„ღამის ეკონომიკა“ სერგი გვარჯალაძის მიხედვით


გააზიარე სტატია

ავტორი: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი

 

“ხომ არ ჯობს, თავი დაანებონ იმას, რაც უკვე საკმაოდ კარგად განვითარებულია?” – გაიფიქრა ბევრმა აზრზე მოსულმა ადამიანმა, როცა გაიგო, რომ მერიასთან შეიქმნა ღამის ეკონომიკის განვითარების ჯგუფი.

ერთი შეხედვით, “ღამის აქტიობა” თბილისში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული მიმართულებაა და ხელის ხლება არც სჭირდება. მთავრობის მხრიდან რამეში ჩარევა ძირითადად ხელის შეშლასთან ასოცირდება, რადგან, როგორც ხშირად ხდება, ჩვენგან დისტანცირებული მთავრობა სადღაც შორიდან, საკუთარი ჯიპიდან და ღიპის ზემოდან უყურებს ყველაფერს და ხშირად, როგორც კი რაიმეს კეთებას იწყებს, ხვდები, რომ აჯობებდა საერთოდ არაფერი გაეკეთებინა.

რას გვიპირებს მერია ამ ღამის ეკონომიკის განვითარებით?

ხომ არ დაგვიხურავენ “ბასიანს”, “ხიდს”, სახინკლე “ბერნარდს”, “სტელა არტუას”, “მასპინძელოს”, ანდა ჩინელების სამასაჟეებს? ამ შიშებით შევხვდი სერგი გვარჯალაძეს, ღამის ეკონომიკის განვითარების ჯგუფის მოაზრებულ უფროსს და ყველაზე საჭირბოროტო კითხვა დავუსვი:

“მოხდება თუ არა პროსტიტუციის ლეგალიზაცია?”

თუმცა ამაზე პასუხად მივიღე, რომ პროსტიტუცია ღამის ეკონომიკის განვითარებას არ ეხება, და რომ ადამიანმა მსგავსი სურვილები დღისითაც შეიძლება დაიკმაყოფილოს, და შემდეგ გადავედით უკვე ინტერვიუს ლეგალურ ნაწილზე.

საიდან იწყებთ ბრძოლას? რა პრობლემაა დღეს ყველაზე მთავარი ღამის თბილისში?

დღეს ჩვენ ვსწავლობთ სხვა დიდი ქალაქების გამოცდილებას და ვცდილობთ, რომ ის ყველაფერი, რაც მათ გაიარეს, აქაურობას მოვარგოთ. მოგეხსენებათ, რომ უბრალოდ კოპირება არ გამოვა, რადგან თბილისი არც ერთ სხვა ქალაქს არ ჰგავს. იმ ქალაქებში, სადაც ღამის ეკონომიკის განვითარება ხელოვნურად, აქტიურად დაიწყეს, იდგა კრიმინალის პრობლემა. ვინაიდან თბილისში კრიმინალი პრაქტიკულად არ გვაქვს, შეგვიძლია სხვა პრობლემებზე გადავერთოთ. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ხმაურით დაბინძურება, რაც აუცილებლად მოჰყვება ღამის ცხოვრების განვითარებას. ის ადგილები, სადაც მუსიკა უკრავს, ყოველთვის მჭიდროდ დასახლებულ უბნებშია, შესაბამისად პოლიციაში ყოველდღე ასობით ზარი შედის, სადაც ადგილობრივები ხმაურზე ჩივიან. ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად იქნება ამ პრობლემის მოგვარებაში ჩართული.

რამდენად აქტუალური პრობლემაა ხმაური?

პრობლემა აქტუალურია, უკვე შევიდა ახალი კანონი ძალაში, რომელიც გასართობ დაწესებულებებს მუსიკის გამორთვას მაქსიმუმ 22.00 საათზე ავალდებულებს. თუმცა აღვნიშნავ, რომ ჩვენი ორგანიზაცია არაა დამსჯელი ან აღმასრულებელი, ჩვენ ვეცდებით, გამოსავალი ვიპოვოთ ისე, რომ არავინ დაზარალდეს. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ბერლინის გამოცდილებაც გამოვიყენოთ, როცა იქ შეიქმნა ხმაურის პრობლემა, საკითხის შესწავლაში ჩაერთვნენ ინჟინრები და მიაგნეს კიდევაც ტექნიკურ გამოსავალს. მერე აღმოჩნდა, რომ ბარებს არ შეეძლოთ ამხელა ხარჯის გაწევა და ამ საიზოლაციო ფენების ყიდვა. შემდეგ უკვე მერიამ გრანტის სახით გამოუყო ფული, რომელიც პროპორციულად გადანაწილდა პრობლემურ ობიექტებზე.
ჩვენი გეგმაა, რომ ხმაურის პრობლემის გადასაჭრელად უკვე არსებულ ან ახალი ბიზნესებს ნოუ-ჰაუ მივაწოდოთ და დაზარალებისგან დავიცვათ.

