fbpx

გაზაფხულზე ორგანიზმის გაწმენდის 4 სტრატეგია


გააზიარე სტატია


მწვანე ბლოგის წარმდგენია “ლისი დეველოპმენტი

 

 

ავტორი: სოფია გიგიტაშვილი

 

სამწუხაროდ,  დღეს არავინ არ არის დაცული ტოქსინებისგან. ისინი ჩვენს ორგანიზმში საკვების, ჰაერის, წყლის, კოსმეტიკის, წამლების და ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა მეტაბოლური პროცესების შედეგად გროვდება.

ჩვენი ორგანიზმი ბუნებრივად არის აღჭურვილი დეტოქსიკაციის მექანიზმებით – კანი, საკვების მომნელებელი სისტემა, თირკმლები და  ფილტვები გამუდმებით ათავისუფლებენ სხეულს არასასურველი ნივთიერებებისგან. მაგრამ 21-ე საუკუნეში ადამიანს უამრავ სხვადასხვა ტიპის ტოქსინთან უწევს ურთიერთობა. ჩვენი ორგანიზმი არ არის ამდენი რაოდენობის ტოქსინებთან გამკლავებისათვის შექმნილი.

არასასურველი ნივთიერების მოსაშორებლად ორგანიზმის უამრავი შიდა რესურსი იხარჯება. მაგალითად, ტოქსინებისაგან გათავისუფლება მინერალების და ფერმენტების საშუალებით ხდება. ეს სასიცოცხლო ნივთიერებები ორგანიზმმა სხვა სასიცოცხლო პროცესებს უნდა მოაკლოს. ტოქსინები ასევე მოქმედებენ ორგანიზმის მჟავა/ტუტოვან ბალანსზე და მეტაბოლურ პროცესებზე.

როდესაც ორგანიზმი დატვირთულია ტოქსინებით  სათანადოდ არ მუშაობს მომნელებელი სისტემა, დარღვეულია მჟავა/ტუტოვანი ბალანსი, დახშულია დეტოქსიკაციის არხები, ადამიანს უჩნდება სიმპტომები – ჭარბი წონა, ალერგიები, თავის ტკივილები, კანის, კუჭ-ნაწლავის პრობლემები, დაბინდული გონება, ანთებითი პროცესები, შეშუპება, დაბალი ენერგია და ენთუზიაზმი. ჩნდება ქრონიკული დაავადებების რისკიც.

სამწუხაროდ დღეს რთულია სრულყოფილად მივდიოთ სწორი კვების რეჟიმს, მაგრამ არსებობს გზები, რომლებიც დაგვეხმარება  ორგანიზმის გაჯანსაღებაში. თუ ზამთარში ჩვენი ორგანიზმი დასვენების და შენახვის რეჟიმში იმყოფებოდა, გაზაფხულზე სხეული და გონება მზად არის გაწმენდისა და განახლებისთვის.

 

რეკომენდებულია გაზაფხულზე 10 – 14-დღიანი დეტოქსიკაციის კურსის ჩატარება.

ამ დროს ასევე სასურველია მოვძებნოთ სტრესის განმუხტვის გზები –  დავისვენოთ, მეტი დრო გავატაროთ სუფთა ჰაერზე და მზეზე. ჩვენი ორგანიზმი თვითმკურნალი სისტემაა. თუ შევუქმნით სათანადო პირობებს, ის თავისი ჩვეული გზებით აღადგენს დარღვეულ ბალანსს. იმისთვის რათა წარმატებით გავიაროთ დეტოქსიკაციის კურსი გაზაფხულზე, რეკომენდებულია მივდიოთ დეტოქსიკაციის 4 საფეხურს:

 

 

მოაცილე.

ყველა საკვებს თავისი თვისება აქვს  და თავისებურად მონაწილეობს ორგანიზმის შიდა გარემოს შექმნაში. ჩვენი ორგანიზმი ოპტიმალურად ფუნქციონირებს, როდესაც ის ტუტოვანია.

საკვების გადამუშავების შედეგად ორგანიზმში  ტუტოვანი ან მჟავა რეაქცია ჩნდება. თუ ჩვენს უჯრედებში, ქსოვილებში და ორგანოებში მჟავური გარემოა, ორგანიზმში იწყება ანთებითი პროცესები.

