვლისთანავე ქმნის საფესტივალო განცდას, რომელიც ჰელიუმის ბუშტივით ბერავს სტუმრებს და წყვეტს რეალობაში მიმდინარე მოვლენებს.  

 

წლევანდელი წელი ფესტივალისთვის განსაკუთრებულია, რადგან ის თავის  10 წლის იუბილეს აღნიშნავს.

იუბილესთან დაკავშირებით ფესტივალი სოციალურ კამპანიას იწყებს – „თანასწორობისა და მრავალფეროვნების 10 წელი“.

პროექტის  ფარგლებში ჩაიწერება 12 ვიდეორგოლი, რომლებშიც ეგრედწოდებული “ოფინიონ მეიქერები” მიიღებენ მონაწილეობას. თითოეული მათგანი თანასწორობისა და მრავალფეროვნების იდეაზე ისაუბრებს.

 

ამავდროულად, ფესტივალი სავსეა მრავალფეროვანი სცენებით, რომელთაგან ერთ-ერთი ზინგერის ჯაზის სცენაა.

გარდა საქართველოში ჯაზის პოპულარიზაციისა, ამ სცენის შემოსავალი კონსერვატორიის სტუდენტების დაფინანსებას ხმარდება.

Singer Stage-ზე 21 ივნისს დღისით პროექტ Newcomers-ის 2 რჩეული პროექტი წარდგება, 21 ივნისის ღამით მსმენელი დინი ვირსალაძის კვინტეტის მოსმენას შეძლებს. 23 ივნისს Singer Stage-ზე მოუსმენთ რეზო კიკნაძის სექსტეტს.

 

ძალიან საინტერესოა Open air-ის პროექტ Newcomers-ის იდეაც, რომელიც ქართველი ბენდების პოპულარიზაციას უწყობს ხელს და ამავდროულად, მსმენელს თავად აძლევს საშუალებას აირჩიონ მათთვის სასურველი დამწყები ბენდები.

ამავდროულად ფესტივალზე დიდი პოპულარობით სარგებლობს EYESTAGE, რომელიც ელექტრონული მუსიკასა და ვიზუალური ხელოვნების მოძრავი სცენაა  და მეორე წელია, რაც Tbilisi Open Air-ზე ფუნქციონირებს.

21 ივნისს EYESTAGE-ზე Tobias-სა და Edit Select-ს მოისმენთ. 22 ივნისის ჰედლაინერი David August იქნება, მას 3 ალბომი აქვს გამოშვებული. “Times”, რომელიც 2013 წელს გამოვიდა, მოიცავს ისეთ ჟანრებს, როგორიც არის ჰაუსი, დიფ ჰაუსი და დაუნტემპო.

2018 წლიდან დევიდმა Ambient ჟღერადობასა ექსპერიმენტულ მუსიკაზე გაამახვილა ყურადღება, რაც კარგად აისახება მის ბოლო ორ ალბომზე: D’Angelo  და DCXXXIX A.C.

 

 

ამჟამად დევიდი დიდი პოპულარობით სარგებლობს ელექტრონული მუსიკის სცენაზე. ის განაგრძობს მსმენელის საკუთარი მუსიკით დაინტერესებას და სთავაზობს სხვადასხვა  კოლაბორაციებს და ექსპერიმენტებს. 23 ივნისს კი სცენაზე Andrey Pushkarev და Matthew Dekay-ს ვიხილავთ.

 

 

ფესტივალის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობა Garden Stage Psytrance სცენაა, რომელიც უკვე მეოთხე წელია Open Air-ზეა წარმოდგენილი.

21 ივნისის ჰედლაინერი 1200 Micrograms იქნება, 22 ივნისს – Pixel , ხოლო 23 ივნისს – Freedom Fighters.

ახლა თავად მთავარ სცენაზე თუ ვისაუბრებთ, მე მგონი, არავისთვის სიურპრიზს აღარ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ფესტივალის მთავარი სულის შემქმნელი, სწორედ ეს სცენაა.