ვიმეორებ, რომ ჩვენ არ ვართ დამსჯელი ორგანო, ჩვენი ჯგუფი იმუშავებს იმაზე, რომ ის პრობლემა, რაც აწუხებს ბიზნესს, დროულად და მარტივად მივიდეს მუნიციპალიტეტამდე. ჩვენი მოვალეობაა, ვნახოთ გამოსავალი პრობლემებიდან და კომუნიკაცია გვქონდეს ყველა ჩართულ მხარესთან.

ხმაურის გარდა რა პრობლემა დგას აქტიურად?

ჩვენ ჯერ ერთი კვირაა, რაც მუშაობა დავიწყეთ და მოცემულ მომენტში აქტიურად ვსწავლობთ მდგომარეობას, როგორც ჩვენთან, ისე სხვა ქვეყნებში. მათი გამოცდილებიდან ბევრი რამის სწავლა შეიძლება, თუმცა შეუძლებელია, რომ ამსტერდამის მაგალითი აიღო და პირდაპირ გადმოიტანო თბილისში, რადგან ჩვენ ბევრი რამით განვსხვავდებით მათგან. ყველაფერს სჭირდება გაანალიზება და მერე მორგება.

ჩვენს კოლეგებს უცხოეთში ვთხოვეთ, რომ მოგვაწოდონ მეთოდოლოგია, საწყის ეტაპზე რისი შესწავლით შეიძლება დავიწყოთ მუშაობა. რა მონაცემები გვჭირდება, რა შედეგი უნდა ვაჩვენოთ მოსახლეობას, რომელიც სკეპტიკურად შეხვდა ჩვენი ჯგუფის შექმნას და მე მათი მესმის, ეს არ იყო მოულოდნელი და არ გვქონია მოლოდინი, რომ ყველა სიხარულით შეგვხვდებოდა. ამსტერდამის მერი ამბობს, რომ 5 წელი დასჭირდათ იმისთვის, რომ ჰოლანდიის მოქალაქეებისთვის აეხსნათ, რა საჭირო იყო ღამის ეკონომიკის ორგანიზაციაზე ზრუნვა და ა.შ.

რაც შეეხება პრობლემას, ერთ-ერთი არის გასართობი დაწესებულებების მჭიდრო განლაგება ცენტრში. ისინი გარეუბნებიდან შორსაა და ძნელი მისაწვდომია. ღამის 3 საათზე რომ გამოდიხარ, არ არის ტრანსპორტი, გადაადგილება არის ძნელი. ჩვენ გვინდა შევისწავლოთ ეს საკითხიც და გავაანალიზოთ, რა მარშრუტები უნდა შემუშავდეს, საიდან სადამდე უნდა იაროს ავტობუსმა.

ერთი მარშრუტი შემიძლია მე გიკარნახოთ: “მტკვარი-ბასიანი-ხიდი”

ეგ შიდა მარშრუტი, კი ბატონო, მაგრამ ადამიანი სახლშიც უნდა მივიდეს რამენაირად, ამიტომ ამაზე ვმუშაობთ.

„სმარტ სითის“ იდეისკენ ხომ არ მივდივართ?

სმარტ სითიმდე“ უნდა ვიფიქროთ იმაზე, ღამის ავტობუსი როგორ უნდა დაფინანსდეს, ეს უნდა იყოს სახელმწიფო ტრანსპორტი თუ ბიზნესად შეიძლება იქცეს. აი მაგალითად, ორსართულიანი საექსკურსიო ავტობუსები შეიძლება ღამე ფართი-ბუსად ტრანსფორმირდეს და ერთ კონკრეტულ რაიონში იმოძრაოს.