ამიტომ დეტოქსიკაციის კურსის დროს კვების რაციონიდან დროებით ვიღებთ მჟავა რეაქციის საკვებს. ასეთია: ყველანაირი ხორცი, რძის ნაწარმი, კვერცხი, ხორბლისაგან დამზადებული პროდუქტები (პური, მაკარონი და ა.შ), თეთრი სუფრის შაქარი და მისგან დამზადებულ პროდუქტები, რაფინირებული ზეთები, ყველა სახის რაფინირებული საკვები, შაქრიანი/გაზიანი სასმელები, ყავა, ალკოჰოლი, თამბაქო. აქ ჩამოთვლილი საკვები ხშირ შემთხვევაში ასევე არის ალერგიების მიზეზიც. ასეთი საკვების კვების რაციონიდან ამოღებით ვასვენებთ საჭმლის მომნელებელ სისტემას, ვზრდით იმუნიტეტს, ვარეგულირებთ სისხლში შაქარს და ანთებით პროცესებს.  

 

 

გაწმინდე.

თუ მჟავური რეაქციის საკვები ანთებითი პროცესების წინამორბედია,  ტუტოვანი რეაქციის საკვები ამ ანთებითი პროცესების ჩახშობასა და ბალანსის აღდგენას ემსახურება.

დეტოქსიკაციის კურსის დროს კვების რაციონს უმ ხილსა და ბოსტნეულზე ვაფუძნებთ. დასაშვებია ასევე ბოსტნეულის მსუბუქად, ჯანსაღი ცხიმებით მომზადება. უმ ხილსა და ბოსტნეულში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობს ღვიძლისა და ლიმფური სისტემის გაწმენდას, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციას და სისხლის მიმოქცევას.

ასეთი ტიპის საკვები სავსეა ვიტამინებით, მინერალებით, ფერმენტებით, ფიტონუტრიენტებით, ელექტროლიტებით, ქლოროფილით. ეს ყველაფერი ორგანიზმის აღდგენასა და მორჩენას ემსახურება.

დეტოქსიკაციის კურსის დროს მიირთვით:  სეზონური ხილი, ყველა სახის ბოსტნეული (უმი ან დამზადებული), მოუხალავი ნუში, ნიგოზი, ჩიას მარცვალი, გოგრის მარცვალი, მწვანე სალათები, მწვანილები, ტკბილი კარტოფილი, ავოკადო, ბოსტნეულის წვნიანები, ბოსტნეულის ფრეშები და სმუზები, ცივი დაწურვის ქოქოსის ცხიმი და ზეითუნის ზეთი, თაფლი, ნეკერჩხლის სიროფი. ასევე აუცილებელია წყლის რაოდენობის გაზრდაც. დღის განმავლობაში მიირთვით თბილი ლიმონიანი წყალი (2 ჭიქა თბილი წყალი + 1/2 ლიმონის წვენი). დეტოქსიკაციის დროს რეკომენდებულია ბაბუაწვერას, ბაყაყურას და ჭინჭრის ჩაი (1 ჭიქა 2-3ჯერ დღეში).

 

 

დაისვენე.

დეტოქსიკაციის დროს აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ ნერვულ სისტემას. ჩვენი ორგანიზმი გარშემო არსებულ პროცესებს ნერვული სისტემის საშუალებით აღიქვამს.

სწორედ ნერვული სისტემის საშუალებით წყდება ორგანიზმში სტრესის და რელაქსაციის ამბავიც. კერძოდ კი ავტონომიური ნერვული სისტემის ორი განხრა: სიმპათიკური და პარასიმპათიკური ნერვული სისტემა განსაზღვრავს ჩვენი სტრესისა და რელაქსაციის მდგომარეობას.

სიმპათიკური მდგომარეობა ეს სტრესის, ანუ გაქცევისა და გადარჩენის მდგომარეობაა. პარასიმპათიკური კი რელაქსაციის, ანუ აღდგენისა და დასვენების. თუ ადამიანი ქრონიკულად სიმპათიკურ (სტრესის) მდგომარეობაში იმყოფება, უკან იხევს დეტოქსიკაციისა და აღდგენის ფუნქციები, რადგან ამ დროს პრიორიტეტი გადარჩენას ენიჭება.

დეტოქსიკაციის დროს აუცილებლად უნდა  ვიზრუნოთ სტრესის განეიტრალების გზებზეც. აუცილებელია გონებისა და სხეულის მოდუნება. სასურველია შევანელოთ დღის რიტმი, მეტი დრო დავუთმოთ საკუთარ თავს, ბევრი დრო გავატაროთ მზეზე, სუფთა ჰაერზე, დღის განმავლობაში 15-20 წუთი დავიძინოთ, საღამოს ადრე დავწვეთ, რეკომენდებულია საუნა და მასაჟი. ეს ყველაფერი ემსახურება ორგანიზმის სიმპათიკური (სტრესის) მდგომარეობიდან პარასიმპათიკურში (რელაქსაციის) გადაყვანას, სადაც გაწმენდისა და აღდგენის პროცესები ნორმალურად ხდება.