 

ფესტივალის მთავარ სცენაზე 21 ივნისს Open Air-ის ჰედლაინერი Franz Ferdinand წარდგება.

შოტლანდიური ჯგუფი ხუთი წევრისგან შედგება: ალექს კაპრანოსი, ბობ ჰარდი, პოლ ტომსონი, ჯულიან კორი და დინო ბარდო.

არტ როკის, დაბის, საცეკვაო მუსიკისა და სხვა ჟანრების შერწყმით ჯგუფმა ჩამოაყალიბა თავისი სპეციფიკური ჟღერადობა, რომელიც განსაკუთრებით 2000-2010-იანი წლებისთვისაა დამახასიათებელი. ჯგუფის ბრიტანეთში პოპულარობა ერთ-ერთმა პირველმა სინგლმა “Take Me Out”-მა  განაპირობა.

ხოლო მათი სადებიუტო ალბომი “Franz Ferdinand” 2004 წლის მერკურის ჯილდოს მფლობელი გახდა. ამავე ალბომმა მიიღო 2005 წლის Grammy საუკეთესო ალტერნატიული მუსიკის ალბომის ნომინაციაში, მათთან ერთად კი წარდგებიან ქართველი არტისტები – MokuMoku , LOUDspeakers.

22 ივნისს Main Stage-ზე ვიხილავთ UNKLE-ს, რომელიც წარმოადგენს (ჯეიმს ლაველი, მეთიუ პაფეტი და ჯეკ ლეონარდი) ექსპერიმენტალ/ჰიპ-ჰოპ ტრიოს. ჯგუფი თავდაპირველად 1992 წელს ჩამოყალიბდა.

 

 

ის იყო ერთ-ერთი პირველი,  რომლის მუსიკაც ბრიტანული ლეიბლის, Mo’ Wax-ის საშუალებით გამოიცა. მათი მუსიკა, რომელსაც ტრიპ-ჰოპის კლასიფიკაცია მიეცა, თავის თავში მოიცავს  90-იანების დაუნტემპოსა და ბრეიქბითის ჟღერადობას.

1998 წელს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჯგუფის შემადგენლობაში DJ Shadow შედიოდა, მათ გამოუშვეს ალბომი “Psyence Fiction”. ალბომში შევიდა კოლაბორაციები ტომ იორკთან (Radiohead), ჯეისონ ნიუსტედთან (Metallica), მაიკ დისთან (Beastie Boys) და მრავალ სხვა ცნობილ არტისტთან. მას შემდეგ ჯგუფმა რამდენიმე ალბომი და სინგლი გამოუშვა: “Never, Never, Land”,   War Stories”, “Berry Meditation” და სხვ.,

ამავდროულად ამავე დღეს სცენაზე გამოვა ჯგუფი Rhye-ს. ეს კანადელი მომღერლის, მაიკ მილოშის ალტერნატიული რიტმ-ენ-ბლუზ პროექტია, სადაც ის იდეალურად ახერხებს ვოკალის, პიანინოს, ანალოგ-სინთეზატორის, პერკუსიების ერთმანეთთან შერწყმას და გვთავაზობს ღრმად ემოციურ მუსიკას. ალბომ “Woman”-ის გამოშვების შემდეგ, ჯგუფი თავის პირველ ტურზე წავიდა, რაც თავის მსმენელთან უკეთესი ურთიერთობის დამყარებასა და პოპულარობის მოპოვებაში დაეხმარა.

