fbpx

ფეხბურთი საოცრებათა ქვეყნიდან


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ფეხბურთი რომ არაპროგნოზირებადია, ეს საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ ის, რაც ფეხბურთის მოყვარულებმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალებში იხილეს, იმდენად სასეირო აღმოჩნდა, რომ გულშემატკივრობა თითქოს მეორეხარისხოვან ცნებად იქცა და მაყურებელი პირისპირ დარჩა ემოციებით აღსავსე ჭეშმარიტ ფეხბურთთან, სადაც ზოგჯერ მწვრთნელთა მითითებებიც კი არ სრულდება და ფეხბურთელები მხოლოდ უმაღლესი დონის სანახაობის გადმოცემით არიან გართულნი.

ეს იმდენად ბუნებრივად ხდებოდა „აიაქსი“ – „ტოტენჰემის“ განმეორებით მატჩში, რომ ფინალისტის ბედი მსაჯის მიერ დამატებულ მეექვსე წუთზე გადაწყდა.

საერთოდ, არსებობს კი საფეხბურთო მატიანეებში აღწერილი ისეთი შემთხვევა, როდესაც რომელიმე გოლკიპერი უკანასკნელ შეტევაში ჩაერთვება გუნდის დასახმარებლად, წარუმატებელი იერიშის შემდეგ საკუთარ კარში დაბრუნდება და მისი გუნდი უკვე ამის შემდეგ გაიტანს გადამწყვეტ გოლს მატჩში? სწორედ ასე მოხდა მეკარე უგო ლორისთან დაკავშირებით.

„ტოტენჰემის“ ბრაზილიელი ფორვარდი ლუკას მოურა კი დაუფასებელი ვარსკვლავია, რომელმაც ჯერ იყო და ფაქტობრივად „მანჩესტერ სიტისთან“ შეცვლაზე შემოსულმა, ერთადერთი გოლით ორრაუნდიანი შეხვედრის ბედი გადაწყვიტა, შემდეგ კი უკვე ამსტერდამის „აიაქსთან“ გასვლაზე შესრულებული ჰეთ-თრიკით ისეთი საოცრება  მოახდინა, რაც თავის კარიერაში შესაძლოა არც მესის, არც რონალდუს და კიდევ წარსული საფეხბურთო თანავარსკვლავედის არცერთ წარმომადგენელს არ გაუკეთებია.

დიახ, ჰარი კეინის შემცვლელმა სამი გოლი ერთ ტაიმში გაიტანა, ოღონდ მას შემდეგ, რაც მისი გუნდი ანგარიშით 0:2 მარცხდებოდა და თითქოს უიმედო მდგომარეობაში იმყოფებოდა!

გააკეთებდა იგივეს კეინი? აი ფინალურ მატჩში „ტოტენჰემის“ მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო კეინის გამოჯანმრთელების შემთხვევაში, ნამდვილად დილემის წინაშე დადგება, თუ ვინ დააყენოს ძირითად შემადგენლობაში. სხვა თუ არაფერი, ბრაზილიელმა ეს მაინც ხომ დაიმსახურა, რადგან ოქროს ბურთს მას ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაშიც კი არავინ გადასცემს…

„ტოტენჰემის“ მსგავსი გმირობა, ოღონდ არა ბოლო დარტყმით მოგებული თამაშით, ჩემპიონთა ლიგის 1998/1999 წლების სეზონში სერ ალექს ფერგიუსონის გაწვრთნილმა „მანჩესტერ იუნაიტედმაც“ შემოგვთავაზა, რომელმაც ტურინში „იუვენტუსთან“ ანგარიშით 0:2 წაგებული პირველი ტაიმი 3:2-ად აქცია და საბოლოოდ დაუვიწყარ ფინალში 2:1 დაამარცხა მიუნხენის „ბაიერნი“.