დღეს ყველამ ვიცით, რომ Data არის ყველაფერი. რადგან თუ ციფრები არ გაქვს, ვერაფერს ვერ შეადრი, ვერ გააკეთებ სრულფასოვან პრეზენტაციას და ვერავის დაარწმუნებ, რომ ეს მუშაობს, რომ დიდი ბიზნესია და ღამის ეკონომიკის ნაწილია.

მთავარი სკეპტიციზმი აქ ჩნდება: აი რად გვინდა ღამის ეკონომიკის გამოყოფა, როცა არის ერთი ეკონომიკა, რატომ უნდა ვხარჯოთ ამაში ფული.

მე მესმის ამ სკეპტიკოსების, რადგან უკვე რამდენიმე წელია ვხედავთ, როგორ იქმნება კომიტეტები, შემდეგ ამ კომიტეტის მუშაობის შემსწავლელი კომიტეტები, კომისიები და ა.შ. ვის დაქვემდებარებაში იქნებით თქვენ?

ჩვენ არ ვართ მერიის ნაწილი, ორგანიზაცია არაა ჩამოყალიბებული. მიზანი გვაქვს, რომ მაქსიმალურად ჩამოვშორდეთ ბიუჯეტს, ამიტომ სასტარტო ჯგუფი გვაქვს ძალიან პატარა და ვფიქრობ, საკმაოდ მალე დავიწყებთ ფანდრაიზინგს.

კი მაგრამ, ფული ხომ გჭირდებათ? სად იშოვით?

თავიდან მუნიციპალიტეტის გარეშე ეს ვერ მოხდება. თუმცა შესაძლოა, რომ ამ ორგანიზაციას მერია სრულიად ჩამოშორდეს. ჩემი შეხედულებით, ეს შეიძლება იყოს ასოციაცია, სადაც იქნებიან სხვადასხვა მხარის წარმომადგენლები, მათ შორის – მერიაც, გასართობი ინდუსტრიის წარმომადგენლებიც და ეს ასოციაცია შეინახავს საკუთარ თავს და იზრუნებს შესაბამისი სექტორის განვითარებაზე. დაახლოებით გილდიისმაგვარ ორგანიზაციაზე მაქვს საუბარი, რომელიც საკუთარი თავის ორგანიზებას და დაფინანსებას უზრუნველყოფს.

ოდნავ სნობურ ნოტაზე გადავალ, დღეისათვის თბილისს თითქმის “დაკარგული” აქვს კოტე აფხაზისა და შარდენის ქუჩა, ბამბის რიგი, რკინის რიგი, აღმაშენებლის საფეხმავლო ნაწილიც დიდწილად…

დაკარგვაში რას გულისხმობთ?

რას და შეუძლებელია საშუალო სტატისტიკურმა ევროპელმა ან ადგილობრივმა ადამიანმა, რომელსაც არც ისე ცუდი გემოვნება აქვს, გაიაროს იქ და მცირე სიამოვნება მაინც მიიღოს. ნუთუ არ შეიძლება მერიამ რაიმე სახის ბიძგი მისცეს იქაურობას, რომ ცოტა სასიკეთო მხრივ შეიცვალოს?

ეს ბიძგი ხომ ზეწოლა იქნება? მერიის მოვალეობაა, რომ იქ იყოს წესრიგი, სისუფთავე, გარე განათება, დანარჩენს ბაზარი არეგულირებს და ამაში ჩარევა დანაშაულია.

ბაზარი ყველაფერს არეგულირებს, მაგრამ თავისებურად, ხშირად ისე, როგორც ქალაქს არ სჭირდება. რა დააშავეს იმ ადამიანებმა, ვისაც არ უნდა ჩილიმის მოწევა, ან ვინც იქ ცხოვრობს, ნუთუ არ შეიძლება რაიმე სახის ლიცენზირება და თუ გარკვეულ სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებს დაწესებულება, გუდა-ნაბადი რომ აუკრან?