ტურში შედიოდა ისეთი ფესტივალები, როგორიცაა Pitchfork Paris, Coachella და სხვა.  თავდაპირველად RHYE ორი წევრისგან შედგებოდა, მაგრამ ახლა პროექტს უკვე ჯგუფის სახე აქვს, სადაც მაიკ მილოში და ინსტრუმენტალისტთა ჯგუფი ერთობლივად მუშაობენ. მათ მიერ 2018 წელს გამოშვებული ალბომი “Blood” გვთავაზობს ახალ, უფრო თბილ და დახვეწილ ჟღერადობას, რომელიც RHYE-ის ძველ ნამუშევრებთან შედარებით უფრო პოზიტიურ და დადებით ემოციებს უტოვებს მსმენელს.

 

“მწვანე ოთახის”, დაბრუნებამ დიდად გაახარა მსმენელი. 

ჯგუფი დაარსდა 1999 წელს თბილისში, ჯაზ-აკადემიის სტუდენტების – აჩიკო გულედანის და ბექა ჯაფარიძის მიერ. ჯგუფმა მომენტალურად მოიპოვა პოპულარობა ისეთი სიმღერების წყალობით, როგორიცაა “მისები”, “ჩემთან აღარ ხარ”  და ა.შ.  პირველი ალბომი, სახელწოდებით “მწვანე ოთახი”, ჯგუფმა 2001 წელს გამოსცა. მისი ჟღერადობა ფანკის, ჯაზ-როკის და პოპის ელემენტებს აერთიანებდა.  თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად, 2005 წელს “მწვანე ოთახმა” პირვანდელი სახით არსებობა შეწყვიტა. დუომ დაარსა ახალი პროექტი, სახელწოდებით “Green Room”, რომელიც მეტწილად ინდი და ელექტრონულ ჟღერადობაზე ორიენტირდებოდა.  

2018 წლის ბოლოს, “მწვანე ოთახმა”  დაბრუნების შესახებ განაცხადა.

2019 წლის 2 იანვარს, 14-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართველმა მსმენელმა პირველად იხილა სცენაზე “მწვანე ოთახი”. ჯგუფის ახალი ლაივი შედგება როგორც ძველი ჰიტების განახლებული ვერსიებისგან, ისე რამდენიმე სრულიად ახალი სიმღერისგან. ახალ პროექტში ჯგუფს შეუერთდა ვოკალისტი – Uma J, იგივე გვანცა ჯაფარიძე, გიტარა – ზიკო ნაზღაიძე, ბასი – გიორგი ლიპარტელიანი, საყვირი – კემო, დრამი – დანიელ ადიკაშვილი. ამჟამად ბენდი მუშაობს  მესამე სტუდიურ ალბომზე, რომელიც 2019 წლის გაზაფხულზე გამოვა.

 

23 ივნისს კი  ჩვენ წინაშე წარდგება Mogwai, რომელიც ფესტივალს პირველად სულაც  არ სტუმრობს, ისევე როგორ UNKLE, Michelle Gurevich თუ Subways.  

შოტლანდიური პოსტ-როკ ბენდი Mogwai 1995 წელს ჩამოყალიბდა. ამჟამად იგი შედგება ოთხი წევრისგან: სტიუარტ ბრეიტვეითი, ბარი ბარნსი, დომინიკ აიჩისონი  და მარტინ ბალოკი.

გლაზგოში ჩამოყალიბებულმა ჯგუფმა მისი პირველი სინგლი, სახელად “Tuner” 1996 წლის მარტში გამოუშვა. ამას მოჰყვა შემდეგი სინგლი “Angels vs. Aliens”,  რომელიც საბოლოოდ ბრიტანული ინდი ჩარტების ტოპ ათეულში მოხვდა. 2000-იან წლებში, რამდენიმე ალბომისა და სინგლის გამოშვების შემდეგ, Mogwai-ის მუსიკას ემატება ელექტრონული ელემენტები, რაც კარგად ისმის მათ მიერ 2001 წელს გამოშვებულ ალბომში “Rock Action”.