„აიაქსმა“ კი მიმდინარე ტურნირზე საკუთარ სტადიონზე ფლეი ოფის ვერცერთი მატჩის მოგება ვერ მოახერხა. „ტოტენჰემთან“ შეხვედრაში მან იმდენი მომენტი გაანიავა, რომ რამდენიმე მატჩს ეყოფოდა. საბოლოოდ კი გამოჩნდა, რომ ოდნავ მეტი გამოცდილების შემთხვევაში, „აიაქსი“ ალბათ მაინც მოახერხებდა 1995 წლის მსგავსად, ფინალში თამაშს, აი მერე კი…

„ლივერპულის“ ფეხბურთელები ჯერ კიდევ „კამპ ნოუზე“ მატჩის დასრულების შემდეგ იმუქრებოდნენ – „ბარსელონას“ შინ გავანადგურებთო. ეტყობა, მერსისაიდელებს  მშვენივრად ახსოვდათ, რომ ანალოგიური შედეგით – 4:0 მათ „ბარსელონა“ 2016 წლის აგვისტოში, კლუბთა მსოფლიო ჩემპიონატზე დაამარცხეს.

სამაგიეროდ „ბარსელონა“ აღმოჩნდა გულმავიწყი და მისთვის სამწუხაროდ, არც „რომასთან“ შარშან წაგებული მეოთხედფინალი გახსენებია.

რაშია საქმე, რატომ აღებეჭდათ  მესის და სუარესს სახეებზე უკვე მეორე გაშვებული გოლის შემდეგ სრული კაპიტულაციის ნიშნები? ნუთუ მათ ეცნოთ საკუთარი პარტნიორების დამღუპველი სათამაშო ხელწერა დაცვასა თუ ნახევარდაცვაში და გაახსენდათ „რომასთან“ ნაჭამი სირცხვილი?

 დიახ, მათ მზერაში იგრძნობოდა გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა! თუმცა, მესის ოპონენტების გასაგონად უნდა ითქვას, რომ არგენტინელი მოედანზე ერთადერთი იყო თანაგუნდელთა შორის, ვისგანაც  მერსისაიდელებისთვის გარკვეული ხიფათი მომდინარეობდა.

მესიმ „ბარსელონას“ სრულიად უნიათო (განსაკუთრებით მეორე ტაიმში) თამაშის ფონზე შეძლო როგორც ხორდი ალბას, ასევე ზემოთ ხსენებული სუარესის მეკარესთან პირისპირ გაყვანა, მაგრამ პარტნიორებმა ვერ ივარგეს.

საუკეთესონი კი მინდორზე ჰოლანდიელები იყვნენ. ვირჯილ ვან დეიკი შეუდარებელი იყო დაცვაში, ხოლო ჟორჟინიო ვიინალდუმმა კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ის საუკეთესო ფორვარდია.

ვიინალდუმის გოლეადორის თვისებები არცთუ დიდი ხნის წინ კარგად შენიშნა ერთა ლიგის ტურნირზე ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდ კუმანმა, იურგენ კლოპის თვალს კი ბუნებრივია, ეს არ გამოჰპარვია.

უბრალოდ საინტერესოა, რომ არა რობერტსონის ტრავმა, მეორე ტაიმის რომელ წუთზე შეიყვანდა იურგენ კლოპი მინდორზე ჰოლანდიელ ლეგიონერს, რომელმაც დუბლი შეასრულა „ბარსელონასთან“ მატჩში.

დუბლით ორიჯიც გამოირჩა, რომელიც უფრო ხშირად „ლივერპულში“ სათადარიგოთა სკამზე იმყოფება, ვიდრე ძირითად შემადგენლობაში.

ამგვარად, იმდენად უცნაურად გამოიყურება „ლივერპულის“ გოლეადორების ვინაობა „ბარსელონასთან“ მატჩში, რამდენადაც თვით ამ შეხვედრის შედეგი – 4:0. მოახერხებენ კი მერსისაიდელები ინგლისურ ფინალში დაუოკებელი „ტოტენჰემის“ დამარცხებას, რომელსაც პრემიერლიგის წლევანდელ სეზონში ორჯერ ერთნაირი ანგარიშით 2:1 მოუგეს?

ამ კითხვაზე პასუხს 1 ივნისს მადრიდის „ვანდა მეტროპოლიტანოს“ სტადიონზე გამართული შეხვედრა გაგვცემს, მეორე ინგლისური ფინალი „არსენალი“ – „ჩელსი“ კი ორი დღით ადრე – 29 მაისს – ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე ჩატარდება.

ევროპის ლიგის ტურნირი გულშემატკივრებში დღემდე მითქმა-მოთქმის საგანია და მაინცდამაინც დიდი ნდობით არ სარგებლობს, რადგან არაერთი სოლიდური კლუბი მას თითქოს დიდი ინტერესით არ ეკიდება.