ლიცენზირება შესაძლებელია, თუმცა აქ არის მეორე მხარეც, ლონდონში ზედმეტმა ლიცენზირებებმა გამოიწვია ის, რომ ძალიან ბევრი კაფე და ბარი დაიკეტა, იგივე პრობლემაა ბერლინში, ამჯერად იქაური საავტორო უფლებების ასოციაციის აქტიურობის გამო. ამას ჩვენთანაც მოჰყვება ბიზნესის ძალიან დიდი უკმაყოფილება, რომელიც იტყვის, რომ “რას მიშვები, ძლივს ორ კაპიკს ვშოულობ და შენ მოდიხარ და მკეტავ?!”

რა იდეები გაქვთ გარეუბნებთან დაკავშირებით? არ შეიძლება რომ “ბასიანის”, “ხიდის”, კლუბ “მტკვარზეს” მაგალითით ამ ადამიანებს ვაჩვენოთ, რომ წარმატებული ბიზნესის ქონა ცენტრის გარეთაც შესაძლებელია?

გარეუბნები ესაა ყამირი, რომელზე მუშაობაც ნულიდან უნდა დავიწყოთ. ჩამოთვლილი კლუბების მფლობელები აუცილებლად იქნებიან ჩვენი კონსულტანტების ჯგუფში და მათთან ერთად შევიმუშავებთ ბევრ რამეს. ამ ხალხმა ნულიდან შექმნა საოცრად წარმატებული ბიზნესი, ამიტომ არ შეიძლება, რომ მათი გამოცდილება არ გამოვიყენოთ.

ჩემი აზრით, ის წარმატებული პროექტები, რომლებიც ქალაქში არსებობენ და აქვთ ღამის ელემენტი, უნდა გაერთიანდნენ, ასევე რაღაც მხრივ უნდა გაერთიანდნენ ის ღონისძიებები, რომლებიც ერთ პერიოდში ტარდება, ამ შემთხვევაში მერია შეძლებს, რომ მათ დასახმარებლად გარკვეული პლატფორმა შექმნას და ერთ ჩარჩოში გააკეთოს მათი რეკლამა.

კომუნიკაციის დასამყარებლად ბევრნაირი ხერხი არსებობს, მთავარია, რომ ეს ერთეულები გაერთიანდნენ და საერთო ხმა მიაწვდინონ პუბლიკას. მოცემულ მომენტში არ არსებობს ერთიანი აფიშა, კალენდარი, სადაც შეხვალ და ამომწურავ ინფორმაციას მიიღებ იმაზე, თუ სად რა ხდება. ვფიქრობ, დეცენტრალიზაცია და ამავე დროს გაერთიანება ამ შემთხვევაში ყველასთვის მომგებიანი იქნება.

ეს ძალიან მაგონებს ბლოკჩეინის სისტემას, სადაც ყველაფერი დეცენტრალიზებულია, თუმცა ერთიანი. ესაა მომავალი და ამის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელი იქნება.

კულტურის სფეროდან ჩვენს გუნდში იქნებიან თეატრები, კინოთეატრები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები…

როგორ შეიძლება ბიბლიოთეკების ჩართვა ღამის ეკონომიკაში?

საქართველოში იზრდება ფრილანსერთა რაოდენობა, რომლებიც სახლიდან მუშაობენ. ხშირ შემთხვევაში სახლში მათ ხელი ეშლებათ. ვფიქრობ, სტანდარტული ბიბლიოთეკები, რომლებიც ძალიან ადრე იკეტება, ასეთი ადამიანების “ქოუვორქინგ” სივრცედ წარმატებით შეიძლება გადაკეთდეს, სადაც კაფეც იქნება, დასასვენებელი ოთახიც და კომფორტული სამუშაო სივრცეც.

დაეხმარება თუ არა თქვენი ორგანიზაცია სხვადასხვა დაწესებულებებს ისეთ, არცთუ გამჭირვალე და მკაცრ სუბიექტთან ურთიერთობაში, რომელსაც “საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაცია” ჰქვია?

ამ ორგანიზაციის საქმიანობა შესწავლილი არ მაქვს და არც მათთან ურთიერთობის გზები მაქვს გააზრებული. ვიცი, რომ მათ დაძაბული ურთიერთობა აქვთ კლუბებთან, სამაუწყებლო კომპანიებთან და აშ. მე მგონია, რომ საავტორო უფლებების მომავალიც დაკავშირებულია ბლოკჩეინთან, სადაც ავტორი ყოველგვარი შუამავლის გარეშე ყიდის მუსიკას და ზუსტად იცის, სად და რამდენჯერ დაუკრა მისმა ნაწარმოებმა. ტექნოლოგია გვაძლევს ამის საშუალებას და ეს უახლოეს მომავალში მოხდება.

