fbpx

„აიაქსი“ ისვენებს, სხვები იბრძვიან


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ევროპული საკლუბო საფეხბურთო სეზონი გადამწყვეტ ფაზაში შედის და მაყურებელიც ვნებათაღელვით აღსავსე მაისის  მოლოდინშია, როდესაც უნდა გამოვლინდნენ სხვადასხვა ქვეყნების ჩემპიონები და რაც მთავარია, ჩემპიონთა და ევროპის ლიგის გამარჯვებულები.

შორიდან ცქერა, სტატისტიკის მოშველიება და ამა თუ იმ გუნდის სტრატეგიასთან დაკავშირებით საკუთარი ფანტაზიების გამოვლენა ოდითგანვე გულშემატკივრის ფეხბურთით გატაცების ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებაა, მაგრამ ამ ფანტაზიის საფუძველს რომ ზოგჯერ რეალური ფაქტები წარმოადგენს, ესეც ცხადია.

მაგალითად, ფაქტია, რომ ევროპის უმნიშვნელოვანეს ტურნირებზე დარჩენილი რვა გუნდიდან საკუთარი წარმომადგენლისთვის ყველაზე მეტად ჰოლანდიის ჩემპიონატის მესვეურებმა იზრუნეს.

ჰოლანდიის ერედივიზიონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „აიაქსი“ „პსვ“-ს გატანილი და გაშვებული გოლების უკეთესი სხვაობით უსწრებს და ამ გუნდებს შორის ჩემპიონობისთვის ბრძოლა, სავარაუდოდ ბოლო ტურამდე გასტანს.

ეს, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ამბავია და ჩემპიონატის ხარისხიც მისი დაძაბულობით ფასდება. ყურადღება აქ სხვა საკითხზეა გასამახვილებელი. ჰოლანდიის ერედივიზიონის უკანასკნელი ორი ტურის მატჩები 12 და 15 მაისს, ანუ „ტოტენჰემი“ – „აიაქსის“ ორრაუნდიანი ნახევარფინალის შემდეგ ჩატარდება.

თუკი „აიაქსი“ მოახერხებს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლას, დასვენებასაც რიგიანად მოასწრებს, რადგან ფინალური მატჩი მადრიდის „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ 1 ივნისს გაიმართება.

ახლა კი მოდით, თვალი გადავავლოთ „აიაქსის“ მეტოქე „ტოტენჰემის“ გრაფიკს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში გამარჯვებასთან ერთად, მომავალ სეზონში ამავე ტურნირში მონაწილეობაზე ფიქრობს

და აქედან გამომდინარე, მისი დატვირთვა გაცილებით დიდია „აიაქსთან“ შედარებით, რომელსაც „ტოტენჰემთან“ შეხვედრებამდე საკუთარ ჩემპიონატში საერთოდ აღარ აქვს თამაშები ჩასატარებელი.

„ტოტენჰემს“, რომელსაც პრემიერლიგის ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ცხრილში მესამე ადგილი უკავია, უშუალოდ „აიაქსთან“ მატჩამდე ტრადიციულ მეტოქე „ვესტ ჰემთან“ უმძიმესი მატჩის გადატანა მოუწია, რომელშიც დამარცხდა კიდეც.

 

 „ტოტენჰემი“ – „ვესტ ჰემის“ მატჩში ერთადერთი გოლის ავტორი ანტონიო

 

სამკვდრო-სასიცოცხლო დერბიში „ტოტენჰემისთვის“ მდგომარეობას „ვესტ ჰემის“ ამასწინანდელი მარცხი ართულებდა „მანჩესტერ იუნაიტედთან“, რომელშიც მსაჯებსაც საკმაო წვლილი მიუძღოდათ. თავმოყვარე „ვესტ ჰემს“ კი ნამდვილად არ სურდა ზედიზედ ორ გრანდთან წაგება და საკუთარ მიზანს მიაღწია კიდეც.

„ტოტენჰემისთვის“ საბედნიეროდ, მისი მდგომარეობა ამ წაგების მიუხედავად, პრემიერლიგაში არ გართულებულა,

რადგან კვირა საღამოს „არსენალმა“ მოულოდნელად წააგო „ლესტერთან“, ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედმა“ კი ფრედ დაასრულა შეხვედრა „ჩელსისთან“.

„ტოტენჰემს“ პრემიერლიგის მომდევნო ტურში „აიაქსთან“ საპასუხო მატჩის წინ „ბორნმუთის“ სახით, თითქოს შედარებით იოლი მეტოქე ეყოლება, მაგრამ ასე რომ არ ხდება პრემიერლიგაში?

