fbpx

ზღაპრებიდან მანგას კომიქსებამდე – დემონები იაპონური გრავიურებიდან


გააზიარე სტატია

იაპონურ კლასიკურ ლიტერატურაში, ზეპირსიტყვიერებაში, ლეგენდებსა თუ ზღაპრებში, კაბუკის თეატრის სპექტაკლებში, თანამედროვე მანგას კომიქსებში და საშინელებათა ფილმებში ხშირად გვხვდებიან სხვადასხვა ზებუნებრივი ძალების მქონე არსებები, სულები, მოჩვენებები.

დემონები იაპონური ფოლკლორის განუყოფელი ნაწილია, რომელთა ვიზუალიზაცია ედოს პერიოდში მხატვრებმა ტრადიციულ გრავიურებზე – ე.წ. უკიო-ე ხელოვნებაში დაიწყეს

(უკიო-ე 浮世絵 –  გრავიურის ბეჭდვის მიმართულება იაპონურ ვიზუალურ ხელოვნებაში, რომელიც ედოს პერიოდში განვითარდა).

ზოგადად, ქალი „იურეი“, შურისმაძიებელი სული, ყველაზე ხშირია იაპონურ ფოლკლორში. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია ოივას მოჩვენება, რომელიც ედოს პერიოდში (1603-1868) ცხოვრობდა და სამურაის ცოლი იყო.

ქმარმა ახალგაზრდა საყვარელი გაიჩინა და ცოლი მოსაშორებლად მოწამლა. ქალი საშინელი ტანჯვით გარდაიცვალა. თუმცა, სიკვდილის შემდეგ შურისძიება გადაწყვიტა და ყოველ ღამე ქმარს ეცხადებოდა. საბოლოოდ სამურაი ჭკუიდან შეიშალა და გარდაიცვალა.

 

უტაგავა კუნიოში. ოივა. 1836

ოივას ისტორია ხშირად იდგმებოდა  კაბუკის თეატრის სცენაზე. კლასიკური პიესის ავტორი ცურუა ნამბოკუ იყო, პირველი წარმოდგენა კი 1825 წელს გაიმართა. სპექტაკლს „სოფელ იოცუას მოჩვენების ამბავი“ ერქვა.

 

გრავიურა, რომელზეც  ასახულია მსახიობი ოივას როლში სპექტაკლის მესამე მოქმედებიდან. ავტორი შუნკოსაი ჰოკუშუ. 1832

 

ოივა. ავტორი და გრავიურის შექმნის თარიღი უცნობია

კიდევ ერთი ლეგენდა მსახური ქალის, ოკიკუს შესახებ მოგვითხრობს. მისი ბატონი უიმედოდ ცდილობდა მის საყვარლად ქცევას, ქალს კი სხვა უყვარდა. სამურაიმ ეშმაკობას მიმართა, ჰოლანდიელი მეზღვაურებისგან ნაყიდი ძვირფასი 10 თეფში ჩააბარა შესანახად. შემდეგ ერთი თეფში მოპარა და როცა მოიკითხა, ქალმა მხოლოდ ცხრა დაუბრუნა. ქალის „დაუდევრობით“ გაბრაზებულმა, პატიების სანაცვლოდ მასთან დაწოლა შესთავაზა, თუმცა, ამჯერადაც უარი მიიღო. განრისხებულმა სამურაიმ ოკიკუ ჭაში ჩააგდო და სიკვდილით დასაჯა. ლეგენდის თანახმად, ოკიკუ დიდ ჭიად იქცა, რომელმაც შური იძია მოძალადეზე.

 

ოკიკუ. ავტორი კატსუჩიკა ჰოკუსაი. 1831-1832

კიდევ ერთი ისტორია უკავშირდება ქალს სახელად ფუტაკუჩი-ონას. ლეგენდის თანახმად, ერთ სოფელში ძალიან ძუნწი კაცი ცხოვრობდა, რომელსაც ცოლი მხოლოდ იმიტომ არ მოჰყავდა, რომ საჭმლის ხარჯი გაეზრდებოდა. ერთხელ გაიცნო გოგონა ფუტაკუჩი-ონა, რომელიც საერთოდ არაფერს მიირთმევდა. გახარებულმა კაცმა მასზე იქორწინა, თუმცა, მალევე აღმოაჩინა, რომ ბრინჯის მარაგი უცნაურად იკლებდა. მან ცოლის თვალთვალი დაიწყო და ერთხელაც აღმოაჩინა, რომ ქალს კეფაზე, თმის ქვეშ დამალული უზარმაზარი მეორე პირი ჰქონდა, რომელიც უამრავ საკვებს ნთქავდა.

იაპონურ ფოლკლორში ასევე გავრცელებულია ლეგენდა მოჩვენებაზე „გასადოკურო“. ის ადამიანის უზარმაზარი ჩონჩხია, რომელიც მსხვერპლს ღამე ეძებს და არავის ინდობს. ითვლება, რომ ის ძალებს იმ მეომრების გაბრაზებული სულებისგან იღებს, რომლებიც ბრძოლებში დაიღუპნენ და დაკრძალვის რიტუალის გარეშე დარჩნენ ბრძოლის ველზე.

 

გასადოკურო. ავტორი უტაგავა კუნიოში. 1844

უმიბოძუ (海坊主 „ზღვის ბერი“) – ლეგენდის მიხედვით ზღვის სულია, რომელიც  გარეგნობით, გადაპარსული თავის გამო, ბუდისტ ბერს ჰგავს. ის ზღვებსა და ოკეანეებში ბინადრობს და ძირავს ყველა იმ გემს, რომლის ეკიპაჟის წევრებიც მასთან გამოლაპარაკებას ეცდებიან. მასთან საუბარი შეურაცხყოფად ითვლება.

 

უმიბოძუ. ავტორი უტაგავა კუნიოში. 1843

 

 

უმიბოძუ. უცნობი ავტორი

აშინაგა-ტენაგა – ორი არსებისგან შემდგარი მოჩვენებაა, რომელიც მეთევზეებს ეცხადება. ერთს გრძელი ფეხები აქვს, რომლითაც წყალში ღრმად შესვლა შეუძლია, მეორე – ზურგზე აზის და გრძელი ხელებით თევზს იჭერს.

 

აშინაგა-ტენაგა

 

 


რეკომენდებული სტატიები
ტადაო ანდო - არქიტექტურული მედიაცია იაპონიასა და მსოფლიოს შორის

ტადაო ანდო - არქიტექტურული მედიაცია იაპონიასა და მსოფლიოს შორის

ტადაო ანდო - არქიტექტურული მედიაცია იაპონიასა და მსოფლიოს შორის
ტადაო ანდო იაპონელი თვითნასწავლი არქიტექტორია, რომლის ნიმუშებიც ე.წ. „კრიტიკული რეგიონალიზმის“ ნაწილადაა მიჩნეული. ეს არქიტექტურული მიმდინარეობა ადგილობრივ და გლობალურ არქიტექტურას შორის მედიაციას ცდილობს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.