ჯგუფი დღემდე აგრძელებს განვითარებას; მათი ბოლო ალბომი, სახელად “Every Country’s Sun” 2017 წელს გამოვიდა და მასში “Rock Action”-ის პროდიუსერმა, დეივიდ ფრიდმანმა მიიღო მონაწილეობა. ბენდმა იდეალურად მოახდინა თავისი 90-იანების მძიმე ჟღერადობის ჰარმონიზირება ელექტრონული მუსიკის ელემენტებთან.

რაც შეეხება The Subways-ს, ჯგუფის შექმნის მთავარი მიზეზი ძმების (ჯოშ და ბილი) საერთო მუსიკალური ინტერესები იყო. ბენდს მალევე შეუერთდა ბას გიტარისტი შარლოტა კუპერი და კოლექტივმა ერთად, სახლის პირობებში დაიწყო მუსიკის კეთება. 2004 წელს აღმავლობის გზაზე მყოფმა ჯგუფმა გაიმარჯვა გლასტონბერის ფესტივალის ახალბედა მუსიკოსების კონკურსში. 2005 წელს ჯგუფმა გამოუშვა ალბომი, სახელად “Young for Eternity”. ალბომში შევიდა ბენდის ყველაზე პოპულარული ტრეკი, “Rock & Roll Queen”, რომელიც შემდეგ ჰიტად იქცა.

ლანისა და კუპერის დაშორებამ დიდი გავლენა იქონია ჯგუფის მუსიკაზე და 2008 წელს დარელიზდა “All or Nothing”, რომელმაც მცირე ხნის შემდეგ მეჩვიდმეტე  ადგილი მოიპოვა ბრიტანულ ჩარტებში. მას შემდეგ გამოვიდა ორი ალბომი –  “Money and Celebrity” (2011) და “The Subways” (2015).

დღეს ბენდი აგრძელებს კონცერტების ჩატარებას და მსმენელისათვის ახალი მუსიკის შეთავაზებას. მათთან ერთად კი ჩვენს სმენას აწ უკვე მოსმენილი და ნანახი Michelle Gurevich დაატკბობს. კანადელი მუსიკოსის, მიშელ გურევიჩის ისტორია მისი პირველი, საძინებელში ჩაწერილი “Party Girl”-ით იწყება.

 

 

თავდაპირველად ის “Chinawoman”-ის ფსევდონიმით იყო ცნობილი, თუმცა 2016 წელს მან თავის ნამდვილ სახელზე გადასვლა გადაწყვიტა და მსმენელს მისი ალბომების ხელახლა დარელიზებას დაჰპირდა. შემდგომ კი მან გამოუშვა ალბომები: Show Me the Face (2010), Let’s Part in Style (2014), New Decadence (2016) და ბოლოს, 2018 წელს, Exciting Times. მისი მუსიკა მოიცავს  ტრაგიკომიკურ ტექსტებს, რომლებსაც მიშელი იდეალურად ასრულებს დრამატული, ძველმოდური ჟღერადობის სინთეზატორის ფონზე. დროსთან ერთად მიშელმა განსაკუთრებული ცნობილი გახდა აღმოსავლეთ ევროპისა და ბერლინის ქვიარ სცენებზე, მათთან ერთად კი ფესტივალს ქართული ბენდი Salio დახურავს.


რეკომენდებული სტატიები
Tbilisi Open Air 2019-ზე გამომსვლელი ჯგუფები და მათი პოპულარული ვიდეოკლიპები
Play Video

Tbilisi Open Air 2019-ზე გამომსვლელი ჯგუფები და მათი პოპულარული ვიდეოკლიპები

Tbilisi Open Air 2019-ზე გამომსვლელი ჯგუფები და მათი პოპულარული ვიდეოკლიპები
თუ 2019 წლის Tbilisi Open Air-ზე წარმოდგენილი შემსრულებლები არ გეცნობათ, შეგიძლიათ აქ მოისმინოთ მათი მუსიკა და ნახოთ იუტუბზე გავრცელებული პოპულარული ვიდეოკლიპები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.