„ბორნმუთი“ სეზონის უკანასკნელ შინაურ მატჩში აუცილებლად ეცდება ძლევამოსილი მეტოქის საკუთარი გულშემატკივრის წინაშე დაკნინებას.

ეს კი „ტოტენჰემს“ გარკვეული სიფხიზლისკენ მოუწოდებს, რადგან ბოლო ტურში მას „ევერტონთან“ უწევს თამაში. ჩემპიონთა ლიგის მომავალი სეზონის საგზური კი ჯერ კიდევ არ არის გარანტირებული.

აი ასეთი ბრძოლების გადატანა მოუწევს საკუთარ ჩემპიონატში „ტოტენჰემს“ „აიაქსისგან“ განსხვავებით, რომელიც 23 აპრილიდან ისვენებს…

საერთოდ, ევრო არენაზე დარჩენილ ოთხ ინგლისურ კლუბთაგან შედარებით კომფორტული კალენდრით „ლივერპული“ თუ დაიკვეხნის.

ამის მიზეზი კი, რა თქმა უნდა, პრემიერლიგის სასტიკი კონკურენციაა, სადაც ჯერჯერობით არც ქვეყნის ჩემპიონის და არც ჩემპიონთა ლიგის მომავალი სეზონის მონაწილეთა ვინაობაა ბოლომდე ცნობილი.

მდგომარეობას ისიც ძაბავს, რომ ევროპის ლიგის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის მომავალი წლის სეზონის საგზურს ავტომატურად ღებულობს.

ევროპის ლიგის მონაწილეთაგან კი ჯერჯერობით ოთხივე იბრძვის საკუთარ ჩემპიონატში ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებისთვის.

რთულ მდგომარეობაშია „აინტრახტი“, რომელსაც „ჩელსისთან“ ნახევარფინალური მატჩისკენ ცალი თვალით ცქერა ბუნდესლიგის გასული ტურის მატჩში „ჰერტასთან“ ორი ქულის დაკარგვად დაუჯდა.

„ჩელსისთან“ საპასუხო მატჩის წინ კი „აინტრახტს“ უმნიშვნელოვანესი გასვლითი შეხვედრა აქვს ჩასატარებელი „ლევერკუზენის“ წინააღმდეგ, სადაც მარცხის შემთხვევაში მან შეიძლება დაკარგოს ჩემპიონთა ლიგაზე მომავალ სეზონში ადგილი.

თავის მხრივ დღესდღეობით პრემიერლიგის ცხრილში მეოთხე ადგილზე მყოფ „ჩელსის“ უმძიმესი შეხვედრა ჰქონდა „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“,

რომელთანაც ნათამაშები ფრეც, „არსენალის“ წაგების ფონზე, „არისტოკრატებისთვის“ დამაკმაყოფილებელ შედეგად იქცა.

„ვალენსიამ“ ევროპის ლიგაზე მისი მეტოქე „არსენალის“ მსგავსად, საკუთარ ჩემპიონატში წააგო „ეიბართან“, რომელსაც აქამდე დიდი ხანია, რაც თამაში არ ჰქონია მოგებული და ცხრილის შუაგულში მყოფს, სეზონი უდარდელად გაჰყავდა  ბოლომდე.

ასეთი მოულოდნელი წაგებებიდან გამომდინარე, სრულიად ნათელია, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ გუნდები ევროპის ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრებს.

როგორც „არსენალმა“, ასევე „ვალენსიამ“, განვლილი ტურის წარუმატებლობებით ეჭვქვეშ დააყენეს ჩემპიონთა ლიგის მომავალ სეზონში მონაწილეობის შანსები.

თუმცა, „ვალენსია“ ამ თვალსაზრისით უკეთეს მდგომარეობაშია, რადგან მისი ორივე უშუალო კონკურენტი – „სევილია“ და „ხეტაფე“ დამარცხდა ესპანეთის ჩემპიონატის განვლილ  ტურში. ლა ლიგაში კი გუნდებს ინგლისის პრემიერლიგასთან შედარებით, ერთი სათამაშო ტურით მეტი აქვთ ჩასატარებელი.

 

 „ლესტერის“ ფეხბურთელები „არსენალთან“ შთამბეჭდავ გამარჯვებას ზეიმობენ

 

„ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ მატჩის წინ პრემიერლიგის განვლილ ტურში ფაქტობრივად „ჩამოწერილი“ „ჰადერსფილდი“ გაანადგურა და მერსისაიდული კლუბი ორი დღით, „მანჩესტერ სიტის“ მიერ „ბარნლის“ დამარცხებამდე, კვლავ სათავეში ჩაუდგა პრემიერლიგის ცხრილს.