თუმცა, ლონდონის „არსენალისა“ და მის მწვრთნელის,  უნაი ემერისთვის, რომელსაც ეს ტურნირი მოგებული აქვს „სევილიასთან“ ერთად, წლევანდელ გათამაშებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან მისი მოგების შემთხვევაში, ტიტულთან ერთად, გუნდი მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგის ტურნირში ასპარეზობის უფლებასაც მოიპოვებს.

მისი მეტოქე „ჩელსი“ კი ჩემპიონთა ლიგის მომავალ სეზონში ისედაც მიიღებს მონაწილეობას. ნუთუ ამ ფაქტორს კავშირი აქვს „არისტოკრატების“ ერთობ უნიათო თამაშთან „აინტრახტის“ წინააღმდეგ განმეორებით ნახევარფინალურ შეხვედრაში „სტემფორდ ბრიჯზე“?

„ჩელსის“ „აინტრახტის“ დასამარცხებლად პენალტების სერია დასჭირდა მატჩში, რომლის როგორც ძირითად, ასევე დამატებით დროში, ძირითადად სტუმრები დომინირებდნენ და რომ არა დიეგო ლუისის და ასპლიკუეტას თავგანწირული ქმედებები და ცარიელი კარიდან ბურთის გამოტანა, ოთხი ფინალისტიდან ერთი მაინც არაინგლისური იქნებოდა.

მაგრამ ყველაფერი მოხდა ისე, როგორც უნდა ყოფილიყო და ალბათ ესეც სიმბოლურია, რომ მხოლოდ ინგლისელები აღმოჩნდნენ ფინალების მონაწილენი.

მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ევროპის წამყვან ჩემპიონატებს შორის ყველაზე დაძაბული სეზონი პრემიერლიგისა იყო და მიუხედავად ამისა, თითოეულმა ინგლისურმა კლუბმა ორ ფრონტზე ბრძოლის ძალა გამონახა და ორმა მათგანმა თითქოს გამოუვალი მდგომარეობიდანაც კი პოვა გამოსავალი.

აბა ვინ წარმოიდგენდა, რომ პირველ მატჩში „კამპ ნოუზე“ ანგარიშით 0:3 წაგებული თამაშის შემდეგ, თუნდაც ლიონელ მესის ფაქტორიდან გამომდინარე, „ლივერპული“ ფინალში გასვლას მოახერხებდა?

ან კიდევ, ვინ წარმოიდგენდა, რომ ანგარიშით 0:2 წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ, „ტოტენჰემი“ მატჩის მსვლელობიდან გამომდინარე, კიდევ უფრო დიდ სენსაციას მოახდენდა „აიაქსთან“ შეხვედრაში?

„აიაქსის“ ამ მარცხმა ხომ უამრავ ფეხბურთის მოყვარულს დასწყვიტა გული, რადგან მომავალი წლიდან გუნდი უკვე სულ სხვა ფეხბურთელებით იქნება დაკომპლექტებული და გულშემატკივრებს შეიძლება კვლავ დიდი ხნის ლოდინი დასჭირდეთ ამ კლუბის აღზევებამდე.

მეორე მხრივ კი „ტოტენჰემის“ მებრძოლი სულისკვეთება ხომ განსაკუთრებით დასაფასებელია და ალბათ წარმოუდგენელიც კია, რომ ფეხბურთის ჭეშმარიტმა მოყვარულმა განაცხადოს – ეს გუნდი ფინალში თამაშს არ იმსახურებდაო.  

ყველაფერი წინ არის და ფინალში ღირსეული გაიმარჯვებს. ამჟამად კი მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ მსგავსი ჩემპიონთა ლიგის სეზონი შეიძლება ამ ტურნირის ისტორიას არც კი ახსოვდეს, რაც უპირველეს ყოვლისა ინგლისის – ამ საოცრებათა ქვეყნის დამსახურებაა, სადაც ეს საოცარი თამაში დაიბადა.

 

 

 


რეკომენდებული სტატიები
ჩემპიონთა ლიგა ინგლისელების გარეშე?

ჩემპიონთა ლიგა ინგლისელების გარეშე?

ჩემპიონთა ლიგა ინგლისელების გარეშე?
სტატია იმის შესახებ, თუ როგორ დაასამარა ლიონელ მესიმ “ლივერპულის” წლევანდელი გეგმები - ჩემპიონთა და ევროპის ლიგების ნახევარფინალების განხილვა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.