 

 

გაიაზრე.

ფიზიკური ტოქსინების გარდა ადამიანს მენტალურ და ემოციურ ტოქსინებთანაც უწევს გამკლავება. ჩვენი ემოციები, შთაბეჭდილებები, განცდები და ფიქრები ასევე ახდენენ ზეგავლენას ორგანიზმის ბიოქიმიაზე.

მაგალითად, ნეგატიური აზროვნება და შიში ორგანიზმში სიმპათიკურ ნერვულ სისტემას ააქტიურებს. ამ დროს გამოიყოფა ადრენალინი და კორტიზოლი. ეს ჰორმონები იწვევს სისხლის ძარღვების შევიწროებას, წნევისა და შაქრის მომატებას. ასეთ დროს სისხლი საჭმლის მომნელებელი სისტემიდან კიდურებში გადაინაცვლებს, რაც თავისთავად იწვევს კუჭ-ნაწლავის პრობლემებსაც.

ყველა მძაფრი ფიქრი და ემოცია თავის კვალს ტოვებს ორგანიზმზე. დეტოქსიკაციის დროს სასურველია ემოციური და მენტალური ტოქსინებისგანაც გათავისუფლება. პირველ რიგში ამოიცანით ის მენტალური და ემოციური ბლოკები, რომლებიც აღარ გჭირდებათ და ხელს გიშლით წინსვლაში. ამისთვის დააკვირდით თქვენი ფიქრის პროცესს.  

აი, მაგალითად, მოუსმინეთ თქვენს ფიქრებს ისე, როგორც უსმენთ მუსიკას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცუდად გრძნობთ თავს, როცა ვიღაც ნერვებს გიშლით, ან რამე გაწუხებთ. ეს ყველაზე ხელსაყრელი დროა საკუთარი მენტალური ტოქსინების ამოსაცნობად. უბრალოდ დააკვირდით რას ფიქრობთ იმ მომენტში. ჩამოწერეთ – რისგან გსურთ გათავისუფლდეთ,  რა აღარ გჭირდებათ. ეს შეიძლება იყოს პიროვნება, ურთიერთობა, გარემოება, ფიქრი, ემოცია.

ცხოვრების მანძილზე ადამიანი უამრავ ინფორმაციას იღებს. ამ ინფორმაციის ნაწილი ხშირ შემთხვევაში დროთა განმავლობაში გამოუდეგარი ხდება და არ ღირს მისი შენახვა. გამოუდეგარი ემოციების და განცდებისაგან გათავისუფლება ახალი შესაძლებლობების წინაშე დაგაყენებთ.

დეტოქსიკაციის კურსი წარმატებულია მაშინ, როცა ორგანიზმს არა მარტო ფიზიკური, არამედ ემოციურ-მენტალური ტოქსინებისაგანაც გავწმენდთ.

 


რეკომენდებული სტატიები
3  სასარგებლო ტონიკი, რომელიც ზამთარში გაგაჯანსაღებთ და გაგათბობთ

3 სასარგებლო ტონიკი, რომელიც ზამთარში გაგაჯანსაღებთ და გაგათბობთ

3  სასარგებლო ტონიკი, რომელიც ზამთარში გაგაჯანსაღებთ და გაგათბობთ
ზამთრის ტონიკების დამზადება ადვილია - სულ რამდენიმე წუთს წაგართმევთ. საუკეთესო შედეგების მისაღწევად მიირთვით ტონიკი სისტემატურად. შეძლებისდაგვარად შეიძინეთ ბიოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტები
5 საკვები პროდუქტი, რომელსაც არასდროს არ უნდა მივეკაროთ

5 საკვები პროდუქტი, რომელსაც არასდროს არ უნდა მივეკაროთ

5 საკვები პროდუქტი, რომელსაც არასდროს არ უნდა მივეკაროთ
ინდუსტრიული წესებით დამზადებული ზოგიერთი საკვები ჩვენს ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. რას უნდა ვერიდოთ ყველაზე მეტად და რა უნდა ვიცოდეთ ამ საკვების წარმომავლობის და ზეგავლენის შესახებ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.