რას გააკეთებთ ცენტრის განტვირთვისთვის? გლდანი, თემქა, ვარკეთილი – ეს უზარმაზარი და კულტურისგან დაცლილი უბნები უზარმაზარი პოტენციალის პატრონები არიან და თან მდებარეობენ თბილისის ზღვასთან ახლოს, რას შეიძლება ველოდოთ ამ კუთხით?

მერიას უკვე ველაპარაკებით იმაზე, რომ არსებული ღონისძიებები გაიტანოს აქამდე დაუტვირთავ ადგილებზე. ეს იქნება საბავშვო თუ სახალხო დღესასწაულები.

ორგანიზატორებს ველაპარაკებით ღონისძიებების კონკრეტულ ადგილებზე ჩატარებაზე და სანაცვლოდ ვთავაზობთ დახმარებას ადმინისტრაციული რესურსით.

ხომ არ მისცემთ მთავრობას რეკომენდაციას, რომ გლდანში ან მსგავს უბნებში გასართობი, კულტურული ბიზნესის გადატანაზე დაუწესოს შეღავათები?

ესეც რთული საკითხია, უნდა აუხსნა მოსახლეობას, თუ რატომ იღებს ეს კონკრეტული ბიზნესი შეღავათს და არა სხვა რომელიმე. თუმცა ვფიქრობ, ეს აუცილებლად მოხდება, ოღონდ საკმაოდ სიღრმისეული ანალიზის შემდეგ. სპონტანურობა ამაში დამღუპველია.

მივიწყებული უბნების კულტურული განვითარების მაგალითები გვაქვს: შეიძლება დავასახელოთ ფაბრიკა, ნინოშვილის ქუჩაზე, უბანი, რომელიც მოწყვეტილი იყო კულტურულ ცხოვრებას, სივრცე, რომელიც არ იყო გააზრებული როგორც კულტურული ელემენტი, იქცა წარმატებულ ბიზნესად და ახალ კულტურულ ცენტრად, რომელიც, რაც მთავარია, არ არის ტურისტებზე მორგებული. ფაბრიკაში ყველაზე მეტი ადგილობრივი ახალგაზრდობა დადის. და არის მულტიკულტურული, ჰოსტელიცაა, მაღაზიებიც, ბარებიც, კაფეებიც, ამავე დროს საგანმანათლებლო და “ქოუვორქინგ” სივრცეებიც.

ასევე ის, რაც მოხდა ნიუიორკში, როცა თავიანთი ფილიალების გახსნის საშუალება მისცეს კლუბებს ბრუკლინში, ამან გამოიწვია ის, რომ ჰიფსტერულმა საზოგადოებამ იხუვლა და გადაბარგდა მივიწყებულ ბრუკლინში.

ვინმე იფიქრებდა 15 წლის წინ, რომ ფრიდრიხსჰაინი ან ნოიკიოლნი ტურისტული რაიონები გახდებოდა?

ჩვენ ქლაბინგზე ვაკეთებთ აქცენტს, არადა სხვადასხვანაირად მიდის ღამის ცხოვრება სხვადასხვა ქალაქში: მაგალითად, სიდნეიში ძალიან პოპულარულია ღამის ოჯახთან ერთად გატარება, მუზეუმებში და პარკებში დილამდე სიარული და ა.შ. ვფიქრობ, ამ მიმართულებითად შეიძლება წარმატებით ვიმუშაოთ თბილისში.

თბილისის პერიფერიული უბნების კულტურული განვითარება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია.

არის თუ არა აღმაშენებელიზაცია დამღუპველი ქალაქისთვის? საკმაოდ ბევრი კაფე ახალ აღმაშენებელზე დაიკეტა ტურისტულ სეზონთან ერთად. სეზონი რომ მოვა, შეიძლება ისევ გაიხსნას, შემდეგ კი ისევ დაიკეტება. თუ გექნებათ მერიასთან და მთავრობასთან რეკომენდაციები იმის შესახებ, როგორ ავიცილოთ ე.წ. შარდენიზებული მკვდარი უბნები თბილისში.

