7 ფილმი იესოზე, რელიგიასა და სულიერებაზე
ავტორი: ნინა გოჩიტაშვილი
მართალია, აღდგომის დღესასწაული მიილია და ჩაქაფულის თუ წითელი კვერცხების ზედოზირების შემდეგ ბევრს დეტოქსი სჭირდება, მაგრამ ამ მძიმე წუთებში შეგიძლიათ კიდევ ერთხელ გადახედოთ რელიგიური ნარატივის მქონე მნიშვნელოვან ფილმებსა და სერიალს, რომელიც განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ.
მათეს სახარება – პიერ პაოლო პაზოლინი (1964)
„სიტყვები მუდამ ისტორიის ნაწილია, ხოლო სიჩუმე ისტორიის გარეთ ჩნდება გამოსახულებათა აბსოლუტურობაში – “ხარების” სიჩუმე; სიჩუმე, რომელიც ჰეროდეს სიკვდილს ახლავს; სიჩუმე, რომლითაც მოციქულები იესოს უყურებენ და იესო უცქერს მათ; იუდას სიჩუმე, რომელიც ღალატს აპირებს და იესოს მდუმარება, რომელმაც იცის, რომ გაყიდეს.
მეორე მხრივ, პაზოლინის ფილმში სიჩუმე არ არის მუნჯი ფილმის სიჩუმე, ანუ სიჩუმე როგორც დეფექტი, არამედ ეს არის ნაუბარის სიჩუმე – პლასტიკური, გამომსახველი, პოეტური მდუმარება“, – ვკითხულობთ ალბერტო მორავიას რეცენზიაში მათეს სახარებაზე.
მართლაც, ვის უნდა გადმოეცა სახარება მთელი თავისი სისავსით და კინემატოგრაფიულად სრულყოფილად ისე, როგორც პაზოლინის? გარდა მსხვილი ხედების დრამატულად თამაშისა, სადაც ადამიანის ბუნებრივი სახის გამომეტყველებას მთავარი ხაზი უჭირავს, პაზოლინის მდუმარება გაერთიანებული რევოლუციურობასთან ქმნის დაუვიწყარ, პოეტურ და იდეოლოგიურ სურათს, რომლის დავიწყებაც ფაქტობრივად შეუძლებელია.
პაზოლინი არ გვიხატავს იესოს, როგორც მომთმენს, კონფორმისტს. ქრისტე ზუსტად ისეთივე რევოლუციური ფიგურა ხდება პაზოლინის ამ ნამუშევარში, როგორიც იყო ის, იმდროინდელი თავისი არსებობით.
მისთვის ქრისტიანობა ისეთივე სახალხოს, საჯაროს წარმოადგენდა, როგორც მემარცხენე იდეოლოგია. სწორედ ამიტომ შეძლო შეესრულებინა საკუთარი თავისთვის დაკისრებული ამოცანა და გაეერთიანებინა ეს ორი, თითქოს სხვადასხვა პოლუსის მქონე პოსტულატები.
იესო ნაზარეველი – ფრანკო ძეფირელი (1977)
სერიალი, რომელშიც ვატიკანმა ალბათ ყველაზე არნახული ბიუჯეტი ჩადო, ოთხი სერიისგან შედგება, რომელიც ექვს საათსა და ოც წუთს გრძელდება, ხოლო ფილმის ბიუჯეტმა მთლიანად თვრამეტი მილიონი დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული იტალიელი რეჟისორის, ფრანკო ძეფირელის გარდა ფილმის სცენარზე, თავად „მექანიკური ფორთოხლის“ ავტორი ენტონი ბერჯესი მუშაობდა.
