ჯგუფები Facebook-ზე, რომლებმაც შესაძლოა ახალი ინტერესები აღმოგაჩენინოთ
Facebook-ის ჯგუფებს ადამიანები ათასგვარი მიზნით იყენებენ: სასურველი პროდუქტის გასაყიდად და მოსაძებნად, ინფორმაციის გასავრცელებლად, გამოცდილების გასაზიარებლად, აქტივიზმისთვის და გასართობადაც. და თუკი მათ სელექციას შემოქმედებითად მიუდგებით, შესაძლოა ისეთი ჯგუფები იპოვოთ, რაც თქვენს რუტინას გაახალისებს, ახალ ინტერესებს აღმოგაჩენინებთ ან თქვენი მსგავსი გატაცებების ადამიანებთან დაგაკავშირებთ.
უფრო ცხადი რომ იყოს, რას ვგულისხმობთ, მაგალითისთვის გთავაზობთ რამდენიმე ჯგუფს:
დღეს რა ვჭამოთ?
ამ ჯგუფში გარდა იმისა, რომ სხვადასხვა საკვები ობიექტის შესახებ მოისმენთ პერსონალურ გამოცდილებებს, გაიგებთ ახალ რეცეპტებს, მიიღებთ ინფორმაციას, სად იყიდება შედარებით “იშვიათი” პროდუქტები და საბოლოო ჯამში შესაძლოა თქვენი კვების ხარისხი გაუმჯობესდეს კიდეც. მოკლედ, თუ თავს გურმანად და კულინარიის მოყვარულად თვლით, ჩვენი აზრით, თქვენი ადგილი აქ არის.
რეცეპტორი
ასეთივე ჯგუფია რეცეპტორი. მრავალფეროვნებისთვის შეგიძლიათ ორივეში გაწევრიანდეთ და რომელიც მოგეწონებათ, იქ დარჩეთ.
ფისომოყვარულთა კლუბი
თუ თქვენ კატები გიყვართ და არ ხართ ერთ-ერთი იმ 40 000-ზე მეტი ადამიანიდან, რომლებიც კატების სიყვარულმა ამ ჯგუფში გააერთიანა, მაშინ დროა შეუერთდეთ დიდ კომუნას და ყველაფერი ვეტერინარების, კატების მოვლის, კვების და სხვა რუტინული ამბების შესახებ აქ გაიგოთ. აქვე შეგიძლიათ გაუზიაროთ კატის ყოლის სიამეები და სირთულეები დანარჩენ ფისომოყვარულებს.
აქვე შეგვიძლია გირჩიოთ თევზებისა და აკვარიუმების, თუთიყუშების და ძაღლების პატრონთა ჯგუფები.
სახლის ყვავილები და მათი მოვლა
თუკი სახლში მცენარეების მოშენება გადაწყვიტეთ და გამოგივიდათ, სავარაუდოდ, ეს ვნება მთელი სიცოცხლე თქვენთან ერთად “იცხოვრებს” და ჯობია ისეთ ხალხს დაუკავშირდეთ, რომლებსაც ასევე ძალიან უყვართ სიმწვანე და ბუნება და სწორედ მათგან გაიგოთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია ანდა გაუზიაროთ გამოცდილება. თან ამ ჯგუფში მიხვდებით, რომ მცენარეები არასოდეს არ არის საკმარისი და აღმოაჩენთ მინიმუმ კიდევ 100 ისეთ სახეობას, რომელიც მოგინდებათ თქვენთან ერთად ცხოვრობდეს.
ნუმიზმატიკა
რა ჯობია კოლექციის შევსებას სახლიდან გაუსვლელად და შენი მსგავსი კოლექციონერებისთვის თვალის დევნებას. ამ ჯგუფში მოსახვედრად ერთადერთი საფუძველი ნუმიზმატიკით გატაცებაა და სხვასაც ვერაფერს წაიკითხავთ, გარდა მონეტების ამბებისა.
ძველი სკივრიდან
კიდევ ერთი ჯგუფი, სადაც ძველი მონეტები (და არა მხოლოდ), მარკები, ღია ბარათები და სხვა საინტერესო ნივთები შეიძლება ნახოთ. აქ სასურველი ნივთის შესაძენად აუქციონის პრინციპი მოქმედებს.
ჩვენი სოფლის სახლები
სიძველეების მოყვარულებისთვის კიდევ ერთი კარგი ჯგუფი ვიცით – ჩვენი სოფლის სახლები – რომელიც ერთგვარი ვირტუალური ტურია მივიწყებულ სოფლის ოდებსა და ორღობეებში, განსაკუთრებული სიმტკიცით ნაშენ სახლებსა და მათ მიტოვებულ, ამწვანებულ ეზოებში, მარნებსა და სასიმინდეებში.
ჯგუფების ნაწილი დახურულია და მათზე წვდომა მხოლოდ წევრებს აქვთ. თუ ბმულმა ჯგუფთან ვერ მიგიყვანათ, მოძებნეთ ჯგუფი მისი სახელით და მოითხოვეთ გაწევრიანება.