fbpx

მეოთხედფინალების მოლოდინში


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ტურნირი სიურპრიზებით რომ არის აღსავსე, ამაში მერვედფინალური  წყვილების შედეგებმაც დაგვარწმუნა, როდესაც პირველი რაუნდის შემდეგ, თითქოს მეოთხედფინალური ეტაპი ტურინის “იუვენტუსის”, ამსტერდამის “აიაქსის” და მით უმეტეს “მანჩესტერ იუნაიტედის” გარეშე უნდა დარჩენილიყო, მაგრამ როგორც საბოლოოდ გაირკვა, ასპარეზობა თურმე ოთხივე ინგლისურ კლუბს უნდა გაეგრძელებინა და ტურნირი მისი უკანასკნელი სამი წლის გამარჯვებულის – მადრიდის “რეალის” გარეშე უნდა დარჩენილიყო.

ფეხბურთის სანახაობრივი მხრით დაინტერესებული ნეიტრალური გულშემატკივარი კი ნახევარფინალში ტრადიციულად ამა თუ იმ გუნდის დამსახურებულად გასვლის მოლოდინშია მსაჯების ყოველგვარი შეცდომის თუ სხვადასხვა  ფაქტორების გამორიცხვით, რის გარეშეც სამწუხაროდ იშვიათია, რომ რომელიმე სეზონი აღინიშნოს.

წინასწარი სურათის მიხედვით, ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გამარჯვებული დიდი ალბათობით ინგლისური კლუბი უნდა გახდეს, რადგან დარჩენილი 8 გუნდიდან 4 ინგლისურია და ნახევარფინალში ამ ქვეყნის წარმომადგენელთათვის უარეს შემთხვევაში მის ერთ კლუბს მაინც ვიხილავთ “მანჩესტერ სიტისა” და “ტოტენჰემის” დაპირისპირების გამო.

ამ წყვილში უპირატესობა მანჩესტერულ კლუბს ენიჭება და თითქოს სავსებით ლოგიკურია ამგვარი ვარაუდი, რადგან ამ ბოლო დროს და ზოგადად ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩების შემდეგ, “ტოტენჰემი” პრემიერლიგაში საკმაოდ არათანაბრად ასპარეზობს, ხშირად აგებს და უკვე იმდენსაც ახერხებს, რომ ეჭვქვეშ აყენებს სატურნირო ცხრილის ზედა ოთხეულში მოხვედრას.

არადა სულ რაღაც ორიოდე თვის წინ ლონდონური კლუბი ინგლისის პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტულსაც კი ეცილებოდა “ლივერპულს” და “მანჩესტერ სიტის”, რომელთანაც სხვაობამ სატურნირო ცხრილში დღესდღეობით უკვე 18(!) ქულას მიაღწია.

“მანჩესტერ სიტის” კი ამჟამად საუკეთესო პერიოდი აქვს. გუნდი შესანიშნავად ასპარეზობს როგორც პრემიერლიგაში, სადაც მარტში  ლიდერობა “ლივერპულს” ჩამოართვა, ასევე ასოციაციის თასზეც, რომლის ფინალშიც მან სწორედ „ტოტენჰემთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი შეხვედრის წინ გაიკვალა გზა.

 

„მანჩესტერ სიტიმ“ პრემიერლიგის გათამაშების პირველ წრეში „ტოტენჰემი“ 1:0 დაამარცხა

 

“მანჩესტერ სიტიმ” უკანასკნელად 30 იანვარს “ნიუკასლ იუნაიტედთან” წააგო, ოპტიმალურ ფორმასაც მიაღწია და საყოველთაო აღიარებით, ინგლისურ კლუბთაგან ჩემპიონთა ლიგის მოგების უმთავრეს პრეტენდენტად მოიაზრება.

პრემიერლიგის სატურნირო ცხრილისა არ იყოს, ჩემპიონთა ლიგაზე იერარქიულად მეორე ინგლისურ კლუბად “ლივერპული” მოიაზრება, რომელსაც ჯგუფური თუ მერვედფინალური ეტაპის შემდეგ, აშკარად გაუმართლა, რადგან ისევე როგორც შარშან, ლიგაზე მას მეტოქედ დარჩენილ გუნდთაგან ყველაზე სუსტი – პორტუგალიის “პორტო” ერგო.