ბევრი კრიტიკოსის აზრით, ეს სერიალი წარმოადგენს ახალი აღთქმის ყველაზე სრულყოფილ ადაპტაციას. ფილმში ფრანკო ძეფირელი მთლიანად მიჰყვება ახალი აღთქმის ხაზს და ისტორიას სწორედ რომ თეოლოგიური კუთხით გვაჩვენებს. მისი ქრისტე სათნო, ქერა და ცისფერთვალებაა, ზუსტად ისეთი, როგორც მას თანამედროვე ევროპული ეკლესიები ხატავენ.
იესო ქრისტე – სუპერვარსკვლავი – ნორმან ჯუისონი (1973)
ენდრიუ ლოიდ ვებერის მიერ დაწერილმა როკ-ოპერამ არა მარტო მთელი მსოფლიო მოიცვა, არამედ საბჭოთა კავშირის მთავრობისა და მოსახლეობისთვისაც კი გახდა ცნობილი.
საინტერესოა, რომ თავად როკ-ოპერაში არ მოიძებნება არცერთი უარყოფითი პერსონაჟი, რაც დამახასიათებელია ახალი აღთქმის გადმოცემისთვის.
მისი დასამახსოვრებელი სახეები, სიმღერის ტექსტები, რომლის მთავარი ამოსავალი წერტილი ჰუმანურობაზეა დაფუძნებული, გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს მაყურებელს.
მეშვიდე ბეჭედი – ინგმარ ბერგმანი (1957)
„და რაჟამს აღიღო მეშვიდე ბეჭედი, იქმნა დუმილი ცათა შინა, ვითარ ნახევარსა ჟამისასა. და ვიხილენ შვიდნი იგი ანგელოზნი, რომელნი წინაშე ღმრთისა დგანან, და მიეცნეს მას შვიდნი საყვირნი… და აღიღო ანგელოზმან მან სასაკუმეველეი იგი და აღავსო ცეცხლისა მისგან საკურთხევლისა და დაასხა იგი ქუეყანასა ზედა, და იქმნნეს ქუხილნი და ხმანი და ელვანი და ძვრაი. და ანგელოზთა მათ, რომელთა აქუნდეს შვიდნი იგი საყვირნი განჰმზადეს თავნი თვისნი ცემად.“ (იოანე, გამოცხადება, თავი მერვე)
ბერგმანის ეს ფილმი, რომლის სათაურზეც ალბათ ყველას იოანეს გამოცხადება ელანდება, თავისი ოთხი მხედრით, რეალურად, საჭადრაკო დაფასთან თამაშდება, სიკვდილსა და რაინდს შორის. სტილით მეთვრამეტე საუკუნის იტალიელი მწერლის, ჯაკომო ლეოპარდის „დიალოგებს“ მოგვაგონებს, რაც აგრეთვე ლიტერატურაში თეატრალიზებულ კინემატოგრაფად შეიძლება ჩაითვალოს.
მთელი ფილმის განმავლობაში ჩვენ ვუყურებთ რაინდის მიერ სიკვდილის გაცურების ხერხებს, რომელიც გადის სულიერი მეტამორფოზის მრავალ საფეხურს, ხოლო გარშემო მყოფი გმირებიც სწორედ ამგვარად ტრანსფორმირდებიან ჩვენ წინაშე.
ბერგმანი ფილმში აერთიანებს ტრანსცენდენტურს (შესაძლო ცდის ფარგლებს გარეთ არსებულს) მიწიერთან – კერძოდ, თუ როგორ შეიძლება დედამიწურად გადავჭრათ მეტაფიზიკური პრობლემატიკა საკუთარი მეტამორფოზით.
ცა ბერლინის თავზე – ვიმ ვენდერსი (1987)
შეუძლებელია ლაპარაკობდე ვიმ ვენდერსის ამ არაჩვეულებრივ ფილმზე, რომლის მთავარი მსახიობი – ვერნერ ჰერცოგი აგერ ლამის ერთი თვეა, რაც მიიცვალა, და არ გაგვახსენდეს ალან რენეს შესანიშნავი ფილმი „შარშან მარიენბადში“.
