გურამ წიბახაშვილის რჩეული – 5 ფოტო
გააზიარე სტატია
“ფოტოს შეფასებისას ცალსახა კრიტერიუმი არ არსებობს, არსებობს ბევრი სხვადასხვა კრიტერიუმი, რომელთა ერთობლიობაც საბოლოოდ კარგ ნამუშევარს გვაძლევს, ეს კრიტერიუმები კი ყველა ფოტოსთან მიმართებით ცვალებადია. კარგი შედეგი რაღაც პრიზმაზეა დამოკიდებული, რომელიც შეიძლება ადამიანის ტვინი იყოს. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ფოტოგრაფია შემთხვევითი არ არის – ეს კარგად გააზრებული პროცესია, სხვა შემთხვევაში ფოტო უბრალოდ ფაქტის დაფიქსირებაა. “
- ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფოტოგრაფი დუან მიხალსია. ეს სერია – “შეხვედრის შანსი” – ერთ ფოტოდაც შეიძლება ჩაითვალოს – ფოტოგრაფიაში ამას სეკვენცია ჰქვია, როცა რამდენიმე ფოტოთი ჰყვები ერთ ამბავს. მიხალსი სეკვენციური ფოტოგრაფია. როდესაც ვუყურებდი ვიმ ვენდერსის ფილმს, “ცა ბერლინის თავზე“ – მომეჩვენა, რომ ორი ანგელოზი შეიძლება სწორედ მიხალსის ამ ნამუშევრით იყოს შთაგონებული.
- დიანა არბუსი ჩემთვის ერთ-ერთი საინტერესო ფოტოგრაფია. მას აქვს ასეთი ფოტო – „ბიჭი სათამაშო ყუმბარით ცენტრალ პარკში“. ეს მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოა. ვერ ვიტყვი, რომ ეს ფოტო მიყვარს, თუმცა – მომწონს. ფოტო დღევანდელ მდგომარებას გამოხატავს, რომ არსებობს ყუმბარა, გამანადგურებელი იარაღი ადამიანის ხელში, იმ ადამიანის ხელში, რომელიც საკუთარ თავს ვერ ფლობს. ეს არის იარაღი, რომელმაც ყველაფერი შეიძლება გააქროს. ამ ფოტოს სულ ისე ვუყურებ, როგოც გაფრთხილებას. როგორც აღმოჩნდა, ამ ბიჭს დიანა არბუსმა ფოტო ბევრჯერ გადაუღო, ამ კადრში ბიჭი გაბრაზებულია, როგორც ჩანს, შეწუხდა ამ პროცესით, და სწორედ ამ გაბრაზებულმა გამომეტყველებამ აქცია ფოტო განსაკუთრებულად.
- ეს ფოტო ანტუან დ’აგატას ეკუთვნის. მისგან ძალიან ბევრი ინფორმაცია მოდის. აქედან კარგად ჩანს, რამდენი რამ იცის ავტორმა ხელოვნებასა და ცხოვრებაზე, როგორ რეაგირებს და როგორ აერთიანებს მათ. ფოტოს რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ დ’აგატას ძალიან კარგად აქვს შესწავლილი ფრენსის ბეკონის მხატვრობა და ნამუშევრების მოდელად აქვს აღებული. დ;აგატა ნენ გოლდინის მოსწავლე იყო და კარგად აგრძელებს მის შემოქმედებას. ანტუან დ’აგატა ის ფოტოგრაფია, რომელსაც ბევრი რამ აქვს გააზრებული, ეს კარგად ჩანს ამ ფოტოში. იცის როგორ გადმოსცეს ადამიანის სივრცეში არსებობა. ეს აქტის სცენაა, მაგრამ იმდენად ოსტატურად არის გადაღებული, რომ ორი სხეული ერთ მთლიანობას ქმნის, ერთ სხეულად გარდაიქმნება. ეს არ არის პირდაპირი სცენა, მის მიღმა ბევრი რამის წაკითხვაა შესაძლებელი – ეს ანტუან დ’აგატას ხელწერაა და სწორედ ეს მხიბლავს ამ ფოტოგრაფში.
- ჰაინრიხ რიბესელი არცთუ ისე პოპულარული ფოტოგრაფია – ვერ ვიტყვი, რომ ეფექტური ფოტოები აქვს. მისი ეს ფოტო პირველად ფოტოგრაფიის ისტორიის წიგნში ვნახე, რომლის ავტორი იან ჯეფრია. ფოტოზე თითქოს არაფერი არ არის, დოკუმენტური მასალაა. აქ არ ჩანს ადამიანი, თუმცა ჩანს მისი კვალი, მისი შრომის კვალი და ეს ძალიან მხიბლავს.
- ისევ დუან მიხალსს უნდა დავუბრუნდე. ეს არის სერია – “მოხუცი ქალი, რომელიც სიკვდილს მიჰყავს” – ესეც სეკვენციაა. ეს დადგმული, კონცეპტუალური ფოტოგრაფიაა და ძალიან მარტივად არის გადაღებული. სერიისთვის ფოტოგრაფმა ბებიამისი და მამამისი გადაიღო, მამამისი სიკვდილს განასახიერებს და როგორც ხედავთ, მისი სახე ფოკუსში არ არის. ეს იყო ამ ავტორის პირველი ფოტო, რომელიც ვნახე. სწორედ ამის შემდეგ მომეწონა მიხალსი.