საინტერესოა, რომ “ლივერპულმა” შარშანდელი გათამაშების მერვედფინალში 5:0 გაანადგურა “პორტო”. მერსისაიდელებს სავარაუდოდ ასეთივე იოლი გასეირნება აღარ ექნებათ შურისძიების სურვილით გამსჭვალული სახელოვანი პორტუგალიური კლუბის წინააღმდეგ მატჩში, მაგრამ “ლივერპულის” მომდევნო ეტაპზე ასპარეზობაში ეჭვი ალბათ თითქმის არავის შეაქვს.   

ამსტერდამის “აიაქსმა” ტურნირიდან მადრიდის “რეალის” გამოთიშვის შემდეგ, მრავალი ახალი გულშემატკივარი შეიძინა. ახალგაზრდული გუნდი ლაღი და შემტევი ფეხბურთის მიმდევარია, ამ ბოლო ხანს ჰოლანდიის ჩემპიონატში უმთავრეს კონკურენტ “პსვ”-ს დამარცხების შემდეგ კი “აიაქსს” ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოპოვების რეალური შანსი გაუჩნდა.

გაუძლებს ორ ფრონტზე ბრძოლას სახელოვანი ჰოლანდიური კლუბი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა უკანასკნელად 1995 წელს აქვს მოგებული?

“აიაქსის” მსგავსად ორ ფრონტზე იბრძვის ოთხივე ინგლისური კლუბიც, “აიაქსის” მეტოქე ტურინის “იუვენტუსი” კი იტალიის ჩემპიონობას უკვე ტრადიციულად ლამის სერია A-ს სეზონის დაწყებამდე ზეიმობს ხოლმე.

როგორია ძლევამოსლი იტალიური კლუბის წინააღმდეგ შეხვედრაში ამსტერდამის “აიაქსის” ნახევარფინალში მოხვედრის შანსი? ჰოლანდიელებმა მერვედფინალში “იუვენტუსის” მსგავსად, მეორე მატჩი უკეთ ჩაატარეს და გასვლაზე მადრიდის “რეალი” 4:1 გაანადგურეს.

რამდენად რეალურია ამ მატჩში ნაჩვენები “აიაქსის”  სიძლიერე? რამდენად საკმარისი იქნება ჩავარდნილ “რეალთან” მოგებული თამაშის ხარისხი ბრძოლებში გამოცდილი იტალიური კლუბის წინააღმდეგობის დასაძლევად? ისიც გასათვალისწინებელია, რომ “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩებს ტრადიციულად უკეთ ატარებს ხოლმე.

გავიხსენოთ, რომ ბოლო წლებში ასე იყო “ტოტენჰემის”, “რეალისა” თუ აგერ, სულ ცოტა ხნის წინ, მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ შეხვედრებში.

თუკი “აიაქსი” წლეულს აშკარად გაძლიერდა, ტურინის „იუვენტუსს“ თვით ჩემპიონთა ლიგის ბოლო სამი სეზონის ტრიუმფატორი კრიშტიანუ რონალდუ დაემატა. “იღბლიანი ბიჭუნას” ფაქტორი კი მრავალ გულშემატკივარს ტურინის “იუვენტუსის” წლევანდელ ტრიუმფს აფიქრებინებს.

2015 და 2017 წლებში ორი ფინალის წაგების შემდეგ, რატომ არ უნდა გაემგზავროს  ჩემპიონთა თასი იტალიაში? “იუვენტუსმა” ლიგა უკანასკნელად დიდი ხნის წინ -1996  წელს მოიგო და ფინალში მაშინ სწორედ ამჟამინდელი მეტოქე – ამსტერდამის “აიაქსი” თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა…

 

„იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგა უკანასკნელად 1996 წელს მოიგო

 

როგორც ვხედავთ, საკმაოდ სიმბოლურია მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის გათამაშება. ალბათ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შარშან „მანჩესტერ სიტი“ მეოთხედფინალში „ლივერპულმა“ გამოაგდო. ნუთუ შეუძლებელია, რომ „ლივერპულის“ მსგავსად, წლეულს მანჩესტერულ კლუბს უკვე სხვა ინგლისური გუნდი – „ტოტენჰემი“ მოექცეს?