ვიმ ვენდერსი მოგვითხრობს კედლით გაყოფილ ბერლინში ადამიანთა შორის მცხოვრებ ანგელოზებზე, რომლებიც მათთვის უჩინარი არიან. ისინი იხედებიან სახლებში, ადამიანების ფიქრებში, ოცნებებში, სურვილებსა და სულებში.
ერთ-ერთი მათგანი მზადაა გაცვალოს მარადიულობა სამოთხეში, ცირკის აკრობატის სიყვარულზე. აღსანიშნავია, რომ ცირკიც არ არის შემთხვევითი ამოჩემება ვიმ ვენდერსისთვის. ცირკი, რომელიც ფილმში შეგვიძლია ვთარგმნოთ, როგორც სასპენსი – მოულოდნელობისა და დაძაბულობის წინასწარ განსაზღვრული მოლოდინი.
ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება – მარტინ სკორსეზე (1988)
მარტინ სკორსეზეს ეს არაჩვეულებრივი ნამუშევარი კათოლიკური ეკლესიის წრეებში მძაფრი კრიტიკის საგნად იქცა. ფილმი ცნობილი ბერძენი მწერლის, ნიკოს კაზანძაკისის რომანის მიხედვითაა გადაღებული, რომელიც ვატიკანის აკრძალულ წიგნთა ნუსხაშია შეტანილი. ჯერ კიდევ ბერძნული გამოცემის გამოჩენამდე, საბერძნეთის სინოდი მწერლის განკვეთასა და ანათემაზე გადაცემას ითხოვდა, რის გამოც კაზანძაკისი იძულებული შეიქნა საბერძნეთიდან გადასახლებულიყო, თუმცა აკრძალვის მიუხედავად, რომანმა გამოცემისთანავე მიიპყრო მთელი მსოფლიოს ყურადღება და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
საბერძნეთის სასულიერო და საერო საზოგადოებამ ფილმის ბერძნული პრემიერის ჩაშლაც კი მოახერხა, ამის მიზეზი კი ფილმისა და რომანის შინაარსი გახდა: ნაწარმოებში აღწერილია ქრისტეს ცხოვრების ბოლო წლები და ის გზა, რომელსაც იესო გადის, რათა საკუთარ თავში ადამიანი დათრგუნოს და ღმერთი გააძლიეროს.
ხეზე მომუშავე ოსტატი, რომელიც თვითონ ამზადებს ჯვრებს საიმისოდ, რომ რომაელებმა მესიის მოლოდინში მყოფი მეამბოხე ებრაელები დასაჯონ, მთელი არსებით ებრძვის მასში ჩასახლებულ ღმერთსაც და სატანასაც. ერთ მშვენიერ დღეს კი აღმოაჩენს, რომ თვითონაა მესია და ჯვარზეც თვითონ უნდა ავიდეს. კაცის ღმერთად ქცევის გზაზე მას უამრავი ცდუნება ელის…
ახალგაზრდა პაპი – პაოლო სორენტინო (2016)
მრავალი პრიზისა და ჯილდოს მფლობელი რეჟისორის, პაოლო სორენტინოს სერიალი „ახალგაზრდა პაპი“ გულგრილს არ დატოვებს არც მაღალხარისხიანი სატელევიზიო ესთეტიკის და არც ჯუდ ლოუს მოყვარულებს. სერიალი მოგვითხრობს ლენი ბელარდოს ისტორიაზე, რომელიც რომის პაპად აირჩიეს.
ლენი რთული ადამიანია. ის ექსცენტრიკულად იქცევა, ხანდახან საშიშადაც კი, და მისი ქმედებების წინასწარ განსაზღვრა საკმაოდ რთულია. კარდინალები ინტრიგებს თხზავენ მის გარშემო, ლენის კი ყველა პრობლემასთან გამკლავება საკუთარი რწმენისა და დღის წესრიგიდან გამომდინარე უწევს.