აი კვირას კი „ლივერპული“ კვლავ მდევრის როლს დაუბრუნდა, რაც სულაც არ იყო სასურველი „ბარსელონასთან“ მატჩის წინ.

ყველაზე უარესი კი ისაა, რომ პრემიერლიგის ჩემპიონი „ლივერპული“ მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება, თუკი დარჩენილ მატჩებში „მანჩესტერ სიტი“ ქულებს დაკარგავს, რაც სავსებით შესაძლებელია, რომ არ მოხდეს.

ამ შემთხვევაში კი „ლივერპული“ შეიძლება, რომ დიდებული სეზონის მიუხედავად, საერთოდ ტიტულის გარეშე დარჩეს…

„ბარსელონა“ – „ლივერპულის“ დაპირისპირებას ფეხბურთის მოყვარულები განსაკუთრებული ინტერესით ელიან.

„ბარსელონა“ „ლივერპულისგან“ განსხვავებით, ქვეყნის ჩემპიონატს მაჟორულ ნოტაზე ასრულებს და აწი შეუძლია მხოლოდ მერსისაიდელებთან ორრაუნდიან პაექრობაზე იზრუნოს.

მაგრამ რამდენად ძალუძს უკვე ამ დაპირისპირებასთან დაკავშირებით მშვიდად ყოფნა კატალონიურ გრანდს, ეს უკვე სხვა საკითხია.

უკანასკნელ ხანს ლა ლიგის მატჩებში ერნესტო ვალვერდეს მხოლოდ მეორე ტაიმში შემოჰყავს ხოლმე მესი. ერთი მხრივ, მწვრთნელი ასვენებს გუნდის შეუცვლელ ლიდერს, მეორე მხრივ კი აკვირდება, თუ რა შეუძლია მის გარეშე გუნდს. აშკარაა, რომ მესისთან ერთად და მის გარეშე „ბარსელონა“ ორი სხვადასხვა გუნდია.

 

„ბარსელონამ“ „ლევანტე“ მესის გოლით დაამარცხა

 

„ბარსელონამ“ ლა ლიგის ბოლო ორ შეხვედრაში საკუთარი კარი მშრალად შეინარჩუნა, მაგრამ რამდენად მოახერხებს ამას „ლივერპულთან“ პირველ მატჩში?

„კამპ ნოუზე“ დაფიქსირებული შედეგი უმნიშვნელოვანესი რომ იქნება, ეს ხომ აშკარაა, რადგან როგორც „ბარსელონა“, ასევე „ლივერპული“, არ არიან დაჩვეულნი არაორდინარულ  შეცდომებს და მზად არიან მეტოქე სასტიკად დასაჯონ ნებისმიერი უზუსტობის შემთხვევაში.

განა მეკარე ნოიერის დაუდევარ თამაშს არ შეეწირა მიუნხენის „ბაიერნი“ „ლივერპულთან“ მერვედფინალურ შეხვედრაში?

სწორედ ამიტომ, „ბარსელონას“ განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს საკუთარი კარის მისადგომებთან, ისევე როგორც „ლივერპულს“, რადგან მესისგან ყველაფერი მოსალოდნელია და არგენტინელს „ლივერპულის“ განაწყენება მისი რაიმე განსაკუთრებული შეცდომის გარეშეც შეუძლია…

 


რეკომენდებული სტატიები
ჩემპიონთა ლიგა: კვლავ დიდი სენსაციის მოლოდინში?!

ჩემპიონთა ლიგა: კვლავ დიდი სენსაციის მოლოდინში?!

ჩემპიონთა ლიგა: კვლავ დიდი სენსაციის მოლოდინში?!
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალების პირველი წრის მატჩებმა გულშემატკივრების მოლოდინი გაამართლა და ამაზე მატჩების სანახაობრივი მხარე და საპასუხო შეხვედრების ინტრიგა მეტყველებს
ჩემპიონთა ლიგა რონალდუს გარეშე დარჩა

ჩემპიონთა ლიგა რონალდუს გარეშე დარჩა

ჩემპიონთა ლიგა რონალდუს გარეშე დარჩა
გაივლის წლები და „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა კიდევ მრავალგზის გაიხსენებს 2019 წლის აპრილის თვეს, როდესაც მის გუნდს სამჯერ ზედიზედ მოუწია თამაში „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ
მეოთხედფინალების მოლოდინში

მეოთხედფინალების მოლოდინში

მეოთხედფინალების მოლოდინში
წინასწარი სურათის მიხედვით, ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გამარჯვებული დიდი ალბათობით ინგლისური კლუბი უნდა გახდეს, რადგან დარჩენილი 8 გუნდიდან 4 ინგლისურია
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.