ნამდვილად არა, რადგან ლონდონური კლუბი ბრძოლისუნარიანობის საოცარ გამოვლინებასთან ერთად, საკმაოდ არაპროგნოზირებადია. ამან კი საკმაო ზიანი შეიძლება მოუტანოს პეპ გვარდიოლას მიერ საათის მექანიზმივით აწყობილ „მანჩესტერ სიტის“.

საინტერესოა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ორრაუნდიანი ბრძოლის დასრულებისთანავე, „მანჩესტერ სიტი“ „ტოტენჰემს“ 20 აპრილს პრემიერლიგის გათამაშების 35-ე ტურში უმასპინძლებს.

პეპ გვარდიოლას ყოფილი გუნდი კი ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედს“ ეწვევა. „ბარსელონამ“ უკანასკნელ ტურში მადრიდის „ატლეტიკოს“ დამარცხებით საკმაოდ გაიმარტივა ესპანეთის ჩემპიონობისკენ მიმავალი გზა.

აწი ვალვერდეს გუნდს შეეძლება, რომ ყურადღება ძირითადად ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე გაამახვილოს. უბრალოდ იბადება კითხვა – რამდენ ხანს გასტანს კატალონიური კლუბის ასპარეზობა ამ ტურნირზე. ნუთუ ბოლომდე? – რატომაც არა.

საინტერესოა, რომ „ბარსელონას“ ბოლო ორივე შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ფინალში აქვს მოგებული „მანჩესტერ იუნაიტედთან“. მაშინ ინგლისელებს თვით სერ ალექს ფერგიუსონი წვრთნიდა, ხოლო 2009 წლის ფინალში კი „იუნაიტედის“ შემადგენლობას კრიშტიანუ რონალდუ ამშვენებდა.

გოლები იმ მატჩში სამუელ ეტოომ და ლიონელ მესიმ გაიტანეს, პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კი ყვითელი ბარათი დაიმსახურა.

 

 „ბარსელონას“ ტრიუმფი 2009 წელს

 

მას შემდეგ ათმა წელიწადმა განვლო, მესი კვლავ ჩინებულ ფორმაშია და თავისი გუნდის აშკარა ლიდერია. ზედიზედ ორი „ელ კლასიკოს“ მოგების შემდეგ კი „ბარსელონას“ თამაშში თითქოს უფრო მეტი ხალისი შეიგრძნობა და დღესდღეობით ესპანეთის ჩემპიონატში გუნდს მონდომების შემთხვევაში გოლის გატანა არასოდეს არ უჭირს.

ამის ნათელი მაგალითი ამ ცოტა ხნის წინ „ვილიარეალთან“ 4:4 ნათამაშები მატჩია. „ბარსელონას“ როცა სჭირდებოდა, გოლების ფეიერვერკს აწყობდა, საბოლოოდ კი შეხვედრა მისთვის მისაღები შედეგით დასრულდა.

მაგრამ სად „ვილიარეალი“ და სად „მანჩესტერ იუნაიტედი“, რომელმაც „ბარსელონასთან“ შეხვედრამდე პრემიერლიგის მატჩი გამოტოვა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალს მეტოქესთან შედარებით დასვენებული ხვდება?

მიუხედავად იმისა, რომ „პარი სენ ჟერმენთან“ ჩადენილი საოცრებიდან გამომდინარე, „მანჩესტერ იუნაიტედისგან“ ყველაფერი მოსალოდნელია, ფეხბურთის მრავალი ნეიტრალური გულშემატკივარი ათი წლის წინანდელი ფინალის მსგავსად, გადამწყვეტ შეხვედრაში მესი – რონალდუს დაპირისპირების ხილვის მომხრეა. ეს კი თავის მხრივ ეწინააღმდეგება ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში ინგლისელთა ტრიუმფს…


რეკომენდებული სტატიები
საქართველოს ნაკრები - ერთა ლიგიდან დღევანდლამდე

საქართველოს ნაკრები - ერთა ლიგიდან დღევანდლამდე

საქართველოს ნაკრები - ერთა ლიგიდან დღევანდლამდე
შვეიცარიელებმა დაშვებული პოზიციური შეცდომები გამოასწორეს და ქართველ გულშემატკივარს წარმოუდგინეს საათის მექანიზმივით აწყობილი ფეხბურთი
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.