ერთი გამოსავალია ის, რომ ახალი სივრცეები შევქმნათ, მერე, ეს სივრცეები უნდა შევქმნათ ადგილობრივებისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ იქ ტურისტებიც სიამოვნებით ივლიან. უნდა განვმუხტოთ ცენტრი და კალენდარი უნდა გავაანალიზოთ. ვიცით, რომ ნოემბერია ცარიელი და შეიძლება მოვიფიქროთ ღონისძიებების ახალი ფორმები პრომოუტერებთან ერთად, რომლებიც მკვდარ სეზონზეც კი მოიზიდავენ სტუმრებს. ამას უნდა გაუკეთდეს შესაბამისი მარკეტინგი, რომ ჩვენ მკვდარ სეზონზეც კი დიდი ამბავი გვაქვს აქ. კარგად უნდა გავაანალიზოთ, სად გვაქვს ვარდნები, სად გვაქვს პოტენციალი, რომ გავიზარდოთ და შემდეგ დავიწყოთ მოქმედება. სხვანაირად ეს იქნება გაუაზრებელი, იმპულსური ქმედება, რომელიც ისევ თავკომბალებს მოგვცემს.

ამაზე ბევრი ადამიანი ფიქრობდა, რადგან ეს ყველაფერი შევიდა მერის პროგრამაში. ჩემი ფუნქცია იმაშია, რომ კოორდინაცია შედგეს. ინტერაქციის გარეშე არაფერი გამოვა.
სტარტისთვის უფრო ცუდ მდგომარეობას ველოდი, საზოგადოებრივ აზრს ვგულისხმობ. პოლიტიკოსებზე არ ვამბობ, მათ თავიანთი გეგმა აქვთ და შეუძლიათ აკეთონ ის, რაც უნდათ. ჩვენ ვიმუშავებთ.

გარდა იმისა, რომ ბიზნესს ქმნის ღამის ეკონომიკა, ერთი მთავარი მიზანია, რომ მოსახლეობის რეგენერაცია მოხდეს. ჩვენთან ახალგაზრდები ბევრად უფრო მეტს მუშაობენ, ვიდრე უფროსი თაობის წარმომადგენლები. ადამიანს, რომელიც მთელი კვირა მუშაობს, უნდა ჰქონდეს ორთქლის გამოშვების საშუალება. ჩვენთან, ისევე როგორც ყველგან, თბილისელი მშრომელი ადამიანი ოცნებობს პარასკევზე. ადამიანმა თუ სრულფასოვნად არ დაისვენა შაბათ-კვირას, ის ვერ იქნება პროდუქტიული სამსახურში. ასე რომ, ცეკვა სულაც არ არის ცუდი.

ქვეყნის კეთილდღეობა და პროგრესი არ იზომება მხოლოდ მშპ-ის მაჩვენებლებით. ასევე მნიშვნელოვანია ბედნიერების ინდექსი, რომელიც ხშირ შემთხვევაში საკმაოდ მაღალია იმ ქვეყნებში, რომლებიც ეკონომიკურად ძალიან განვითარებულები არ არიან. ჩვენ შეგვიძლია, რომ ბედნიერების ინდექსი ავწიოთ და მშპ-ის გაუმჯობესებაზე უფრო აქტიურად ვიმუშაოთ.

საკვლევად და პირველადი შედეგების საჩვენებლად ვფიქრობ, დიდი დრო არ დაგვჭირდება, მოსახლეობა ნათლად დაინახავს ცვლილებებს ღამის ეკონომიკაში.

კომუნისტების დროს რაღაცას ვაკეთებდით და არავინ იცოდა ჩვენზე და ეს ნორმალური იყო, ახლა რაღაცას თუ აკეთებ, აუცილებლად მისი პრეზენტაციაც უნდა გააკეთო, სხვანაირად ფუჭია შენი საქმე.


რეკომენდებული სტატიები
საფეხმავლო ტურები თბილისის უკეთ გასაცნობად

საფეხმავლო ტურები თბილისის უკეთ გასაცნობად

საფეხმავლო ტურები თბილისის უკეთ გასაცნობად
გთავაზობთ თბილისის უკეთ გასაცნობად შექმნილ სხვადასხვა შინაარსის რამდენიმე ტურის მარშრუტს, რომელთა გავლაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დამოუკიდებელ გიდებთან ერთად
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.